ზღაპრებისაკითხავისასარგებლო

აფრო-ქართველის ჩვეულებრივი დღე ფრითაუნში

“როდესაც ღმერთმა შექმნა დედამიწა, ზომერად ჩაუყარა სიმდიდრე  ყველა კონტინეტს…
ხოლო ბოლოს როდესაც აფრიკა შერჩა ხელთ, მოუყარა თავი თავის ყველა ალმასს, ბრილიანტს, ორქოს, ვერცხლს და სხვადასხვა ძვირფასეულობებს
და ამ კონტინეტში ჩაყარა… როდესაც ანგელოზებმა ეს დაინახეს გაკვირვებულებმა ჰკითხეს ღმერთს : კი მაგრამ რატომ მაინცდამაინც აქ
ამდენი სიმდიდრე და საგანძური ???
ხოლო ღმერთმა კი უპასუხა: თქვენ ჯერ კიდევ არ იცით აქ ვინ უნდა დავასახლო.. ”

პოსტს რომელსაც ეხლა იხილავთ, არის ჩემი მეგობრის გიორგი ბერიშვილის მამის (თორნიკე ბერიშვილის) მიერ მონათხრობი, რომელიც იმყოფება აფრიკაში, კერძოდ კი “სიერა ლეონეში”, იგი გახლავთ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს იქაური “თეთრი შამანი”…. სწორედ აფრიკულ ვოიაჟს გთავაზობთ მე დღეს თქვენ :) მე ძალიან მესიამოვნა და გირჩევთ გადაიკითხოთ … მაშ ასე :

ჩვეულებრივი დღე ფრიტაუნში

ფრიტაუნი დედამიწის ეკვატორთან ძალიან ახლოსაა. ვერტიკალურად რომ ჩაუყვე გრძედებს, სულ რაღაც ხუთასიოდე კილომეტრში შეიძლება ეკვატორს მიადგე. მზე ყოველდღე ერთი და იგივე დროს ამოდის და ერთი და იგივე დროს ჩადის. წუთების სიზუსტით, დილის შვიდ საათზე თენდება და საღამოს შვიდ საათზე ბნელდება. აქ არ იციან ზაფხულის და ზამთრის დრო. მთელი წელი ერთი დროა და ერთნაირი დარია. ვცრუობ! აგვისტო, სექტემბერი გადაუღებლად წვიმს, მაგრამ ეხლა წვიმების სეზონი დიდი ხანია დამთავრდა და სტაბილურად კარგი დარია. შვიდ საათზე ამოდის მზე.

დილის 6 საათიდან სადღაც შორეული ეზოდან ყივის მამალი. მაგრამ მამლის ყივილი ისმის მხოლოდ მაშინ თუ დენია. არა, არ გეგონოთ რომ რამე ელექტრომამალია, უბრალოდ თუ დენი არ არის მთელს სამეზობლოში გენერატორებია ჩართული და ყველა ცოცხალის ხმას ახშობს.

7 საათზე როგორც რიტუალი, გენერატორები თითქმის ყველგან ჩუმდება ისმის ალაყაფის ჭრიალის ხმა. ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ტოვებს პოსტს და საღამოს შვიდ საათამდე მიდის.

იღვიძებს ფრიტაუნი.

7 საათი და 30 წუთი. მოდის მძღოლი, ამარა ტომბოიაკე და მანქანის შემოწმებას იწყებს. ტომბოიაკე ახალგაზრდა ბიჭია, ოცნებობს სამხედრო გახდეს, როლშია შეჭრილი. ცოტას ლაპარაკობს და არასოდეს არ აგვიანებს, ეს კი აქაურობისათვის დიდი უცნაურობა და იშვიათობაა. ტომბოიაკეს მამა ბელადია და ამიტომ ყველა ჩიფს ეძახის.

– ჩიფ!
– იეს სერ!

დღე დაიწყო.

პირველი ნაწილი სამსახურამდე მისვლაა. როგორც წესი. მინიმუმ ერთ საათს მანქანაში ვატარებ. არა, აქ დიდი მანძილები არა არის. გზა რომ თავისუფალი იყოს, ქალაქის ფარგლებში ნებისმიერ წერტილს თხუთმეტ წუთში მიაღწევდი. მაგრამ გადატვირთულ ვიწრო ქუჩებში მანქანა მიღოღავს.

ამას ჩემს გარდა ყველა ფილოსოფიური სიმშვიდით ეპყრობა. მეტიც ამ ღოღვა ღოღვაში მანქანის ფანჯღებიდან ვაჭრობენ, ერთმანეთს ესალმებიან, მოიკითხავენ. ბიჭები გაზეთებს ყიდიან, მოსდევს მანქანას და რიგ-რიგობით გაჩვენებს სხვადასხვა გაზეთების თავ-ფურცლებს. შენც დრო გაქვს, სათაურებს გაეცნო და დინჯად ამოირჩიო. ბევრი მგზავრი გაზეთებს გამოართმევს ხოლმე, უცბად გადახედავს, რახ არ უნდა აბრუნებს, ფულს იხდის და დილიდან ყველაფრის საქმის კურსშია. აქაურებს უყვართ პრესა და რადიო.

სამსახურამდე ნელა მისვლას, თავისი მუღამი აქვს. უნდა ალღო აუღო და ნერვები არ აიშალო. მითუმეტეს თუ მძღოლი გყავს. უნდა იურთიერთო ხალხთან, სალამი და მოკითხვა არ დაიზარო, პრესას გაეცნო, დღის გეგმა დაალაგო, რაც გავიწყდება ჩაიწერო. და უკვე კარგად რომ მოერგები და მუღამშიც შეხვალ, ვერც კი იგრძნობ როგორ მიხვედი და უკვე გენანება რომ მანქანიდან გადმოსასვლელი ხარ. იქნებ ცოტა ხანს კიდევ ვიჯდე?

დღეს ბანკში მაქვს საქმე, ჩვენი საბუთები უნდა მოვაწესრიგო და ანგარიშები შევამოწმო. კარგი ადგილია ბანკი, გრილა. მაგრამ საერთო დარბაზში ძალიან ბევრი ხალხია. თანაც იქ დიდი ტელევიზორი დგას. ხოდა ბევრი საქმეს რომ მოითავებს, კარგა ხანს მაინც არ მიდის, ტელევიზორს ვერ წყდება, ახალ ამბებს უყურებს და იქვე არჩევს. გამოცდილებმა, ვინც მართლა ბანკში მოვიდა, უკვე იციან მყუდრო ადგილები სადაც მართლა საბანკო საქმეების მოგვარება შეიძლება. მაგრამ თავიდან ხომ უნდა მიგნება, ან კარგი მეგზური უნდა გყავდეს.

მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხომ გაგიგიათ, აი სად მართლდება ეს ნათქვამი და, ფრიტაუნში, განსაკუთრებით ბანკში ან მისთანა დაწესებულებაში სადაც კლერკთან ან ჩინოვნიკთან გაქვს საქმე.

დაკვირვებული ვარ. ვთქვათ ძალიან გეჩქარება რაიმე და აქოშინებული პირდაპირ საქმეზე გადადიხარ. კლერკი, ამ შემთხვევაში ბანკირი, ვერ მოგყვება, სახე ნელ-ნელა უქვავდება, თვალებში აწერია რომ არაფერი არ ესმის და ყოველგვარი კონტაქტი და უკუკავშირი იკარგება.

მე უკვე გამოცდილი ვარ, ძალიან მეჩქარება, საქმე სწრაფად უნდა გავაკეთო, ამიტომ.

– როგორ ხარ ფრენსის? – ვუხმობ ჩვენს ბანკირს
– კარგად სერ! თქვენ?
– არა მიშავს, არ დადიოდი სამსახურში, ავად არისო, მალარია გქონდა?
– დიახ სერ! ნემსები დამარტყეს, სუსტად ვიყავი, ეხლა არა მიშავს.
– გუშინ შენმა გუნდმა მოიგო! შენ მანჩესტერს არ ქომაგობ?
– ჰე! მან-ჩესტერი, მან – ნამდვილი კაცების გუნდია.
– მაგარია ფერგუსონი!
– რატომ მოხვედით სერ? ანგარიში შევამოწმო?
– კარგი იქნება ფრენსის, ფანქარი და ქაღალდიც მოიმარჯვე, რაღაცეები უნდა ჩაგაწერინო.
– დიახ სერ, ეხლავე, მიყვარს თქვენთან საუბარი.

ფრენსისი თავის მაგიდასთან ბრუნდება, გზაში სხვა ბანკირთან გაივლის, გამოელაპარაკება, ერთი ორ კლიენტს უპასუხებს, მერე დინჯად იყურება კომპიუტერში, ქაღალდებს აბრუნებს და ბედნიერი სახით ბრუნდება ჩემთან.

– რა მალე დაბრუნდი ფრენსის! შენ რომ არ იყო რა მეშველებოდა?
– სერ? საბუთები ჩქარა გავაკეთოთ, თორემ უფროსი გასვენებაში მიდის და მერე ხელს ვერ მაოწერს – გამანდო საიდუმლო ინფორმაცია.
– არიქა, ფრენსის.

12 საათზე ლანჩის დროა, აქაურები ძალიან მტკივნეულად განიცდიან საჭმლის დაგვიანებას ან, ღმერთი არ გაგიწყრეთ, გაცდენას. მოქნეულ ჩაქუჩს ხელიდან უშვებენ და სადილად მიდიან. თუ ქალაქში ხარ და საქმე გაქვს, ამ დროს სჯობს სადმე მოიცადო, ფრიტაუნს ლანჩი აცალო და შემდეგ გააგრძელო.

ლანჩის შემდეგ საგარეო საქმეთ სამინისტროში წავედი. იქაური პროტოკოლის უფროსი ჩვენი მეგობარია, თანაც გავლენიანი კაცია და ბევრ რამეში გვეხმარება. ჭკუას გვარიგებს, რომ სიერა ლეონურ ტრადიციებს არ ავცდეთ და საქმე სწორედ და სწრაფად გამოგვივიდეს.

– სალამი, მისტერ ჯონი აქ არის? – მივადექი მდივანს
– დიახ სერ, დაჯექით მოუცადეთ, სალოცავად წავიდა და ალბათ მალე მობრუნდება. ყავა ხომ არ გნებავთ.
– ვურეკავდი და არ პასუხობს.
– ლოცულობს სერ, სალოცავად რომ მიდის ტელეფონს აქ ტოვებს ხოლმე.

მისტერ ჯონთან რბილი სავარძელია, სიგრილეა და ტელევიზორიც ჩართულია. ისევ სჯობს ბედს მივენდო და მოვისვენო. ალბათ მალე მოვა.

ქალაქის ცენტში თუა საქმეები, სჯობს მანქანა სადმე ერთ ადგილას გააჩერო და ფეხით მოიარო. ყველაფერი ახლო ახლოს არის. ერთი კია, პაპანაქება სიცხეში ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლაც კი გთანგავს და ბოლო გიღებს.

ქუჩაში კი უკვე ნაცნობი ხეიბრები და ათასი ჯურის მათხოვარი გეხვევა. ხურდა თუ მომზადებული არა გაქვს გსაყვედურობენ და გამწყრალ მზერას გაყოლებენ – რამ გაგადიდკაცა და გაგაყოყოჩა, ჩვენი საწილო სად არის, ჩვენს ხარჯძე გინდა ბიზნესის გაკეთებაო?!

გახვითქული, მანქანას რომ მიაღწევ, ჩიფს გააღვიძებ, დააქოქინებ და კონდიციონერის ჩართვას მოსთხოვ, ამოისუნთქავ და გონს მოხვალ, მიხვდები რომ დღე შემოგელია, ბევრი რამ ვერ მოასწარი, მაგრამ მთავარი არ იღელვო. ხვალეც ხომ ამ თვისაა. თუ ღმერთს უნდა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდება, ამიტომაც არსებობს ეს გადასარევი სიტყვა – თუმოროუ! არა, ეს ძალიან ინგლისურად გამომივიდა. გემრიელად, სიერა ლეონურად კი ასეა – თუმარა!

სახლამდე, უკანა გზაც ხომ გასავლელია. აბა ტრერფიკი დღის ბოლოს უნდა ნახო, რა ტრეფიკია. მიხვდები რომ დილას სულ შლიგინ-შლიგინით გივლია. აქეთ თუ ერთ საათს მოდიოდი, უკან საერთოდ თუ მიხვედი, კარგია. თანაც დილას ხალხი ახალი ენერგიით, ხალისით, გაზეთების კითხვით, ურთიერთმოკითხვით და სალმით თუ მოძრაობდა, საღამოს უკვე გაბოროტებული ტრეფიკია. ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. პოლიციაც გაფაციცებულია და სახლში წასაღებ საშოვარზეა. მოკლედ შარია.

– ჩიფ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მთავარ გზაზე იარე.
– რატომ სერ, მე ვიცი ქუჩები, იქნებ მალე გავიდეთ, ”ბალანს ტრაფფიკ”.
– არავითარი ”ბალანს ტრაფფიკ”, ბიჭო ეს მთავარი გზა მოძრაობს მაინც, ბოლო-ბოლო მივალთ, აბა იმ ვიწროებში გუშინ რომ გავიჭედეთ არ გახსოვს?

ჩიფი ხათრს არ მიტეხს, მაგრამ გული მაინც იმ ვიწროებისკენ უწევს. იქ კი ერთი თუ შეხვედი, შეიძლება მართლა ვერ გამოაღწიო.

შვიდ საათზე ბინდდება, ფრიტაუნი თითქოს ერთს ამოისუნთქავს, სახლში შესული ხალხი ამოიქაქანებს, ცოტას მოისვენებს, ტანსაცმელს გამოიცვლის და სარამოს სიგრილეში ისევ გარეთ გამოდის, საურთიერთობოდ, სალაზღანდაროდ და გასართობად.

* * *

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო საღამოს შვიდ საათზე პოსტს იბარებს. მოსვლისთანავე ფანრის ბატარეების ფულს ითხოვს.

– გუშინ არ გამოცვალე, მომო?
– დიახ სერ! მაგრამ სათადარიგოებიც ხომ საჭიროა, წინ ხომ უნდა გავიხედოთ? ხვალისათვის.
– ეგ თუმარა, მომო, თუმარა.
– ნამდვილი სიერა ლეონელი გახდით სერ! საღამოს აპირებთ ქალაქში გასვლას?
– ვნახოთ მომო, თუ თავი მექნა.

თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი
3 მარტი 2011 წელი.

African Child by Wooden Monkey

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close