არქივი

ჩერნობილის კატასტროფა

c39cc32cf372

25 წელი გავიდა ჩერნობილის კატასტროფიდან. 

1986 წლის 25 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.
საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა.
d8dc00c4aea6
ამ ხნის განმავლობაში კი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში 180 ტონა ურანი იწვოდა. კიევი პანიკამ მოიცვა. ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობდა. საზღვარგარეთის ქვეყნები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ხანძრის ჩაქრობის პირველ დღეს 32 ადამიანი დაიღუპა, 200-მა ძლიერი, სასიკვდილო დასხივება მიიღო. ჩერნობილიდან 200 ათას კილომეტრის რადიუსში, სადაც დაახლოებით 130 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ევაკუაცია უნდა დაეწყოთ. ეს ტერიტორია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა.
2bf32ae42f39
„26 აპრილს თბილი, მზიანი დღე იყო. ჩვენი მეზობელი სახურავზე ავიდა გასარუჯად. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და თქვა, რომ დილიდან მზე ძალიან აცხუნებდა. ის უკვე ჰგავდა მზისგან გარუჯულს და ტანზე პატარა წყლულებიც ჰქონდა, როგორც დამწვრობის დროს იცის. გაგვიკვირდა, მზის ასეთი მცხუნვარება. სახურავზე ერთად ავედით და ჩერნობილის თავზე ნათება შევამჩნიეთ. თითქოს მზე დედამიწაზე ჩამოვარდა. საღამოს ჩემს მეზობელს გულისრევა დაეწყო და ტემპერატურა მოემატა. მხოლოდ 27 აპრილს რადიოთი გადმოსცეს, რომ ატომურ სადგურზე ხანძარი გაჩნდა,“ – ჰყვება კატასტროფის ერთ-ერთი თვითმხილველი.
c05ed021f221
კატასტროფის ადგილზე ძირითადად სამხედრო ტექნიკა მუშაობდა. აუცილებელი იყო ცეცხლწაკიდებული რეაქტორის დამარხვა, მაგრამ მის მახლობლად წუთსა და 10 წამზე მეტს ხანს ადამიანი ვერ ჩერდებოდა. ბულდოზერებს რეაქტორთან მიჰქონდა ბეტონი, ქვები, სილა… პარალელურად 30-მდე ვერტმფრენი რეაქტორს ზევიდან ათობით ტონა ცემენტს აყრიდა. დღედაღამ გვირაბს თხრიდნენ, რომელიც რეაქტორთან მიდიოდა. გადაწყდა, რომ მესამე ენერგობლოკი ჩაეცემენტებინათ, მის გარშემო სარკოფაგი შეექმნათ.
d664c90b1058
რადიაქტიურმა ღრუბელმა, რომელმაც ევროპას გადაუარა, რამდენიმე ადგილას მიწის ნაკვეთები, მცენარეები და ცხოველები მოწამლა. სკანდინავიის ქვეყნებში იძულებულნი იყვნენ, 40 ათასი შინაური ცხოველი დაეხოცათ. ინგლისში 30 000 დახსივებული ცხვარი გაანადგურეს. გერმანიაში ათასობის ტონა რადიაციული რძე გადაღვარეს. საქართველო კი დღემდე იმკის ამ კატასტროფის შედეგებს. ათასობით ადამიანი ჩიყვით დაავადდა. დასხივებულთა უმრავლესობის ბავშვებს პათოლოგიები აღენიშნებათ.
საზღვარგარეთელი ექიმები და სპეციალისტები, რომლებიც კატასტროფის ადგილზე იყვნენ, თვლიან, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში ევროპაში კიბოთი დაავადებულთა რიცხვი სულ მცირე 75 000 ადამიანით გაიზრდება. ამერიკელმა პროფესორებმა – ჯონ გოფმანმა და კარლ მორგანმა გათვალეს, რომ უახლოესი 70 წლის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ადამიანი კიბოთი დაავადდება.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატასტროფის მიზეზი მესამე რეაქტორში ექსპერიმენტის დროს დაშვებული შეცდომები იყო.
b1e8e8f310e5
ატომური რეაქტორის ტემპერატურა მხოლოდ 6 მაისს გახდა სტაბილური. 30 ნოემბერს სარკოფაგი პრაქტიკულად მზად იყო. მის მოსამზადებლად 300 ათასი ტონა ბეტონი და 6 ათასი ტონა მეტალი დაიხარჯა.
1991 წლის აპრილში საბჭოთა მეცნიერმა ვლადიმირ ჩერნიშენკომ განაცხადა, რომ კატასტროფამ 7-დან 9 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა. სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

წყარო: http://yvelaferi.wordpress.com/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button