არქივი

Super Mario Bros

l3i3i

უკვე 25 წელი გავიდა, რაც ეს თამაში შეიქმნა და მას შემდეგ პოპულარობა არ მოჰკლებია. მოდით, გავეცნოთ მასთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს.
 

  • Super Mario Bros-ის პრეზენტაცია იაპონიაში მოხდა პარასკევ დღეს, 13 რიცხვში (უფრო კონკრეტულად, 1985 წლის 13 სექტემბერს).
  •  

  • თამაშის მთავარი პერსონაჟი მარიო თავიდან ცნობილი იყო, როგორც ხტუნია (Jumpman). მაგრამ “Nintendo”-მ გადაწყვიტა, ახალი თამაშისთვის ახალი სახელი მოეფიქრებინა მისთვის. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შეჩერდნენ მემამულე მარიო სიგალზე, რომლისგანაც ფართი ჰქონდათ ნასესხები ოფისისთვის.
  •  

  • პერსონაჟი მარიო შექმნა იაპონელმა დიზაინერმა შიგერუ მიამოტომ და მანამდე გამოყენებულ იქნა ვიდეოთამაშში “Donkey Kong” 1981 წელს. მიამოტო 1977 წელს დაიქირავა კომპანია “Nintendo”-მ. მისი წარმატებიდან გამომდინარე, დაიბადა ახალი თამაშის შექმნის იდეაც.
  •  

  • მარიო თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, დურგალი იყო და არა წყალსადენი მილების ოსტატი. მომდევნო ვერსიებში კი, 90-იან წლებში, ექიმის სტატუსიც მოირგო და Dr Mario-ს სახელით წარუდგა მოთამაშეებს.
  •  

  • მარიოს გარეგნობაში ზოგიერთ შტრიხს გარკვეული დატვირთვა აქვს. მაგალითად, მას დაახურეს ქუდი, რადგან მიამოტოსთვის ძნელი იყო თმის მიხატვა ისე, რომ ძალიან ხელოვნური არ გამოსულიყო. ულვაში ცხვირის გამოსაკვეთად ჰქონდა, ხასხასა ფერის ზედა კი ხელების მოძრაობას უკეთებდა აქცენტს.
  •  

  • ორი რამ, რაც მხოლოდ დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება:
    * ბუჩქები და ღრუბლები ერთნაირი ფორმისაა, სხვაობა მხოლოდ ფერებშია.
    * პოპულარული შეხედულებისგან განსხვავებით, მარიო აგურებს ამსხვრევს მუშტით და არა თავით.
  •  

  • Donkey Kong-ის 1982 წლის სიქველი, Donkey Kong Jr. ერთადერთი თამაშია, რომელშიც მარიო უარყოფითი პერსონაჟია. მას Donkey Kong გალიაში ჰყავს დატყვევებული და მაიმუნმა უნდა დაიხსნას ის. ამ თამაშში მარიოს ულვაშები ტრიალებს, რათა ბოროტი ელფერი მისცეს მას.
  •  

  • მიამოტოს ჩანაფიქრით, Bowser (კოშკში ჩასაფრებული დრაკონი) ხარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი ილუსტრაცია ანიმატორმა იოიჩი კოტაბემ არასწორად აღიქვა, როგორც კუ. დუეტმა შემდეგ დახვეწა იდეა და მიიღეს პერსონაჟი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ვიცნობთ. თამაშის ერთ-ერთ ვერსიაში კი Bowser დადებითად აქციეს – 1996 წელს გამოშვებულ ვერსიაში “Super Mario RPG: Legend of the Seven Stars” ის მარიოს დამხმარე გახდა.
  •  

  • თამაშ Super Mario Bros-ის პირველი ვერსიის 40.24 მილიონი ასლი გაიყიდა, რამაც ის ყველაზე გაყიდვად ვიდეოთამაშად აქცია. მოგვიანებით, მეორე ადგილზე გადაინაცვლა, როცა Wii Sports-ის გაყიდვების მაჩვენებელმა 41.65 მილიონს მიუკაკუნა.
  •  

  • დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტი აბსოლუტურმა უმეტესობამ არ იცის: Super Mario Bros-ში პირველი სამყაროს (world) მეორე ტურში შესაძლებელია მინუს სამყაროში გადასვლა, ოღონდ ამისთვის პატარა ხრიკია საჭირო. ინსტრუქცია იხილეთ ვიდეოში.
  •  

  • Super Mario Bros პირველი თამაში იყო, რომელშიც მოქმედება მიდის სოკოების ქვეყანაში, მიამოტოს მიერ შექმნილ ვრცელ სამყაროში. როცა მარიო სოკოს “ჭამს”, ის ზომაში იზრდება და ძალა ემატება. მიამოტო უარყოფს იმ აზრს, რომ ეს იდეა აიღო ზღაპრიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. მისი თქმით, შთაგონების წყარო უძველესი მითები და ფოლკლორი იყო.
  •  

  • 1984 წელს “Nintendo”-ს გამოშვებულ თამაშში “GOLF” მარიო სპორტსმენად იქცა, თუმცა მთავარი პერსონაჟი, ერთი შეხედვით, დიდად არ ჩამოჰგავს მას. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა 1991 წელს თამაშში “NES Open Tournament Golf”. აქ ნამდვილი მარიო იყო, ამჯერად წითელსა და თეთრ ზოლებში. ზემოდან კი ლურჯი მაისური ეცვა, თეთრი ვარსკვლავებით.
  •  

  • Super Mario Bros-ის მთავარი საუნდტრეკი, რომელიც კოჯი კონდომ შექმნა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია გახდა მათ შორის, რომლებიც თამაშებს ახლავს. 125 კვირის განმავლობაში ის პოპულარობის პიკზე იყო, მას შემდეგ კი მისი მრავალი ვარიაცია შეიქმნა, რამდენჯერმე ორკესტრის თანხლებითაც შეასრულეს.
  •  

  • 90-იანების დასაწყისში ჩატარებულმა რამდენიმე სტატისტიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ამერიკელი ბავშვებისთვის მარიო უფრო ცნობადი სახე იყო, ვიდრე მიკი მაუსი. მარიო ასევე ითვლება ყველაზე ცნობილ პერსონაჟად ვიდეოთამაშებიდან.
  •  
    24yp8r72y4h603dm1c61

  • 1993 წლის ფილმი “Super Mario Bros” იყო ჰოლივუდის პირველი მცდელობა, გადაეღოთ ფილმი თამაშის მოტივებზე. დასტინ ჰოფმანმა თხოვნით მიმართა მათ, მიეცათ მარიოს როლი, რადგან მისი შვილები ამ თამაშის მოყვარულები იყვნენ, თუმცა მსახიობი უარით გამოისტუმრეს. ამის მიზეზი იყო თუ სხვა რამის, ფილმმა კრახი განიცადა, განსხვავებით თამაშისაგან.
  •  

  • Super Mario bros-ის სერიები შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც თამაშების ყველაზე წარმატებული ფრენჩაიზინგი. მთლიანმა გაყიდვებმა 240 მილიონს გადააჭარბა. მარიო, როგორც პერსონაჟი კი დაახლოებით 200 თამაშში გამოჩნდა.
  •  

  • თუკი მარიოს თამაში მოგენატრათ, შეგიძლიათ გაიხსენოთ ბავშვობა აქ დაწკაპუნებით.
  • მსგავსი ამბები

    Back to top button