საკითხავისასარგებლოუცნაური

უჩვეულო ადამიანები #2


ესეც მეორე ნაწილი. ისტორიები ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანებზე, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, საკუთარი ხინჯების დემონსტრირება მოეწყოთ და თავი ასე ერჩინათ.

პრისცილა – მაიმუნი-გოგონა


პრისცილა ბეჯანო წვერებიანი ქალების ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო. სხვადასხვა დროს მან უამრავი მეტსახელი მიიღო, ყველაზე ხშირად კი უწოდებდნენ “პატარა თმიან გოგონას”, რომელიც მოგვიანებით გადააკეთეს და გახდა “მაიმუნი-გოგონა”.

პრისცილა დაიბადა 1911 წლის 26 აპრილს პუერტო რიკოს ქალაქ ბაიამონში. მას პატარაობიდანვე სჭირდა ჰიპერტრიქოზი (ჭარბთმიანობა კანის უბნებზე, რომლებზედაც ჩვეულებრივ თმა არ იზრდება), ასევე კბილები ორ რიგად ჰქონდა განლაგებული, რის გამოც უმალ მიიპყრო ცნობისმოყვარეებისა და ექიმების ყურადღება. პრისცილას მამა ჩვეულებრივი ესპანელი კაცი იყო და არ იცოდა, შვილისთვის რა მოეხერხებინა, ამიტომ აშშ-ში, ნიუ-იორკში გაემგზავრნენ. იმედი ჰქონდათ, რომ იქ კომპეტენტური ექიმებისგან მიიღებდნენ პასუხს.

ნიუ-იორკში პასუხების ძებნაში 7 თვე გაატარეს, შემდეგ კი პრისცილას მამას თავში აზრად მოუვიდა, შვილის სხეულით ფული ეშოვა. მაგრამ ინგლისურისა და ბიზნესის არასათანადო ცოდნის გამო საქმე ვერ ააწყო და დასახმარებლად მიმართა შოუმენ კარლ ლოთერს. ლოთერი რამდენიმე წარმატებულ შოუს მართავდა და გამოცდილი კაცი იყო. ის პრისცილათი დაინტერესდა და თავისთან აყვანა გადაწყვიტა. ასევე ეხმარებოდა ოჯახს ფინანსურადაც. მაგალითად, როცა პრისცილას დედა პუერტო რიკოში დაბრუნდა, ძიძა აუყვანა ბავშვს, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უკანასკნელი სურვილის თანახმად, გოგონა იშვილა.

იმის მიუხედავად, რომ ლოთერი გოგონას სანახაობისთვის იყენებდა, ცუდად არასდროს ექცეოდა. ამაზე მოწმობს ისიც, რომ გოგონა ყოველთვის დადებითად ახასიათებდა მას. კარლს არ მოსწონდა, როცა მის შვილობილს “მაიმუნ-გოგონას” ეძახდნენ, ხოლო თუ ვინმე მახინჯს უწოდებდა, იქვე გამოლანძღავდა ხოლმე. პრისცილა მაყურებლის წინაშე გამოდიოდა შიმპანზესთან ერთად, რომელსაც ჯოზეფინა ერქვა. პრისცილა ხალხს ესაუბრებოდა, ჯოზეფინა კი სიგარეტს აფუილებდა და იფურთხებოდა.

1930-იან წლებში პრისცილა შეხვდა ემეტ ბეჯანოს, ალიგატორის კანის მქონე კაცს. მიუხედავად იმისა, რომ პრისცილა თმიანი იყო და ემეტს სუზის მსგავსად იქთიოზისი ჰქონდა (კოჟრიანი კანის გამო “სქელკანიანს” ეძახდნენ), წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა, მათ გადააბიჯეს თავიანთ ფიზიკურ ნაკლებს. ორივე დახვეწილი და შინაგანი სამყაროთი მომხიბვლელი ადამიანი იყო. გარდა ამისა, პრისცილა მშვენივრად მღეროდა.

1938 წელს ისინი გაიპარნენ და დაქორწინდნენ. ერთ წელიწადში გოგონა, ფრანსინი შეეძინათ. თუმცა მალევე პნევმონიით დაავადდა და გარდაიცვალა. ემეტმა და პრისცილამ წარმოდგენები გააგრძელეს. მათ იცნობდნენ, როგორც ყველაზე უცნაურ ცოლ-ქმარს. წლების განმავლობაში წარმატებული გამოსვლები ჰქონდათ. 1980 წელს მონაწილეობა მიიღეს ფილმში Carny. მაგრამ მალევე დაიღალნენ ყურადღების ცენტრში ყოფნით და ფლორიდის შტატში, ბიგსტოუნში გაემგზავრნენ. ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე უყვარდათ.

1995 წელს ემეტი გარდაიცვალა. ამ დროს ცხოვრებაში პირველად პრისცილამ წვერები გაიპარსა. ამის შემდეგ მასზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, გამოვიდა ჯერი სპრინგერის სატელევიზიო შოუშიც, სადაც ხალხი მისი ისტორიით აღფრთოვანდა. გარდაიცვალა 2001 წლის თებერვალში.

გრედი სტილს უმცროსი – მომაკვდინებელი ადამიანი-კიბო


ადამიანური საოცრებებიდანაც კი გრედი სტილსი გამოირჩეოდა თავისი უნიკალურობით. სტილსების ოჯახში 1 საუკუნის განმავლობაში იყო გავრცელებული დაავადება ექტროდაქტილია, მდგომარეობა, რომელსაც “კიბოს მარწუხების სინდრომს” უწოდებენ. ამ დროს ადამიანს არ აქვს შუა თითი და მის ადგილას კიდური ორადაა გახლეჩილი. ამის გამო მას ეძლევა მარწუხის შესახედაობა. დაავადება მემკვიდრეობით გადადის, თუმცა შეიძლება რომელიმე თაობას “გადაახტეს”.

ოჯახში პირველი ადამიანი ამ დაავადებით იყო უილიამ სტილსი 1805 წელს. შემდეგ იაკობ სტილსი, ელიშა სტილსი, გრედი სტილსი უფროსი და გრედი ფრანკლინ სტილსი. ის 1937 წლის 18 ივლისს დაიბადა პიტსბურგში.

გრედის მდგომარეობა მძიმე იყო, დეფორმირებული ფეხების გამო მას არ შეეძლო სიარული. სხვა გზა რომ არ ჰქონდა, სასიარულოდ ასევე დეფორმირებული ხელების გამოყენება დაიწყო. ამის შედეგად მალე სხეულის ზედა ნაწილი განუვითარდა და არაჩვეულებრივი ფიზიკური ძალა გამოუმუშავდა. სიცოცხლის მანძილზე ორჯერ დაქორწინდა და 4 შვილი გაუჩნდა. მათგან ორს – გოგონას ქეითის და ბიჭს გრედი III-ს – იგივე დაავადება გამოჰყვათ სხვადასხვა ფორმით. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დედა ჰყავდათ, ერთად მოგზაურობდნენ და წარმოდგენებზე გამოდიოდნენ, როგორც “კიბოების ოჯახი”.

გრედის მეორე, ბნელი მხარეც ჰქონდა. ის მიდრეკილი იყო ალკოჰოლიზმისკენ და ხშირად თვრებოდა. თავის ფიზიკურ მონაცემებს ხშირად ცუდი ფორმით იყენებდა – ცოლსა და შვილებს სცემდა. როცა მის უფროს ქალიშვილს ერთი ახალგაზრდა შეუყვარდა და 1978 წელს მასზე დაქორწინება გადაწყვიტა, მამამ არჩევანი დაუწუნა. თუმცა სასიძო არ შეეპუა და გოგონაზე დაქორწინება არ გადაუფიქრებია. ქორწილის წინა დღეს გრედიმ სანადირო თოფი აიღო და აუღელვებლად დაახალა ტყვია.

ცხადია, ამ საქციელისთვის გაასამართლეს. გრედიმ აღიარა დანაშაული, თუმცა სინანულის არაფერი ეტყობოდა. ასევე, გამოიყენა თავისი მდგომარეობა და ციხესაც დააღწია თავი. მიზეზი ის იყო, რომ ციხეში სათანადოდ არსებობას ვერ შეძლებდა ასეთი ფიზიკური მდგომარეობის გამო. მას მხოლოდ პირობითი სასჯელი – შინაპატიმრობა მიესაჯა.

ამ მოვლენის გამო გრედიმ იფიქრა, რომ დაუმარცხებელი იყო. სახლში დაბრუნებისთანავე განაგრძო ცოლისა და შვილების ცემა. თან ირონიულად წამოიძახებდა ხოლმე: “ერთხელ უკვე მოვკალი ადამიანი და სასჯელს თავი ავარიდე, ასე რომ იგივეს გაკეთება კიდევ შემიძლია.” მალევე ის გაშორდა იმჟამინდელ ცოლს და პირველ ცოლზე, მარიაზე დაქორწინდა ხელმეორედ. მისი პირველი ცოლი მანამდე ცირკის მსახიობ ჯუჯასთან ცხოვრობდა. გრედისთან დასაქორწინებლად მას გაეყარა, თუმცა ეს საქციელი მალევე ინანა.

ოჯახის წევრებს მალე ყელში ამოუვიდათ გრედის არსებობა და 1993 წლის 29 ნოემბერს ის დაქირავებულმა მკვლელმა გაისტუმრა საიქიოს. ეს მკვლელი გახლდათ 19 წლის ქრის ვაიანტი, სტილსების ოჯახის მეზობელი. ფული კი, 1500 დოლარი, მარიამ და მისმა გერმა, ჰარიმ გადაუხადეს. ამ თანხის სანაცვლოდ ქრისმა მსხვერპლს სამჯერ დაახალა ტყვია თავში. ვაიანტი მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და 27 წელი მიესაჯა. მთავარ დამნაშავეს, ჰარის – სამუდამო პატიმრობა. მარიას, როგორც ხელშემწყობსა და წამქეზებელს – 12 წელი.

გრედი III-ს ქალიშვილი შეეძინა და სარა დაარქვა. სარას ეს საშინელი დაავადება არ გამოჰყოლია. ქეითი დაქორწინდა და კიბოს მარწუხებიანი გოგონა, მისტი გაუჩნდა. ქეითიმ მონაწილეობა მიიღო Carnivàle-ს პირველ სეზონში და ფილმში Big Fish.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close