გასართობისაკითხავი

ამფიბიები

ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები (Amphibia) (ბერძნ. αμφις “ორივე” და βιος “სიცოცხლე”), ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან. 

თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობია), რადგან მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები (უამნიონოები). უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა – დაბალი და სხვა.

თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს (სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი – სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.

ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უქყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები – ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ., უფილტვო სალამანდრისებრნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე – ლაყუჩებით.

კუდიანი ამფიბიები (Urodela ანუ Caudata), ამფიბიების რიგი. აქვთ წაგრძელებული სხეული, რომელიც გადადის მომრგვალო ან გვერდებიდან გაბრტყელებულ კუდში. მოკლე კიდურები, ზოგიერთს ძალზე სუსტად აქვთ განვითარებული (ამფიუმა), ზოგს უკანა წყვილი სულ არა აქვს (სირენი). მათი სხეულის სიგრძე 160 სმ აღწევს (გიგანტური სალამანდრა). უმრავლესობა დახოხავს ან დაცურავს გველისებრი მოძრაობით. მხოლოდ ზოგიერთს შეუძლია სირბილი. უმდაბლეს ფორმებს ქორდა შენარჩუნებული აქვთ მთელი სიცოცხლის მანძილზე. განვითარება მეტამორფოზის გარეშე ხდება. ზოგიერთი კუდიანი ამფიბიები ზრდასრულ ასაკში ინარჩუნებს ლარვის სტადიის ნიშნებს. თანამედროვე კუდიანი ამფიბიები იყოფა 5 ქვერიგად, 9 ოჯახად და 60 გვარად, რომელშიაც გაერთიანებულია 170-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში. კუდიანი ამფიბიების უმრავლესობა მუდმივად ცხოვრობს წყალში, ზოგი წყალში მხოლოდ გამრავლების დროს გვხვდება, ზოგიც მუდმივად იმყოფება ხმელეთზე. კუდიანი ამფიბიების ნაწილს ახასიათებს ნეოტენია. დებენ 3-იდან რამდენიმე ასეულამდე კვერცხს. ზოგი ცოცხლადმშობი ან კვერცხცოცხლადმშობია. იკვებებიან ძირითადად უხერხემლოებით, მსხვილი კუდიანი ამფიბიები — პატარ-პატარა ხერხემლიანებითაც.

საქართველოში გავრცელებულია კუდიანი ამფიბიების 3 სახეობა — მცირეაზიული ტრიტონი (Triturus vittatus), სავარცხლიანი ტრიტონი (Triturus cristatus) და კავკასიური სალამანდრა (Mertesiella caucasica).

მოკლეთავა ბაყაყისებრნი (Brachycephalidae), უკუდო ამფიბიების ოჯახი. სხეულის სიგრძე 4 სმ-მდეა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ხმელეთის ან მეხეური ფორმებია. ოჯახში 3 ქვეოჯახია: რინოდერმები, მეხეური ბაყაყები და საკუთრივ მოკლეთავა ბაყაყები, რომელთა გვარი ატელოპი (Stelopus) გამოირჩევა ჭრელი გამაფრთხილებელი შეფერილობით. კანის ჯირკვლების სეკრეტი შხამიანია.

სამეფო: ცხოველები

ტიპი: ქორდიანები

კლასი: ამფიბიები

რიგი: უკუდო ამფიბიები

ოჯახი: მოკლეთავა ბაყაყისებრნი

bაყაყისებრნი (Ranidae), უკუდო ამფიბიების ოჯახი. აერთიანებს 400-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, ახალი ზელანდიისა, ავსტრალიის, პოლარული ქვეყნების, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილისა და ოკეანიის ზოგი კუნძულის გარდა. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა. ამ ოჯახის წარმომადგენლებს კბილები მხოლოდ ზედა ყბებზე აქვს, გავის მალის განივი მორჩები ცილინდრული ან ოდნავ გაგანივრებულია. ფალანგებს არ გააჩნია ჩანართი ხრტილები. საქართველოში თითქმის ყველგაა ტბის ბაყაყი, ზოგ ადგილას ბინადრობს კავკასიური ბაყაყი და ამიერკავკასიური ბაყაყი. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, პატარა თევზებითა და ამფიბიებით, ლიფსიტებითა და თავკომბალებით. ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ლიფსიტებისა და პატარა თევზების მოსპობით თევზის მეურნეობას ზიანს აყენებენ. საყურადღებოა გოლიათი ბაყაყი, რომლის სხეულის სიგრძე 32-49 სმ აღწევს, ხოლო წონა – 3,5 კგ. უკუდო ამფიბიებს შორის იგი უდიდესია; გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში (უმეტესად კამერუნში). აღსანიშნავია აგრეთვე ხარბაყაყი, რომლის სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს, ხოლო უკანა ფეხებისა – 25 სმ. იწონის 600 გ-მდე. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. დიდი ზომის ბაყაყები იკვებებიან თევზებით, წვრილი ბაყაყებით, წყლის გველებით, წყლის ფრინველის (იხვებისა და სხვა) მართვეებით, პატარა ძუძუმწოვრებით, აგრეთვე ნაირგვარი უხერხემლო ცხოველებით. სასარგებლო ცხოველების განადგურებით აზარალებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ბაყაყისებრთა ოჯახის ზოგ სახეობას იყენებენ საკვებად. განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში.

გომბიო (Bombina), უკუდო ამფიბიების გვარი მრგვალენიანისებრთა ოჯახისა. ზურგი მურა-მორუხო აქვს, მუცელზე მკვეთრი შავი, წითელი ან ყვითელი კოპლები აყრია. გავრცელებულია ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთში, კორეაში, ჩინეთში. დღის მეტ ნაწილს წყალში ატარებს. ნაპირზე მხოლოდ შებინდებისას გამოდის. გაღიზიანებისას მისი კანი გამოყოფს მწვანე ქაფოვან სეკრეტს. გომბიო ყრის 80-100 (ზოგჯერ 300-მდე) ქვირითს (კვერცხს), საიდანაც 4-10 დღის შემდეგ იჩეკება თავკომბალები. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. იკვებება მწერების მატლებით, რითაც სარგებლობა მოაქვს. ცნობილია გომბიოს 4 სახეობა. მათგან წითელმუცელა გომბიო (Bombina bombina) გვხვდება ევროპაში, გიგანტური გომბიო (Bombina maxima) – ჩინეთში

bayaykbila

ბაყაყკბილა (Ranodon), კუდიანი ამფიბიების გვარი დაკუთხულკბილასებრთა ოჯახისა. აერთიანებს 3 სახეობას. ყოფილ სსრკ-ში გვხვდება სემირეჩიეს ბაყაყკბილა (Ranodon sibiricus), რომელიც მხოლოდ ჯუნგარიის ალათაუს მთებშია გავრცელებული. სემირიჩიეს ბაყაყკბილას სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს. წინა კიდურებზე 4-4, უკანაზე 5-5 თითი აქვს. სხეული ზემოდან მომწვანო რუხია, ზოგჯერ ლაქებით მოფენილი. ბაყაყკბილა ბინადრობს მთის პატარა მდინარეებში. ქვირითიდან გამოჩეკილ ლარვებს გარეგანი ფრთისებრი ლაყუჩები აქვს. მეტამორფოზი მხოლოდ მესამე წელს ხდება. სქესობრივ სიმწიფეს 4-5 წლის შემდეგ აღწევენ.

გოლიათი ბაყაყი (Rana goliath), უკუდო ამფიბია ბაყაყისებრთა ოჯახისა. აღმოაჩინეს კამერუნში 1906 წელს. მისი გავრცელების არეალი მეტად ვიწროა. აქვს 32-42 სმ სიგრძის სხეული, 3,5 კგ წონა. ბინადრობს ჯუნგლების მდინარეებში. იკვებება კიბოსნაირებით, მწერებით, თევზებით, ბაყაყებით და გომბეშოებით. მრავლდება ივლის-აგვისტოში. აქვს გემრიელი ხორცი.

კავკასიური ჯვრიანა

კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus), წყალხმელეთა ცხოველი უკუდო ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 55 მმ აღწევს. წენგოსფერი, მუქკომპლებიანი ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. გავრცელებულია ბორჯომისა და ლაგოდეხის რაიონებში, აჭარაში, სამხრეთ ოსეთში, კრასნოდარის მხარეში. ზღვის დონიდან 2300 მ აღწევს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით და პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. ივნისიდან სექტემბრამდე ყრის ქვირითს ტბორებსა და მდორე მდინარეებში. თავკომბალა მხოლოდ მომდევნო წელს ამთავრებს მეტამორფოზს. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ენამრგვალასებრნი (Discoglossidae), ოჯახი უკუდო ამფიბიების რიგისა. აქვთ მრგვალი გაუორკაპებელი ენა, ოჯახში 4 გავრია და 8 სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში. ცნობილი გვარებია Bombina და Alites, რომელსაც მიეკუთვნება ბაყაყი-მეანი. ენამრგვალასებრნი დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებენ.

თავკომბალა, უკუდო ამფიბიების ლარვა. ცხოვრობს წყალში. აქვს გარეგანი ლაყუჩები, ორსაკნიანი გული, გრძელი კუდი, გვერდითი ხაზის ორგანოები. კიდურები არა აქვს. 3-4 თვის შემდეგ იწყება მეტამორფოზი: გული სამსაკნიანი ხდება, ვითარდება სისხლის მიმოქცევის მეორე (მცირე) წრე და უკანა კიდურები; ქრება ლაყუჩები, კუდი, გვერდითი ხაზის ორგანოები და სხვა. მეტამორფოზის დამთავრების შემდეგ ხმელეთზე გამოდის პატარა ბაყაყი, რომელსაც უკვე აქვს ხმელეთის ხერხემლიანთა ყველა ნიშან-თვისება.

ამნიონიანები (Amniota), უმაღლესი ხერხემლიანი ცხოველები, რომლებსაც განვითარების ადრეულ სტადიებში უჩნდებათ განსაკუთრებული ჩანასახოვანი გარსი — ამნიონი (აქედან ჯგუფის სახელწოდება). ამნიონიანებს ეკუთვნიან ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. უამნიონებისაგან (მრგვალპირიანები, თევზები, ამფიბიები) განსხვავებით, რომელთა ემბრიონული განვითარება წყალში მიმდინარეობს, ამნიონიანები ხმელეთზე განვითარებას არიან შეგუებული.

კავკასიური სალამანდრა (), წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი კუდზე მოდის. ზურგზე წითელი კოპლები აქვს. გავრცელებულია ბორჯომის ხეობაში, ზეკარის გადასასვლელთან, საირმეში, აქა-იქ — აჭარაში, მცირე აზიაში. აღწევს ზღვის დონიდან 2800 მ-მდე. ცხოვრობს ტყის ზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, პატარ-პატარა უხერხემლო ცხოველებით. როგორც იშვიათი სახეობა, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close