საკითხავისამხედროსასარგებლო

კენძი დოიხარა – შპიონაჟის გენიოსი

300x300
“შპიონაჟის გენიოსი” – ასე შევიდა ისტორიაში კენძი დოიხარა (1883–1948წწ.). მისი სახელი მსოფლიოს ათი საუკეთესო ჯაშუშის რიცხვშია შეტანილი.

დოიხარაზე ბევრს წერენ. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გასული საუკუნის 60–80–იან წლებში, ასეა ახლაც. როგორც მის მშობლიურ იაპონიაში, ისე მთელ მსოფლიოში, ამ კაცზე მთელი ბიბლიოთეკები დაიწერა. დოიხარა არაერთ ფილმშია გამოყვანილი. ზოგს დოიხარა სძულს, ზოგსაც ებრალება, მაგრამ ყველა ერთსულოვანია ერთში:

– ამ კაცმა შპიონაჟის სფეროში მთელი ეპოქა შექმნა!

“მას დიდი მომავალი აქვს”

კენძი დოიხარა საშუალო შეძლების ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე უდიდესი ნიჭით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენები ემარჯვებოდა. მან დამოუკიდებლად შეისწავლა 9 ევროპული ენა და 4 ჩინური დიალექტი. მასწავლებლები მასზე ამბობდნენ:

– ამ ბავშვს დიდი მომავალი აქვს.

დოიხარას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა ე.წ. სამურაის იდეოლოგიამ, რომელიც მაშინდელ იაპონიაში ძალზე გავრცელებული იყო. ამ იდეოლოგიის თანახმად, იაპონია, ანუ ამომავალი მზის ქვეყანა, ღვთის რჩეულია, იაპონიის იმპერატორი კი, ღმერთის მოციქული. ამიტომაც იაპონელებმა მსოფლიო ბატონობა თუ არა, აზიაში გაბატონება მაინც დაიმსახურეს. “აზია იაპონელებისთვის”, – დოიხარას ეს “სიბრძნე” ბავშვობიდანვე მტკიცედ სწამდა. ამიტომაც, მასწავლებლის შეკითხვაზე, რა გინდა გამოხვიდეო, მიუგო:

– სამხედრო!

– რატომ?

– მსურს იაპონიის ძლევამოსილების საქმეში ჩემი წვლილი შევიტანო!

კლასში ხარხარი გაისმა. კენძი ხომ დაბალი (მეტრი და სამოცდახუთი სანტიმეტრი) და ჩია იყო.

– გამოგვივიდა რაღა, სამურაი! აი, შე ასგრამიანო მაიმუნო, შენა!

ამის შემდეგ კენძის მეტსახელად “ასგრამიანი მაიმუნი” შეარქვეს.

დოიხარა შინ აცრემლებული დაბრუნდა. მშობლების შეკითხვაზე, რა დაგემართაო, დუმდა. კენძი თავის საყვარელ წიგნებს ჩაუჯდა, სადაც სამურაების თავგადასავალი იყო მოთხრობილი. ბიჭზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ერთმა ადგილმა მოახდინა:

– აუტანელია, როდესაც დაგცინიან, მაგრამ ნამდვილი სამურაი არაფერს შეიმჩნევს. თუკი გსურს, რომ პატივი გცენ, ყველას დაუმტკიცე შენი ძლიერება! ეს ძალზე მარტივია. სცემე მას, ვინც ფალავნის ავტორიტეტით სარგებლობს, სცემე ყველას დასანახად და დაუნდობლად. ორი–სამი ასეთი ბრძოლა და საყოველთაო პატივისცემას დაიმსახურებთ!

დოიხარას თავისი მდგომარეობით ბოროტად არასდროს უსარგებლია. ლიდერობას არ ესწრაფოდა, პირიქით ჩრდილში ყოფნა უყვარდა. ჰქონდა საკუთარი მიკროსამყარო და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა. სკოლაში მისი მომრევი აღარავინ იყო, მაგრამ კენძი არავის დასცინოდა, არც არავის შეურაცხყოფდა. სამურაის კოდექსი ხომ ამბობს: სხვის ღირსებას ისევე გაუფრთხილდი, როგორც საკუთარს და არავის მოექცე ისე, როგორც არ გინდა, რომ შენ მოგექცნენო. დოიხარაც განაგრძობდა სკოლაში ბეჯითად სწავლას. პარალელურად კარატესაც ეუფლებოდა, უცხო ენებსაც და ბევრსაც კითხულობდა. სკოლა წარჩინებით დაამთავრა. დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა:

– მას დიდი მომავალი აქვს.

ამასვე იმეორებდნენ სამხედრო სასწავლებელშიც, სადაც სწავლა განაგრძო. სამხედრო ნაწილშიც, სადაც მსახურობდა. შემდგომში დოიხარამ სამხედრო აკადემიაც დაამთავრა.

– საიდუმლო ომის ხელოვნებას ის სრულყოფილად დაეუფლა, – წერს რ.სეტი, – პარალელურად კარატეში მე–6 დანი მიიღო (სკოლა შიტო–რიუ), კენდოში კი მე–3 დანი. სამურაის ხმალს მართლაც ვირტუოზულად ხმარობდა, თან ტყვიას–ტყვიაში სვამდა და შეეძლო გაფრენილი ჩიტისათვის ის პირდაპირ თვალში მოეხვედრებინა. ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, რუმინულად, ესპანურად, რუსულად, პოლონურად, უნგრულად ყოველგვარი აქცენტის გარეშე საუბრობდა. ასევე უაქცენტოდ ლაპარაკობდა ჩინურის 4 დიალექტზეც. დაეუფლა ნინ–ძიუცუს ხელოვნებასაც. მზვერავთა მომზადების იაპონური სისტემა ხომ უნიკალურია.

სეტი ამტკიცებს, რომ დოიხარას შემდგომი კარიერული წინსვლა განაპირობა მისი დისა და იაპონიის პრინცის მეგობრობამ. სეტის აზრით, მათ დაახლოებას ხელი თავად დოიხარამ შეუწყო. შედეგად, მისი და პრინცის საყვარელი გახდა, დოიხარას კი დაწინაურების რეალური პერსპექტივები გაუჩნდა. იაპონელი მკვლევარი განდზო მედზა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება:

– სეტი იმ ჭორების მსხვერპლი გახდა, რემელიც დოიხარას არაკეთილმოსურნეებმა გაავრცელეს. კენძის გაიდეალებისგან ან გამართლებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მას საკუთარი ცოდვებიც ეყოფა. საჭირო არაა, ისეთი რამ დავაბრალოთ, რაც ნამდვილად არ გაუკეთებია, – წერს მენდზა.

დოიხარას სკოლა

მეორე მსოფლიო ომის დროს დოიხარა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამერიკელთა წინააღმდეგ წარმართულ სადაზვერვო–დივესიულ ოპერაციებს. მან შექმნა სკოლების მთელი ქსელი, სადაც დივერსანტებს ამზადებდნენ.

– შემდგომში მათ ამერიკელთა ზურგში გადაისვრიან, სადაც ისინი დივერსიულ მოღვაწეობას ეწეოდნენ.

დოიხარას ბიჭები სრულფასოვან ფსიქოლოგიურ ტრენინგს გადიოდნენ. მათ ხომ ჯუნგლებში უნდა ემოქმედათ, სადაც შესაძლოა ხანგძლივი დროით დარჩენილიყვნენ. ისინი საოცარი დაუნდობლობითა და არანაკლებ საოცარი ნებისყოფით გამოირჩეოდნენ.

– ომის დამთავრებიდან ოცი–ოცდაათი წლის შემდეგ, ჯუნგლებში პოულობდნენ მათ, ვინც თავის დროზე იქ დივერსიებისათვის გადასხეს. გასაოცარია, მაგრამ ამ ხალხმა შეინარჩუნა ჯანმრთელობა და ნათელი გონება, – წერდა “იზვესტია”, – თუმცა, გასაკვირი არაფერია, ისინი ხომ ისეთმა ოსტატმა მოამზადა, როგორიც დოიხარა იყო.

კენძის სკოლაზე უკვე ომის დროს მთელი მსოფლიოს მზვერავები ლაპარაკობდნენ. ამის თაობაზე დღესაც ბევრი იწერება.

დოიხარა ყველაფერს აკეთებდა, არავითარ დანაშაულს არ თაკილობდა, ოღონდაც მის სამშობლოს ომი მოეგო. მან მიაღწია იმას, რომ ამერიკელ ტყვეებზე ქიმიური პრეპარატები გამოეცადათ ან ცდები ჩაეტარებინათ. იაპონია მაინც მარცხდებოდა. საქმეს ვერც “კამიკაძეებმა” უშველეს.

როგორც ცნობილია, იაპონიამ სრული კრახი განიცადა. კენძი სხვა მაღალჩინოსან ოფიცრებთან ერთად, როგორც სამხედრო დამნაშავე, ტოკიოს ტრიბუნალის წინაშე წარსდგა.

– დოიხარას სკოლაზე კი პროფესიონალები მაინც აღტაცებით ლაპარაკობდნენ, – წერს კოროლკოვი.

ეპილოგი

სასამართლოზე დოიხარამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ტრიბუნალმა მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. 1948 წელს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

მილიტარისტულმა იაპონიამ უსახელოდ დაასრულა არსებობა. დოიხარაც, როგორც ამ სახელმწიფოს ერთგული ჯარისკაცი, რომელმაც ამაზრზენი დანაშაულებები ჩაიდინა, უნდა მომკვდარიყო. მიუხედავად ამისა, დოიხარა–მზვერავი ისტორიაში მაინც დარჩა. მის მიერ ჩატარებული სადაზვერვო ოპერაციები დაზვერვის არაერთ სახელმძღვანელოშია შეტანილი, ისინი დღესაც უნიკალურად ითვლებიან.
წყარო: http://sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close