საკითხავისასარგებლოუცნაური

დალტონიზმი

არ შემიძლია დავინახო ისე როგორც თქვენ ხედავთ სამყაროს …

დალტონიზმი

მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისაგან ზოგიერთ ფერს, მეტწილად მწვანესა და წითელს; ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე (ინგლისელი მეცნიერის დალტონის სახელის მიხედვით, რომელსაც მხედველობის ეს ნალკი ჰქონდა და რომელმაც პირველად აღწერა იგი).

წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

დალტონიზმი არის მხედველობის ნაკლი, კერძოდ, ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე, რომლის დროსაც ადამიანი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს ზოგიერთ ფერს, მეტწილად – წითელსა და მწვანეს. ეს დაავადება პირველად XVIII საუკუნეში აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა დალტონმა, რომელსაც თავად ჰქონდა ეს ნაკლი. სწორედ მისი სახელი დაერქვა დაავადებას. დალტონიზმი მამაკაცთა 8%-სა და ქალების 0,5%-ში გვხვდება.

თვალის ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია ფერთა მიმართ მგრძნობიარე ნერვული უჯრედები, რომლებიც ცილოვანი წარმოშობის სამი ტიპის ფერმგრძნობიარე პიგმენტებს შეიცავს. ერთი ტიპის პიგმენტები მგრძნობიარენი არიან წითელი ფერის მიმართ, მეორენი – მწვანე, მესამე ტიპისანი კი – ლურჯის მიმართ. უფრო სწორად, ისინი მგრძნობიარენი არიან წითლის, მწვანისა და ლურჯი ფერის შესატყვისი სიგრძის ტალღებისადმი. ტვინი ნებისმიერ ფერს ამ სამი ფერის ურთიერთშეხამებით აღიქვამს. ამას ტრიქრომატულ (სამფეროვან) მხედველობას უწოდებენ. სამი ელემენტიდან ერთ-ერთის ამოვარდნის შემთხვევაში ვითარდება ნაწილობრივი ფერითი სიბრმავე ანუ დიქრომაზია. დიქრომაზიის შემთხვევაში ადამიანები ფერებს ძირითადად მათი სიმკვეთრის მიხედვით არჩევენ. ასეთ პირებს ხარისხიანად მხოლოდ თბილი ტონების (წითლის, ნარინჯისფერის, ყვითლის) ცივი ტონებისგან (მწვანისგან, ლურჯისგან, იისფერისგან) გარჩევა შეუძლიათ.

ფერითი სიბრმავისა და დაქვეითებული ფერითი მხედველობის მქონე ადამიანები გარესამყაროს ჩვენგან განსხვებულად აღიქვამენ, მაგრამ ხშირად ვერ ხვდებიან ამას. ეს იმიტომ, რომ დალტონიზის მქონენი ბავშვობიდანვე სწავლობენ მათ გარშემო არსებული საგნების ფერებისთვის საზოგადოდ მიღებული სახელწოდების დარქმევას. მათ გამუდმებით ესმით და იმახსოვრებენ, რომ ბალახი მწვანეა, ცა – ლურჯი, სისხლი – წითელი. გარდა ამისა, შენარჩუნებული აქვთ ფერების სიმკვეთრის მიხედვით გარჩევის უნარიც.

დიქრომატებს შორის განასხვავებენ წითელი ფერისადმი (პროტანოპია) და მწვანე ფერისადმი (დეიტერანოპია) ბრმებს. პროტანოპიის დროს წითელი ფერი უფრო მუქად აღიქმება. ის ერევა მუქ მწვანესა და მუქ ყავისფერს, ხოლო მწვანე – ღია ნაცრისფერს, ღია ყვითელს, ღია ყავისფერს. დეიტერანოპიის დროს მწვანე ფერი ერევა ღია ნარინჯისფერს, ღია ვარდისფერს, წითელი კი – ღია მწვანეს, ღია ყავისფერს. იისფერის მიმართ სიბრმავეს ტრიტანოპია ჰქვია, ძალიან იშვიათია და პრაქტიკულად უმნიშვნელო. ტრიტანოპიის დროს ფერთა სპექტრს მოწითალო ან მომწვანო ელფერი გადაჰკრავს.

არის შემთხვევები, როდესაც შეიმჩნევა მხოლოდ ფერთა შესუსტებული აღქმა – პროტანომალია (წითელი ფერის შესუსტებული აღქმა) და დეიტერანომალია (მწვანე ფერის შესუსტებული აღქმა).
ფერითი სიბრმავე თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი ფერითი სიბრმავის ყველა ფორმა მემკვიდრეობითი ბუნებისაა. ამ პათოლოგიური მემკვიდრეობის მატარებლები ქალები არიან.

შეძენილი ფერითი სიბრმავე შეიძლება აღმოცენდეს მხედველობის ორგანოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ფერითი მხედველობის დარღვევებს ავლენენ სპეციალური ცხრილების ან სპექტრული ხელსაწყოების მეშვეობით. დალტონიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება.

წყარო : სამედიცინო ენციკლოპედია

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close