საკითხავისასარგებლოსურათები

რას ნიშნავს ერთიანობა !

ეგვიპტეში ბოლო პერიოდში მიმდინარე დემონსტრაციების დროს მოხდა ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ, რაც სამწუხაროდ, სხვა, პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე დაიჩრდილა. ჩემი აზრით კი, ეს ფაქტი ბრძოლისუნარიანობასა და უშიშრობაზე არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს.

ჯერ პატარა სტატისტიკას შემოგთავაზებთ. სხვადასხვა კვლევებით, 80-90% მოსახლეობისა არის მუსლიმი, ხოლო 10-20%-ს შეადგენენ აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები და მართლმადიდებელი კოპტები. მათ შორის სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია დაპირისპირებები, მუსლიმების მხრიდან თავდასხმები კი ზოგჯერ სისხლიან შეტაკებაში გადადის.

მაგრამ ქვეყნისთვის ბრძოლამ გააერთიანა მუსლიმები და ქრისტიანები და ისინი გვერდიგვერდ დადგნენ. სურათზე ხედავთ ტაჰრირის მოედანზე გვერდიგვერდ მდგომ ორი სხვადახვა რელიგიის წარმომადგენელს.

და ეს ხდება რამდენიმე კვირის შემდეგ ახალი წლისა და შობის დღესასწაულიდან, როცა ალექსანდრიაში მართლმადიდებელ კოპტებს ტერორისტული აქტი მოუწყვეს და რამდენიმე ათეული ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.

იმ დროს, როცა მუსლიმები ლოცვას აღავლენდნენ, ქრისტიანები მათ გარშემო ცოცხალ ჯაჭვს აკეთებდნენ და ამგვარად იცავდნენ თავდასხმისგან. იმავეს იმეორებდნენ მუსლიმებიც ქრისტიანების შემთხვევაში. შეკრებილი ხალხი ერთხმად იმეორებდა: “მუსლიმი, ქრისტიანი – ამას მნიშვნელობა არა აქვს. დღეს ყველანი ერთნი ვართ.”

“ყველაზე მძვინვარე შეტაკებების დროს მე უეცრად აღმოვაჩინე, რომ ჩემს ზურგს უკან დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭი იდგა და პოლიციისგან მიცავდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ქრისტიანი ყოფილა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები გავხდით და ყოველდღე ერთად მივდიოდით დემონსტრაციებზე.” – განუცხადა IPS-ს (Inter Press Service) 24 წლის მუსლიმმა იაჰია რუმიმ, ქაიროდან.

“ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ისეთი ერთსულოვნებაა, რომ მას ვერავინ დაძლევს. ვინც პროტესტის გამოსახატავად მოდის, ყველას ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ხალხის ერთიანობა.” – 32 წლის მუსლიმი აჰმედ ალ-ასი.

ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა ყურანი, ბიბლია და ჯვარი.

“ტაჰრირში ბევრი ახალგაზრდა მუსლიმი აქტივისტი ვნახე. ზოგიერთი მათგანი “მუსლიმთა საძმოდანაც” კი იყო. მათ ამიხსნეს, რომ ისლამი მოუწოდებს მათ, დაიცვან ქრისტიანები და ის ადგილები, სადაც ქრისტიანები ლოცულობენ. მათგან გავიგე, რომ ისლამში არაა ისეთი რამ, რაც მათ ჩვენს წინააღმდეგ წააქეზებს.” – მართლმადიდებელი კოპტი, სახელად ბუტროსი, გვარი უცნობია.

“მე ქრისტიანულ ეკლესიებს ისევე ვიცავ პოლიციის შეტევებისგან, როგორც მეჩეთებს, რადგანაც, ისლამის მიხედვით, პატივი უნდა ვცეთ ქრისტიანთა სალოცავ ადგილებს. როგორც ეგვიპტელ მუსლიმს, არ მაქვს რაიმე მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები უნდა მძულდეს. ჩვენ ყოველთვის მეზობლები ვიყავით და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.” – 42 წლის აბდულა რაგები.

“29 იანვარს შეტაკებების გამო დედა შეშინდა. მან მუსლიმ მეზობლებს სთხოვა შეფარება. ისინიც დათანხმდნენ და დედა და ჩემი უმცროსი დები მათთან იყვნენ, სანამ მე და მამა სახლში დავბრუნდებოდით. ჩვენ კარგად ვართ ერთმანეთთან და თუკი ოდესმე რაიმე უთანხმოება მოგვივა, ეს რელიგიის გამო არ იქნება.” – 26 წლის კოპტი მართლმადიდებელი, სკოლის მასწავლებელი ამგად ბიშაი.

ჩემი აზრით, ასეთი საქციელი მისაბაძი და დასაფასებელია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close