საკითხავისასარგებლოუცნაური

ჩვენი დროის უდიდესი ბიზნეს-სკანდალები ამერიკაში

ამერიკაში მომხდარი უდიდესი ბიზნეს თარლითობა სრულიადში

ტოპ-მენეჯერთა ლტოლვა – უკანონოდ დიდი ფული მოიპოვონ, დიდი სკანდალებით სრულდება. ისინი თავს არიდებენ გადასახადებს, მანიპულირებენ ფინანსური ანგარიშგების დროს, ხშირად კორპორატიული და პირადული შემოსავლები ერთმანეთში “ერევათ”. მათ მიერ ჩადენილი თაღლითობა მაქსიმუმ 3-4 წელი გრძელდება, რასაც როგორც წესი, მორიგი რევიზიის დროს აღმოაჩენენ ხოლმე.

ნებისმიერი ბიზნეს-სკანდალი კიდევ უფრო ხმაურიანი მას შემდეგ ხდებოდა, როცა დაზარალებული მესაკუთრეები ამერიკის ინვესტორთა უფლებათა დაცვის ფედერალურ კომისიას (The United States Securities and Exchange Commission, SEC) მიმართავდნენ ხოლმე. გამოძიებაში გამოძიების ფედერალური ბიურო (გფბ) ერთვებოდა, თუ დატაცების აშკარა ხასიათი გამოვლინდებოდა, მათ პროკურატურაც ეხმარებოდა. თაღლითები სასამართლო დევნის ობიექტები დაზარალებულთა მხრიდანაც ხდებოდნენ.

“ანტიგმირები” ხშირად უმსხვილესი ფირმების ტოპ-მენეჯერები იყვნენ, რომლებსაც მანამდე უმწიკვლო რეპუტაცია ჰქონდათ და მიბაძვის ნიმუშად ითვლებოდნენ. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ დენის კოზლოვსკი, რომელიც არაერთხელ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერად. კენეტ ლეი, ენერგეტიკულ კონცერნ Enron-ის ხელმძღვანელი, იგი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეთაურთან მეგობრობდა. სემუელ ვაკსალი, კომპანია ImClone Systems-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. იგი მანამდე ვირჯინიის შტატის ყველაზე გამოჩენილ მკვიდრად აღიარეს.

ამ ბიზნეს-სკანდალებმა ამერიკის ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენეს. ფინანსურმა ბაზარმა ასობით მილიარდი დოლარი და ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა. ექსპერტთა აზრით ამ ფინანსურმა სკანდალებმა ამერიკას ისეთივე ზარალი მიაყენეს, როგორიც ტერორისტულმა აქტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს. ასეთი შემთხვევების მომრავლების გამო, ამერიკის საფინანსო კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები შეიტანეს, რომელიც მსგავს დარღვევებს აღარ დაუშვებს.

გთავაზობთ ამერიკის იმ უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელთა “საგმირო საქმეებს”, რომელთა ქმედებებმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული ზარალი მიაყენეს.

ენერგეტიკული კონცერნ Enron-ის მეთაურმა კენეტ ლეიმ თავისი კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს კომპანია გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, თაღლითურ ფინანსურ სქემებს იყენებდა. თვით კენ ლეიმ ამ ისტორიაში ძალიან ცუდად “გამოიჩინა” თავი. მან ძალიან კარგად იცოდა კომპანიის უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, საკუთარ თანამშრომლებს რჩევებს აძლევდა “ენრონის” აქციები შეეძინათ. ამ კომპანიის აქციონერთა და თანამშრომელთა დანაკარგი მილიარდობით დოლარად არის შეფასებული. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, თვით კომპანიის ხელმძღვანელი უზარმაზარ ხელფასებს იღებდა. მხოლოდ 2001 წელს მან ანაზღაურების სახით 100 მილიონი დოლარი მიიღო. ამ კომპანიის რამდენიმე ხელმძღვანელის და მათ შორის კენ ლეის საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა.

2006 წლის 5 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 64 წლის ასაკში კორპორაცია “ენრონის” დამაარსებელი და მისი ყოფილი მეთაური კენეტ ლეი გულის შეტევისაგან გარდაიცვალა. იმავე წლის მაისის ბოლოს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონის სასამართლომ კენეტ ლეი ჯეფრი სკილინგთან ერთად თაღლითობასა და კანონით აკრძალული ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულა.

კორპორაცია “ენრონი” 2001 წელს გაკოტრდა. არასრული ექვსი თვის განმავლობაში მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიარდი დოლარიდან პრაქტიკულად ნულამდე “დაეშვა”. ამ კომპანიის ვალმა 31,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. უმუშევარი დარჩა 4 ათასი ადამიანი. კომპანიის თანამშრომლებმა 2 მილიარდი დოლარი საპენსიო დანაზოგების სახით დაკარგეს.

სასამართლოს პირველი სხდომა იმავე წლის 11 სექტემბერს დაინიშნა, სადაც უნდა გამოეცხადებინათ, რომ კენეტ ლეი 20-დან 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა. საბოლოო განაჩენი სასამართლოს იმავე წლის 23 ოქტომბერს უნდა გამოეცხადებინა.

უილიამ ჰარისონი ბანკი JP Morgan Chase-ის ყოფილი ხელმძღვანელია. ეს ბანკი აქტიურად მონაწილეობდა კომპანია “ენრონის” თაღლითურ სქემებში. ამავე ბანკის ექსპერტები თავიანთ კლიენტებს აძლევდნენ რჩევებს ფინანსურად არასაიმედო კომპანიების აქციები შეეძინათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეალური ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. ამ ბანკის კლიენტებმა მილიარდობით დოლარი დაკარგეს. უილიამ ჰარისონის საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა.

ჯონ რიგასი სატელეკომუნიკაციო კომპანია Adeplphia Communications-ის ყოფილი მეთაურია. მან ეს კომპანია ფაქტობრივად, როგორც “ჯიბის” ბანკი ისე გამოიყენა და კომპანიის ფულს საკუთარი საჭიროებებისათვის იყენებდა. იგი აქტიურად იყენებდა თაღლითურ სქემებს გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით. ამერიკის მაკონტროლებელ საფინანსო ორგანოებს კომპანიის მდგომარეობის შესახებ ცრუ ინფორმაციას გადასცემდა. იგი დაპატიმრებულია.

დევიდ დანკანი აუდიტორული კომპანია Arthur Andersen-ს ხელმძღვანელობდა, როცა კომპანია “ენრონის”-ის საფინანსო ანგარიშების მანიპულირებას ახდენდა. ამ საქმის გამოძიების დროს გაირკვა, რომ დანკანმა თანამშრომლებს ამ კომპანიის დოკუმენტაციის განადგურება უბრძანა. მისი საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა.

კომპიუტერული კომპანია EDS-ის ყოფილმა მეთაურმა, რიჩარდ ბრაუნმა ეს ფირმა გაკოტრებამდე მიიყვანა, რის შედეგადაც სამუშაო ამ კომპანიის 5,6 ათასმა თანამშრომელმა დაკარგა. ბრაუნი გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, თაღლითურ სქემებს იყენებდა. კომპანიაში საქმეების არასწორად წარმართვის გამო, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან კომპენსაციის სახით საკუთარ თავს 40 მილიონი დოლარი გადაუხადა. კანონის წინაშე პასუხისმგებლობას ვერც იგი გაექცა.

სტივ კეისი კომპანია AOL-Time Warner-ის მეთაური იყო. ეს კომპანია ტელეკომუნიკაციების, გართობის ინდუსტრიისა და შოუ-ბიზნესის მიმართულებით საქმიანობდა. საკუთარი ფირმის აქციების გაზრდის მიზნით, იგი შესაბამის ორგანოებს და ბაზარს კომპანიის მდგომარეობის შესახებ ნამდვილ ინფორმაციას აწვდიდა. მის მიერ თაღლითური სქემების გამოყენების გამო, კომპანია AOL-ის აქციონერებმა მილიარდობით დოლარი დაკარგეს. კეისის მიერ მოტყუებულმა აქციონერებმა სასამართლოში 30 სარჩელი შეიტანეს მოთხოვნით სტივ კეისს პასუხი ეგო საკუთარი საქმიანობისათვის. მის წინააღმდეგ სასამართლო მოსმენები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

ჯონ ჩემბერსი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში მომუშავე კომპანია Cisco Systems-ის ყოფილი მეთაური რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარი კომპანიის საბირჟო კურსის მომატების მიზნით, არასწორ სტატისტიკას ავრცელებდა. ამ კომპანიის აქციები ამერიკის საპენსიო ფონდების უმეტესი ნაწილის საინვესტიციო პორტფელის შემადგენელი ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ ამ კომპანიაში არსებული გართულებული მდგომარეობა მილიონობით ამერიკელის პენსიებზე ნეგატიურად აისახა. ჩემბერსის მუშაობის მეთოდები მალევე გახმაურდა, რის გამოც ექვსი თვის განმავლობაში Cisco Systems-ის აქციებმა თავისი ღირებულების 80% დაკარგა. ჩემბერსის საქმიანობით საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი დააპატიმრეს.

დენის კოზლოვსკი ელექტრონიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მედიცინის სფეროებში მოღვაწე კომპანია Tyco-ს ყოფილი მეთაური ამავე კომპანიის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ფირმის ფულს პირადი ინტერესებისათვის იყენებდა. კორპორატიული სახსრებით მათ ტანსაცმელი, ძვირფასი ნივთები, ხელოვნების ნიმუშები შეიძინეს. საკუთარი საჭიროებებისათვის გამოყვეს უპროცენტო კრედიტები.

კოზლოვსკიმ და მისმა მეგობრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა უარესდებოდა, ამიტომაც Tyco-ს საკუთარი აქციები გაყიდეს და ამის შემდეგ მიაწოდეს ინფორმაცია აქციონერებსა და მაკონტროლებელ ორგანოებს. კოზლოვსკიმ და მასთან დაახლოებულმა პირებმა ამ კომპანიიდან 600 მილიონი დოლარი “გამოწველეს”. კოზლოვსკის საქმე სასამართლოში განიხილება. ნივთიერი მტკიცებულების სახით, გამოყენებულია 2 მილიონის ღირებულების კერძო საღამოს ვიდეოჩანაწერი. დანახარჯი მან კომპანია Tyco-ს ანგარიშებიდან დაფარა.

სემუელ ვაკსალი მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების დარგში მომუშავე კომპანია ImClone Systems-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო. იგი თავისი კომპანიის საფინანსო ანგარიშებით მანიპულირებდა, ინსაიდერულ ინფორმაციას სპეკულაციისათვის იყენებდა, რაც ამერიკის კანონების მიხედვით, მკაცრად არის აკრძალული. გამოძიების დაწყებისთანავე საკუთარ ხელქვეითებს დოკუმენტების განადგურება უბრძანა. სემუელ ვაკსალს სასამართლომ 7 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომპანია Martha Stewart Living Omnimedia-ს მეთაური და ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ეჭვმიტანილია, რომ მონაწილეობდა სემუელ ვაკსალის თაღლითური სქემების განხორციელებაში.

საინვესტიციო კომპანია Merrill Lynch-ის ყოფილი მეთაური სტენ ონილი და მისი თანამშრომლები კლიენტებს დაუდასტურებელ ინფორმაციებს აწვდიდნენ, რის შედეგადაც მისმა კლიენტებმა მილიარდობით დოლარი დაკარგეს. დაზარალებულმა კლიენტებმა სასამართლოს მიმართეს. შესაბამისმა ორგანოებმა Merrill Lynch დაავალდებულეს დაზარალებულ კლიენტებს დანაკარგი აუნაზღაუროს.

ჩარლზ კონავეი სავაჭრო კომპანია Kmart-ის მფლობელებმა კრიზის-მენეჯერად დაიქირავეს. მან მხოლოდ ერთ რამეში მიაღწია “წარმატებას” კომპანიის ბიუჯეტიდან სხვადასხვა მიზეზების მოშველიებით, 60 მილიონი დოლარი მიითვისა, რის გამოც ფირმამ გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. უმუშევარი დარჩა ამ ფირმის რამდენიმე ათასი თანამშრომელი, აქციონერებმა კი მილიარდობით დოლარი იზარალეს. კომპანია Kmart-ის აქციონერები მის გასამართლებას მოითხოვენ.

ფარმაცევტული კომპანია Bristol-Myers Squibb-ის ყოფილი მეთაურის, პიტერ დოლანის ხელმძღვანელობით, ამ კომპანიის აქციათა ღირებულება 50%-ით შემცირდა. მისი მონაწილეობით კომპანიამ რამდენიმე “უცნაური” საქმიანი გარიგება გააფორმა, რის შედეგადაც მილიარდობით დოლარი დაკარგა. გამოძიება იკვლევს ეს გარიგებები კომპანიის მეთაურის თაღლითობის შედეგია, თუ მან შეცდომები დაუშვა.

აქტივების მოცულობის მიხედვით, ამერიკის უდიდესი ბანკის, ფინანსური კორპორაცია “სიტიგრუპის” მეთაური, სენდი ვეილი მონაწილეობას იღებდა “ენრონის” მიერ განხორციელებულ თაღლითურ გარიგებებში, რამაც ამ ბანკის კლიენტებს უზარმაზარი ზარალი მიაყენა. დანაკარგების კომპენსირებისათვის “სიტიგრუპის” ხელმძღვანელობა ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა. სენდი ვეილის საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა.

სატელეკომუნიკაციო კომპანია WorldCom-ის ყოფილმა მეთაურმა ბერნარდ ებერსმა თავისი ფირმა გაკოტრებამდე მიიყვანა, რომელიც უდიდესია ამერიკის ისტორიაში. სამუშაოს გარეშე დარჩა ამ კომპანიის 17 ათასი თანამშრომელი. ებერსმა 400 მილიონი დოლარი კორპორატიული ბიუჯეტიდან საკუთარი პირადი ვალების დასაფარად გამოიყენა. ამჟამად ეს კომპანია ატარებს სახელწოდებას MCI. ცოტა ხნის წინ მიიღო კონტრაქტი ერაყში სატელეფონო ქსელის აღსადგენად.

საფინანსო კომპანია Morgan Stanley-ს მეთაური საკუთარი კლიენტებისათვის არაობიექტურ საფინანსო რეკომენდაციებსა და მიმოხილვებს ამზადებდა. შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა დაავალდებულეს Morgan Stanley დაზარალებულ მეანაბრეებს კომპენსაცია გადასცეს.

სატელეკომუნიკაციო კომპანია Qwest Communications International-ის ყოფილი მეთაური ჯოზეფ ნაჩო ფირმის ფინანსურ ანგარიშებს არაკორექტულად აწარმოებდა, ხელოვნურად ზრდიდა Qwesst-ის აქციების კურსს. გამოძიება მისი საქმიანობით დაინტერესდა. რამდენიმე აქციონერმა ჯოზეფ ნაჩოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სატელეკომუნიკაციო კომპანია Global Crossing-ის დამაარსებელი და ყოფილი მეთაური გარი ვინიკი თავისი საქმიანობის დროს “ორმაგ” ბუღალტერიას იყენებდა, ფირმაში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას “ალამაზებდა”. რამდენიმე წლის განმავლობაში მან 700 მილიონი დოლარის ღირებულების საკუთარი აქციები გაყიდა, რომელსაც Global Crossing-ში ფლობდა. იმავდროულად, კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ფირმის აქციებს საპენსიო გადარიცხვების სანაცვლოდ იღებდნენ. მისი საქმიანობით გამოძიება დაინტერესდა.

www.aaf.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close