არქივი

ძარცვა, რომელმაც დიდი ბრიტანეთი შეძრა

b091b6781a08
გასული საუკუნის 60–იანი წლები დიდი ბრიტანეთის ისტორიაში დაუვიწყარი პერიოდია. სწორედ ამ დროს აგორდა პროფიუმოს ცნობილი სკანდალი, ხოლო ინტელიჯენს–სერვისის ერთ–ერთი ხელმძღვანელი კიმ ფილბი რუსეთის აგენტი აღმოჩნდა და მოსკოვში გაიქცა.

– სკანდალები, ქურდობა, ძარცვები მაშინდელი ინგლისისთვის დამახასიათებელი იყო, – წერდა ცნობილი ინგლისელი მწერალი უილიამ კინგსლი ეიმისი, – სხვებთან ერთად, მეც სასოწარკვეთილი ვიყავი და მეგონა, რომ ქვეყანა გადაშენების პირას იყო მისული.
ეიმისს ეპატიება ასეთი კატეგორიულობა, ის ხომ “გაბრაზებული ახალგაზრდობის” ერთ–ერთი ლიდერი იყო და გარკვეულ პერიოდში არნახული მაქსიმალიზმითაც გამოირჩეოდა. თუმცა, მაშინდელ ინგლისში ვითარება ნამდვილად სავალალო გახლდათ.

– ქურდობამ ფართო გავრცელება ჰპოვა. თუკი ადრე ქურდბაცაცები გასაღებით სარგებლობდნენ, ახლა უბრალოდ ვიტრინას ამსხვრევდნენ, რათა მაღაზიაში შეეღწიათ, – წერს ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ალან უინინგტონი, რომელმაც სახელი დეტექტიური რომანებით გაითქვა.

ასეთ დროს მთელი ინგლისი გააოგნა არნახულმა ძარცვამ, რომლის ანალოგიც დღესაც ძნელად თუ მოიძებნება.

აქცია

1963 წლის 9 აგვისტო. სამეფო საფოსტო მატარებელი გლაზგო – ლონდონი შუქნიშანთან გაჩერდა. მემანქანე გაოცებული იყურებოდა აქეთ–იქით, მას ვერ გაეგო, რატომ აინთო წითელი შუქი. ანაზდად, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, საიდანღაც რამდენიმე მამაკაცი გაჩნდა, სახეზე მათ მოთხილამურის ნიღბები ეკეთათ.

– რაო, ბიჭებო, კინოგადაღებაა? – გაიცინა მემანქანემ.

მამაკაცებმა არაფერი უპასუხეს, ერთ–ერთი მათგანი მარდად ახტა კაბინაში. მემანქანემ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, რომ თავში რაღაც მძიმე მოხვდა.

მძარცველებმა სწრაფად ჩახსნეს ერთ–ერთი ვაგონი და რელსზე დააგორეს. ყოველივე წამებში მოხდა, არც ჩხუბი და არც რაიმე ხმაური, დანარჩენი მგზავრები ამაოდ ელოდნენ, როდის განაგრძობდა მატარებელი სვლას. მათ არ იცოდნენ, რომ ეს შეუძლებელი იყო – მემანქანე უგონოდ ეგდო.

ერთ–ერთი მცველი მხოლოდ ამის შემდეგ გავარდა კაბინისკენ. რამდენიმე წამში მისმა ღრიალმა იქაურობა გააყრუა:

– გაგვძარცვეს! გაგვძარცვეს!

შემთხვევის ადგილას უმალ გაჩნდა პოლიცია. მან დაადგინა, რომ გამტაცებლებმა ჩახსნეს ერთ–ერთი ვაგონი, სადაც 40 მილიონი დოლარის ეკვივალენტის თანხა (თანამედროვე კურსით) ეწყო და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. იმავე დღეს ლონდონის ტელევიზიით გადაიცა სენსაციური ცნობა:

– გაძარცვულია სამეფო მატარებელი!

აღნიშნული ცნობა უმალ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჟურნალისტებმა მას ერთსულოვნად “საუკუნის ძარცვა” უწოდეს.

დევნა

– ამ დანაშაულის გახსნა ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა! – განაცხადებს თავის სატელევიზიო გამოსვლაში ინგლისის პრემიერ–მინისტრი.

დეტექტიურ რომანებში დანაშაულის გახსნა ლამაზად და გემოვნებით ხდება. გამომძიებელსა და პოლიციელებთან ერთად ამაში მკითხველიც დიდი სიამოვნებით მონაწილეობს. სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ეს ასე არაა, დანაშაულის გახსნა და დევნაც ფრიად რუტინული, მოსაწყენი პროცესია.

უწინარეს ყოვლისა, პოლიციამ გზები შეკრა. ცხადი იყო, რომ დამნაშავეები ამხელა ბარგით შორს ვერ წავიდოდნენ. მაშასადამე, თავს მახლობელ ფერმაზე შეაფარებდნენ. სკოტლანდ–იარდის თანამშრომლებმაც თვალი მოჰკრეს ერთ–ერთ მივარდნილ ფერმას. მართალია, დამნაშავეები იქ ვერ იპოვეს, სამაგიეროდ, დაადგინეს, რომ ხსენებული ფერმა იჯარით ადვოკატმა ფილდსმა აიღო. ამ ადვოკატს “დამნაშავეთა სამყაროს პროფესორსაც” უწოდებდნენ.

– ფილდსის კონტაქტებზე კრიმინალურ სამყაროსთან ლეგენდები დადიოდა, – წერს დეტექტიური რომანების ოსტატი დიკ ფრენსისი, – ახლაც, როგორც კი საქმეში ფილდსის გვარი გამოჩნდა, ეჭვი მასზე მიიტანეს.

თვითმხილველებმა აჩვენეს, რომ დანაშაულის ჩადენიდან ორი კვირით ადრე ხსენებულ ფერმაში რამდენიმე მამაკაცი გამოჩნდა. მათ ფერმერებივით ეცვათ და ისე გამოიყურებოდნენ, როგორც მიწის მუშები. სოფლელები ცნობისმოყვარე ხალხია. ერთ–ერთი სოფლის მცხოვრები, ვინმე ჯიმ ჰოპკინსი, ფერმას მიადგა, აქაოდა ცოტაოდენი სასუქი მომყიდეთო.

– არ გვაქვს, გაგვითავდა, – მიუგეს ჰოპკინსს.

სოფლელს თვალში მოხვდა ის ტლანქი მოძრაობა, რომლითაც ხსენებული პირები მიწას “ამუშავებდნენ”.

– სიცილი ძლივს შევიკავე, – განუცხადა მან პოლიციას, – ცხადი იყო, რომ ბევრ მათგანს ბარიცა და თოხიც ცხოვრებაში პირველად ეჭირა. ამან არ გამაოცა, რადგან ახლა ბევრი ქალაქელი ცდილობს ფერმერობას.

– თუ შეიძლება, გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი?

– დაბეჯითებით ვერაფერს გეტყვით.

– მაინც, მაინც…

ფერმერი პოლიციაში წაიყვანეს. მას გამოჩენილი ბოროტმოქმედების უამრავი სურათი დაუდეს. გლეხმა გაიოცა:

– რა სიმპათიური ბიჭებია! მაინც რა ჩაიდინეს?

– ესენი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები არიან!

– ბიჭოს, ვერაფრით ვიფიქრებდი! – ფერმერმა კეფა მოიფხანა, – გარეგნულად კარგ ხალხსა ჰგვანან. რატომ არ აპატიმრებთ, თუკი იცით, ვინც არიან.

– ზოგიერთმა მათგანმა უკვე მოიხადა ციხე, ზოგიც მიმალვაშია.

– რაო? მიმალვაშიო? ეს რაღას ნიშნავს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდა მათი მოძებნა, მაგრამ ვერ ვპოულობთ, ჯერჯერობით.

ფერმერი ყურადღებით ათვალიერებდა ფოტოებს. ბოლოს ერთ–ერთზე შეჩერდა:

– აი, ესაა.

– დარწმუნებული ხართ?

– დიახ.

ხსენებულ ფოტოზე გამოსახული იყო ვინმე რეინოლდსი, მეტსახელად იუველირი, მისი სპეციალობა საიუველირო მაღაზიებზე თავდასხმა იყო. ამიტომაც შეარქვეს იუველირი. რეინოლდსი გამოუსწორებელ რეციდივისტად ითვლებოდა.

– ის უფრო მეტხანს ციხეში იჯდა, ვიდრე თავისუფალი იყო, – წერს ჯონ კრიზი.

რეინოლდსი სულ რაღაც წელიწად–ნახევრის წინ იყო ციხიდან გამოსული. ერთხანს გარაჟში მუშაობდა, შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდა.

– ალბათ იმალება და შესაფერის მომენტს ეძებს, რათა, ფულით ხელში, საზღვარგარეთ გაიპაროს, – თვლიდნენ სკოტლანდ–იარდის თანამშრომლები.

სამაგიეროდ, ფილდსი ცოცხალი და საღსალამათი იყო. ის თავის სახლში მშვიდად ცხოვრობდა. სკოტლანდ–იარდში აზრი ორად გაიყო: ერთნი თვლიდნენ, რომ ფილდსის ხელის ხლება ნაადრევი იყო:

– ჩვენ მის საწინააღმდეგოდ არაფერი გვაქვს, – ამტკიცებდნენ ისინი, – რომც დავაპატიმროთ, ვერაფერს გავხდებით, სჯობს, ჯერჯერობით, ხელი არ ვახლოთ და ვუთვალთვალოთ. ის თვითონ გაგვიყვანს თავის ამფსონებზე.

– პროფესიონალი შენიშნავს თვალთვალს, – არ ეთანხმებოდნენ მეორენი, – ფილდსი რაიმეს იყნოსებს და გაიქცევა. სჯობს, ახლავე ავიყვანოთ. მის წინააღმდეგ სამხილები საკმაოა, ფერმერი მას ხელს ადებს, მის ძმაკაცებს შორის რეინოლდსიც ხომ იცნეს.

მეორე კონცეფციის მომხრეებმა გაიმარჯვეს. მალე ფილდსი უჩუმრად დააპატიმრეს. ადვოკატი ჯიუტობდა, მაშინ მას პირზე დააყენეს ფერმერი. გამომძიებელმა უთხრა:

– მისმინეთ, ფილდს! თქვენი დანაშაული აშკარაა. სასჯელს ვერ ასცდებით. ასე რომ, ციხეში კარგა ხანს მოგიწევთ ყურყუტი და ადვოკატის პრაქტიკასაც უნდა გამოეთხოვოთ. დაფიქრდით, გაწყობთ ეს?

ფილდსი დაფიქრდა. მართლაც არაფერში აწყობდა, თავად ციხეში მჯდარიყო, მის ამფოსნებს კი ფულით ხელში გარეთ ესეირნათ.

– სად არის რეინოლდსი? სად არის ფული? დამიჯერეთ, ფილდს, ჯიუტობით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებთ. თუკი აღიარებთ, მაშინ შეგიძლიათ შეწყალების იმედი გქონდეთ. თქვენ ადვოკატი ხართ და იცით, რომ აღიარებას სასამართლო გაითვალიწინებს.

– კეთილი, – თქვა ფილდსმა, – ყველაფერს გეტყვით.

მან დაასახელა, სად იმალებოდნენ რეინოლდსი და ბანდის კიდევ რამდენიმე წევრი, თქვა ისიც, თუ სად დამალეს ფული.

– სულ რამდენი იყავით?

– თხუთმეტნი.

– ვის მოუვიდა თავში, მატარებელზე თავდასხმა განეხორციელებინა?

– რეინოლდსს, მან დაგეგმა მთელი ოპერაცია.

– რითი იყავით შეიარაღებულნი?

– მხოლოდ რკინის ჯოხებით.

– ტყუით?

– მართალს ვამბობ, კატეგორიულად მოვითხოვე, რათა აქციაზე არავითარი ცეცხლსასროლი იარაღი არ წაგვეღო.

– რატომ?

– იქ, სადაც იარაღია, მსხვერპლიც არის ხოლმე, ეს კი არაფერში გვჭირდებოდა.

– როგორ დაიგეგმა ოპერაცია?

– ძალიან უბრალოდ. დავადგინეთ, რომ კვირაში ერთ დღეს მატარებელს ფულით სავსე ვაგონს უბამდნენ. ამის შემდეგ შუქნიშანთან პატარა მანიპულაცია და მატარებელი გაჩერდა იქ, სადაც არ უნდა გაჩერებულიყო. დანარჩენი ტექნიკის საქმე გახლდათ.

– ესეც თქვენი იდეა იყო?

– არა, აკი გითხარით, აქცია რეინოლდსმა დაგეგმა–მეთქი. მე მხოლოდ ის გავიტანე, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ წაგვეღო.

რეინოლდსი და ბანდის სხვა წევრები იმავე დღეს დააპატიმრეს, დაბრუნებულ იქნა გატაცებული ფულიც.

რონი ბიგსის ოდისეა

– პარადოქსია, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გულდაწყვეტილი იყო, როდესაც მძარცველები დაიჭირეს, – წერს დიკ ფრენსისი.

მართლაც, ძარცვა უდიდესი ოსტატობით იქნა განხორციელებული. ცხადი გახლდათ, რომ მისი ორგანიზატორები ძალზე ნიჭიერი ადამიანები იყვნენ.

– ნიჭი ყველა საქმეშია საჭირო, – წერს ალან უინინგტონი, – ამიტომ ცოდვაა, ტალანტი ციხეში იჯდეს, თუნდაც ეს ტალანტი კრიმინალური იყოს.

ინგლისური თემიდისთვის მსგავსი სენტიმენტები უცხოა. მან რეინოლდსს 30, ხოლო სხვა მონაწილეებს 20–25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

– საზოგადოება ამ განაჩენს უსამართლოდ აღიქვამდა, – წერს ფრენსისი, – ამიტომ მე მოველოდი, რომ გაიმართებოდა აქციები მოთხოვნით – თავისუფლება ქურდებს.

ეს არ მოხდა, მაგრამ, როდესაც გავრცელდა ცნობა აქციის ერთ–ერთი მონაწილის, რონი ბიგსის გაქცევის შესახებ, ყველა აღტაცებული იყო:

– ყოჩაღ! ყოჩაღ!

მალე კედლებზე გაჩნდა წარწერები:

“რონი, შენით ვამაყობთ! შენ კვლავ გააღვიძე ჩვენში ღირსების გრძნობა!”

“რონი ბიგსმა ყველას აჩვენა, რომ ბებერი, მხიარული ინგლისი არ მომკვდარა!”

ბიგსი უონდოსტვორტის ცნობილი ციხიდან გაიქცა. ტელევიზიით მალიმალ გადასცემდნენ მის პორტრეტებს.

– ერთხელ გავრცელდა ცნობა, თითქოს ბიგსი დაიჭირეს. ინგლისი ნამდვილმა გლოვამ მოიცვა, თუმცა შემდეგ გამოირკვა, რომ შეცდომა მოხდა, – წერს ალან უინინგტონი.

ბიგსმა თავი შორეულ ავსტრალიას შეაფარა. აქ ის სხვისი გვარით იმყოფებოდა. მალე მასთან ცოლ–შვილიც ჩავიდა. გავიდა წლები. რონი ბიგსი თავისთვის უდარდელად ცხოვრობდა, როცა ანაზდად მისით პოლიცია დაინტერესდა. რონიც უმალ მიხვდა, რაში იყო საქმე და გაუჩინარდა. მან თავი შორეულ პანამას შეაფარა. ინგლისელი მაძებრები აქაც არ ასვენებდნენ. რონიზე ნადირობდნენ როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური პირები. კერძი პირთა ერთმა ჯგუფმა, რომელიც ბარბადოსიდან იყო, შესძლო რონის მოტაცება და ბარბადოსზე ჩაყვანა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ინგლისელები სამაგიეროდ დიდძალ ფულს გადაუხდიდნენ. ეს არ გამართლდა, რადგან ინგლისსა და ბარბადოსს შორის არ არსებობს ხელშეკრულება დამნაშავეთა გადაცემის თაობაზე. რონი ბიგსიც გაათავისუფლეს და ქვეყნიდან გააძევეს.

სკოტლანდ–იარდი განაგრძობდა რონი ბიგსის დევნას. მიუხედავად ამისა, ბიგსი უჩუმრად ჩავიდა ლონდონში, რათა ტელეჟურნალისტებისთვის ინტერვიუ მიეცა. იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს “საუკუნის ძარცვის” შესახებ, ბიგსის გარეშე ხომ ვერავითარი ფილმი ვერ გამოვიდოდა.

– რონი უჩუმრად ჩავიდა ინგლისში, მისცა ინტერვიუ და მშვიდობიანად გაიპარა, – ნათქვამია ბი–ბი–სის კომენტარში, – მათ, ვინც მისი მასპინძლობა იკისრეს, პატიოსნად შეუსრულეს პირობა.

სკოტლანდ–იარდი კი განაგრძობდა რონი ბიგსის ძებნას. ბოლოს მას ბრაზილიაში მიაგნეს, მაგრამ დეპორტირება კვლავაც შეუძლებელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ რონი ბრაზილიაში ოჯახს მოეკიდა. იქაური კანონმდებლობის თანახმად, ასეთი პიროვნება ავტომატურად ექცეოდა ბრაზილიური სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. ამრიგად, რონი ბიგსის დაპატიმრება კვლავაც ვერ მოხერხდა.

გადიოდა წლები. 2001 წელს მოხუცი და მძიმედ ავადმყოფი რონი ბიგსი ინგლისში ჩავიდა, რათა იქაურ მართლმსაჯულებას ჩაბარებოდა. დაკითხვაზე მან გამომძიებელს ჰკითხა:

– ჩემი ძველი მეგობრები როგორ არიან?

– არა უშავთ, სასჯელი მოიხადეს, ზოგიერთი გამოსწორდა, რეინოლდსმა თქვენს აქციაზე წიგნიც კი დაწერა.

– კარგი წიგნი გამოვიდა?

– ბესტსელერი.

რონი ბიგსმა რამდენიმე წელი ციხეში გაატარა. 2009 წელს ის გაათავისუფლეს.

– ბიგსი მძიმედაა ავად. მას კიბო სჭირს. ჰუმანურობიდან გამომდინარე, ჩვენ ის გავათავისუფლეთ, – განაცხადებს ინგლისის იუსტიციის მინისტრი.

ეპილოგი

1963 წლის აგვისტოს აქცია სამართლიანად განეკუთვნება მსოფლიოს ერთ–ერთ უნიკალურ დანაშაულს. ამ თემაზე ბევრი დაიწერა, გადაიღეს არაერთი ფილმი, თუმცა ამ ოპერაციის მონაწილეთა ბუნება ყველაზე კარგად, ალბათ, ისევ რონი ბიგსმა ახსნა:

– რატომ გავძარცვეთ მატარებელი? იმიტომ, რომ ვიცოდით, რომ იქ ფული იყო. ხუმრობა ხომ არაა, ერთი ხელის მოსმით 40 მილიონი იშოვნო!

წყარო: sana.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button