გასართობისაკითხავისასარგებლო

რა სხვაობაა ლეოპარდსა და ავაზას შორის?

სხვადასხვა პოსტის კომენტარებში იმდენჯერ მომიწია ამ საკითხის ახსნა, რომ გადავწყვიტე, ერთი პოსტი დამეთმო.

თუკი თქვენთვის ლეოპარდი და ავაზა ერთნაირი ჩანს, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ, მსოფლიოში უამრავ ადამიანს უჭირს მათი გარჩევა. დაუკვირვებელი ადამიანისთვის ეს მართლაც ძნელია, თუმცა მათ შორის მაინც არის შესამჩნევი სხვაობა, რომელსაც ამ პოსტში გაგაცნობთ. დავიწყოთ გარეგნობით.


ყველაზე მარტივი სხვაობა ჩემი აზრით არის ის, რომ ავაზას სახეზე ორი შავი ზოლი აქვს, ე.წ. “ცრემლის ხაზები”, რომლებიც იწყება თვალებიდან და პირთან მთავრდება (მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს მას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს). გამომდინარე იქიდან, რომ ავაზა დღისით ნადირობს, ეს შავი ზოლები შთანთქავს სინათლეს და იცავს მას დროებითი სიბრმავისგან, სინათლის დიდი ნაკადის გამოსხივების შემთხვევაში. ლეოპარდს კი თვალის გარშემო თეთრი ზოლი აქვს. ეს თეთრი ზოლი ღამით მხედველობაში ეხმარება მას, გარშემო საგნებიდან არეკლილ სინათლეს აძლიერებს და უკეთ დაკვირვების საშუალებას აძლევს.

მეორე, ცოტა უფრო ძნელად შესამჩნევი სხვაობა ლაქებშია. ავაზას სახეზე ცოტა ლაქა აქვს, დანარჩენი სხეული კი მთლიანად ლაქებითაა მოფენილი. რაც შეეხება ლეოპარდს, მის ლაქებს სპეციფიკური ფორმა აქვს, რომელსაც გაშლილ ვარდს ადარებენ ხოლმე . მსგავსი ლაქები აქვთ ოცელოტს, იაგუარს, ლომს, ვეფხვს, ასევე ჰიბრიდებს – ლაიგერსა და ტაიგონს.

ზოგჯერ ავაზებში ადგილი აქვს მუტაციას და ჩნდება ე.წ. სამეფო ავაზა. მისი ლაქები ხშირად ერთიანდებიან და ზურგზე გრძელი ზოლები მიიღება, სხეულზე არსებული ლაქები კი ჩვეულებრივი ავაზისას არ ჰგავს.

დანარჩენი, უფრო მსუბუქი სხვაობებია:

  • ლეოპარდი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ავაზა. აქვს დიდი, დაკუნთული სხეული. ავაზას კი შედარებით წვრილი და წერწეტა.
  • ავაზა უფრო სწრაფია. ის ხმელეთის ყველაზე სწრაფად მორბენალი ცხოველია. მისი სიჩქარე ზოგჯერ 120 კმ/სთ-ს აღწევს, ლეოპარდისა კი 80-ს. როგორც წესი, ლეოპარდი 50-60 კმ/სთ სიჩქარით დარბის, ავაზა კი 70-80-დან ზევით.
  • როგორც კატისებრთა ოჯახის წევრთა უმრავლესობას, ლეოპარდს ბრჭყალების თათში ჩამალვა შეუძლია, ავაზას კი არა. მას სულ გარეთ აქვს გამოშვებული. მხოლოდ გვერდითა ბრჭყალის შეწევა შეუძლია. დანარჩენი კი მუდამ ღიაა, რაც მას მიწაზე უკეთ მოჭიდებისა და მანევრირების საშუალებას აძლევს.
  • სხეულთან შედარებით, ავაზას თავი უფრო პატარაა, ლეოპარდისა – დიდი.
  • იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად დარბიან, ავაზებს გაცილებით დიდი ნესტოები აქვთ, რათა ორგანიზმი ჟანგბადით უხვად მოამარაგონ.
  • ავაზების კუდი უფრო ბრტყელია, როცა დარბიან, ის საჭის მოვალეობას ასრულებს.
  • რა თქმა უნდა, გარდა გარეგნობისა, სხვა რამეებშიც გამოიხატება სხვაობა. ესენია:

    სამშობლო

  • ავაზა – აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში ბინადრობს. ისტორიულად, მათი არეალი ინდოეთამდე იყო გაშლილი, თუმცა დიდი ხანია, იქ აღარ არიან.
  • ლეოპარდი – ძირითადად სუბ-საჰარული აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთი. აქა-იქ შეინიშნებიან ინდონეზიაში, პაკისტანში, ინდოეთში, შრი-ლანკაში, ინდოჩინეთში, მალაიზიაში.
  • ნადირობის სტილი

  • ავაზა – შექმნილია ჩქარი სირბილისთვის. ნადირობს დღისით, ნელ-ნელა ეპარება მსხვერპლს და შემდეგ დიდი სისწრაფით ედევნება, ხშირად 90-100 კმ/სთ-მდე სიჩქარით. როცა ეწევა, კბილებს ასობს ყელში და გუდავს. ზოგჯერ მარტო ნადირობს, ზოგჯერ 2-3 ერთად.
  • ლეოპარდი – მოულოდნელად ესხმის თავს მსხვერპლს, ხშირად კისერში კბენს და ამით აცლის ძალას. ავაზისგან განსხვავებით, ურჩევნია ნანადირევი ხეზე აიტანოს და იქ დანაყრდეს. არიან მარტოსული, ღამის მონადირეები.
  • ბგერები

  • ავაზა – ერთადერთი “დიდი კატა”, რომელსაც ღრიალი არ შეუძლია. მისი ხმა უფრო კრუტუნს, ჭყავილს, ღრენასა და ყეფას მიაგავს.
  • ლეოპარდი – გამოსცემს ხმებს, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც ღრიალი ან ბრდღვინვა/ღრიალი. მიაგავს ლომისას, მაგრამ გაცილებით მაღალი ტონალობისაა.
  • კიდევ ორი საკითხი, რაზეც ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს:

  • მაუგლის მეგობარი ბაგირა არის ინდური შავი ლეოპარდი და არა ავაზა. ავაზა მხოლოდ მოყვითალო-ფორთოხლისფერი არსებობს. არის გამონაკლისებიც, რაც მუქი კანის შემთხვევაში მელანინის ჭარბი რაოდენობის ბრალია ან ალბინიზმისა ღია ფერის კანის შემთხვევაში, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათია.
  • რუსულად თარგმნილი დოკუმენტური ფილმებიდან ბევრს გეპარდი სხვა ცხოველი ჰგონია, მაგრამ თუ გადავხედავთ ავაზას დასახელებებს სხვადასხვა ენაზე, ვნახავთ:
  • English: Cheetah
    ქართული: ავაზა
    Русский: Гепард

    ახლა ვნახოთ ლეოპარდი:
    English: Leopard
    Русский: Леопард

    სამწუხაროდ, ქართული არ წერია. მისი შესატყვისია ლეოპარდი და ჯიქი.

    პანტერაც ბევრისთვის ავაზას სინონიმია. რეალურად, ეს სიტყვა როგორც ინგლისურ, ისევე რუსულ ენებზე წარმოადგენს კატისებრთა ოჯახის 4 წევრის ერთობას: ვეფხვი, ლომი, იაგუარი და ლეოპარდი. პანტერების გვარში ავაზა არ შედის.

    ცნება “შავი პანტერა” ესადაგება კატისებრთა ოჯახის იმ ცხოველებს, რომლებსაც კანში მელანინის სიჭარბის გამო შავი ბეწვი და ტყავი აქვთ. ლათინურ ამერიკაში ეს არის შავი იაგუარი, აზიასა და აფრიკაში შავი ლეოპარდი, ჩრდილო ამერიკაში კი შავი იაგუარი ან შავი პუმა.

    მე მგონი, მნიშვნელოვანი არაფერი გამორჩა. აწი თუ გაურკვევლობა იქნება, პირდაპირ ამ პოსტს დავლინკავ.

    დასასრული.

    თეგები
    Booking.com

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close