ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

მიწისძვრა იაპონიაში

ბოლო დროს გახშირებულ ბუნებრივი კატასტროფების სერიას კიდევ ერთი შეემატა – მიწისძვრა იაპონიაში საკმაოდ მძლავრი ბიძგებით. მისი მაგნიტუდა 8.9 ბალს აღწევს.

ბიძგებმა ხანძარი გამოიწვია რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ტოკიოში, არის მსხვერპლიც. ეპიცენტრი დედაქალაქიდან 400 კმ-ის დაშორებით იყო, 30 კმ-ის სიღრმეში. სეისმოლოგების განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მიწისძვრაა, რაც იაპონიაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულა.

მოსალოდნელია ცუნამი ფილიპინების, ინდონეზიის, ტაივანისა და ჰავაის სანაპიროებზე, ასევე რუსეთის გარკვეულ ტერიტორიებზე. გამორიცხული არაა, იგივე განმეორდეს სამხრეთ ამერიკაშიც, ჩილეს სანაპიროზე.

ცუნამის ტალღებმა შეუტიეს იაპონიას, მიიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებს. ამან ათობით ოჯახს დიდი ზარალი მიაყენა. მიწისძვრით გამოწვეული ხანძარი წაეკიდა ნავთობის ქარხანასაც ქალაქ იჩიჰარაში, რამაც ავზების აფეთქება გამოიწვია. ამჟამად 14 უმსხვილესი სამრეწველო ობიექტი იწვის. ტოკიოში ერთ-ერთი შენობის სახურავი ჩამოიქცა, რამაც 20 ადამიანი ქვეშ მოიყოლა. იაპონელების თქმით, ასეთი ძლიერი მიწისძვრა მათ არ ახსოვთ, მიუხედავად იმისა, რომ ბიძგები იქ არც ისეთი იშვიათი მოვლენაა.

სატრანსპორტო გზები დაზიანდა, მათ შორის სწრაფმავალი მატარებლებისა, ამიტომ ისინი ამ მომენტში შეჩერებულია. სადგურში მდგომმა ხალხმა ხელები ჩასჭიდა ერთმანეთს, რათა დაშავებისგან თავი დაეცვათ. ბავშვები ტიროდნენ. მათ რაღაც პერიოდით მიწისქვეშ დარჩენა სთხოვეს უსაფრთხოებისთვის. არ მუშაობს ტრამვაები და ავტობუსებიც, სკოლები დაიკეტა. მუშები და ბავშვები ქუჩებში გამოვიდნენ.

ბიძგებმა ააგორა ნამსხვრევების ტალღა, რომელიც ლავასავით მოძრაობდა და გზაში ნაწილებად აქცევდა ნავებს, მანქანებს, შენობებს. 4 მილიონ სახლში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ბიძგების განმეორება მოსალოდნელია 19 ქვეყანაში, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულებზე და სამხრეთ ამერიკაში. ექსპერტები ცუნამის შეტევებსაც ელიან. ამჟამად დაახლოებით 10 ადამიანი ითვლება გარდაცვლილად, უამრავი კი დაშავებულად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ცდილობენ დაზარალებულთა დახმარებას და დაშავებულთა გადარჩენას.

1900 წლიდან მოყოლებული, ეს მიწისძვრა სიმძლავრის მიხედვით რიგით მეხუთეა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close