არქივი

Fast food

www.ucnauri.com

სწრაფი კვების ობიექტები ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა: ფარდულებში იყიდებოდა ცომის ფირფიტები, რომლებსაც ზეითუნის ზეთი ესვა. ასეთივე ლავაშები იყიდებოდა ძველი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებში. თანამედროვე ფასთ-ფუდის ინდუსტრია კი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა.

1921 წელს ამერიკაში, კანზასის შტატში, დაარსდა კომპანია White Castle, რომელიც გასაოცარი სიდიდის ჰამბურგერებს ყიდიდა. მათი ზომა ისე იზიდავდა მომხმარებლებს, რომ კომპანიის კვების ობიექტებთან მუდამ რიგი იდგა. დაახლოებით 20 წელი კომპანია კონკურენციის გარეშე მუშაობდა, 40-იან წლებში კი McDonald’s-ის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. McDonald’s-ი დღემდე ფასთ-ფუდების უდიდესი ქსელის მფლობელია მთელ მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს ხანია, ნაჯერი ცხიმებისა და მაღალკალორიული კომპონენტების გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

www.ucnauri.com

ფასთ-ფუდი და ჯანმრთელობა
მასაჩუსეტის კვების სამედიცინო საზოგადოების თანახმად, ფასთ-ფუდი განსაკუთრებით მაღალკალორიულია, იწვევს გაცხიმოვნებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. საკვები შეიცავს კანცეროგენული თვისების მქონე ტრანსცხიმებს (მარგარინი, კომბიცხიმი) და ასევე კანცეროგენულ აკრილამიდს. გამაგრილებელ სასმელებში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც საშიშია არა მხოლოდ კალორიულობის, არამედ დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობის გამოც. ფასთ-ფუდებში რეგულარული კვება არღვევს კალციუმის შეწოვას. საზოგადოდ, სწრაფი კვების მავნეობა 3 ძირითად ფაქტორს უკავშირდება:
ცხიმების, მარილისა და შაქრის ჭარბ შემცველობას, საკვების მაღალ ენერგეტიკულ ღირებულებას;
უჯრედისით ღარიბ პროდუქტებს;
ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებ შემცველობას.

რაც შეეხება კანცეროგენულობას, აუცილებელია დავაზუსტოთ: კანცეროგენულია არა თვით საკვების კომპონენტები, არამედ მათი მომზადების ტექნოლოგია. წონის მატებას ამგვარი საკვები ნამდვილად იწვევს – მისი მომზადებისას გამოყენებული ტრანსცხიმები (ცხიმოვანი მჟავების არანატურალური იზომერები) ჩვეულებრივ ცხიმებზე გაცილებით ნელა და ძნელად იშლება. წინათ მიაჩნდათ, რომ ის მხოლოდ მავნე ქოლესტერინის დონეს ზრდიდა, ბოლოდროინდელი გამოკვლევები კი ადასტურებს, რომ ქოლესტერინთან ერთად იზრდება სისხლში ნახშირწყლების, კერძოდ, გლუკოზის დონეც, ყალიბდება ინსულინრეზინსტენტობა და იმატებს შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობა. ამ ფაქტის დადასტურების შემდეგ დანიაში აბსოლუტურად აკრძალეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრანსცხიმებს შეიცავს, აშშ-ში კი მწარმოებლებს მოსთხოვეს, პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ ეტიკეტებზე განეთავსებინათ ინფორმაცია, რის შემდეგაც ზოგიერთმა მწარმოებელმა საგრძნობლად შეამცირა მათი გამოყენება. ყოველივე ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანი მაინც ყოველდღიურად მიირთმევს ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ბიგმაკებს, კარტოფილ-ფრისა და სხვა საკვებს. ფასთ-ფუდის პოპულარობის მთავარი მიზეზი ცხოვრების აჩქარებული ტემპი და დროის უქონლობაა.

www.ucnauri.com
როგორ მოვიქცეთ
თუ დრო ყელში გიჭერთ და რაციონალური, დაბალანსებული კვების რეჟიმს მაინც ვერ იცავთ, ნუ დაანებებთ თავს ფასთ-ფუდში კვებას, უბრალოდ:
შეუკვეთეთ პატარა ულუფა. დიდ ულუფებსა და და ორმაგ ჰამბურგერებზე უარი თქვით, ბიგმაკი მეგობარს გაუყავით.
ტკბილი სასმელების ნაცვლად შეუკვეთეთ ნაკლებად ტკბილი ჩაი ან ყინულიანი წყალი, უცხიმო რძე, ახალი ხილის წვენი ან მინერალური წყალი.
ხშირად ნუ მიირთმევთ შემწვარს, რადგან ის უხვად შეიცავს ცხიმს. კარტოფილი-ფრის ნაცვლად ქათმის ხორცის სენდვიჩი შეუკვეთეთ, შემწვარის ნაცვლად ორთქლზე მომზადებული ან წყალში მოხარშული მიირთვით.
ითვალეთ კალორიები. აირჩიეთ ისეთი კაფეტერია, სადაც მენიუში საკვების ენერგეტიკული ღირებულებაც არის მითითებული და შეკვეთამდე გადაითვალეთ.
ხშირად ესტუმრეთ ისეთ კაფეს, სადაც ხორციან კერძებსა და სენდვიჩებთან ერთად ბოსტნეულის სალათების ფართო არჩევანია.

წყარო: ოჯახის მკურნალი

მსგავსი ამბები

Back to top button