უცნაური

ჯორჯ ლუკინსის შემთხვევა

pv01al3pq3nlgrbt1wp1

ჯორჯ ლუკინსი – ეს სახელი ალბათ არაფერს გეუბნებათ, მაგრამ 2 საუკუნის წინანდელ ინგლისში მის გაგონებაზე ყველას ჟრუანტელი უვლიდა ტანში და უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა. ჯორჯი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ბოროტი ძალების ქმედება, გახდა შეპყრობილი და გადაიტანა ეგზორციზმის რიტუალი.

1770 წლის მიწურულს ჩრდილო სომერსეტის სოფელ იატონში მკერავი ჯორჯი საშობაოდ ემზადებოდა თავის მეზობლებთან ერთად . ამ დროს უეცრად გონება დაებინდა, კრუნჩხვები დაემართა და იატაკზე დაეცა. როცა კრუჩხვებმა გაუარა და გონს მოვიდა, ირწმუნებოდა, რომ ვიღაცის უხილავმა ხელმა წაუჭირა ყელში და მის დახრჩობას ცდილობდა. ამ შემთხვევამ ასე თუ ისე, მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ “უხილავმა ხელმა” ის არ მიატოვა და შემდეგი 18 წელი ტანჯვაში გაატარა, კრუნჩხვების ხშირი შეტევით. ასეთ დროს ის აგრესიული და გაშმაგებული ხდებოდა, ახასიათებდა უცნაური ქცევები – ხმა ეცვლებოდა, უხდებოდა უფრო შემაძრწუნებელი და გარშემო მყოფთ უმტკიცებდა, რომ სატანა იყო. ლაპარაკობდა და მღეროდა როგორც კაცის, ისე ქალის ხმაზე. ამასთან ეს ხმები ხშირად იცვლებოდა, სხვადასხვა ტონალობისა და ჟღერადობის ხდებოდა და ყოველი მათგანი მკვეთრად განსხვავდებოდა ჯორჯის რეალური ხმისგან. დგებოდა ოთხზე და იწყებდა ძაღლივით ყეფასა და სირბილს. ასეთი შემოტევები დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ჯორჯს ძალ-ღონე მთლიანად ეცლებოდა და გამოფიტული ეცემოდა ძირს.

სხვადასხვა დროს ბევრმა ექიმმა სცადა ლუკინსის განკურნება, მაგრამ არათუ შველა, დიაგნოზის დასმაც ვერ მოახერხეს. მრავალ მეთოდს შორის, რომელიც მასზე გამოცადეს, იყო ძველი ხალხური მედიცინა, აბები, საავადმყოფოში დაწვენაც კი – ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ ჰოსპიტალში, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ატარებდა, ჯორჯმა 20 კვირა გაატარა, მაგრამ არც ამას გამოუღია რაიმე დადებითი ეფექტი.

გავიდა 18 წელი. 1788 წელს ჯორჯ ლუკინსი უკვე 44 წლის იყო. მან დაიწყო მტკიცება, რომ 7 დემონი ჰყავდა ჩასახლებული და იმისთვის, რომ განკურნებულიყო, უნდა მოეყვანათ 7 ეგზორცისტი მღვდელი, რომლებიც შესაბამის რიტუალებს ჩაატარებდნენ და განდევნიდნენ დემონებს. სხვაგვარად მისი ტანჯვა სიკვდილამდე გაგრძელდებოდა. ახლომახლო ასეთს არავის იცნობდნენ, ამიტომ რაც ამ განცხადებამ გამოიწვია, მხოლოდ მითქმა-მოთქმა იყო. თუმცა საბოლოოდ მითქმა-მოთქმამაც თავისი შედეგი გამოიღო და ჯორჯის ამბავმა მიაღწია ერთ-ერთ ანგლიკანურ ეკლესიაში მოღვაწე მღვდლამდე – იოზეფ ისტერბრუკამდე (თავად ჯორჯიც ანგლიკანი იყო).

იოზეფმა გაგონილს საკუთარი თვალით ნანახი ამჯობინა და ჯორჯის სახლში გაეშურა. ცხადია, მხოლოდ მონაყოლს ვერ მიენდობოდა და იმისთვის, რომ დადასტურებულიყო ეგზორციზმის ჩატარების აუცილებლობა, შემთხვევა კარგად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული. მისვლისას იოზეფმა ლუკინსის შეტევები იხილა, რომელიც უკვე ბოლო 18 წლის განმავლობაში ემართებოდა. ასევე აშკარა იყო, რომ ის ვერ ეკარებოდა რელიგიურ ნივთებს – მაგალითად ჯვრის ან ბიბლიის დანახვაზე ცოფდებოდა, თვალებში კი ზიზღი და სიძულვილი უდგებოდა. ხოლო სანამ ეს დაემართებოდა, მეზობლებისა და ახლობლების აღწერით, რელიგიური, მორწმუნე და კარგი ხასიათის ადამიანი იყო. იოზეფი დარწმუნდა, რომ საქმე მართლაც დემონებით შეპყრობილ ადამიანთან ჰქონდა და დაუყოვნებლივ მათი განდევნა იყო საჭირო.

ეგზორციზმის რიტუალის ჩატარება ყველა მღვდელს არ შეუძლია, ასეთები საკმაოდ მცირენი არიან. თუმცა იმ პერიოდში საკმარისი რაოდენობით მაინც იყვნენ, ერთ-ერთი კი სწორედ იოზეფი გახლდათ. ის დაუკავშირდა თავის ნაცნობ მღვდლებს, რომლებსაც ასევე ჰქონდათ გამოცდილება ეგზორციზმის საკითხში და მანამდეც ჩაეტარებინათ მსგავი რიტუალი – ჯამში ექვსს. შეიკრიბნენ შვიდნი და მოემზადნენ რიტუალის ჩასატარებლად. ეს ყველაფერი კი ისტერბრუკის გადაწყვეტილებით, უნდა მომხდარიყო ბრისტოლის ტაძარში, სადაც ის მსახურობდა.


ბრისტოლის ტაძარი – ადგილი, სადაც რიტუალი ჩატარდა.

ამ შემთხვევის შესახებ მალე გაიგო მთელმა სოფელმა და რამდენიმე ადგილობრივ გაზეთშიც კი დაბეჭდეს. ამან შედეგად ის გამოიღო, რომ რაც ისტერბრუკის ჩანაფიქრით, საიდუმლო და ვიწრო წრისთვის ცნობილი მოვლენა უნდა ყოფილიყო, ლამის საქვეყნო სანახაობად იქცა. მაყურებელთა ბრბო (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ეკლესიას მიაწყდა, რათა საკუთარი თვალით ეხილათ დემონების განდევნის რიტუალი.

რიტუალის ჩატარების თარიღად 13 ივნისი აირჩიეს. დასაწყისში ეგზორცისტებმა გალობა დაიწყეს, რაზეც ჯორჯს ისტერიული შეტევები დაემართა და სახის ხოკვა დაიწყო. ამის შემდეგ მასში ჩასახლებულმა ერთ-ერთმა დემონმა შემზარავი ხმით დაიწყო ლაპარაკი, დასცინოდა მღვდლებს და ეუბნებოდა, რომ მათი გარჯა ამაო იყო, ჯორჯის სხეულს მაინც არ დატოვებდა. და თუკი მაინც ჩატარდებოდა ეგზორციზმის რიტუალი, ლუკინსის ტანჯვა უფრო აუტანელი გახდებოდა და სიკვდილი სანატრელი გაუხდებოდა. ამის შემდეგ ჯორჯის პირით დანარჩენი დემონები ალაპარაკდნენ, ცოტა ხანში კი ის უკონტროლებელი გახდა, რის გამოც შეკრებილი ხალხიდან რამდენიმე ახალგაზრდა ჯან-ღონიანმა მამაკაცმა ის გააკავა და მიწაზე დააწვინა ძალით, რათა საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ფიზიკური ზიანი არ მიეყენებინა.

მიწაზე დაწვენილმა ჯორჯმა ქრისტიანული საგალობელის, Te Deum-ის შებრუნებული სახით მღერა დაიწყო: “ჩვენ გადიდებთ შენ, სატანავ, გაღიარებთ შენ სამყაროს უზენაეს მმართველად.” შეკრებილ ხალხში იყო ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც ამ რიტუალში მონაწილეობას არ იღებდა. ის დაეჭვებული იყო ლუკინსის შეპყრობილობის რეალურობაში და მისი გამოცდა გადაწყვიტა: ლათინურ ენაზე დაუწყო საუბარი. უწიგნურმა ჯორჯმა დაუყოვნებლივ გასცა პასუხი ასევე ლათინურად, რამაც მღვდელი განცვიფრებაში მოიყვანა. ამასთან, პასუხის გაცემისას მისი ხმა სხვანაირი იყო, ფრაზებს კი უაქცენტოდ წარმოსთქვამდა. ამან ყველა იქ მყოფი დაარწმუნა, რომ მასში მართლაც ბოროტი სულები იყვნენ ჩასახლებულნი. როცა დაუსვეს კითხვა: “რა გქვია შენ?” ჯორჯმა მიუგო: “მე სატანა ვარ!”

ეგზორცისტმა მღვდლებმა რიტუალი წესისამებრ აღასრულეს, შემდეგ კი სამების სახელით (“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა”) შვიდ დემონს ჯორჯის სხეულიდან გამოსვლა უბრძანეს. ამ მომენტში ჯორჯმა შემზარავი ხმით დაიწყო ყვირილი და გაიძახდა: “ჩვენმა მბრძანებელმა მოგვატყუა!” “რატომ დავთმოთ ძალაუფლება?” რიტუალი გრძელდებოდა, ჯორჯის ღრიალი და კრუნჩხვები კი უკვე აგონიაში გადადიოდა. როცა დასრულდა, მისი სხეული მოეშვა, მოდუნდა და დამშვიდდა. ცოტა ხანში კი ისევ ჩვეულებრივ, ძველებურ ხმაზე დაილაპარაკა და თქვა: “ნეტარია იესო!” შემდეგ ხმამაღლა წარმოსთქვა იესოს ლოცვა (მამაო ჩვენო), გულითადი მადლობა გადაუხადა მღვდლებს და ეკლესიიდან გავიდა.

მკერავ ჯორჯ ლუკინსის ისტორია მთელს ინგლისში გავრცელდა და მოსახლეობა აალაპარაკა. დიდი ხნის განმავლობაში იყო განსჯის საგანი, წარმოიშვა განსხვავებული აზრები. ცხადია, გამოჩნდნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ჯორჯი ამ წლების განმავლობაში უბრალოდ მსახიობობდა. სხვები ამბობდნენ, რომ შეტევების დროს ან მთვრალი იყო, ან ეპილეფსია სჭირდა. ასეა თუ ისე, ეგზორციზმის რიტუალის შემდეგ მის ცხოვრებაში მსგავსი რამ აღარ დაფიქსირებულა და ჯორჯმა მშვიდობიანად და ბედნიერად გაატარა ცხოვრების დარჩენილი წლები.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button