არქივი

ფრთხილად, შეიძლება “მეორადი პასკა” შემოგაპარონ

bf5e4d8ab230

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს პროდუქტებზე ფასების კატასტროფული მატებით ვხვდებით.ამას თითქოს, საზოგადოება მიეჩვია კიდეც. ახლახანს კი, კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი – არავინაა დარწმუნებული, რომ ძვირადღირებული პროდუქტი მაინც იქნება ხარისხიანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თუ არა, უვნებელი მაინც. ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ცოტა დაუჯერებელიცაა და სკანდალურიც – ქალაქში ე.წ. მეორადი პასკები გამოჩნდა, რომლის მიღება, ჯანმრთელობისთვის საშიშია.

როგორც “ვერსიამ” გაარკვია, წელს ბევრი კუსტარულად გამომცხვარი პასკა მოხვდება სავაჭრო ქსელში. იმის გამო, რომ საქართველოში ბრენდირებული პურისა და პურპროდუქტების კომპანიები მრავლადაა, რიგით მოქალაქეს ნაკლებად უჩნდება შანსი, თავისი მარჯვე ხელით შექმნილი პროდუქციით მოხიბლოს მყიდველი.

ექსკლუზიური ვერსია

თუმცა ისინი, ვისთვისაც ეს ერთგვარი ფულის შოვნის წყაროა, ალბათ, აღმოაჩენენ, რომ წელს შაქარი და ფქვილი იმდენად გაძვირდა, ტრადიციული საქმიანობის გახსენებაც კი არ ღირს. თუმცა, ადამიანი რის ადამიანია, “უნიკალურ გამოსავალს” რომ არ მიაგნოს – ქალაქში უკვე ბევრს საუბრობენ იმაზე, განსაკუთრებით ბაზრობებზე, რომ სახლში გამომცხვარი, ე.წ. მეორადი პასკები იყიდება. ბაზრობებზე ნაყიდი ასეთი პროდუქტი იმითაა მიმზიდველი, რომ შედარებით იაფი ღირს და დაბინძურებისგან ცელოფნის პარკი იცავს. “ვერსიის” წყაროს ცნობით, ბევრი რეალიზატორი წელსაც გამოიტანს შარშან მორჩენილ პასკებს, რომელიც იმის გამო, რომ თავის დროზე, ვერ გაიყიდა და უხვად დაუძველდა, არ იზარალებს და თითოს, მაქსიმუმ, 2-3 ლარად გაყიდის. ასეთ პასკებს ბითუმადაც ყიდიან. “ვერსიამ” მიაგნო პასკების რეალიზატორს, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა და გვითხრა, რომ შარშან ბაზრობაზე ბევრი მეორადი პასკა მოხვდა და ხალხი დახარბებული ყიდულობდა. ქალბატონმა ასევე გაგვანდო ის ტექნოლოგია, როგორ მზადდება მეორადი პასკა.

როგორც გავარკვიეთ, პასკებს ცხობის დროს ისეთ დანამატს უკეთებენ, რომელიც მას უფრო გამძლეს ხდის, თანაც, არც მეტი, არც ნაკლები – ერთი წლით. “ეს სპეციალური საფუარია, რომელიც იტალიიდან შემოდის და პასკას ზომაშიც ზრდის. ამ ტექნოლოგიით გამომცხვარი პასკა, თუკი ის ცელოფნის პარკშია შეფუთული და შესაბამის პირობებშიც ინახება, დიდხანს გაძლებს. ცელოფნის გარეშე, უბრალოდ, ხმება – თორემ, სხვა მხრივ, რაიმე მავნე თვისებებს არ იძენს. ისეთი ცხოვრება მოვიდა, ზოგს ურჩევნია, 2-3 ლარი მისცეს. ზოგი კი, უბრალოდ, ცდება – შეხედავ ამ პასკას და ახლისგან, არაფრით განსხვავდება. მეტსაც გეტყვით, ერთმა ქალმა ისიც კი თქვა, ამ ძველ პასკებს ფშვნიან, ფქვილს და წყალს შეაზელენ და თავიდან აცხობენ, რომ ძველი მონარჩენი პროდუქტით არ იზარალონ. ასეთი ტექნოლოგიით ბევრი პურსაც აცხობს, რომელიც მეორადი პურითაა ცნობილი და 30-50 თეთრი ღირს”, – ამბობს ინკოგნიტო ქალბატონი.

მოკლედ, თუ არ გსურთ, ვინმემ “მეორადი პასკა” შემოგაპაროთ, აჯობებს, ფული არ დაინანოთ, ეკონომია სხვა პროდუქტებზე გააკეთოთ და ისეთი პასკა შეიძინოთ, რომელთა ფასი 7-15 ლარს შორის მერყეობს. მართალია, პასკები წელს საკმაოდ ძვირი ეღირება, მაგრამ დაზღვეული მაინც იქნებით, რომ ძველ, ვადაგასულ პროდუქციას არ მიიტანთ შინ.

აღნიშნული ფაქტის გადასამოწმებლად და მეტი ინფორმაციის მისაღებად, “ვერსია” ქართულ კომპანიებს დაუკავშირდა.

კომპანია “ტკბილი ქვეყნის” წარმომადგნელი, კახა ყრუაშვილი ამბობს, რომ ე.წ. მეორადი პასკების არსებობა მისთვისაც ცნობილია: “წელს მომხმარებელს 5 სახეობის სააღდგომო პროდუქტს შევთავაზებთ. გვექნება საფირმო პასკაც, ცუკატებითა და ქიშმიშით გაჯერებული. პასკის ფასის ზრდა, განპირობებულია ფქვილსა და შაქარზე ფასის მატებით და იმითაც, რომ პროდუქტის თვითღირებულებას სავაჭრო ობიექტებში 20%-ს უმატებენ. პასკის შენახვის ვადა 1 თვეა. შემდეგ ის ქსელიდან ამოიღება, თუმცა ვარგისიანობის გარანტიას ვიძლევით 4 თვის მანძილზე. საქმე ისაა, რომ სააღდგომო პასკა არ ფუჭდება, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევთ, რომ გართულებები თავიდან ავიცილოთ.

თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ე.წ. მეორადი პასკების შესახებ მეც მსმენია. იტალიიდან შემოდის კექსები. მოგეხსენებათ, პასკა, როგორც სააღდგომო პროდუქტი, იქ არ ცხვება. ეს არის ტრადიციული კექსის ტიპის ნამცხვარი. შარშან არსებობდა შემთხვევები და წელსაც შემოიტანეს შარშანდელი იტალიური კექსები. ის ისეთი ინგრედიენტებით ცხვება, რომ არ ფუჭდება დიდი ხნის მანძილზე და ვადა 1 წლითაც კი განისაზღვრება. იტალიაში მისი საბითუმო ფასი, დაახლოებით, ჩვენს ვალუტაში 35 ლარია, მაგრამ რომ ჩამოდის, უკვე ვადაგასული – ღირს 5 ლარი. ჩვენც გვქონდა შემოთავაზება, ეს პროდუქტი გვეყიდა, მაგრამ, ცხადია, ამით არ დავინტერესდით”.

სხვა კომპანიებმა კი “ვერსიას” განუცხადეს, რომ მათ მეორადი პასკების ქსელში გაშვების პრობლემა არ აქვთ, რადგან ორიენტირებულნი არიან მოთხოვნაზე, ამიტომ მათ ზუსტად იციან, რამდენ სავაჭრო ობიექტში, რამდენ პასკაზე იქნება მოთხოვნა. შესაბამისად, კომპანიები პროდუქტის მიწოდებას ამ გათვლებით განახორციელებენ.

წყარო:გაზეთი “ვერსია”

მსგავსი ამბები

Back to top button