არქივი

მითები, რომლებსაც ვქმნით

02f1779e46de

მას მერე, რაც ორ ფეხზე სიარული და “გონივრული” აზროვნება დაიწყო, ადამიანში გაჩნდა სანახაობის წყურვილი – სანახაობისა, რომელიც ემოციებს გამოიწვევდა, სადაც ტკბობა და ძრწოლა ერთმანეთს შეავსებდა… ის ცხოველებსა თუ ადამიანებს მსხვერპლად წირავს ტოტემას, კერპს, ღვთაებას – საკრალურის გარდა ამას სანახაობითი დატვირთვაც აქვს. ანტიკურ სამყაროში ეგზალტირებული მაყურებელი დამარცხებული გლადიატორის სიკვდილით დასჯას ითხოვს; ანტიკურ თეატრში გათამაშებულ ტრაგედიებში პერსონაჟებს თავდაპირველად ნამდვილად კლავენ; შუა საუკუნეებს ქალაქური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასართობია გილიოტინის გარშემო შეკრება და თავის მოკვეთის პროცესზე დასწრება; ულამაზეს სანახაობად დღემდე ითვლება კორიდა, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანები იყრიან თავს…
სანახაობა და გმირები, რომლებიც იდეალიზაციის საბურველში ეხვევიან და იქცევიან მითებად – ეს ის აუცილებელი საზრდოა, რომელიც შესაძლოა ზოგჯერ “პური არსობისაზეც” კი ძვირფასი იყოს.ა მიტომაც ნებისმიერი დროის ხელისუფლება ცდილობს, ხალხს გასართობი და მისაბაძი არ მოაკლოს.

თუ აქამდე მითები ვერბალურად (ზეპირსიტყვიერად თუ წერილობით – იქმნებოდა, XX საუკუნე ვიზუალური მახსოვრობის ეპოქაა და მითოლოგიური იმიჯებიც ძირითადად გამოსახულებით მიიღება. აქ უმთავრესი დატვირთვა ეკრანზე (ტელევიზია, კინო, რეკლამა) მოდის და წერილობითი კომუნიკაციაც ძირითადად ვიზუალურ აღქმას ექვემდებარება (ბულვალური პრესა, სადაც სიტყვიერად მინიმალური ინფორმაციაა მოწოდებული, რომელიც ეფექტური და სენსაციური ფოტოებით არის გაფორმებული. ჩნდება “პაპარაცის” ფენომენი, რომლის მიერ მოპოვებული მასალა ყველაზე ძვირადღირებულია. საგულისხმოა ინტერნეტის – როგორც წიგნის ეკრანული მოდიფიკაციის “წარმომავლობაც”).

18c564555934

ასე, რომ მასმედია, რომელიც თანამედროვე მითების ძირითადი მწარმოებელია და რომელსაც ხშირად სწორედ ამისთვის – ილუზიის ტყვეობაში ხალხის მოქცევისთვის აკრიტიკებენ, უძველესი მექანიზმის, უბრალოდ ახალი ტექნოლოგიებით შექმნილი, გაცილებით უფრო მოქნილი დ სართოდ გავრცელებული ფორმაა (სხვათა შორის, მასმედიის კრიტიკოსთა უმთავრესი ნაწილი ინტელექტუალურები არიან, რომელთაც უძველესი მითების კვლევაზე ტომები თუ არ დაუწერიათ, უხვად წაუკითხავთ მაინც).

სიმპტომატურია, რომ სიტყვა მედიუმ (მისი მრავლობითობის ფორმაა – მედია), რომელიც კომუნიკაციის და გადაცემის საშუალებას ნიშნავს, ზოგიერთ ენაში (მათ შორის,ქართულშიც) აღნიშნავს ადამიანსაც, რომელსაც თითქოს იდუმალი ჰიპნოზისა თუ სპირიტული სეანსის საშუალებით მომავლის წინასწარმეტყველების თუ ფარული, ქვეცნობიერიაშეტყობინების გაგების უნარი აქვს. მედია მართლაც ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. დიდი მინიპულატორი – ხშირად ასე უწოდებენ მას, თუმცა არა მარტო მასმედია მანიპულირებს ადამიანებით, არამედ ეს უკანასკნელიც მედიით, რომელიც ითვალისწინებს და პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს თუ გემოვნებას; ამასთანავე თავად კარნახობს ხალხს, რითი დაინტერესდეს, რა მოეწონოს და ა.შ. ასე რომ, ურთიერთმიმართება მედიასა და ადამიანებს შორის არ არის ერთი, მნიშვნელოვანი (მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანებს არასდროს აქვთ ერთიანი ინტერესები და გემოვნება, არ არსებობს ერთგვაროვანი კრებითი მასა, როგორიც არის “ხალხი”, ისევე როგორც თავად მედია არ არის ერთგვაროვანი,ა რამედ სხვადასხვა იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფი…).

54253c07613f

მედიის მითების სფერო არის პოლიტიკა, კაპიტალი, მასკულტურა, კრიმინალური სამყარო… თუმცა ამ სფეროებისადმი კუთვნილება სრულიადაც არ არის გარანტი, დარჩე ლეგენდად. ბედისწერა, განსაკუთრებული როლი, რომელიც სენსაციად იქცევა… – ანუ ის ნიშნები, რაც ამა თუ იმ ფიგურას გამორჩეულს ხდის, თუმცა ამავე დროს მასთან გარკვეულწილად იდენტიფიკაციის (ან პირიქით, უკიდურესი გამიჯვნის) საშუალებას იძლევა. მედიის მთავარი მოთხოვნაა სენსაციურობა. ის ხშირად შემზარავ სახეს იღებს, მაგრამ იმისთვის, რომ მითი დაიბადოს, განსაკუთრებული სტრესია საჭირო.
“მედეას საკუთარი შვილების მოკვლა დასჭირდა, რათა მორალატე ქმარზე შური ეძია. ტანტალოსს – სადილად ვაჟიშვილის მოხარშვა, რათა ღმერთების ყოვლისმცოდნეობა შეეგრძნო, ოიდიპოსს – შემთხვევით მამის მოკვლა და ცოლად დედის შერთვა… ჰერაკლეს – 12 ლეგენდარული გმირობის ჩადენა, პერსევსს – სიკვდილის მომტანი მედუზა გორგონას განადგურება, თეზევსს – მინოტავრისგან კრეტას გათავისუფლება”, – წერს კინომცოდნე მაია ტუროვსკაია და დასძენს “ჩვენს დროში ასეთი აღარაფერი ხდება. მაგრამ სენსაცია ძველებურად ითხოვს ადამიანთა მსხვერპლთშეწირვას, გმირობასა და ლეგენდებს…”

55d3f91171e6

სენსაციურობას ხშირად ამძაფრებს სიცოცხლეშივე თითქმის ლეგენდადქცეული ამა თუ იმ ფიგურის სიკვდილი. ამ მექანიზმს შესანიშნავად გამოხატავს ლიტერატურული გმირის, ანა კარენინას გარკვეულ სიმბოლოდ ქცევა. შესაძლოა მისი ცხოვრების პერიპეტიები ყველას კარგად ახსოვს, ზოგს რომანი თავიდან ბოლომდე ან საერთოდ არც აქვს წაკითხული, მაგრამ ყველამ იცის, სიყვარულისგან იმედგაცრუებული როგორ ჩაუვარდა მატარებელს. სწორედ თვითმკვლელობა ხდება მისი მითად, სიმბოლოდ გადაქცევის პირობა.
XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მკვლელობაა, ამერიკის პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობა იყო, რამაც საბოლოოდ განაპირობა მითის არსებობა. მკვლელობა, ფაქტობრივად, “პირდაპირ ეთერში” ნახა მსოფლიომ, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა სენსაციურობის მუხტი. დღემდე ცხოველ ინტერესს იწვევს მსახიობ ჯეიმს დინის ავტოკატასტროფის ამსახველი კადრები. მის საკულტო ფიგურად ქცევას, ადრეულ ასაკში შემზარავავარიაში დაღუპვამაც შეუწყო ხელი. გაუგონარი სისასტიკის მკვლელობამ, მითად აქცია მენსონიც და მისი მსხვეპლი შერონ ტეიტიც – მითოლოგიური ატმოსფეროს მთელი “პიკანტურობა” ეს იყო, რომ ჰოლივუდის ახალგაზრდა ორსული ვარსკვლავის ქმარი რომან პოლანსკი თავის ფილმებში თითქოს წინასწარმეტყველებდა ამ საშინელებას და “სატანასთან შეხვედრას” ისე ელტვოდა, როგორც პაზოლინი ილტვოდა თავისი ცხოვრების დასასრულისკენ, შემაძრწუნებელი სიკვდილი ბადებს პაზოლინის მითს (მართალია, ის არა იმდენად პოპ-კულტურის, არამედ უფრო ინტელექტუალთა საყვარელი მითია); გაურკვეველი სიკვდილი დამატებით შარავანდედს უქმნის ჩე გევერას და ა.შ.

აქცევს რა მასმედია პიროვნებას მითად, ამ უკანასკნელს მასკულტურა ხშირად თავისებურად “თარგმნის” – რადიკალურად განსხვავებულ ფუნქციას ანიჭებს, ვიდრე მას რეალობაში ჰქონდა და იყენებს, როგორც გასაყიდი საქონლის საგარანტიო მარკას. ამ მხრივ ძალზე საინტერსოა ჩე გევერას ბედი შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში “ვინ არის ჩე?” კოლექციონერი მსუბუქი ირონიით გვიჩვენებს სხვადასხვა ჯურის ნივთებს – სამკერდე ნიშნებიდან მოყოლებული, კიჩის საუკეთესო ნიმუშით, ფანჯარაზე ჩამოსაკიდი მძივებიანი ფარდით დამთავრებული. ჩეს ყველაზე გავრცელებული პორტრეტის ავტორი ფოტოგრაფი კი ერთ ცენტსაც არ იღებს, მაშინ როდესაც მრავალგზის ტირაჟირებული მისი კადრიდან მილიონები კეთდება. ყველაზე ცინიკური ფილმში მაინც ერთი ეპიზოდია, სადაც მანჰეტენზე მდებარე ბუტიკის მფლობელი დიზაინერი ამაყად წარმოგვიდგენს ჩე გევარას ჩაცმულობის სტილში შექმნილ ძვირადღირებულ კოსტიუმებს და ამბობს: ჩეს ეს რომ ენახა, ძალიან მოეწონებოდაო.ჩეს საეჭვოა, მაგრამ ნებისმიერი თაობის ახალგაზრდებში, განსაკუთრებით თინეიჯერებში არა მარტო სტილი, არამედ მასთან დაკავშირებული სიმბოლიკა ძალზე პოპულარულია, იმის მიუხედავად არჩევენ თუ არა ერთმანეთისგან “მემარჯვენეს” და “მემარცხენეს”.
მასკულტურის მონიჭებული როლიდან თავის დაღწევა კი არც ისე ადვილია. “ცხოვრებაში ყველას თავისი როლი აქვს: პრეზიდენტის ქვრივის როლი – ეს დიდებულია, შეცვალო ეს როლი – დიდი შეცდომაა” – ასე უპასუხა მარია კალასმა ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვეული ცნობისმოყვარეობით ეკითხებოდნენ მომღერალს, თუ რა აზრის იყო თავისი ყოფილი საყვარლის ონასისის და ჯეკი კენედის ურთიერთობაზე. ჯეკი – ამერიკელთა სიამაყეა, მუდამ ელეგანტური, მოდის კანონმდებელი, ხორცშესხმული სათნოება, იდეალური ცოლი და შემდეგ ქვრივი… და უცებ – მითი ანტიმითად იქცევა. ონასისად ქცეული ჯეკი ამჯერადაც მასმედიის ყურადღების ცენტრშია, ოღონდ სრულიად საპირისპირო პათოსიდ.

d8569dee3e30

როლიდან თავის დაღწევის მცდელობა გაცილებით ტრაგიკულად დასრულდა მერილინ მონროსათვის, რომლის ბურუსით მოცული სიკვდილის გარშემო დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა და სხვათა შორის, აქა-იქ კენედის სახელიც ამოტივტივდა; ანდა ლედი დაიანასთვის, რომელიც ჯეკის ინგლისურ ვარიანტს გავდა.” სახალხო პრინცესა” იმთავითვე საყოველთაო სიყვარულის ობიექტი გახდა, რაზეც, ალბათ, გარკვეულწილად “კონკიას” არქეტიპიც მოქმედებდა. მართალია, ლედი დაიანა საკმაოდ არისტოკრატიული ოჯახიდან იყო, მაგრამ არა სამეფო დინასტიის, რის გამოც ბრიტანული მონარქიის მკაცრი ეტიკეტის მიხედვით, ქორწინება უთანასწოროდ მიიჩნეოდა. მკაცრი წესების დარღვევისთვის (მოჩვენებითი ოჯახური იდილიის დამსხვრევის გამო), დაიანასადმი სიყვარული არ განელებულა, მაგრამ “როლის შეცვლა – საბედისწერო შეცდომაა”…

როლები კი საბოლოოდ მაინც იმის მიხედვით ნაწილდება, როგორც ხელისუფლებას უნდა. ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს აქცენტი განსხვავებული ტიპის მითებზე კეთდება – ის ხან “მარადიული ჩეჩენი”, ხან არაბი ტერორისტია, რომელთა არსებობაც ფარტომასშტაბიანი საომარი ოპერაციებისთვის ხსნის გზას; ზოგჯერ შეიძლება ის ერის გმირად ქცეული სპორტსმენი იყოს, რომლის გამარჯვებაც იმედს და ილუზიას ბადებს – მთავარია პირველი ოქრო და მერე მუდამ გავიმარჯვებთ…

ჩვენ კი მითებს სხვადასხვა დოზით ყოველდღიურად ვყლაპავთ ან ვეწინააღმდეგებით და არ ვიღებთ მათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მასმედიის – ამ ყველაზე დიდი ნარკოტიკი გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

მოამზადა ბექა ლაგვილავამ; წყარო: join.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button