არქივი

გავრცელებული ხარვეზები ადამიანის ფიქრებში #2

tad7l

მორიგი რამდენიმე ხარვეზი ადამიანის ფიქრებში, რომლებიც ასე თუ ისე, ხშირად გვხვდება.

წინა ნაწილი იხილეთ აქ.

wmkwn
თვით-მომსახურების სინდრომი. შემთხვევა, როცა ადამიანი შინაგან ფაქტორებს ანიჭებს დადებით მნიშვნელობას და გარეგანს – უარყოფითს. ამის კარგი მაგალითი ნიშნებია. როცა მოსწავლეს გამოცდაში კარგი ნიშანი აქვს, ამის მიზეზად მიიჩნევს მის ცოდნას, მონდომებას, შრომისმოყვარეობას. ცუდი ნიშნის მიღებისას კი იგივე მოსწავლე შედეგს აბრალებს მასწავლებლის არაობიექტურობას, ან ცუდად შედგენილ ტესტებს.


მიდრეკილება დასტურისკენ. მოვლენა, როცა რაიმე შემთხვევას ან ფაქტს ადამიანი ისე განმარტავს, როგორც თვითონ “აწყობს”. ამით აძლიერებენ საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, რაც რეალურად უმეტესწილად, ფაქტების დამახინჯების ხარჯზე ხდება. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ სავსე მთვარის პერიოდში სასწრაფოს უფრო მეტი გამოძახება აქვს. შემდეგ სადღაც წავაწყდი ცნობას, რომ უკანასკნელი სავსე მთვარეობისას 78 გამოძახება იყო და ჩემი აზრი სწორად ჩავთვალე. მაგრამ მე შეცდომას ვუშვებ იქ, რომ არ ვუყურებ მთლიანი თვის სტატისტიკას. შეიძლება იმ თვეში საშუალო დღიური გამოძახება 90 იყო, რაც ჩემს მოსაზრებას აქარწყლებს. ეს მოვლენა განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა მსგავსი მიდგომით ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

tbtfj
ვარგისიანობის ჰევრისტიკა. როცა რაიმე მოვლენის მოხდენის ალბათობა ეფუძნება უფრო მარტივ მოგონებებს, იმას რაც უფრო ადვილად შედის თავში. ადამიანებს უჩვეულო რამის უფრო ეშინიათ, ვიდრე ყოველდღიური საშიშროების. მაგალითად, უფრო მეტ ადამიანს ეშინია თვითმფრინავით ფრენისას ავარიაში მოყოლის, ვიდრე მანქანით სეირნობისას. არადა სტატისტიკურად, მანქანა უფრო სახიფათოა. ამაში დიდი როლი მედიას უჭირავს, ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ცხოველის ადამიანზე თავდასხმა, გარდაცვალება ოპერაციის დროს, სტიქიური უბედურებები და ა.შ. ხალხიც ამას ისე იღებს, თითქოს მისი მოხდენის შანსი მაღალი იყოს.

d67uk
კონტროლის ილუზია. მცდარი შეგრძნება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ რაიმე მოვლენას აკონტროლებს ან მასზე გავლენა აქვს. ეს ხარვეზი განსაკუთრებით ხშირია მოთამაშეებში, მათ ჰგონიათ, წინასწარ შეუძლიათ განჭვრიტონ, რა მოხდება. მაგალითად, ფიქრობენ რომ შეუძლიათ ამოიცნონ მონეტა რომელი მხრით დაჯდება. საინტერესო ფაქტია, რომ კაზინოში თამაშისას როცა კამათლის გაგორების დრო მოდის, დიდი ძალით ისვრიან იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი ციფრის მოსვლა სურთ, ხოლო დაბლის შემთხვევაში – ნელა. ეს კონტროლის ილუზიის მაგალითია. რეალურად, ტყორცნის ძალა არ იძლევა გარანტიას სასურველი კუთხით დაჯდომისა.

zj37g
დაგეგმვის ცდომილება. შემთხვევა, როცა რაიმე ამოცანის შესასრულებლად საჭირო დროის სათანადოდ შეფასება ვერ ხდება. ეს ძირითადად ემართებათ მათ, ვინც ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებენ ყველაფერს. განსაკუთრებით ხშირია მოვლენა მაშინ, თუკი ამ ამოცანის შესრულება პირველად ხდება. მაგალითად, თუ მე ვკითხავ მეზობელს, რა დროა საჭირო უახლოეს მაღაზიამდე მისვლისთვის, გაიხსნებს თვითონ რამდენი სჭირდება და ჩემთან შესაბამისობაში მეტყვის პასუხს. მაგრამ თუ ვკითხავ, რა დრო უნდა ევერესტზე ასვლას, დიდი ალბათობით, იმაზე გაცილებით ნაკლებ დროს მეტყვის, ვიდრე რეალურადაა საჭირო. მსგავსი ცდომილება რომ არ დაგემართოთ, დაიმახსოვრეთ ჰოფსტატერის წესი: ყოველთვის უფრო მეტი დრო გჭირდება, ვიდრე გგონია, მაშინაც კი, როცა ითვალისწინებ ჰოფსტატერის წესს.

wucs7
მიდრეკილება თავშეკავებულობისკენ. როცა გადაჭარბებულად აფასებ საკუთარი თავის უნარს, გაუმკლავდე ცდუნებას ან გააკონტროლო იმპულსები. ძირითადად ეს ეხება შიმშილს, ნარკოტიკს და რა თქმა უნდა, სექსს. რეალობა ისაა, რომ ადამიანები ვერ უმკლავდებიან შინაგან მოთხოვნილებებს. შეგიძლია დააიგნორო შიმშილი, მაგრამ ვერ მოსპობ მას. როგორც იტყვიან, ცდუნების არიდების გზა მასთან ზიარება არისო. ამიტომ შიმშილის მოკვლის ერთადერთი გზა საკვების მიღებაა. იმპულსებთან გამკლავება ძალიან რთული საქმეა, რასაც დიდი ვარჯიში სჭირდება. ამის მიუხედავად, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სხვაზე უკეთ შეუძლია ამის გაკეთება.


სამართლიანი სამყაროს ფენომენი. მოვლენა, როცა უსამართლობის მოწმე ეძებს მიზეზს, რომ მომხდარი გაამართლოს და იპოვოს ხელმოსაჭიდი რამ, რითაც დადასტურდება, რომ დაზარალებული იმსახურებდა ამას. კარლ ველესლის უნივერსიტეტმა ასეთი ცდა ჩაატარა: მონაწილეებს ერთსა და იმავე ამბავს უყვებოდნენ ქალისა და კაცის უთიერთობაზე განსხვავებული დასასრულით. პირველში კაცი აუპატიურებს ქალს, მეორეში კი ცოლობას სთავაზობს. ორივე შემთხვევაში მონაწილეები ამბობდნენ, რომ ამ შედეგამდე მისვლა ქალის ქმედებებმა გამოიწვია.

m7cvn
შენაძენის ეფექტი. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი უფრო მეტს ითხოვს რაიმე ნივთის დათმობის სანაცვლოდ, ვიდრე გადაიხდიდა ყიდვისას. ამ მოვლენის ახსნა დაფუძნებულია ჰიპოთეზაზე, რომ საკუთრებას ნორმაზე მაღალ შეფასებას ვაძლებთ. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა საქმე მიდგება მანქანის გაყიდვაზე, მფლობელები ადებენ მაღალ ფასს, რის გამოც ყველა ცხვრის უბზუებს. ეს მოვლენა დაკავშირებულია ერთ-ერთ თეორიასთან, ე.წ. ზარალის ზიზღთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ქცევის მიზეზი დანაკარგის თავიდან აცილება უფროა, ვიდრე სარგებლის მიღების სურვილი.

y12zq
ბრმა ლაქის სინდრომი. მოვლენა, როცა ადამიანები არ აღიარებენ საკუთარი აზროვნების ხარვეზებს, ისეთებს, როგორებიც მაგალითად ამ პოსტშია. პრინსტონის უნივერსიტეტში კვლევა ჩაატარეს, სადაც მონაწილეებს უხსნიდნენ ისეთ რამეებს, როგორიცაა თვით-მომსახურების სინდრომი და შარავანდედის ეფექტი (იხ. წინა პოსტი). როცა ჰკითხეს, ეს ხარვეზები რამდენად მიესადაგებოდათ მათ, ყველამ განაცხადა, რომ ასეთი რამეები ნაკლებად ახასიათებდათ. ეს არის სინდრომი, როცა ადამიანი საკუთარ თავს ახასიათებს უკეთესად, ვიდრე საშუალო მოქალაქეა.

დასასრული.

მსგავსი ამბები

Back to top button