არქივი

სტალინმა ლენინგრადელები სასიკვდილოდ გაიმეტა

628e73d7a5d0

1958 წელს გამოქვეყნდა გერმან მატვეევის მოთხრობა “ტარანტული”, მასში აღწერილია, თუ როგორ ამხილა საბჭოთა კონტრდაზვერვამ ჰიტლერელთა აგენტი, რომელიც ომის დროს ლენინგრადში მოქმედებდა. ორთოდოქსალური კრიტიკა მოთხრობას მტრულად შეხვდა, აქაოდა ლენინგრადში არავითარი “მეხუთე კოლონა” არ არსებობდაო (ამას ამტკიცებს ა.ჩაკოვსკი თავის რომანში “ბლოკადა”). 2010 წელს ეს მტკიცება ოფიციალურად გაქარწყალდა. გამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტები და აგენტ “ტარანტულის” არსებობაც დადასტურდა.

ხალხი შიმშილობს…

– რუსეთი დაეცემა მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ აღმოჩნდება სამი ქალაქი: პეტერბურგი (რუსები მას ლენინის ქალაქად და რევოლუციის აკვნად აღიქვამენ), მოსკოვი, ანუ რუსეთის გული, და სტალინგრადი, ანუ სტალინის ქალაქი და საბჭოთა ინდუსტრიის სიმბოლო, – განაცხადა ადოლფ ჰიტლერმა თავის გენერლებთან თათბირისას. იდგა 1940 წელი.

გერმანული დაზვერვაც ლენინგრადში შეღწევას უდიდეს ყურადღებას უთმობდა. ჯერ კიდევ 1938 წელს აბვერმა გადმოიბირა ლენინგრადელი ინჟინერი გორინი. ნელ–ნელა მის გარშემო თანამოაზრეთა ვიწრო წრე შემოიკრიბა.

– სინამდვილეში გორინიცა და მისი ჯგუფიც შინსახკომის მიერ იყო შექმნილი, – წერს ლეონიდ მლეჩინი, – ჩეკისტების გათვლამ გაამართლა. ამ ხალხსა და გერმანელებს შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა. გორინი ამარაგებდა გერმანელებს ცნობებით, რომელსაც ჩეკისტები საგანგებოდ ამზადებდნენ.

1941 წლს გერმანია–სსრკ–ს ომი დაიწყო. როგორც ცნობილია, ჰიტლერელებმა ლენინგრადი ბლოკადის მჭიდრო რკალში მოაქციეს. მალე ქალაქში შიმშილი დაიწყო.

– ერთ სულ მოსახლეზე სულ ორასი გრამი პური გაიცემოდა, – წერს ვასილი არდამატსკი, ავტორი გახმაურებული მოთხრობისა “ლენინგრადული ზამთარი” ადამიანები, მათ შორის, მოხუცები, ქალები, ბავშვები, შიმშილისაგან პანტა–პუნტით იხოცებოდნენ. გამწარებული ხალხი კატებსა და ძაღლებს ჭამდა.

– მალე ლენინგრადში ვეღარც ძაღლს ნახავდით და ვერც კატას, – იგონებს არდამატსკი.

18031ba11f5a

პარტნომენკლატურასა და ჩეკისტებს კი არაფერი აკლდათ. ჟურნალ “ოგონიოკის” ცნობით, ლენინგრადის პარტიული ბოსი ჟდანოვი ატმებს, კატლეტებსა და ანანასის კომპოტებს მიირთმევდა. ყველა პარტმუშაკსა თუ ჩეკისტს თავისი რანგის მიხედვით “სპეც–პაიოკი” ერგებოდა. უშიშროების სისტემაც შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ქუჩები პატრულებით იყო სავსე. აკავებდნენ ყველას, ვინც ოდნავ მაინც საეჭვოდ მიაჩნდათ. მცირეოდენი შეკამათების შემთხვევაშიც კი, პატრულს უფლება ჰქონდა გაუფრთხილებლად ცეცხლი გაეხსნა. ყველა სახლში, ყველა დაწესებულებაში, ყველა ეზოში შინსახკომის ინფორმატორები იყვნენ. ოდნავი ეჭვიც კი საკმარისი იყო, რათა ადამიანი დაეპატიმრებინათ და გაექროთ.

– სტალინმა აიძულა ლენინგრადელები, ეს საშინელება უდრტვინველად აეტანათ, – წერს ლეონიდ მლეჩინი.

“ტარანტული” და “კნიაზი”

გორინის ჯგუფი კვლავ განაგრძობდა ფუნქციონირებას. ბუნებრივია, ნაშიმშილები პროვოკატორი ვერ იმუშავებს, მაგრამ ჩეკისტებმა აქაც გამოძებნეს გამოსავალი:

– მათ უფლება მისცეს სპეკულაციისათვის მოეკიდათ ხელი ან ყალბი პურის წიგნაკები დაებეჭდათ, – წერს მლეჩინი, – ყოველივე ისე ოსტატურად გაკეთდა, რომ ეჭვს არ აღძრავდა. ომის დროს ხომ სპეკულიანტებს რა გამოლევს. ასეთები ბლოკირებულ ლენინგრადშიაც საკმაოდ იყვნენ.

გერმანელები დივერსიებისათვის ემზადებოდნენ. გატჩინაში დაარსდა სპეციალური სადაზვერვო ცენტრი. დაიწყო ლენინგრადში დივერსანტების ინტენსიური გადასროლა.

– აგენტურული წყაროებით დადგინდა, რომ ლენინგრადში აბვერმა ორი გამოცდილი აგენტი გადაისროლა, – წერს უშიშროების ორგანოების ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი გრუზდიევი, – გარეგნული ნიშნები ჩვენთვის უცნობი იყო. ვიცოდით მხოლოდ მეტსახელები: “კნიაზი” და “ტარანტული”. დადგინდა ისიც, რომ “ტარანტულს” გერმანელებმა ლენინგრადის გაულაიტერის პოსტი შესთავაზეს.

02fc1245f808

მალე გორინს ბინაზე დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. ახალგაზრდა ქალი უბრალოდ იყო ჩაცმული. გორინი ყველაფერს მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც ქალმა წარმოთქვა:

– მაპატიეთ, ივან ვიტალიევიჩი შინაა?

– მალე მოვა, – მიუგო გორინმა, – მობრძანდით.

ქალმაც მის ბინაში შეაბიჯა.

– ცხადი იყო, რომ გორინის ჯგუფთან ახალი მეკავშირე მივიდა, – წერს გრუზდიევი.

ქალს მარია გრაჩოვა ერქვა. თავდაპირველად დავალებები უბრალო იყო და საკონტროლო ხასიათს ატარებდა. მარიას თავი ფრთხილად ეჭირა. მაშინ გორინმა სუფრა გაუწყო. მაგიდაზე გაჩნდა არაყი, ძეხვი, პური. ქალი არაყს არ გაჰკარებია, მაგრამ სუფრამ ის და გორინი ერთმანეთს დააახლოვა. მალე მათ შორის გულახდილი საუბრები გაიმართა.

– მდიდრულად ცხოვრობ, – ჩუმად წარმოთქვა ქალმა.

– დღეს ისიც დიდი რამაა, თუკი შიმშილით სული არ გძვრება, – გორინმა მწარედ გაიცინა, – ოჰ, ეს არამზადა ბოლშევიკები!

– ასე გძულს ისინი?

– ვერა ხედავ, რას სჩადიან?

– მაინც რას?

– სტალინმა ლენინგრადელები სასიკვდილოდ გაიმეტა. იცის, თუკი გერმანელები ქალაქს აიღებენ, რუსეთი ამას აღარ აპატიებს. ჰოდა, თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ…

2c1e851232e0

– შენ, რუსს, გინდა, რომ აქ გერმანელები შემოვიდნენ?

– ყველანი ფეხებზე მკიდია, ერთხელ გავჩნდი და ნორმალურად ცხოვრება მინდა. შენ არა?

– მეც. იქ, ბერლინში ამას მალე მიხვდები.

– გერმანელი ხარ?

– რუსი ემიგრანტის ოჯახში დავიბადე. აბვერის სკოლაში ისე გამწვრთნეს, რომ კომპატრიოტისაგან ვერავინ გამომარჩევს.

– რაც მართალია, მართალია, – გულწრფელად დაეთანხმა გორინი.

– აქ ადამიანი მართლაც დათრგუნულია, – მარიამ პაუზა გააკეთა, – სახელმწიფომ ის მთლიანად დაიმორჩილა.

– გერმანიაში ასე არაა?

– დაახლოებით ასეა.

– დაახლოებით?

– იქ რაღაც დოზით მაინც შეგიძლია საკუთარი მეობა შეინარჩუნო. რასაკვირველია მხოლოდ მაშინ, თუკი ჰიტლერისეულ თამაშის წესებს აღიარებ.

– ანუ ზიგ ჰაილს იყვირებ?

– იქაც პიროვნების კულტია და აქაც. საიდუმლო პოლიცია ყველაფერს აკონტროლებს, თუმცა, გერმანიაში შესაძლებელია გქონდეს საკუთარი კუთხე, ბიზნესი, რუსეთში – არა.

1fd19bf4595b

– შენ გქონდა ბიზნესი?

– ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ჩემი ბიზნესია. არსობის პურს ამით ვშოულობ.

– მხოლოდ ეგ გამოძრავებს?

– რა თქმა უნდა.

– დიდი ხანია, რაც ლენინგრადში ცხოვრობ?

– უკვე ორი წელია. ვიყავი ჩემთვის ჩუმად, წყნარად, სანამ ომი არ დაიწყო და “ტარანტული” არ გამომეცხადა.

– ეგ ვინაა?

– ჩემი შეფი.

– გინდოდა გეთქვა, ჩვენი შეფიო, არა?

– “ტარანტული” რეზიდენტის მოადგილეა, რეზიდენტი კი “კნიაზია”.

ბინძური თამაში

d71fef56fcd3

გორინის ჯგუფი სწორედ ის “იატაკქვეშეთი” გახდა, რომელთანაც აბვერმა კავშირი დაამყარა. სხვა კონსპირაციული ჯგუფები (ზიგზაგი და ა.შ.) ჩეკისტებმა უკვე გაანადგურეს. ახლა აბვერი ფსონს გორინსა და მის მეგობრებზე დებდა. მარიას დავალებებიც ნელ–ნელა სერიოზული ხდებოდა. ბოლოს გრაჩოვამ შესთავაზა, ლენინგრადის ჩრდილოვანი მთავრობა შევქმნათო.

– მალე გერმანელები შემოვლენ, – ჩუმად წარმოთქვა ქალმა, – მათ ყვავილებითა და პურ–მარილით უნდა შევეგებოთ.

“მთავრობა” მართლაც შეიქმნა. გრუზდიევი ვარაუდობდა, რომ “ტარანტული” ან “კნიაზი” ახლა მაინც გამოვიდოდნენ პირდაპირ კონტაქტზე, მოლოდინი არ გამართლდა. სამაგიეროდ, ჩეკისტებმა დააფიქსირეს, თუ როგორ ამოიღო გრაჩოვამ სამალავიდან პისტოლეტები და ხელყუმბარები. ქალმა ყოველივე გორინს გადასცა:

– მოემზადე, ჟდანოვი უნდა მოვკლათ!

– რაო?

– ჩვენს ენაზე ამას “ცენტრალური ტერორი” ჰქვია. დადგა დრო, რომ ჟდანოვი, კუზნეცოვი, ვოზნესენსკი თუ სხვები საიქიოს გავამგზავროთ.

ჩეკისტებს ამისი დაშვება არ შეეძლოთ.

– მარია უჩუმრად დავაპატიმრეთ, – წერს გრუზდიევი.

cc59be793454

გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ, არიან მხოლოდ კარგი და ცუდი გამომძიებლები. შინსახკომში კი, საუკეთესი სპეციალისტები ჰყავდათ, გრაჩოვაც უმალ ააჭიკჭიკეს:

– “კნიაზისა” არაფერი ვიცი, რაც შეეხება “ტარანტულს”, მას უნდა შევხვედროდი ნევის პროსპექტზე, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხსენებული ტერაქტი მოხდებოდა.

– საგანგებო შემთხვევაში როგორ უნდა მოქცეულიყავით?

– უნდა დამერეკა შემდეგ ნომერზე, – გრაჩოვამ ნომერი დაასახელა, – და მეთქვა: “ჩემი ძმა ავად გახდა, სასწრაფოდ მჭირდება წამალი”. ამაზე მათ უნდა ეპასუხათ: “თქვენ შეცდით, მე წამლები არა მაქვს”.

აღნიშნულ ნომერზე გრაჩოვამ გრუზდევის კაბინეტიდან დარეკა. ყურმილი მოხუცმა ქალმა აიღო: “შეცდით, წამლები არა მაქვს”, – მიუგო მან გრაჩოვას.

“ტარანტულთან” შეხვედრა, თანახმად შეთანხმებისა, მეორე დღეს, ლენინგრადის ერთ–ერთ ქუჩაზე შუადღისას იყო დანიშნული. ჩეკისტებმა გრაჩოვა იქ თავიანთი მანქანით მიიყვანეს. შემდეგ ქალი გადმოსვეს და გააფრთხილეს: თუკი, რაიმე ოინს ჩაიდენ, შენ თავს დააბრალეო. თავისი საფარიდან ჩეკისტებმა დაინახეს, როგორ მიუახლოვდა მარიას უკვე შუახანს გადაცილებული მელოტი მამაკაცი.

– აი, თურმე როგორი ყოფილა ლენინგრადის მომავალი გაულაიტერი, – წაიჩურჩულა გრუზდიევმა.

წყარო: sana.ge

P.S ეს არის ჩემი პირველი პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button