სამსახური ბევრი ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მხოლოდ მცირეოდენს აქვს ისეთი სამუშაო, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს, უმეტესობისთვის კი ძირითადი მოტივი ფინანსებია. თუკი მიეკუთვნებით უმრავლესობას და მიგაჩნიათ, რომ თქვენი სამსახური მომაბეზრებელია, გადახედეთ ამ სიას და დიდი ალბათობით აზრი შეგეცვლებათ.
იღლიების მსუნავი
როცა მაღაზიაში მივდივართ და დეზოდორანტს ვყიდულობთ, გვიზიდავს მისი სურნელი და ლამაზი შეფუთვა. თუმცა სანამ ბაზარზე გავა, პროდუქციის ვარგისიანობა უნდა შემოწმდეს. სწორედ ამისთვის არსებობენ იღლიის მსუნავები. ისინი მთელი დღის განმავლობაში ყნოსავენ იღლიას, რათა დარწმუნდნენ, რომ დეზოდორანტი ვარგისია დიდი ხნის განმავლობაში. სავარაუდოდ, ერთადერთი დადებითი მხარე ამ პოზიციისა მაღალი ხელფასია.
წიწილების სქესის დამდგენი
ეს სამუშაო გულისხმობს ახლად გამოჩეკილი წიწილების გარჩევას, დედალია თუ მამალი. ვინც ამ ტვირთის საკუთარ თავზე აღებას გადაწყვეტს, აუცილებელია ჰქონდეს რბილი ხელები (რათა წიწილას არ ავნოს), კარგი მხედველობა (რათა გაარჩიონ, აქვთ თუ არა) და უნარი იმისა, დღის ბოლოს თავიდან ამოიგდონ აზრი, რომ მათი შემოსავლის წყარო წიწილების სასქესო ორგანოებზე ყურებაა.
ავეჯის შემმოწმებელი
როცა დივანის ან საწოლის ყიდვას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც ევალებათ მათზე ჯდომა ან წოლა საათების განმავლობაში, რათა განსაზღვრონ, რამდენად კომფორტული და მოხერხებულია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის დადგენა გამოთვლებითა და ფორმულებით ვერ ხერხდება, ამიტომაცაა ეს სამსახური საჭირო.
გველის მწველავი
გველის შხამი ბევრ რამეში გამოიყენება, თუმცა უდავოა, რომ მისი ყველაზე საჭირო და ფართო დანიშნულება სამედიცინოა. მას ბევრ წამალში იყენებენ, ამიტომ ზოგიერთ უიღბლო ადამიანს უწევს მთელი დღის გატარება იმაში, რომ გველის წინა ეშვები ჭიქაზე ჩამოაცვას, შემდეგ კი შხამი გამოადინოს. თუმცა თავის დამშვიდება შეიძლება იმით, რომ ეს საქმე ადრე თუ გვიან ვინმეს იხსნის, შეიძლება სიკვდილისგანაც.
თვითმფრინავების ინსპექტორი
ალბათ არასდროს გაგჩენიათ კითხვა, თუ რა ხდება მაშინ, როცა ვიღაცას დაავიწყდება კერძო თვითმფრინავის გადასახადის დაფარვა. ეს მარტივად გვარდება – ფინანსური კომპანია აგზავნის მათ აგენტს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის ჰყავთ დაქირავებული. ის ჯდება თვითმფრინავში და მიფრინავს შესაბამის ადგილას (როგორც მანქანების შემთხვევაშია ევაკუატორი).
ბურთების მყვინთავი
დაფიქრებულხართ ოდესმე, როცა გოლფის ბურთი წყალში ვარდება, რას აკეთებენ? აწი გეცოდინებათ, რომ ამისთვის არიან მყვინთავები, რომლებიც ჩადიან წყალში და ეძებენ ბურთს, შემდეგ კი უკან ამოაქვთ. ხელფასი ამ სამუშაოზე საკმაოდ მაღალია, რადგან რისკიანი საქმეა (სიკვდილის რამდენიმე შემთხვევაა აღრიცხული).
საქონლის მასტურბატორი
ამ ადამიანთა დანიშნულებაა ფერმის ცხოველების მასტურბირება, რაც ხელოვნური განაყოფიერების მიზნით ხდება. ამისთვის ორი ვარიანტი აქვთ: პირველი, ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სწორ ნაწლავთან ელექტრულ იმპულსებს გზავნის და ამით მის სტიმულირებას იწვევს. მეორე არის ხელთათმანის წამოცმა და მამაპაპური გზით მიდგომა. თუმცა რომელიც გინდა აირჩიონ, სასიამოვნო არამგონია ერქვას.
ცხოველის საკვების დეგუსტატორი
ალბათ იშვიათია ადამიანი, რომელიც კატის ან ძაღლის საკვებს გასინჯავს და ეგემრიელება, მაგრამ საიმონ ალისონი სწორედ ასეთი “კერძებით” საზრდოობს და მეტს არაფერს მიირთმევს. ბრიტანული ფირმის “Marks & Spencer”-ის საკვების მთავარი ტექნოლოგი ყველა პროდუქციის გემოს თავად ამოწმებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძლევა ნებართვას, მაღაზიებში დახლებზე განთავსდეს (ეჭვი მაქვს, თეთრი ფერი სახეზე გენეტიკის ბრალი არ უნდა იყოს).
ჭიების მხიკავი
ისინი ღამით გამოდიან გარეთ, აცვიათ მემაღაროების პროჟექტორიანი ჩაფხუტი და აღჭურვილნი არიან თუნუქის ქილებით. ეძებენ ნესტიან ადგილებს, სადაც ჭიებს მიწის ზედაპირზე უყვართ ამოცოცება, იჭერენ მათ და ქილაში ყრიან. კარგი ხარისხის ჭიებით სავსე ერთი ქილა $18-მდე ფასდება.
კამათლის შემმოწმებელი
კამათლის დიზაინში პატარა აცდენამაც კი შეიძლება მისი დაწუნება გამოიწვიოს, რადგან ამ შემთხვევაში გამორიცხული არაა, გაგორების შემდეგ ბრტყელი მხარით არ დაჯდეს ზედაპირზე, ან ბორძიკი დაიწყოს. სწორედ ამისთვის არიან კამათლის შემმოწმებელნი – ისინი დაკვირვებით ამოწმებენ კამათლებს ყველა კუთხიდან, ეძებენ ხარვეზებს, არასწორ პროპორციებს, ცუდად დახრილ კუთხეებს. მსგავსი პოზიცია კამათლების მწარმოებელი ფირმებიდან ძალიან ბევრს აქვს.
ნარწყევის შემგროვებელი
ამერიკული გორაკები და მსგავსი გასართობები ექსტრემალური ხასიათის გამო ბევრს იზიდავს, თუმცა ბევრი ვერ უძლებს და თავბრუსხვევა ეწყება, რასაც ფერადი მდინარეები მოსდევს. ამის გამო ქვემოთ საკმაო რაოდენობის ნარწყევი გროვდება, რაც ლოგიკურია, ვინმემ უნდა მოწმინდოს. ამიტომ სანამ თქვენს სამუშაოს შეიზიზღებთ, იცოდეთ, რომ თქვენზე გაცილებით უარეს მდგომარეობაშიც არის ზოგიერთი.
დასასრული.