საკითხავისასარგებლო

80-იანი წლები, ანუ პოპის ხელმეორედ დაბადება

80-იანი წლები პოპისთვის ყველაზე ნათელი და ხმაურიანი ერაა. როგორც ცალკეული ჟანრი, იგი სწორედ ამ პერიოდში წარმოჩინდა სრულიად ახალი სახით. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა წინა ათწლეულების ვირტუოზი მუსიკოსები და შემსრულებლები, თუმცა, 80-იანმა წლებმა არაერთი ლეგენდარული ვარსკვლავი დაბადა, რომლებმაც პოპი ყველაზე ნათელ და ხალას მუსიკალურ ჟანრად აქციეს.

80-იან წლებში უამრავი ვარკვლავი გამოიკვეთა, მაგრამ პოპის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ყველას არ უთამაშია. მუსიკოსი, რომელიც არამარტო პოპ-ვარსკვლავებისთვის, არამედ სხვა ჟანრის შემსრულებლებისთვისაც დიდი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, იყო პრინცი. მისი ალბომი “Dirty Mind” რომელიც 1980 წელს გამოვიდა, დიდი აღიარება მოუტანა ახალგაზრდა მომღერალს. პრინცი თავად წერდა სიმღერებს და ალბომის პროდიუსერიც ხშირ შემთხევაში თავად იყო.

წარმატებული გამოდგა მისი ალბომები “Controversy” 1981 წელს და “1999”, რომელიც 1982 წელს გამოვიდა. ამ ალბომმაც განსაკუთრებული სიმპათიები დაიმსახურა.

მასში შემავალი ამავე სახელწოდების სიმღერა “1999” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა პრინცის კარიერის მანძილზე და მუსიკალური გავლენის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 80-ანი წლების პოპის განვითარებაში. ჟურნალმა RollingStone-მა “1999” თავის სიაში 500 საუკეთესო ალბომს შორის 72 ადგილზე განათავსა. ამავე სახელწოდების სიმღერაც გვხვდება ჟურნალის 500 საუკეთესო სიმღერას შორის.

პრინცისთვის ასევე უზომოდ წარმატებული აღმოჩნდა 1984 წელს გამოსული ალბომი “Purple Rain” ამ ალბომში შემავალი სინგლები “Purple Rain” და “When Doves Cry” 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ჰიტებად მიიჩნევა. “Purple Rain”-მა პრინცს გრემი მოუტანა 1985 წელს. ამ ალბომმაც არანაკლები აღიარება დაიმსახურა, ვიდრე წინა ალბომებმა და კიდევ უფრო გაზარდა პრინცის პოპულარობაც. “Purple Rain” ყველაზე წარმატებული გამოდგა პრინცისთვის კომერციულადაც.

კრიტიკოსთა აღიარება არც შემდეგ ალბომებს მოჰკლებია, მაგრამ პრინცი ყველაზე მეტ პოპულარობას 1982-84 წლებში ინარჩუნებდა. მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა მისი 1985-1986 წლებში გამოშვებული ალბომებიც. 1987 წლის ალბომმა “Sign o’the Times პრინცი კიდევ ერთხელ მოქცია კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში. ამ ალბომმა უნივერსალური აღიარება მოიპოვა. იგი “RollingStone-მა 93 ადგილას განათავსა თავის სიაში 500 ყველა დროის საუკეთესო ალბომს შორის. “Sign o ‘ the Times” კომერციულად ნაკლებად წარმატებული გამოდგა, შედარებით პოპულარული იყო კანადაში, სადაც ეს მისი ყველაზე გაყიდვადი ალბომია “Purple Rain”-ის შემდეგ.

მიუხედავად არაორდინალური გარეკანისა, კომერციულად წარუმატებელი იყო 1988 წლის ალბომი “Lovesexy”, თუმცა ცუდი შეფასებები არც მას მოჰყოლია.

პრინცი გამოირჩეოდა თავისი ორიგინალური სტილით და ჟანრობრივი ვარიაციით. მას დიდი გავლენა ჰქონდა 80-იანი წლების, როგორც როკზე, ისე პოპზე. ამ უკანასკნელში მას არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტები შეუტანია, ვიდრე ეს მაიკლ ჯექსონმა გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბევრად უფრო პოპულარი იყო, ვიდრე პრინცი.

 

ვერავინ იტყვის, რომ 80-იან წლებში გახდა მაიკლ ჯექსონი პოპულარული, რადგან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მაიკლ ჯექსონის დროს გახდა 80-იანი წლები პოპულარული.

მართლაც, 80-იანი წლები წარმოუდგენელია პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის გარეშე. მან თავისი პირველი ალბომი 14 წლის ასაკში გამოუშვა.

ეს იყო 1972 წელს. ამავე წელს მაიკლის კიდევ ერთი ალბომი გამოვიდა. მას მოჰყვა მესამე ალბომი 1973 წელს და 17 წლის ასაკში გამოვიდა  “Forever, Michael”. ეს იყო უკანასკნელი ალბომი, სადაც მაიკლი საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ როგორც მომღერალი, ისე წარმოაჩენდა. 1979 წელს გამოვიდა მისი მეხუთე სტუდიური ალბომი “Off the Wall”, სადაც მაიკლმა საკუთარი სიმღერებიც შესთავაზა საზოგადოებას. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ალბომმა უდიდესი წარმატება მოუტანა ჯექსონს. მსოფლიო მასშტაბით “Off the Wall”-ის 20 მილიონი ასლი გაიყიდა.

გარდა უდიდესი კომერციული წარმატებისა, ალბომმა კრიტიკოსებისგან და სპეციალისტებისგან უნივერსალური შეფასება მიიღო. მასში შედიოდა როგორც ჯექსონის ასევე სხვა მუსიკოსების დაწერილი სიმღერები. ეს ალბომი იყო პირველი ერთობლივი ნამუშევარი მუსიკოს როდ ტემპერტონთან.

ნამდვილ ჰიტად იქცა “Don’t Stop til You Get Enough”. ეს სიმღერა მაიკლ ჯექსონმა თავად დაწერა და იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სინგლია ამ ალბომიდან.

თუმცა 1979 წელი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდებისა, რომელიც მაიკლ ჯექსონს 80-იან წლებში ელოდა და სულ მცირე ნაწილი იმ გენიალური შემოქმედებისა, რომელიც მან აჩუქა ამ ერას.

1982 წლის ნოემბრის ბოლოს გამოვიდა მაიკლ ჯექსონის მეექსვე სტუდიური ალბომი “Thriller”. ეს ალბომი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. მისი გაყიდვები 70-დან 110 მილიონამდეა შეფასებული. აშშ-ში იგი ყველაზე გაყიდვადი ალბომია (პირველ ადგილს ინაწილებს Eagles-ის ალბომთან ერთად).

ალბომმა უდიდესი აღიარება დაიმსახურა როგორც პროფესიონალებისგან, ასევე ჩვეულებრივი მსმენელებისაგან. მაიკლ ჯექსონი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქცა. ისეთი სიმღერები, როგორებიცაა “Billie Jean” და “Beat It”, პოპის შედევრებადაა მიჩნეული. ორივე სიმღერის ავტორი თავად ჯექსონია, ხოლო სიმღერამ, რომელიც ალბომის სახელწოდებას ატარებს (მისი ავტორი როდ ტემპერტონია), უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, როგორც კლიპმა. “Thriller” ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ კლიპად მიიჩნევა. სიმღერაში “Beat It” გიტარის სოლოს ედი ვან ჰალენი ასრულებს, რომელიც 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ ჯგუფის “Van Halen”-ის გიტარისტია (იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო როკ გიტარისტადაა აღიარებული). ალბომში “Thriller” ასევე შედის “The Girl Is Mine” – დუეტი პოლ მაკარტნისთან და სხვა ჰიტად ქცეული სინგლები. ალბომის პროდიუსერია ქუინსი ჯონსი.

გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე 1984 წელს “Thriller” წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში უპირობო გამარჯვებულია. სიმღერები “Billie Jean” და “Beat It” წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაზე წარადგინეს, ხოლო ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა წლის საუკეთესო ჩანაწერის კატეგორიაში.

“Thriller” ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია მუსიკის ისტორიაში და 80-ანი წლების პოპისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური “მამოძრავებელი ძალა” გამოდგა. გარდა იმისა, რომ ალბომი უზომოდ პოპულარულია, დიდი გავლენა მოახდინა 80-იანი წლების მუსიკაზე და პოპი კიდევ უფრო პოპულარულ ჟანრად აქცია.

ასევე ძალიან პოპულარული გამოდგა 1985 წლის სინგლი “We Are The World”. ეს სიმღერა ერთობლივი ნამუშევარი იყო ლაიონელ რიჩისთან. 1986 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე სიმღერამ ორჯერ დაიმსახურა ჯილდო: როგორც წლის საუკეთესო სიმღერამ და წლის საუკეთესო ჩანაწერმა. გრემის ჯილდო “We Are the World”-ს ნაწილობრივ მისი პოპულარიზაციის მიზნით მიენიჭა, რადგან იგი საკმაოდ აქტუალურ პრობლემას ეხება. ამ სიმღერამ კიდევ უფრო გაზარდა ჯექსონის პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად დიდი პაუზისა, ჯექსონის ალბომები პოპულარობას არ კარგავდა. 1987 წელს გამოსული ალბომი “Bad”  კვლავ უზომოდ პოპულარი გამოდგა. მართალია, კრიტიკოსებისაგან ისეთივე აღიარება არ მოუპოვებია, როგორიც წინა ალბომს, მაგრამ მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა.

“Bad”-მა 30 მილიონი ასლი გაყიდა.  RollingStone-მა იგი 202 ადგილზე განათავსა თავის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ალბომი კვლავაც დიდი შენაძენია 80-იანი წლებისთვის და მასზე დიდი კულტურული გავლენა მოახდინა. RollingStone-მა “Thriller”-ს ამავე სიაში პირველ ოცეულში მიუჩინა ადგილი.

“Thriller” და “Bad” გენიალურ ალბომებადაა აღიარებული. მაიკლ ჯექსონმა უდიდესი გავლენა მოახდინა 80-იანი წლების მუსიკაზე და თავისი შემოქმედებითი ინდივიდუალიზმისა და სცენიურობის წყალობით სრულიად განსხვავებული და გენიალური პოპ ერა შექმნა.

 

იქ სადაც მეფეა, აუცილებელია, იყოს დედოფალიც. ამიტომ 80-იანი წლები წარმოუდგენელია პოპის დედოფლის, მადონას გარეშე. მან სრულიად ორიგინალური ჟღერადობისა და განსხვავებული თემატიკის მუსიკა შექმნა. მისი პოპულარობა ნელ-ნელა იზრდებოდა, თუმცა 80-იანი წლებისთვის ის ყველაზე ხშირად ექცეოდა მასობრივი ყურადღების ცენტრში.

მადონას შემოქმედება თანაბრად აინტერესებდათ როგორც კრიტიკოსებს, ასევე ჩვეულებრივ მელომანებსაც. ის საკმაოდ ხმაურიანად შემოიჭრა 80-იანი წლების პოპ ინდუსტრიაში და დიდი გავლენა მოახდინა, როგორც ამ ერის მუსიკაზე, ასევე მის თაყვანისმცემლებზეც. მისი სტილი, მუსიკა და ის მსოფლხედველობები, რასაც იგი თავისი შემოქმედებით გამოხატავდა ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი გახდა. მან სკანდალური მომღერლის იმიჯიც მოირგო და თავისი საქმიანობით ხშირად ეხმაურებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა სექსი და რელიგია.

მისი პირველი სტუდიური ალბომი “Madonna”, თავიდანვე მოექცა კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში და მეტწილად დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა, არანაკლებ წარმატებული იყო კომერციულადაც. მიუხედავად, იმისა რომ სხვადასხვა ქვეყნის ჩარტები ისე არ დაუპყრია, როგორც შემდგომმა ალბომებმა, პოპულარობას არ უჩიოდა.

პირველი ალბომიდან მიღებული შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ არ განელებულიყო, რომ მას მეორე მოჰყვა. 1 წლის შემდეგ, 1984 წელს გამოვიდა მადონას მეორე ალბომი. “Like A Virgin” თავიდანვე განწირული იყო პოპულარობისთვის. ეს ალბომი მყისვე მასობრივი ყურადღების ობიექტი გახდა. მას კრიტიკოსებმა დადებითი შეფასებები მისცეს, თუმცა მათზე მეტად ალბომმა საზოგადოება აღაფრთოვანა.

“Like A Virgin” პოპულარული გახდა არამარტო სახელწოდების, არამედ სრულიად ახალი ჟღერადობისა და დამაინტრიგებელი თემატიკის გამო. ალბომმა მრავალი ქვეყნის ჩარტები დაიპყრო და 22 მილიონი ასლი გაყიდა. მეტად წარმატებული გამოდგა სინგლები: “Like A Virgin”, “Angel”, “Into the Groove”, “Material Girl”.

ძალზე პოპულარული გამოდგა სიმღერა” Like A Virgin”, ანუ “როგორც ქალწული”. განსხვაებით წინა ალბომისგან, აქ სიმღერების უმრავლესობას სხვა ავტორები ჰყავს. “Like A Virgin” ასეთ სიმღერათაგან ერთ-ერთი მათგანია, თუმცა, ამას არაფერი შეუცვლია, მან მაინც დიდი მოწონება დაიმსახურა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სინგლი იყო 1984 წელს. ჟურნალმა RollingStone-მა იგი საკუთარ სიაში 100 საუკეთესო პოპ სიმღერას შორის მე-4 ადგილას განათავსა, Beatles-ის “Yesterday”-ს, Rolling Stones-ის “Satisfaction”-სა და Nirvana-ს “Smells Like Teen Spirit”-ის შემდეგ (მას მოსდევს მაიკლ ჯექსონი “Billie Jean”), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ერთობ დიდია ამ სიმღერის მნიშვნელობა პოპის განვითარებისთვის.

1986 წელს გამოვიდა მადონას მესამე სტუდიური ალბომი “True Blue”, რომელიც კომერციულად კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა, ვიდრე “Like A Virgin” და გარდა ამისა, ლიდერობდა ჩარტებს როგორც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ისე ევროპის ბევრ ქვეყანაში. არანაკლებ წარმატებული გამოდგა სინგლებიც. განსაკუთრებით პოპულარული იყო სიმღერები: “True Blue”, “Papa Don’t Preach”, “La Isla Bonita”.

თითქოს, კიდევ უფრო მეტად წარმატებული უნდა ყოფილიყო მადონას შემდეგი სტუდიური ალბომი “Like A Prayer”, რომელიც 80-იანი წლების მიწურულს წარსდგა მსმენელთა სამსჯავროზე. ალბომი ჩარტებს კვლავაც ბევრ ქვეყანაში ლიდერობდა ისევე, როგორც სინგლები: “Express Yourself” და “Like A Prayer”, თუმცა იმდენად შემოსავლიანი არ გამოდგა, როგორც მადონას წინა ორი ნამუშევარი. სამაგიეროდ, “Like A Prayer”-ს ბევრად დიდი აღიარება შეხვდა კრიტიკოსებისგან და მუსიკათმცოდნეებისგან, ვიდრე “Like A Virgin”-სა და “True Blue”-ს (აღსანიშნავია, რომ “Like A Prayer” მადონას ყველაზე გაყიდვადი სინგლია). ქება დაიმსახურა ალბომის თემატიკამ და შესრულების დონემ.

“როგორც მლოცველი” – ასე ითარგმნება ალბომის სახელწოდება. მასში გაერთიანებულია ის გრძნობები, რასაც მადონა განიცდიდა საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ, ზოგიერთი სიმღერა ეხება მის პირად ცხოვრებას და ასევე გამოხატულია მისი კათოლიკური ეკლესიისადმი დამოკიდებულება. სიმღერებში გადმოცემულია მადონას წარსული, დედამისის მცდელობები, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო მიუხედავად მეუღლის აუტანელი ხასიათისა, ასევე გამოხატულია მადონას გრძნობები ღმერთისადმი, თუ რამდენად შეიცვალა იგი ბავშვობის შემდეგ. იგი მოუწოდებს ქალებს, არ შეეშინდეთ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენისა (“Express Yourself”). ალბომში შესული სიმღერები მადონას მსოფლმხედველობებსა და ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებს ასახავს.

“Like A Prayer” მადონას უკანასკნელი ნამუშევარი იყო 80-იან წლებში.

მიუხედავად მრავალი უარყოფითი დამოკიდებულებისა, მადონა ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია 80-იანი წლებისა. მისმა მუსიკამ, თამამმა თემატიკამ და შესრულების დონემ მას უდიდესი აღიარება მოუტანა. ძალიან დიდია მისი შემოქმედებითი გავლენა როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის შემსრულებლებზე და ზოგადად პოპ მუსიკაზე.

 

კიდევ ერთი სოლო შემსრულებელი და მუსიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 80-იანი წლების მუსიკაზე თავისი შემოქმედებით, ფილ კოლინზია. ფილ კოლინზმა დიდი აღიარება მოიპოვა, როგორც სოლო შემსრულებელმა, მაგრამ პარალელურად იგი იყო ლეგენდარული ჯგუფის “Genesis”-ის სოლისტი. “Genesis” პროგრესიული როკის შემსრულებელი იყო, თუმცა ფილ კოლინზმა საკუთარი პოპ-გავლენით მისი ჟანრობრივი მიმართულება რადიკალურად შეცვალა და 80-იანი წლებისთვის “Genesis” პოპულარულ პოპროკის შემსრულებელ ჯგუფად აქცია. თავად ფილ კოლინზი სოფტ როკისა და პოპის ჟანრებში მოღვაწეობდა და 1981-89 წლამდე მისმა შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებისა და მუსიკათმცოდნეების მხრიდან.

ფილ კოლინზმა ჯერ კიდევ მაშინ შეიტანა ჯგუფ “Genesis”-ის შემოქმედებაში სერიოზული გარდატეხა, როცა 1975 წელს მისი სოლისტი გახდა,ხოლო როცა 1980 წელს გამოვიდა ჯგუფის ალბომი “Duke”, აშკარა იყო, რომ “Genesis” სრულიად სხვა ჟანრში განაგრძობდა მოღვაწეობას. ჯგუფზე დიდი გავლენა ფილ კოლინზმა მოახდინა, რადგან როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იგი სწორედ სოფტ როკისა და პოპის ჟანრში პოულობდა საკუთარ თავს.

1981 წელს გამოვიდა ფილ კოლინზის პირველი სოლო ალბომი “Face Value”, მას მოჰყვა “Hello, I Must Be Going!” 1982 წელს. ორივე ალბომი სტილით ერთმანეთს ჰგავს, სიმღერები ძირითადად სოფტ როკის ჟანრს ეკუთვნის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მათგანს. მართალია, ეს ალბომი შორს იყო პოპისგან, მაგრამ აქედანვე ჩანდა, რომ ფილ კოლინზი შედარებით მსუბუქ კომპოზიციებს ანიჭებდა უპირატესობას.

1984 წელს კოლინზმა გამოუშვა წარმატებული სინგლი “Against All Odds”, რომელიც შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც სოფტ როკს, ისე პოპსაც. “Against All Odds” ძალიან წარმატებული სინგლი გამოდგა და სხვადასხვა ქვეყნების ჩარტებიც დაიპყრო. ასევე ნომინირებული იყო გრემიზე, როგორც წლის საუკეთესო სიმღერა. ამავე წელს კოლინზმა ჩაწერა წარმატებული სინგლი “Easy Lover”, მის თანაავტორთან, ფილიპ ბეილისთან ერთად. “Easy Lover” თამამად შეგვიძლია, მივაკუთვნოთ პოპს. ეს სინგლი ძალიან პოპულარული იყო 1984-1985 წლებში, რასაც ორიგინალურმა კლიპმაც შეუწყო ხელი.

1985 წლისთვის ფილ კოლინზმა საბოლოოდ გადაინაცვლა პოპის სამყაროში. მისი მესამე სტუდიური ალბომი “No Jacket Required” უზომოდ წარმატებული გამოდგა. კოლინზმა სამ კატეგორიაში მოიპოვა გრემი, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში. თუმცა, ამას წინ უძღოდა არნახული პოპულარობა. ალბომმა დიდი აღიარება დაიმსახურა კრიტიკოსებისგან და კიდევ უფრო მეტი მელომანებისგან, დაიპყრო აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროპოს მრავალი ქვეყნის ჩარტები, ისევე, როგორც წარმატებულმა სინგლებმა: “Sussudio”, “One More Night”, “Take Me Home”. “No Jacket Required”-მა მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონი ასლი გაყიდა. ეს ალბომი სრულიად ახალი სიტყვა იყო 80-იანი წლების პოპ ინდუსტრიაში, გამოირჩეოდა ოროგინალური ჟღერადობით, ნაკლებად ემოციური, თუმცა საინტერესო თემატიკით და უნაკლო ვოკალით. “No Jacket Required” ძალიან მნიშვნელოვანი და განუყუფელი შენაძენია 80-იანი წლებისთვის.

კოლინზის პოპულარობა არც იქამდე განელებულა, სანამ იგი მეოთხე სტუდიურ ალბომს გამოუშვებდა. ჩაწერა წარმატებული სინგლები: “Separate Lives” 1985 წელს და “A Groovy Kind of Love” 1988 წელს. ამ სიმღერებს სხვა ავტორები ჰყავს, თუმცა ორივე სინგლი ძალიან წარმატებული იყო. “A Groovy Kind of Love”-ის შესრულებისთვის კოლინზი გრემიზე იყო წარდგენილი. იმავე 1988 წელს ფილ კოლინზმა გამოუშვა სინგლი “Two Hearts” – ერთობლივი ნამუშევარი ლამონტ დოზიერთან, რომლისთვისაც ისინი ოქროს გლობუსის მფლობელები გახდნენ საუკეთესო საუნდტრეკის კატეგორიაში.

1989 წელს ფილ კოლინზი კვლავ ისეთივე ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ეს იყო 1985 წელს. “…But Seriously” – მისი მეოთხე ალბომი ძალიან წარმატებული გამოდგა. იგი კვლავაც ლიდერობდა ჩარტებს უამრავ ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით 22 მილიონი ასლი გაყიდა. ალბომში შედის სიმღერები, რომლებიც შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც პოპს, ისე როკს. ამ ალბომიდან თითქმის ყველა სინგლი ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა კოლინზს მსოფლიო აღიარება მოუტანა. “Another Day in Paradise” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ჰიტად იქცა. წლის საუკეთესო ჩანაწერის ნომინაციაზე გრემი სწორედ მას ერგო. ეს იყო ერთადერთი ნომინაცია, სადაც ფილ კოლინზმა აიღო გრემის ჯილდო. საერთო ჯამში, 1991 წელს, ცერემონიალზე ფილ კოლინზი 7 ნომინაციაზე წარადგინეს.

ფილ კოლინზი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა 80-იანი წლების მუსიკალურ ინდუსტრიაში. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ათწლეულის პოპულარიზაციაში თავისი შემოქმედებით, სცენიურობითა და ორიგინალურობით, რაც ასე დამახასიათებელია 80-იანი წლებისთვის.

 

კიდევ ერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელმაც 80-იან წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და მნიშვნელოვანი შემოქმედებით გაამდიდრა ეს ათწლეული, ჯანეტ ჯექსონია. პოპულარობა მან 80-იანი წლების მეორე ნახევარში მოიხვეჭა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონი დაა, მისი თავდაპირველი ალბომები კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა და კრიტიკოსთა შეფასებებიც არასახარბიელო იყო.

თავისი პირველი ალბომი “Janet Jackson” ჯანეტ ჯექსონმა 1982 წელს გამოუშვა. მას მოჰყვა “Dream Street” 1984 წელს. ორივე ნამუშევარი ჟანრობრივად ძალიან ახლოს იყო პოპთან.

ჯანეტ ჯექსონი მასობრივი ყურადღების ცენტრში 1986 წელს, მისი მესამე სტუდიური ალბომის “Control”-ის გამოსვლის შემდეგ მოექცა. ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კომერციულადად დიდ წარმატებას მიაღწია. ალბომი სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებშიც მოწინავე ადგილებს იკავებდა. “Control”-ის წარმატება მხოლოდ ცნობილი პროდიუსერების დამსახურება არ ყოფილა.

ალბომი ახალი სიტყვა იყო 80-იანი წლების შოუ-ბიზნესში და ამასთან, აღმოჩნდა ბიძგი ჯანეტ ჯექსონის შემდგომი პოპულარობისა. სიმღერებში გამოყენებული იყო ახალი და ორიგინალური ელემენტები. რა თქმა უნდა, ალბომი განიცდიდა მადონას შემოქმედების გავლენას, მაგრამ მან კიდევ უფრო გაზარდა ამ ჟანრის პოპულარობა და კრიტიკოსებიც შედარებით განსხვავებული, ორიგინალური და საინტერესო სტილით მოხიბლა. 80-იან წლებში ეს ალბომი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართო საზოგადოების მიერ მოწონებული, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენელმა შესთავაზა მსმენელს მადონას “Like A Virgin”-ისა და “True Blue”-ის შემდეგ.

უზომოდ პოპულარული იყო სინგლები: “What Have You Done for Me Lately”, “Let’s Wait Awhile”, “Control”, “Nasty”. ქება დაიმსახურა სიმღერების გამორჩეულმა ტონმა და ჯანეტ ჯექსონის შესრულების დონემ. “Control” წარდგენილი იყო გრემიზე წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში.

არანაკლები კომერციული წარმატება მოუტანა ჯანეტ ჯექსონს მისმა 1989 წლის ალბომმა “Janet Jackson’s Rhythm Nation 1814”. ეს ალბომი ბევრ ქვეყანაში ლიდერობდა ჩარტებს და კრიტიკოსთა აღიარებაც დაიმსახურა.

ალბომი კრეატიულობის თვალსაზრისით, არანაკლებ ფასეულია, ვიდრე ჯანეტ ჯექსონის წინა ნამუშევარი. ქება დაისახურა შესრულების დონემ, მათ შორის ჯანეტ ჯექსონის ვოკალმა და ალბომის უფრო მნიშვნელოვანმა თემატურმა დატვირთვამ, ვიდრე ეს 1986 წელს გამოსულ ნამუშევარს ახასიათებდა. ჟურნალმა RollingStone-მა თავის სიაში 500 ყველა დროის საუკეთესო ალბომს შორის “Janet Jackson’s Rhythm Nation 1814″-ს მნიშვნელოვანი ადგილი მიანიჭა. ჯანეტ ჯექსონი გრემის 4 ნომინაციაზე წარადგინეს 1990 წელს.

წარმატებული აღმოჩნდა სინგლები: ” Rhythm Nation”, “Escapade”, “Miss You Much”.

ჯანეტ ჯექსონმა 80-იანი წლები მნიშვნელოვნად გაამდიდრა თავისი შემოქმედებით. მისი წარმატება და პოპულარობა შემდგომ ათწლეულებშიც გაგრძელდა, თუმცა ჯექსონის მოღვაწეობა 80-იანი წლების შოუ-ბიზნესში მეტად მნიშვნელოვანია პოპის, როგორც ცალკეული ჟანრის უფრო ორიგინალურ სახემდე მიყვანისა და განვითარებისათვის.

 

80-იან წლების დასაწყისში დიდი პოპულარობა მოიპოვა პოპ დუეტმა Wham!. ეს იყო ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის დუეტი. მათი პირველივე ალბომი “Fantastic” საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად და მრავალი ქვეყნის ჩარტებშიც წამყვანი ადგილები დაიკავა, თუმცა კრიტიკოსებისგან მწირი შეფასებები მოჰყვა.

უფრო მეტი წარმატება შეხვდა მეორე სტუდიურ ალბომს, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ გამოვიდა, 1984 წელს. “Make It Big” უფრო გაყიდვადი გამოდგა, ვიდრე “Fantastic”.

თუმცა, წინა ალბომისგან განსხვავებით, იგი კრიტიკოსებმაც ძალიან მოიწონეს.  პოპულარული იყო სინგლები: “Wake Me Up Before You Go-Go” და “Freedom”. საკმაო აღიარება მოჰყვა სიმღერას “Careless Whisper”, რომელიც ჯორჯ მაიკლმა და ენდრიუ რიჯლიმ ერთობლივად შექმნეს (თუმცა Wham!-ის თითქმის ყველა სიმღერა ჯორჯ მაიკლის დაწერილია). ეს სინგლი ჯორჯ მაიკლმა როგორც სოლო შემსრულებელმა, ისე გამოსცა.

1986 წელს Wham!-მა მესამე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი “Music from the Edge of Heaven” გამოუშვა, რომელიც კომერციულად წარუმატებელი გამოდგა, თუმცა კარგი შეფასებები მიიღო. ალბომში შედის ჯორჯ მაიკლის ცნობილი სიმღერა “Last Christmas”, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, როგორც სინგლი და დღემდე ძალიან პოპულარული საშობაო სიმღერაა.

Wham! ძალიან პოპულარული დუეტი იყო 80-იანი წლების დასაწყისში და პოპის (ასევე სინთპოპის) განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

სამი სტუდიური ალბომის გამოშვების შემდეგ დუეტი დაიშალა და ჯორჯ მაიკლმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი. 1987 წელს მისი პირველი სოლო ალბომი “Faith” წარსგა მსმენელთა სამსჯავროზე. ჯორჯ მაიკლს უდიდესი პოპულარობა და კომერციული წარმატება ხვდა წილად. ალბომს ასევე დიდი აღიარება მოჰყვა მუსიკათმცოდნეებისა და კრიტიკოსებისგან. 1989 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე “Faith”-მა წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ალბომმა 20 მილიონზე მეტი ასლი გაყიდა და მრავალი ქვეყნის ჩარტებში მოწინავე ადგილები დაიკავა. წარმატებული გამოდგა სინგლები : “I Want Your Sex”, “One More Try”, “Father Figure” და “Faith”. ამ უკანასკნელმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ჩვეულებრივი მსნენლებისგან, ისე პროფესიონალებისგანაც.

“Faith” პოპულარული გახდა თავისი ორიგინალური ჟღერადობით და სტილით. სწორედ მუსიკალური ინდივიდუალიზმით მიიქცია ამ ალბომმა კრიტიკოსთა ყურადღებაც.

ჯორჯ მაიკლმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 80-იანი წლების პოპ ინდუსტრიაზე და ინდივიდუალური სტილისა და თემატიკის მუსიკამ მას სწრაფად მოუტანა საყოველთაო აღიარება.

 

პოპის ხელმეორედ დაბადებას არ ჩაუვლია ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის გარეშე. მართალია, ის თავად არ ქმნიდა მუსიკას, მაგრამ მისმა ვოკალმა და ორიგინალურობამ კიდევ უფრო გაზარდა ისეთი სტილის სიმღერების პოპულარობა, როგორსაც ის ასრულებდა.

უიტნი ჰიუსტონის შემთხვევაში წარმატება ძალიან სწრაფაფ მოვიდა. მისმა პირველივე სოლო ალბომმა დიდი ხმაური და მასობრივი ყურადღება გამოიწვია. 80-იან წლებს უიტნი ჰიუსტონის სახით გენიალური ვოკალისტი მოევლინა.

უიტნი ჰიუსტონის პირველი სოლო ალბომი “Whitney Houston” უზომოდ პოპულარული გამოდგა როგორც აშშ-ში, ასევე დიდი ბრიტანეთსა და უამრავ სხვა ქვეყანაში. მისმა ვოკალურმა მონაცემებმა ერთნაირად მოაჯადოვა ჩვეულებრივი მელომანებიც და კრიტიკოსებიც. “Whitney Houston”-მა 25 მილიონი ასლი გაყიდა და ნომინირებული იყო გრემიზე, როგორც წლის საუკეთესო ალბომი. უიტნი ჰიუსტონმა მდედრის მიერ საუკეთესო პოპ შესრულებისთვის მიიღო გრემის ჯილდო.

ისევე, როგორც ალბომი, სინგლებიც წამყვან ადგილებს იკავებდნენ მრავალი ქვეყნის ჩარტებში. პოპულარული სინგლები იყო: “Saving All My Life for You”, “How Will I Know”, “Greatest Love of All”.

ალბომმა, როგორც ერთმა მთლიანმა მრავალ ასპექტში დაიმსახურა მუსიკათმცოდნეთა ქება. ჟურნალმა RollingStone-მა “Whitney Houston” 254 ადგილას განათავსა თავის სიაში 500 ყველა დროის საუკეთესო ალბომს შორის.

პირველ ალბომს მეორეც მოჰყვა 1987 წელს.

უიტნი ჰიუსტონის მეორე სტუდიური ალბომი “Whitney” კვლავ ძალიან პოპულარული გამოდგა. მიუხედავად, იმისა, რომ მან შედარებით ნაკლები სიმპათიები დაიმსახურა მუსიკათმცოდნეებისგან, ვიდრე 1985 წლის ალბომმა, წარმატება მაინც არ მოჰკლებია და კვლავაც გრემის ერთ-ერთი ნომინანტი იყო წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში. ჰიუსტონის ვოკალი, რა თქმა უნდა, ჩვეულ სიმაღლეზე იდგა და მომღერალმა გრემის ჯილდო მდედრის მიერ საუკეთესო პოპ შესრულებისთვის ამჯერადაც არავის დაუთმო.

კვლავ უზომოდ პოპულარული იყო სინგლები ალბომიდან: “I Wanna Dance with Somebody”, “Didn’t We Almost Have it All”, “So Emotional”, “Where Do Broken Hearts Go”. სინგლები, ისევე, როგორც ალბომი წარმატებით იპყობდა მრავალი ქვეყნის ჩარტებს. “Whitney” კიდევ უფრო პოპულარული იყო ევროპაში, ვიდრე “Whitney Houston”.

უიტნი ჰიუსტონის მეორე სტუდიური ალბომიც ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი იყო 80-იანი წლების პოპ მუსიკისა, იგი ამჯერადაც ინარჩუნებდა მომღერლისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალიზმს.

უიტნი ჰიუსტონი 80-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემსრულებელია. მან საზოგადოებას საინტერესო თემატიკის ალბომებით, ლამაზი სიმღერებითა და უნიკალური ვოკალით დაამახსოვრა თავი, რითაც ხელი შეუწყო პოპის კიდევ უფრო ორიგინალური სახით წარმოჩენას.

 

შემსრულებელი, რომელმაც 80-იან წლებს თავი რომანტიული სიმღერებითა და ორიგინალური შემოქმედებით დაამახსოვრა, ლაიონელ რიჩია. იგი საკმაოდ პოპულარული იყო 1981-86 წლებში, ხშირად იმსახურებდა კრიტიკოსთა და ჩვეულებრივ მსმენელთა სიმპათიებს.

ლაიონელ რიჩიმ 1981 წელს გამოუშვა სინგლი “Endless Love”. ეს იყო დუეტი დაიანა როსთან, რომელმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა და ოსკარზე იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო საუნდტრეკი.

1982 წელს ლაიონელ რიჩიმ პირველი სოლო ალბომი გამოუშვა სახელწოდებით “Lionel Richie”. ალბომი კომერციულადაც წარმატებული გამოდგა და პროფესიონალებისგანაც დადებითი შეფასებები მიიღო. ალბომში შესულია წარმატებული სიმღერა “Truly”.

1984 წელს გამოვიდა რიჩის მეორე სოლო ალბომი “Can’t Slow Down”, რომელმაც მაღალი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან და გრემის ჯილდოც დაიმსახურა საუკეთესო ალბომის კატეგორიაში.

ალბომი ძალიან პოპულარული იყო და 20 მილიონი ასლი გაყიდა მსოფლიო მასშტაბით. “Can’t Slow Down” მრავალ ქვეყანაში ლიდერობდა ჩარტებს. წარმატებული გამოდგა ისეთი სიმღერები, როგორიცაა “All Night Long”, “Penny Lover” და “Hello”. ეს უკანასკნელი გრემიზე იყო წარდგენილი წლის საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში.

აღსანიშნავია ლაიონელ რიჩის თანაავტორობა 1985 წლის ცნობილ სიმღერაზე “We Are the World, რომელიც ერთობლივი ნამუშევარია მაიკლ ჯექსონთან.

კომერციულად წარმატებულ და პოპულარულ ალბომს, მოჰყვა მესამე სტუდიური ალბომი “Dancing on the Ceiling”. ამ ალბომმაც საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო და უფრო გაყიდვადი გამოდგა, ვიდრე რიჩის პირველი სოლო ალბომი. მასში შესულია ცნობილი სიმღერა “Say You, Say Me”, რომლისთვისაც რიჩის ოსკარი და ოქროს გლობუსი აქვს მიღებული.

ლაიონელ რიჩიმ დიდ წარმატებას მიაღწია როგორც სოლო შემსრულებელმა 80-იან წლებში. იგი ამ ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული პოპ მომღერალი და მუსიკოსია.

 

80-იანი წლები პოპ მუსიკისთვის მართლაც, ხელახლა დაბადების წლებია. ყველა ზემოთხსენებული მუსიკოსი იმითაა გამორჩეული, რომ ყოველმა მათგანმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა 80-იანი წლების პოპ ინდუსტრიის განვითარებაში. სწორედ მათი შემოქმედება, მათი ორიგინალური სტილი, სცენიურობა გახდა მაგალითი სხვა, ნაკლებად კრეატიული შემსრულებლებისთვის და საფუძველი ჩაუყარა პოპ მუსიკის იმ სახემდე მიყვანას, როგორიც იგი შემდგომ წლებში იყო.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close