საკითხავისასარგებლო

უძველესი კონსტიტუცია

სამართლის კოდექსი არც XX და არც XIX საუკუნეში არ შექმნილა, მას ბევრად უფრო დიდი ისტორია აქვს. კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობაში ძალიან დიდი ხნის წინ დარწმუნდნენ. აქ გაიგებთ სად შემოიღეს სამართლის კოდექსი პირველად და როგორი იყო რამდენიმე ათასი წლის წინანდელი კანონები.უძველესი, კონსტიტუცია, კანონი, კანონები, ჰამურაბი,

არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურებულია, რომ უძველესი კონსტიტუცია ძვ.წ. XVIII საუკუნეში ბაბილონში შეიქმნა, იმდოინდელი მეფის, ჰამურაბის დროს.

ბაბილონი მესოპოტამიის სამხრეთ ნაწილში მდებარე უძველესი სახელმწიფო იყო. მესოპოტამია კი რეგიონი გახლდათ, რომელიც მდინარეების, ტიგროსსა და ევფრატს შორის იყო მოქცეული. ეს რეგიონი დღევანდელი ბაღდადის (ერაყის დედაქალაქი) სამხრეთი-დასავლეთით, დაახლოებით 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.

მეფე ჰამურაბი

ბაბილონის მმართველი, ჰამურაბი ძვ.წ. 1792-1750 წლებში მეფობდა. იგი რიგით მეექსვე მეფე იყო და იმით არის ცნობილი, რომ მისი მმართველობის ხანაში შეიქმნა უძველესი სამართლის კოდექსი ისტორიაში. ეს კოდექსი ასევე ცნობილია, როგორც “ჰამურაბის სამართლის კოდექსი”.

ჰამურაბის სამართლის კოდექსი

ჰამურაბის სამართლის კოდექსი 282 კანონისაგან შედგება. კანონები ქვისგან თლილ ფიგურაზეა ამოტვიფრული აქადურ ენაზე. ფიგურის ზედა ნაწილზე მეფე ჰამურაბია გამოსახული, რომელსაც კანონთა კრებულს საკუთარი ხელით გადასცემს სამართლის ღმერთი შამაში.

ლუვრი, პარიზი

“ჰამურაბის სამართლის კოდექსი” არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი კოდექსია. დღეს იგი პარიზის ცნობილ მუზეუმში, ლუვრში ინახება.

ჰამურაბის კანონთა კრებული ხანგრძლივი კვლევის საგანი იყო. იმ 282 კანონის მიხედვით, რომელიც კოდექსშია შეტანილი, ძალიან ბევრი და საინტერესო დასკვნის გამოტანა შეიძლება იმდროინდელ ცხოვრებაზე. ისტორიკოსებს აინტერესებთ რა პრობლემები იყო აქტუალური უძველეს ბაბილონში, რა მიიჩნეოდა დანაშაულად და რას ენიჭებოდა ყველაზე დიდი ყურადღება. კოდექსში სჭარბობს კანონები ცოლ-ქმრული და ზოგადად, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობების შესახებ, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონათმფლობლებსა და მონებს შორის დამოკიდებულებას, ანაზღაურების გაცემის სპეციფიკას, ფიზიკური და მორალური ზარალის მიყენებისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და სხვ.

იმისათვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ უძველეს კანონებზე, აქ ორმოციოდე მათგანია მოყვანილი. ქრონოლოგია დაცულია და ის კანონებია ამოკრებილი, რომლებიც მეტნაკლებად საინტერესოა. ზოგიერთი მათგანი აქტუალობას არც დღეს კარგავს.

 

  • თუ ერთი მეორეს რაიმე ბრალს დასდებს და ვერ დაუმტკიცებს, ბრალმდებელი სიკვდილით დაისჯება (1).
  • თუ მოსამართლე გამოიტანს განაჩენს და მას წერილობით წადადგენს, მასში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში მას სახალხოდ დაატოვებინებენ მოსამართლისთვის განკუთვნილ ადგილს და აეკრძალება ეს საქმიანობა (5).
  • თუ ვინმე შეისყიდის სხვისი შვილისგან ან მონისგან ოქროს, ვერცხლს, მდედრობითი ან მამრობითი სქესის მონას, ცხვარს, სახედარს ან ნებისმიერ საკუთრებას ხელშეკრულების ან მოწმის გარეშე, მყიდველი მიიჩნევა ქურდად და სიკვდილით დაისჯება (7).
  • თუ ვინმე სხვის მეორე და მომდევნო ვაჟს მოიტაცებს, გამტაცებელი სიკვდილით დაისჯება (14).
  • თუ ვინმე სახლში შეიფარებს მონას და ამას დამალავს, სახლის პატრონი სიკვდილით დაისჯება (16).
  • თუ ვინმე სხვის სახლთან ორმოს გათხრის მის გასაქურდად, იგი სიკვდილით დაისჯება და ამავე ორმოში დაიმარხება (21).
  • თუ ვინმე ჩაიდენს ყაჩაღობას და მას შეიპყრობენ, სიკვდილით დაისჯება (22).
  • თუ სახლს ცეცხლი გაუჩნდება და ის ვინც მის ჩასაქრობად მოვა, ხელი წაუცდება ოჯახის საკუთრებაზე, დაისჯება იმავე ცეცხლში დაწვით (55).
  • თუ ერთი მეორეს ვალს ვერ დაუბრუნებს და ამ უკანასკნელს ოჯახის წევრებთან ერთად მოსამსახურედ დაუდგება, ან ოჯახის მხოლოდ სხვა წევრებს აიძულებს ეს გააკეთონ, ისინი ვალდებულები იქნებიან მევალეს სამი წელი ემსახურონ და მხოლოდ მეოთხე წელს გათავისუფლდებიან (117).
  • თუ კაცი შეირთავს ცოლს, მაგრამ მასთან არ ექნება კავშირი, მაშინ ის არ იქნება ამ კაცის ცოლი (128).
  • თუ კაცს ცოლი სხვა კაცთან უღალატებს, მაშინ ამ უკანასკნელებს ერთად შებოჭავენ და  ჩააგდებენ წყალში, თუ ქმარი ცოლს არ აპატიებს და მეფე – თავის მონებს (129).
  • თუ კაცი სხვის ცოლს ქმრის ღალატში დასდებს ბრალს და ის შეცდება, ქალი ვალდებული იქნება დაიფიცოს და მხოლოდ ამის შემდგე მიეცემა სახლში წასვლის უფლება (131).
  • თუ კაცი სახლიდან გაიქცევა და მისი ცოლი სხვა სახლში გადავა საცხოვრებლად, ქმარი კი უკან დაბრუნდება და მოინდომებს ცოლი უკან დაიბრუნოს, იმის გამო რომ ქმარმა იგი მოატოვა, ცოლი არ დაბრუნდება მასთან საცხოვრებლად (136).
  • თუ კაცი მოინდომებს დაშორდეს ცოლს, რომელმაც მას შვილები ვერ გაუჩინა, მას შეუძლია ცოლს მის მიერ გამომუშავებული ფული და მისი მამის სახლიდან წამოღებული მზითევი უკან დაუბრუნოს და ამის შემდეგ გაუშვას (138).
  • თუ კაცი შეირთავს ცოლს და ეს უკანასკნელი მას მოახლეს მოუყვანს და შვილებს გაუჩენს, ხოლო კაცს განშორება და სხვა ცოლის მოყვანა მოუნდება, მას ამის ნება არ მიეცემა (144).
  • თუ კაცი საკუთარ ქალიშვილთან ინცესტში იქნება დამნაშავე, მას გადაასახლებენ (154).
  • თუ კაცი საკუთარ ვაჟს დანიშნავს ქალზე, მათ შორის კავშირი მოხდება და ამის შემდეგ მამა წაბილწავს საკუთარი ვაჟის საცოლეს, იგი სიკვდილით დაისჯება (155).
  • თუ ვინმე იქნება დამნაშავე საკუთარ დედასთან ინცესტში, ორივე მათგანი ცოცხლად დაიწვება (157).
  • თუ ქალი გათხოვდება და ქმარს ვაჟებს გაუჩენს, ქალის სიკვდილის შემთხვევაში, მის მამას ვერ ექნება პრეტენზია ქალის მზითევზე, რადგან ის მის ვაჟებს ეკუთვნის (162).
  • თუ ქვრივი, რომლის შვილები ჯერ საკმარისად არ წამოზრდილან, მოინდომებს, ხელახლა გათხოვდეს, ის ამას არ გააკეთებს ისე, რომ მოსამართლეს არ გააგებინოს. ხოლო თუ ის დაიწყებს ახალ სახლში ცხოვრებას, მოსამართლე შეამოწმებს ძველი სახლის მდგომარეობას და მას გადასცემს მეორე ქმარს (ცოლთან ერთად). ქვრივი ვალდებული იქნება, ამ სახლს მოუაროს, შვილები გაზარდოს და არ გაყიდოს ჭურჭელი ამ სახლიდან. ის ვინც ქვრივის შვილების კუთვნილ ჭურჭელს იყიდის, გადახდილი ფული დაეკარგება და ჭურჭელი დაუბრუნდება ძველ პატრონს (177).
  • თუ კაცი იშვილებს ბავშვს და გაზრდის, ნამდვილ მშობელს აღარ ექნება უფლება, შვილის უკან დაბრუნება მოითხოვოს (185).
  • თუ კაცს სხვისი შვილი არ უღიარებია საკუთარ შვილად, მაგრამ გაზრდის მას, ამ უკანასკნელს უფლება ექნება დაბრუნდეს მამამისის სახლში (190).
  • თუ მეძავის შვილი თავის მეურვეებს ეტყვის: “თქვენ არ ხართ ჩემი მშობლები”, მას ენას მოაჭრიან (192).
  • თუ მეძავის შვილი მოისურვებს თავის ნამდვილ მამასთან დაბრუნდეს და მეურვეებს მიატოვებს, მას თვალებს ამოსწვავენ (193).
  • თუ შვილი მამას ხელს დაარტყამს, მას ხელებს მოაჭრიან (195).
  • თუ ერთი მეორეს კბილებს ჩაუმტვრევს, მასაც ჩაუმტვრევენ კბილებს (200).
  • თუ ვინმე სცემს მასზე უფრო მაღალი ჩინის მქონეს, იგი სამოც როზგს მიიღებს სახალხოდ (202).
  • თუ ერთი მეორეს სცემს, იგი ვალდებულია, ამ უკანასკნელს 10 შეკელი გადაუხადოს (204).
  • თუ კაცი სცემს ორსულ ქალს და ამ უკანასკნელს მუცელი მოეშლება, იგი ვალდებულია ქალს 10 შეკელი გადაუხადოს (209).
  • ხოლო თუ თვითონ ქალიც მოკვდება, მაშინ მოკვდება ბრალდებულის ქალიშვილიც (210).
  • თუ პარიკმახერი, ისე რომ მონათმფლობელმა არაფერი იცოდეს, მონას მოაჭრის მონის ნიშანს, რათა იგი აღარ გაიყიდოს, პარიკმახერს ხელებს მოაჭრიან (226).
  • თუ მშენებელი სახლს ააშენებს და ამას კარგად არ გააკეთებს, თუ სახლი დაინგრევა და მისი პატრონი მოკვდება, მოკვდება მშენებელიც (229).
  • თუ სახლის ნგრევას მისი პატრონის შვილიც ემსხვერპლება, მოკვდება მშენებლის შვილიც (230).
  • თუ ვინმე იყიდის მდედრობითი ან მამრობითი სქესის მონას და ეს უკანასკნელი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დაავადდება, მყიდველი მას ძველ პატრონს დაუბრუნებს და მიიღებს კუთვნილ ფულს უკან (278).
  • თუ მონა ეტყვის თავის პატრონს: “შენ არ ხარ ჩემი პატრონი” და მას დამნაშავედ სცნობენ, მონას თავისი პატრონი ყურს მოაჭრის (282).
თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close