მისტიკასაკითხავისასარგებლო

ანგელოზთა იერარქია (ანგელოლოგია)

ანგელოზთა იერარქია/ანგელოლოგია. ანგელოზთა ბუნება და დანიშნულება

ანგელოლოგია (ძვ.ბერძ. ἄγγελος – ანგელოს მაცნე; ძვ.ბერძ. λόγος – ლოგოს ცოდნა) – ცოდნა ანგელოზებზე.

ქმნილ არსებათა კიბის ზედა, უმაღლეს საფეხურზე წმიდა, უხორცო სულები დგანან. ისინი, ჩვენთან შედარებით, აღმატებული და სრულყოფილი არსებანი არიან, უხილავად მოქმედებენ და ადამიანთა ცხოვრებაზე ფრიად მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ.

რა არის ჩვენთვის ცნობილი მათზე, როგორ და როდის მოხდა მათი წარმოშობა, ყველას ერთნაირი ბუნება მიენიჭა თუ არა და როგორია იგი, რისთვის არიან მოწოდებულნი და როგორ არსებობენ?

 

სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: „მრწამს ერთი ღმერთი… შემოქმედი ცათა და ქვეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა. „ოდეს იქმნნეს ვარსკვლავნი, მაქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი“ – ეუბნება უფალი იობს (იობ. 38,7). პავლე მოციქული წერს: „რამეთუ მის მიერ დაებადნა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ხელმწიფებანი – ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადნა“ (კოლ. 1,16). ეკლესიის ზოგი მამის აზრით, შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებში – „დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“ – ლაპარაკია არა ფიზიკურ ცაზე, რომელიც შემდგომ შეიქმნა, არამედ ამ სიტყვაში უხილავ, ზეციურ ძალთა საცხოვრისი მოიაზრება. ეკლესიის ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ ღმერთმა ანგელოზები ხილულ სამყაროზე ადრე შექმნა (წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტარი იერონიმე, გრიგოლ დიდი, ანასტასი სინელი). სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის წინაშე და ემსახურებოდნენ მას. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამგვარად მსჯელობს: „საღვთო სახიერება არ დასჯერდა თავისთავის ჭვრეტას, სიკეთე მას სულ უფრო და უფრო უნდა განეფინა, რათა შეძლებისდაგვარად ბევრს რგებოდა იგი (ასეთია უზენაესი სიკეთე). ღმერთმა ჯერ ანგელოზთა ზეციური ძალები მოიფიქრა – და ზრახვა საქმედ იქცა, სიტყვით აღსრულდა და სულის მიერ განსრულდა… სათნო ეყვნენ რა მას პირველი ქმნილებანი, შემდგომ სხვაგვარი, ნივთიერი და ხილული სამყარო მოიაზრა. სხვა სიტყვებით – ცისა და დედამიწის და მათ შორის არსებულისაგან შედგენილი მწყობრი ნაგებობა მოიფიქრა“. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ამ აზრს იმეორებს ღირსი იოანე დამასკელიც.

ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებითს ნებას. ისინი უსხეულონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას. ღირსი იოანე დამასკელი გვასწავლის: „როდესაც ანგელოზები ღვთის ნებით ეცხადებიან ღირსეულ ადამიანებს, ჩნდებიან არა ნამდვილი სახით, არამედ იმგვარად გარდასახულნი, რომ მისი დანახვა შეძლონ ხორციელმა არსებებმა“. ტობითის წიგნში მოთხრობილია, თუ რა უთხრა ტობითსა და მის ძეს თანამდევმა ანგელოზმა თავისთავზე: „ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუმედ, არამედ ხილვით ხოლო მხედვიდით თქუენ“ (ტობ. 12,19).

ღირსი იოანე დამასკელი მსჯელობს – „თუმცა ანგელოზს ჩვენთან შედარებით უსხეულო და უნივთო ეწოდება, ერთიანი, უდარებელი ღმერთის მიმართ ყოველივე ტლანქია და ნივთიერი. მხოლოდ ღმერთია სავსებით უნივთო და უსხეულო“.

ზეციურ ძალთა სამყაროშიც არსებობს სრულყოფის განსხვავებული ხარისხები, სხვადასხვა საფეხურები თუ იერარქიული წყობა, არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ ტრიადად.

ანგელოზთა პირველი ტრიადა: საყდარნი • ქერუბიმნი • სერაბიმნი
ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.
სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.
ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა მეორე ტრიადა: უფლებანი • ძალნი • ხელმწიფებანი
უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისაგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან.
ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს.
ხელმწიფებათ დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ.

ანგელოზთა მესამე ტრიადა: საწყისნი • მთავარანგელოზნი • ანგელოზნი.
საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ.
მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ.
ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

მთავარანგელოზნი: მიქაელი • გაბრიელი • რაფაელი • ურიელი • სელაფიელი • იეგუდიელი • ვარახიელი • იერომიელი

მთავარანგელოზი მიქაელი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი(მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა – ხატებზე ჯავშნით – ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ – ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მთავარანგელოზი გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს ”ღვთის კაცს” ან ”ღვთის გმირს”. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც ”ღვთის მარცხენა ხელს”, რომელსაც სირიულად და “ქალდეურად” შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) – ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

მთავარანგელოზი რაფაელ (ებრ. רפאל‎, — «ღვთიური მკურნალი»; «რაფა» — განკურნება, «ელი» — ღმერთი), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

მთავარანგელოზი ურიელ (ებრ. אוּרִיאֵל‎ — «ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი»,) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.

მთავარანგელოზი სელაფიელ (ებრ. שאלתיאל‎, სალაფიილ)- მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

მთავარანგელოზი ეგუდიელ (ებრ. יהודיאלიეჰუდიელ «ღვთის დიდება») ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით.

მთავარანგელოზი ვარახიელი (ებრ. ברכיאל, «ღვთის კურთხევა») — ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველი. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.

მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში. წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას.

ანგელოზთა რაოდენობა ?

წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. როდესაც დანიელ წინასწარმეტყველმა სიზმარში „ძუელთა დღეთა“ იხილა, მას თვალწინ გადაეშალა „ათასნი ათათასნი“, რომელიც „ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს“ (დან. 7,9-10). ძე ღვთისას ამა სოფლად მოვლინებას ადიდებდა ანგელოზთა „სიმრავლე ერთა ცისათა“ (ლკ. 2,13).

„წარმოიდგინე, – ამბობს წმ. კირილე იერუსალიმელი, – რაოდენ მრავალრიცხოვანნი არიან რომაელნი და ამჟამად მცხოვრები სხვა ტლანქი ხალხები. იფიქრე – ასი ან ათასწლეულის განმავლობაში რამდენი ადამიანი აღესრულა. წარმოიდგინე – ადამიდან მოყოლებული დღევანდლამდე რამდენი დასამარდა – უზარმაზარია მათი რიცხვი. მაგრამ ანგელოზთა რაოდენობა მასთან შედარებით გაცილებით დიდია. კაცთა მოდგმა მხოლოდ ერთი ცხოვარია, როცა ანგელოზნი ოთხმოცდაცხრამეტნი არიან. დიდ სივრცეს მრავალრიცხოვანი მკვიდრნიც უნდა ჰყავდეს. ჩვენს მიერ დასახლებული დედამიწა ცის შუაგულში არსებულ რაღაც წერტილს მოგვაგონებს. რამდენადაც გარემომცველი ცა აღემატება სივრცობრივად დედამიწას, იმდენადვე მეტია ზეციურ მკვიდრთა რიცხვიც. ცანი ცათანი ანგელოზთა წარმოუდგენელ რაოდენობას იტევს. თუ დაწერილია, რომ „ათასნი ათათასნი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა“ (დან. 7,10) – ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინასწარმეტყველმა ვეღარ შეძლო უფრო აღმატებული რიცხვის დასახელება“.

წყარო: orthodoxy.ge & ka.wikipedia.org

თეგები
Close
Close