საკითხავისასარგებლო

თუ შხამიანია, ესე იგი – გველია?

როცა შხამიან ცხოველებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გველები გაგვახსენდება. არცთუ უმიზეზოდ – ბუნებამ ბევრი მათგანი აღჭურვა ამ მომაკვდინებელი იარაღით.

გველებში ყველაზე შხამიანი – ავსტრალიური წვრილქერცლა პარადერმანსიაა (Oxyuranus rnicrolepidotus); ამ სახეობის ერთი გველისაგან მიღებული შხამი საკმარისია 250000 (!) თაგვის მოსაკლავად, გრამის მეათასედი კი ადამიანს კლავს (სულ დაახლოებით 100 მილიგრამი შხამი აქვს). მიუხედავად ამისა, ამ გველის მიერ ადამიანის მოკვლის არცერთი შემთხვევა ჯერ არ არის დაფიქსირებული.

უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ რაიმე საერთო აზრი არ არსებობს – ზოგ წყაროში ყველაზე ძლიერი შხამის მქონე გველად ასევე ავსტრალიური Inland Taipan – ანუ ტაიპანია მიჩნეული, ზოგ “ტოპ–ლისტში” კი ეს “ჩვენი” პარადერმანსია საერთოდ არ არის ნახსენები.
აი ქვიშის ეფის (Echis carinatus) ნაკბენებით კი უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა გველისაგან. ეს გველი ჩრდილო აფრიკიდან ინდოეთამდეა გავრცელებული. მისი ძირითადი საკვები ძალიან წვრილი მღრღნელები, უფრო კი კალიები და სხვა მწერებია. თავდასხმა ადამიანის ზომის “საკბილოზე” მას აზრადაც არ მოუვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქეთ შეაწუხეს – მაშინ კი დაიცავს თავს და განსაკუთრებული მძვინვარებით – შთამომავლობას. სახლებში თვითონ არ მიძვრება და შეძლებისდაგვარად ერიდება ადამიანებს, ასე, რომ ამ გველის მიერ მიყენებული ზიანის ძირითადი მიზეზი – ისევ გაუფრთხილებლობაა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი კი გამოწვეულია მისი შხამის მაღალი ტოქსიკურობით.მაგრამ გველები სულაც არ არიან დედამიწაზე ყველაზე შხამიანი ცხოველები. მათზე ძლიერი შხამი აქვს პალესტინურ ყვითელ მორიელ გენურისს , ხოლო კიდევ უფრო ძლიერი – ობობა კარაკურტს (მდედრებს), რომელთა შხამი საერთოდ ერთერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერებაა დედამიწაზე ორგანული წარმოშობის ნივთიერებებს შორის (ვიკიპედიაში კი ყველაზე შხამიან ობობად, გინესის წიგნის 2007 წლის რედაქციაზე დაყრდნობით, დასახელებულია ბრაზილიური მოხეტიალე ობობა Phoneutria.
უხსენებელი არა, მაგრამ ხელშეუხებელი

თუმცა არც ობობები და მორიელები არიან “ჩემპიონები” შხამის სიძლიერის მხრივ; კარგა ხანს ამ ტიტულს ერთმანეთში იყოფდა ორი პაწია სამხრეთამერიკული… ბაყაყი, ასეთი “წოდებისათვის” სრულიად შეუფერებელი სახელებით – ხეძრომია (Dendrobates, Древолаз) და გინესის რეკორდების წიგნში პლანეტის ყველაზე შხამიან ცხოველად შესული ფოთოლძრომია (Phyllobates, Листолаз).

ორივენი უკუდო ამფიბიების ხეძრომიასებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. ამ ოჯახის ლამის ყველა ბაყაყი შხამიანია, მაგრამ ეს ორი გვარი უბრალოდ ყველა რეკორდს ხსნის; ეს პაწია არსებები, ერთი შეხედვით ლამაზ სათამაშოებს ან ძვირფას სუვენირებს რომ ჰგვანან , მიუხედავად იმისა, რომ არც კი იკბინებიან, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეების ნამდვილი რისხვაა. მეორეს ასეც ჰქვია სახელად: Phyllobates terribilis – ანუ “თავზარდამცემი”. მის კანზე უბრალოდ ხელით შეხებაც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, მისი შხამის ერთი გრამი კი საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის დასახოცად. ითვლება, რომ ასეთ საშინელ შხამებს ეს ბაყაყები ამზადებენ იმ ცხოველთა ტოქსინებისაგან, რომელთაც ჭამენ; ესენია ჭიანჭველები, ხოჭოები და სხვა მწერები. ასეთი ბაყაყი რომ სხვა “დიეტაზე” გადავიყვანოთ, ვთქვათ მარტო ბუზებით ვკვებოთ, როგორც ამბობენ, ერთ წელიწადში სავსებით უვნებელი გახდება.

ამ ბაყაყების შხამს ინდიელები სანადიროდ იყენებდნენ. გვიანის და ამაზონიის ინდიელები საერთოდ შხამებით ნადირობაში გაწაფულნი იყვნენ – მათი მოგონილია ცნობილი კურარე – ძლიერმოქმედი შხამი, რომელსაც მცენარე Strychnos toxifera–ს ქერქებისგან ხარშავდნენ. ერთი ასეთი ბაყაყის დაჭერა კი ყველანაირი ხარშვისგან ათავისუფლებდა მონადირეს – მიუსვ–მოუსვამდნენ ბაყაყს ტანზე ისარს და მომაკვდინებელი იარაღიც მზად იყო (როგორი საქმეა ასეთი ბაყაყის დაჭერა და მისი “გამოყენება”, ადვილი წარმოსადგენია, მაგრამ როგორც სჩანს, ახერხებდნენ).

ეს ბაყაყები მკვეთრი შეფერილობის წყალობით ადვილი შესამჩნევია ჯუნგლების სიბნელეშიც კი – ბალახებსა თუ ტოტებში, რაც სიცოცხლეს უნარჩუნებს არა მარტო მათ, არამედ მათი ჩახრამუნების მსურველებსაც, და გარდა ამისა, სხვა ბაყაყებსაც – არსებობს მრავალი სახეობა სულ სხვა, არაშხამიანი ბაყაყებისა, რომელთაც ძალიან მსგავსი შეფერილობა აქვთ და ამის გამო მტაცებლები მათზე ნადირობასაც ერიდებიან. თავდაცვის მიზნით უფრო დაცულ “თანამოძმეებზე” ასეთ გარეგნულ დამსგავსებას ბუნებაში მიმიკრია ეწოდება და საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მწერებში და სხვა წვრილ ცხოველებში, ასევე მცენარეებშიც.

ასეთი დაცვის მქონე არსება თითქოს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს ჯუნგლებშიც კი – ყველა იქ მცხოვრებმა ცხოველმა იცის ამ ბაყაყების ამბავი და სათოფეზე არ ეკარებიან, მაგრამ, რაც არ უნდა საოცარი იყოს, მათაც ჰყავთ მტერი, რომელიც სადაც მოახელთებს იქ გადასანსლავს ამ “მოარულ სიკვდილს” (როგორც მას ადგილობრივები ეძახიან). და ვინ უნდა იყოს ასეთი თავზეხელაღებული, თუ არა ისევ – გველი. სწორედ მათ და მხოლოდ მათ აქვთ ისეთი იმუნიტეტი, რომ ასეთი ბაყაყი შეჭამონ და “შეირგონ”.

ზღვის იდუმალი მბრძანებლები
გველის და თუნდაც ბაყაყის შხამიანობა ადვილი შესამჩნევია და ასეთი ცხოველებით დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადამიანები მალე ეგუებოდნენ სიტუაციას – სწავლობდნენ მათს თვისებებსა და ცხოვრების ნირს, გვერდიგვერდ უსაფრთხოდ ცხოვრების წესებსა და მეთოდებს. როგორც ვნახეთ, თავისთვის სასარგებლოდაც კი იყენებდნენ ამ სახიფათო მეზობლობას.სულ სხვა სიტუაციაა წყალში; როგორც არ უნდა გაუშინაურდეს წყლის სტიქიას, ადამიანი მაინც სტუმარია წყალში – აქ სხვა არსებები მბრძანებლობენ, მათ შორის კი გველებზე და მორიელებზე არანაკლებ შხამიანები. მაგალითად, მეჭეჭიანი თევზი Tetraodon – ყველაზე შხამიანი თევზი, არანაკლებ საშიში ლურჯრგოლებიანი რვაფეხა Hapalochlaena maculosa და მისი “ბიძაშვილი Hapalochlaena lunulata, და კიდევ უფრო შხამიანი ხამანწკა Conus omaria–, რომლის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გამხდარა. ყველაზე შხამიან ზღვის ცხოველად კი ზღვის ზღარბი Toxopneustes pileolus–ს იყო მიჩნეული.

პლანეტაზე ყველაზე ძლიერი შხამის მქონე ცხოველი

მართალია, ზღვაში უამრავი შხამიანი ცხოველია – თევზები იქნება თუ უხერხემლოები – და მათ მრავალი ადამიანიც შეუწირავთ, მაგრამ ყველა ეს შემთხვევა ასე თუ ისე გასაგები იყო და “დამნაშავეც” ცნობილი, მაგრამ ის რაც ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაპირებთან, მაგალითად კვინსლენდში ხდებოდა, არცერთ ცნობილ სცენარში არ ჯდებოდა – ზღვაში მობანავე ადამიანი უცებ საშინელ ტკივილს გრძნობდა, რომელიც მთელ სხეულს გასჭოლავდა, და ზოგჯერ ისე იღუპებოდა, რომ ნაპირზე გამოსვლასაც ვერ ასწრებდა, ან თუ მოასწრებდა, ნაპირზეც სიკვდილის წერა ხდებოდა გულისრევითა და აუტანელი

ავსტრალიის ნაპირებთან, ისევე როგორც ყველგან ოკეანეში, უხვადაა მედუზები. ეს ჟელესმაგვარი უტვინო (ზოგ მათგანს საერთოდ არა აქვს ტვინი, ზოგს კი აქვს, ოღონდ მედუზის პირობაზე თუ დავარქმევთ მას ტვინს) არსებები ოდითგანვე იყო ცნობილი, და ისიც ცნობილი იყო, რომ ნებისმიერი მათგანი ასე თუ ისე მომწამლავია; ზოგი უბრალოდ დაგსუსხავს და სერიოზული ზიანი მხოლოდ ალერგიულ ადამიანს შეიძლება მიაყენოს, სამაგიეროდ ზოგი უკიდურესად ძლიერი შხამის მატარებელია. მაგალითად, ე. წ. მედუზა–კოლოფი, 23-30 სმ–იანი მედუზა, რომელთან შეხება სასიკვდილოა და რომელიც იმდენად გავრცელებულია, რომ ხალხმრავალი პლაჟების გაყოლებაზე წვრილი ბადეებია გაბმული, რათა ეს მედუზები პლაჟამდე არ გამოძვრნენ. ამასთან, ამ ბადეებთან ერთად გაბმულია თოკები ზედ მიმაგრებული ძმრიანი ბოთლებით – დანესტრილ ადგილზე ძმრის წასმა დასუსხულს სიცოცხლეს უხანგრძლივებს 4–5–დან 15–17 წუთამდე, ამასობაში კი დახმარებაც მოუსწრებს.

ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ ადგილობრივებმაც და საქმეში ჩახედულმა სტუმრებმაც, მაგრამ ზემოთ აღწერილი მოულოდნელი ტკივილი და სწრაფი სიკვდილი ასე ვერ იხსნებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ამ მედუზებით დასუსხული ადგილი წითლდება, შემდეგ კი მუქდება და კარგა ხნის მანძილზე ლურჯი, იისფერი ან სხვა ფერის იარა რჩება; გარდა ამისა, გარშემომყოფები ხანდახან მაინც ხომ შეამჩნევდნენ მედუზას; არადა, ის შემთხვევები, რომლებზეც საუბარია, სრულიად “უმედუზო” ადგილზე ხდებოდა, დაშავებულსაც სხეულზე არავითარი ნაკვალევი არ ეტყობოდა, და თვითონაც ვერავითარ მიზეზს ან ტკივილის წყაროს და სხეულზე მდებარეობას ვერ უთითებდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საერთოდ რამის თქმას მოასწრებდა. იყო შემთხვევბი, როცა წყალქვეშ ჩასულები უბრალოდ აღარ ამოდიოდნენ ზედაპირზე, შემდეგ კი მათს უსულო სხეულებს პოულობდნენ ასევე ყოველგვარი ნაჭრილობევის ან რაიმე კვალის გარეშე.

ადგილობრივები ამ მოვლენას წყლის სულებს მიაწერდნენ. რაიმე ვერსიის უქონლობის გამო მეცნიერებმა ამას “ირუკანჯის სინდრომი” უწოდეს (პირველად ეს სინდრომი 1952 წელს აღწერა აკადემიკოსმა ჰუგო ფლეკერმა და მას ეს სახელი უწოდა ადგილობრივი ტომის – ირუკანჯის – პატივსაცემად, რომელთა წარმომადგენლებს ხშირად ემართებოდა ეს უცნაური დაავადება, როცა ისინი სათევზაოდ გადიოდნენ).

1966 წელს კერნსელმა ექიმმა ჯეკ ბარნსმა აკვალანგით 6 დღე სდია წყალქვეშ “დამნაშავეებს” და ბოლოს დაიჭირა ამ იდუმალი დაავადების მიზეზი.

საიდუმლოს ამოხსნა კი ერთდროულად მოულოდნელიც გამოდგა და თითქოს მოსალოდნელიც: ყველაფრის მიზეზი მაინც მედუზა აღმოჩნდა, ოღონდ არა მედუზა–კოლოფი ან რომელიმე სხვა ცნობილი სახეობა, არამედ მისი ერთი ციცქნა ნათესავი, რომელთა არსებობა შეიძლება ადრეც იცოდნენ, მაგრამ ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ – ასეთი “წვრილფეხობა” ხომ უამრავია ოკეანეში. სურათზე მყვინთავების წინ თეთრი წერტილივით რომ მოსჩანს – ეს არის ის “საიდუმლო”, სიკვდილის მთესველი მედუზა – Carukia barnesi, რომელსაც უფრო “მედუზა ირუკანჯის” სახელით იხსენიებენ გასაგები მიზეზების გამო. ამავე სახელითაა ცნობილი ზოგი მათი სხვა ნათესავიც – Carukia shinju, Malo kingi, Alatina mordens, Alatina moseri და სხვები, სულ 10–მდე, აქედან 2–3 ძალიან შხამიანია. მედუზის თავი 1–2 სმ ზომისაა, მასზე კი გამობმულია ძალიან წვრილი, თითქმის გამჭვირვალე საცეცები, რომელთა სიგრძე შეიძლება 1 მეტრამდეც აღწევდეს. საცეცები დაფარილია უწვრილესი “ნემსებით”, რომელთა ჩხვლეტაც იწვევს მოწამვლას. ასეთი ნემსები საცეცებზე მილიონობითაა.სწორედ ეს მედუზა არის დღესდღეობით პლანეტაზე უძლიერესი შხამის მატარებელი ცხოველი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნივთიერების რა რაოდენობა შეიძლება მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში ამ ნემსების ჩხვლეტის შედეგად, და ეს რაოდენობა საკმარისია იმ საშინელი მდგომარეობის გამოსაწვევად, რომელიც ირუკანჯის სინდრომის სახელითაა ცნობილი; მისი პაწია საცეცის მიკროსკოპული ნაგლეჯის კანზე შეხებაც კი საკმარისია, რომ 20 წუთის შემდეგ (კიდევ ერთი ვერაგი თვისება ამ მედუზის შხამის) შევიგრძნოთ ის აუტანელი ტკივილი, რომელსაც მორფინიც ვერ აყუჩებს და შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს. სიმპტომები შეიძლება ორი კვირის განმავლობაში იგრძნობოდეს, ხოლო რით დამთავრდება ეს, დამოკიდებულია მხოლოდ დაზარალებულის ორგანიზმზე – გაუძლებს თუ არა მისი სისხლძარღვები გაზრდილ წნევას.

რაიმე ანტიდოტი ამ შხამის წინააღმდეგ დღეისათვის (2010 აგვისტო) არ არის ცნობილი. სამაგიეროდ მისით უკვე დაინტერესდნენ კოსმეტოლოგები – უკვე საკმაოდ ცნობილია პრეპარატი ბოტექსი, რომელიც მედუზის შხამისაგან მზადდება; მისი სახეზე წასმის შედეგად კანი ნაწილობრივ პარალიზდება და ნაოჭებიც სწორდება, მართალია არა სამუდამოდ, და შეიძლება ითქვას არც დიდი ხნით, ასე, რომ საჭირო ხდება მისი სისტემატური გამოყენება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს პრეპარატი სულ რამდენიმე წელიწადია ხმარებაშია და რას მოგვიტანს მისი გამოყენება, მითუმეტეს სისტემატური, კიდევ საკითხავია.მედუზა–ირუკანჯები ღრმა წყალში ცხოვრობენ და წესით ნაპირებთან არც უნდა ჩნდებოდნენ. მთელი ეს ისტორია გახმაურდა 2002 წელს ზედიზედ ორი ტურისტის დაღუპვის შემდეგ. ფიქრობენ, რომ გლობალური დათბობის გამო მედუზებმა შეიცვალეს ცხოვრების ნირი. საერთოდ ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა ბევრი რამ შეცვალა მედუზების (არა მარტო ირუკანჯების) ცხოვრებაში – მნიშვნელოვნად გაფართოვდა მათი არეალი, მედუზები მოედვნენ ისეთ წყლებს, სადაც მანამდე რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობით არ ფიქსირდებოდნენ. ისინი უფრო შემგუებლები აღმოჩნდნენ დაბინძურებულ წყლებთან და ამიტომ მჭიდროდ დასახლებული და ინდუსტრიული რაიონების სანაპიროებზე მედუზების ნამდვილი შემოსევაა მსოფლიოს ზოგიერთ ადგილებში.საერთოდ კი ნამდვილად საოცარია, რა ისეთი მნიშვნელობა მიანიჭა ბუნებამ ამ ისედაც უცნაურ არსებებს, რომ ასეთი უძლიერესი შხამით აღჭურვა ისინი?

მასალები აღებულია სხვადასხვა თავისუფალი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მქონე წყაროებიდან. ყველა ინფორმაცია ატარებს გაცნობით–მიმოხილვით ხასიათს და არ შეიძლება მოყვანილ იქნას რაიმე სიტუაციაში არგუმენტად საიტის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობით.

წყარო:assistance-service-georgia.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close