საკითხავისამხედრო

რიჰარდ ზორგე – საბჭოთა აგენტი

300x300

სუპერ–აგენტი რიჰარდ ზორგე… მისი, როგორც ჯაშუშის, თავგადასავლები საყოველთაოდ ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ ზორგე ქალთა სქესის მოყვარულიც გახლდათ. მკვლევარები დღესაც ვერ თანხმდებიან, თუ რამდენი საყვარელი ჰყავდა მას. ზორგეს სასიყვარულო ისტორიებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მისი და ეიგენ ოტტის ცოლის ჰელგას რომანია, მით უმეტეს, რომ ოტტი ზორგეს უახლოესი მეგობარი იყო.

რიჰარდმა და ჰელგამ ერთმანეთი 1920 წელს გერმანიაში გაიცნეს. ჰელგა, იმხანად ახალგაზრდა და გაუთხოვარი იყო, კომპარტიას თანაუგრძნობდა, დოქტორი ზორგე კი ამ პარტიის წევრი გახლდათ. მათი რომანი ძალიან სწრაფად დაიწყო და ასევე სწრაფად დამთავრდა. ზორგემ ცოლად სხვა შეირთო და მასთან ერთად საბჭოთა რუსეთში გადაიხვეწა. ამის შემდეგ რიჰარდს თავს უამრავი რამ გადახდა. მას არაერთი საყვარელი ჰყავდა. მთავარი კი ისაა, რომ გახდა გრუ–ს აგენტი, წარმატებით შეასრულა დავალება ჩინეთში, რის შემდეგაც “აკვარიუმმა” იაპონიაში მიავლინა. ზორგე ტოკიოში იმყოფებოდა, როგორც გაზეთ “ფრანფურკერ ცაიტუნგის” კორესპონდენტი. გერმანიის საელჩოში ის კვლავ შეხვდა ჰელგას, რომელიც უკვე სამხედრო ატაშე პოლკოვნიკ ეიგენ ოტტის ცოლი იყო.

ამბობენ, ძველმა გრძნობამ შეიძლება მიიძინოს, მაგრამ მისი აღდგენა იოლად ხდებაო. რიჰარდისა და ჰელგას შემთხვევაშიც ასე მოხდა. ისინი კვლავ საყვარლები გახდნენ. ამან ზორგეს ხელი არ შეუშალა ოტტის უახლოესი მეგობარი გამხდარიყო. მალე სამხედრო ატაშე დააწინაურეს და ელჩად დანიშნეს, ზორგე კი მისი მრჩეველი გახდა. ის ოტტების სახლში გაშინაურდა. ელჩი მას თვალდახუჭული ენდობოდა და მასთან ყველაზე საიდუმლო საკითხებს განიხილავდა. ოტტი აინუნშიაც არ იყო, რომ რიჰარდს მის ცოლთან ეძინა. თავის მხრივ ჰელგასაც არ მოსდიოდა აზრად, რომ ზორგემ, თავისი აგენტების მეშვეობით, მათი შეხვედრები ფირზე აღბეჭდა. გადაღებული იყო როგორც ერთობლივი გასეირნება ნავით, ასევე ლოგინში ვნებიანი სცენებიც. ყველა ეს ფოტო ზორგეს სეიფში საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული. რიჰარდმა იცოდა, რომ დადგებოდა დრო და ეს საბუთები დასჭირდებოდა.

შანტაჟი

ასეთი დრო 1941 წლის მაისში დადგა. ზორგემ იცოდა, რომ ჰიტლერი სსრკ–ზე თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ როდის განხორციელდება ეს? ამის გასაგებად ელჩის სეიფში შეღწევა და საიდუმლო დოკუმენტების ხელში ჩაგდება იყო აუცილებელი. ზორგემაც წინ დაუდო ჰელგას ფოტოები. თუკი არ დამეხმარები, ამას გამოვაქვეყნებ, შენც თავი მოგეჭრება და ქმრის კარიერაც სამუდამოდ დაიღუპებაო. ჰელგა ატირდა, ემუდარებოდა რიჰარდს შებრალებას, მაგრამ ამაოდ. ან დამეხმარები, ან დაგაბეზღებ, – ზორგემ საკითხი სწორედ ასე დაუსვა.

საბოლოოდ ჰელგა მოტყდა. მან მოპარა ქმარს სეიფის გასაღები და რიჰარდს გადასცა. ზორგემაც სეიფი გააღო, იპოვა საიდუმლო დოკუმენტები და ფოტოასლი გადაიღო. მალე მოსკოვში გადაიცა შემდეგი ცნობა:

– გერმანია თავს დაესხმება სსრკ–ს 1941 წლის 22 ივნისს!

ერთგული მეგობარი

როგორც ცნობილია, სტალინმა ზორგეს ეს შეტყობინება არ ირწმუნა, თუმცა, ზორგე კვლავაც ტოკიოში რჩებოდა და მუშაობას განაგრძობდა. ჰელგამ მას უთხრა:

– ხომ გაგიკეთე რასაც მოითხოვდი, ახლა, თავი დამანებე!

– მაგრამ, ჰელგა…

– ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია! თუ კიდევ მოინდომებ ჩემს დაშანტაჟებას, იცოდე, თავს მოვიკლავ!

რიჰარდს აღარ დაუძალებია და მათი ურთიერთობაც დამთავრდა, თუმცა, ზორგე კვლავ ოტტების ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. ეიგენი ვერაფერს ხვდებოდა და ზორგესთან კვლავაც გულახდილად საუბრობდა. დაიწყო ომი რუსეთთან. ნაცისტები მოსკოვს უახლოვდებოდნენ. ოტტს აინტერესებდა, მალე დამთავრდებოდა თუ არა რუსეთის კომპანია. ჰელგა დემონსტრაციულად მეორე ოთახში გადიოდა. მამაკაცები კი გვიან ღამემდე საუბრობდნენ.

როდესაც ზორგე იაპონიის კონტრდაზვერვამ დააპატიმრა, ოტტმა, როგორც ელჩმა, ოფიციალური პროტესტი განაცხადა. მალე ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიბარა. მან ოტტს განუცხადა:

– რიჰარდ ზორგე მხილებულია როგორც საბჭოთა აგენტი!

– თქვენ რა, შეიშალეთ?! – დაარღვია დიპლომატიური ტაქტი ოტტმა.

– როგორც ჩანს, ბატონი ელჩი ძალზე აღელვებულია, რაკი ასეთ გამოთქმებს ხმარობს, – ცივად წარმოთქვა მინისტრმა და ფეხზე წამოდგა იმის ნიშნად, რომ საუბარი დამთავრდა.

უკანასკნელი პაემანი

კედელთან მიჩეხილი ჯაშუში სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერზე წავა. ზორგემაც ამომწურავი ჩვენება მისცა. მალე ცხადი გახდა, თუ როგორ უსინდისოდ სარგებლობდა ის ეიგენ ოტტთან მეგობრობით. რიჰარდმა მხოლოდ ჰელგასთან კავშირზე არაფერი თქვა. ის დაჟინებით იმეორეებდა: ოტტს ყველაფერს ვცინცლავდი, მანაც ჩამიკაკლა, თუ გერმანია რუსეთს თავს როდის დაესხმებოდაო. მეც ყოველივე მოსკოვს ვაცნობე. ამაზე ზორგე ჯიუტად იდგა.

ტოკიომ ზორგეს საქმის თაობაზე გერმანელებს დაწვრილებით მოახსენა. მალე ოტტი ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბერლინში გამგზავრების წინ, ექსელჩმა დაპატიმრებული ზორგეს ნახვა ინება. პაემანი შედგა.

რიჰარდს თვალები ჩასცვენოდა, სახე გაფითრებოდა. ოტტის დანახვისას, უნებლიედ შეკრთა:

– იკა! – დაიძახა ოტტმა, – ეს რა გიქნეს ამ არამზადებმა! იკა, ჩემო მეგობარო…

– მაპატიეთ, ბატონო ელჩო, – ყრუდ წარმოთქვა ზორგემ, – ჩემი მიზეზით ასეთ დავიდარაბაში გაეხვიეთ. მაპატიეთ, ვერ გამოვდექი კარგი მეგობარი…

– რას ამბობ, იკა! ამ იაპონელებს შენი დაპატიმრება არ შერჩებათ! მართალია, ელჩის თანამდებობიდან მომხსნეს, მაგრამ ბერლინში დავბრუნდები თუ არა…

– ჩემი რჩევაა, ომის დამთავრებამდე იქ არ დაბრუნდეთ! – ყრუდ წარმოსთქვა ზორგემ, – ნურც თქვენ და ნურც ჰელგა. ბერლინში კარგი არაფერი გელით.

– დარწმუნებული ხარ?

– აბსოლუტურად, მშვიდობით ეიგენ, თუ შეგიძლია, მაპატიე და ჰელგასაც გადაეცი, მაპატიოს.

– რაო, რა უნდა გაპატიოს?

– ის თავად მიხვდება, აბა, მშვიდობით და ცუდად ნუ მომიგონებთ.

ამ სიტყვებზე ის ოტტს გადაეხვია.

ოტტს მეგობრის რჩევა ჭკუაში დაუჯდა. ის გერმანიაში მხოლოდ 1946 წელს ჩავიდა. მესამე რაიხი უკვე განადგურებული იყო. ოტტს განუცხადეს, ჰიტლერის ბრძანებით შენი დაპატიმრება და საკონცენტრაციო ბანაკში მოთავსება იყო დაგეგმილიო.

– ზორგე? სადაა ზორგე?

– ის იაპონელებმა ჩამოახრჩვეს, რუსეთის აგენტი ყოფილა!

– თქვენ რა, შეიშალეთ? – დაიღრიალა ოტტმა.

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ზორგეზე უამრავი წიგნი თუ ფილმი გამოვიდა, ოტტს კი მაინც არ სჯეროდა, რომ მისი საუკეთესო მეგობარი რუსი ჯაშუში იყო:

– რიჰარდს სმა უყვარდა, რაც მართალია, მართალია! უდავოა ისიც, რომ ავანტიურაში გაეხვა, მაგრამ რუსეთის აგენტი? არა, ეს შეუძლებელია, მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი…

წყარო: sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close