საკითხავისასარგებლო

გონების დაბინძურება

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა უამრავი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და მათი წყაროების რაოდენობა იმდენად დიდია, როგორც არასდროს. ნაწილობრივ ეს კარგია, თუმცა, ძალიან ცუდი შედეგებიც ახლავს თან. ის აურაცხელი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად უამრავი განსხვავებული სახით ვღებულობთ, ჩვენს გონებაზე უარყოფითად აისახება და რაც მთავარია, ეს პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება თანამედროვე მსოფლიოში.

ინფორმაციული გადატვირთვა დღევანდელ დღეს ისე აქტუალური პრობლემაა, როგორც არასდროს. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ადამიანები უამრავი სახის ინფორმაციას ღებულობენ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს ვიზუალური, ან ვერბალური. პრობლემა ისაა, რომ ადამიანზე ხშირად ცუდ ზემოქმედებას ახდენს ის შთაბეჭდილებები და ემოციები, რომელსაც იგი ყოველდღიურად ღებულობს და განიცდის.

ეს შეიძლება 50 წლის წინ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ დღეს, როცა ადამიანები არამარტო ნებით, არამედ უნებლიედაც ღებულობენ ჭარბი რაოდენობით როგორც სასარგებლო, ისე უსარგებლო ინფორმაციას, უკვე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უფრო და უფრო იზრდება ჩივილი იმის შესახებ, რომ ადამიანებში ხშირია გონებრივი გამოფიტვა და ზოგადად დაქვეითებულია აზროვნების უნარი.

ის რასაც ყველა ინფორმაციულ გადატვირთვას უწოდებს, თურქეთის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის პროფესორებმა იაკუპ ჩეტინმა და ლი ფლამანდმა გონების დაბინძურება უწოდეს. მათ წიგნში “გონების დაბინძურება” ეს აქტუალური პრობლემა სათანადოდ არის განხილული. ჩეტინისა და ფლამანდის აზრით, გონების დაბინძურება ინფორმაციული გადატვირთვის შედეგია, რომელსაც შემდგომში ისეთ პრობლემებამდე მივყავართ, როგორებიცაა გონებრივი გამოფიტვა და მეხსიერების დაქვეითება.

წიგნში ეს პრობლემა საკმაოდ დეტალურად არის განხილული, საუბარია მის ფსოქოლოიური ფაქტორებზე და გავლებულია პარალელები ძველ დროსთან.  ჩეტინი და ფლამანდი ცდილობენ დაწვრილებით აღწერონ, თუ რატომ არის თანამედროვე ადამიანი ბევრად უფრო მიდრეკილი გონებრივი გამოფიტვისა და გულმავიწყობისკენ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს ადრე იყო.

წიგნის მიხედვით, როდესაც ადამიანს უჭირს რაიმე საგნის შესწავლა-ათვისება, ეს გონების დაბინძურების შედეგია. ბავშვი ზრდასრულ ადამიანზე უფრო სწრაფად ითვისებს სხვადასხვა საგნებს, რამდგან მისი გონების დაბინძურების ხარისხი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მასზე ასაკით გაცილებით უფროსი ადამიანისა.

გონების დაბინძურებას უამრავი მიზეზი აქვს: სურათები, ბილბორდები, მაღაზიის ვიტრინები, ტელევიზორი, ინტერნეტი, ჟურნალები, ბროშურები და ა.შ. ეს ყველაფერი იმ ინფორმაციის წყაროების ერთობლიობაა საიდანაც ჩვენ დღის განმავლობაში უამრავ შთაბეჭდილებითა და ემოციით ვიმუხტებით. თითოელი ნივთი, თითოეული ფრაზა, თითოეული მოძაობა, რომელსაც ჩვენ ვიზუალურად აღვიქვამთ, ჩვენს გონებაში დიდ ადგილს იკავებს და ეს კიდევ უფრო ქაოტურს ხდის ჩვენს ფსიქიკას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსგვსი ინფორმაციის დიდი ნაწილი სრულიად უსარგებლოა, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებლად მას ჩვენი გონება მაინც აღიქვამს და სასარგებლო ინფორმაციას იგი რთულად, ან საერთოდ ვეღარ იღებს.

“გონების დაბინძურების” ავტორებს თუ დავუჯერებთ, ჩვეს გონებაზე მეტად ცუდ გავლენას ახდენს სურათები, განსაკუთრებით კი ისეთი სურათები, რომლებზეც რაიმე მითიური არსება ან ეროტიული სცენაა გამოსახული. მაგალითად კომპიუტერული თამაშის “Mortal Kombat”-ის ლოგო, რომლის ზომა შეიძლება 3 კილობაიტს არ აღემატებოდეს, მნიშვნელოვან კვალს ამჩნევს ჩვენს გონებას და “აბინძურებს” მას. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვენი გონების 8-10% აღიქვამს, უარყოფითი გავლენა მაინც დიდია.

ჩეტინისა და ფლამანდის აზრით, ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიზუალური აღქმის დროს ადამიანის გონება დიდ რესურსებს მოიხმარს და ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ადამიანს კითხვის დროს აზრი ვერ გამოაქვს. იგი მანამდე ვერ მოახერხებს ერთ კონკრეტულ სამუშაოზე გონებრივი შესაძლებლობების კონცენტრაციას, სანამ მიღებული უსარგებლო ინფორმაცია მეტნაკლებად არ “გაიწოვება”.

ვიზუალურ ინფორმაციაში ბუნებრივად მოიაზრება ტელევიზორი და კომპიუტერი. ტელევიზორიდან მიღებული მეტწილად უსარგებლო ინფორმაცია ადამიანის აზროვნების უნარს აქვეითებს, განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა აქვთ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, უხამს სცენებს და ა.შ.

ადამიანის გონების დაბინძურებაში ასევე დიდი როლი აქვთ კომპიუტერს და ინტერნეტს. ინტერნეტი ის საშუალებაა, რომლითაც უმოკლეს დროში დიდი რაოდენობით უამრავი სახის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, რის აღქმასაც ადამიანის გონება გაცილებით დიდ დროს ანდომებს ვიდრე თვალი. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია სხვა ადამიანებისგან მიღებული ვერბალური ინფორმაცია და წიგნებიდან, ან გაზეთებიდან ამოკითხული ზღვა მასალა.

წიგნში ასევე მოცემულია ცნობილი თურქი პედაგოგის ფეტულა გიულენის მოსაზრებებიც. მისი აზრით, რაიმეს სწავლის პროცესი ბევრად უფრო ბევრ დროს იკავებს ახლა, ვიდრე ადრე. გიულენი აღნიშნავს, რომ ძველ დროში ადამიანს შეიძლება დაეჩივლა, რომ ერთი გვერდის ერთხელ გადაკითხვის შემდეგ მას უშეცდომოდ ვერ გაიმეორებდა, ხოლო ახლა კი უამრავ ადამიანს პატარა ტექსტის დაზეპირება ოცჯერ წაკითხვის შემდეგაც უჭირს. რთულად დამახსოვრებისა და ადვილად დავიწყების პრობლემა მართლაც ძალიან აქტუალურია. სწორედ ამიტომ გიულენი გვირჩევს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი უსარგებლო ინფორმაციის მცირე დოზით მიღებისგანაც კი. უსარგებლო დიალოგები, რუტინული სამუშაოები და ა.შ. ხელს უშლის გონების მნიშვნელოვან ინფორმაციაზე კონცეტრირებას. გარდა ამისა, გიულენიც, ისევე როგორც ჩეტინი და ფლამანდი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს ძალადობისა და უხამსი სცენების უარყოფით გავლენას ადამიანის გონებაზე.

წიგნში “გონების დაბინძურება” ნათქვამია, რომ ადამიანების მახსოვრობის უნარი ადრე ბევრად უფრო უკეთესი იყო, ვიდრე ახლა, რადგან მაშინ გონების დაბინძურების გაცილებით ნაკლები წყარო და საშუალება არსებობდა. ამასთან დაკავშირებით წიგნში იტალიელი კარდინალის ჯუზეპე მეცოფანტის (XVIII-XIX სს) მაგალითია მოყვანილი. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი 38 ენას ფლობდა. ამის მიზეზად კი ისევ და ისევ გონებრივი დაბინძურების დაბალი ხარისხია, რადგანაც ჯუზეპე მეცოფანტის თითქმის მთელი ცხოვრება მონასტერში ჰქონდა გატარებული.

ჩეტინი და ფლამანდი ხაზს უსვამენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ადამიანი არათუ ვეღარ შეძლებს გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, მისი მეტნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებაც კი შეუძლებელი გახდება. მომავალში ადამიანის გონების დაბინძურების დონე იმდენად მაღალი იქნება, რომ მას ძალიან გაუჭირდება ელემენტარული ინფორმაციის სათანადოდ აღქმაც კი. გულმავიწყობის ფენომენი კი უფრო და უფრო აქტუალური გახდება მთელ მსოფლიოში.

 

ფაქტია, რომ ინფორმაციული გადატვირთვა ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება იმ ინფორმაციის მოცულობა, რომლის მიღებაც ადამიანებს ნებით, თუ უნებლიედ, მაინც მოუწევთ.

თანამედროვე ადამიანს მუდმივად აქვს იმის განცდა, რომ თუ იგო ყოველდღე ტელევიზორს არ უყურებს, არ წაიკითხვას გაზეთებს, არ ისარგებლებს სოციალური ქსელით, იგი ჩამორჩება თანამედროვეობას და ვეღარ გაიგებს რა ხდება მსოფლიოში. მას ჰგონია, რომ დრო სწრაფად გადის და შეიძლება მას ჩამორჩე კიდეც. თუმცა, დრო აბსტრაქტული ცნებაა. თუ გადავხედავთ ჩვენი დღის რეჟიმს, დავინახავთ, რომ აბსოლუტურად არაფერი შეიცვლებოდა, რომ არ გვეყურებინდა ტელევიზორისთვის, არ მივჯაჭვოდით კომპიუტერს, არ გადაგვეკითხა ჟურნალ-გაზეთები და ა.შ.  მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ეს დრო გონებრივი, თუ ფიზიკური განტვირთვისა და სხვა უფრო სასარგებლო საქმისთვის დაგვეთმო.  ჩვენი ეს თვისება უფრო ფსიქოლოგიური კანონზომიერებაა, როცა არ ვიცით რა იქნება, მოლოდინი ყოველთვის დიდი გვაქვს, მაგრამ როცა მოსახდენი მოხდება, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მოლოდინი ხშირად არ მართლდება. ამიტომაც, სასურველია უფრო რაციონალურები გავხდეთ და დრო უფრო სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

 

როდესაც დასვენება მოგინდებათ და ტელევიზორის პულტს მოიმარჯვებთ, გაიხსენეთ, რომ სულ რაღაც 100 წლის წინ ადამიანს არც პულტი ჰქონდა არც ტელევიზორი, მაგრამ მაშინაც და იქამდეც კარგად ახერხებდა დროის მოკვლას. თქვენეული პერსპექტივა კი რამდენიმე ათეული წლის გამოცდილებას თუ დაიკვეხნის.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close