არქივი

ძალით შელახული რეპუტაცია!!!

734bc622bd26

პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ ბოლომდე წაიკითხოთ სტატია და ისე გააკეთოთ დასკვნები. მე არავის არ ვამართლებ და მხარსაც არავის არ ვუჭერ ამ სტატიით, უბრალოდ ჩემს წინა ორი პოსტში დავინახე, რომ ხალხში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს – სტალინი არის “ტირანი”. ამ სტატიის მსგავსი ბევრია, უბრალოდ მხოლოდ ამას დავდებ, დასკვნების გაკეთება კი თვქენთვის მომინდვია.

იოსებ სტალინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ იგი თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის გარიცხეს. ეს არ შეეფერება ჭეშმარიტებას. იმხანად, ყველა გამოჩენილი ბოლშევიკი ცდილობდა თავისი ბიოგრაფია შეელამაზებინა და საქმე ისე წარმოედგინა, რომ ლამის აკვანშივე რევოლუციურ მოღვაწეობაში იყო ჩაბმული. გამონაკლისი არც სტალინი იყო. პოლიტიკურ ოპონენტებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულ იოსებ ჯუღაშვილს მის მოწინააღმდეგეებზე უფერული ბიოგრაფია არ უნდა ჰქონოდა. სტალინი საქმეს სერიოზულად მოეკიდა და მისი ახალგაზრდობის წლების ბიოგრაფიული მომენტების გაყალბებას შეუდგა. ეს საქმე 1935 წელს ლავრენტი ბერიამ დაიწყო, რომელიც ერთ-ერთ დიდ ფორუმზე გამოვიდა მოხსენებით „ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის“. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ მოხსენების ტექსტი ბერიას დაწერილი არ უნდა ყოფილიყო და იგი ერიკ ბედიას ეკუთვნოდა. ცხადია, ამ ხმებმა ლავრენტი ბერიამდეც მიაღწია, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ერიკ ბედიას. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ერიკ ბედია, უფრო მისი ლამაზი ცოლისადმი ლავრენტი პავლეს ძეს ტრფობას შეეწირა და არა გავრცელებულ ხმებს. უფრო სავარაუდოა, რომ ერიკ ბედიას ბედი ორივე მიზეზმა გადაწყვიტა. ლავრენტი ბერიამ თავის მოხსენებაში, სტალინი პირველ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას – „მესამე დასს“ დაუკავშირა. რაც, სრული სიცრუე იყო. მესამე დასი 1892-1893 წლებში შეიქმნა, იოსებ ჯუღაშვილი კი ამ დროს მხოლოდ 14-15 წლისა იყო. ცხადია, სტალინი „მესამე დასის“ მოღვაწეთა შორის ვერ იქნებოდა. ცნობილია, ისიც, რომ მოგვიანებით იოსებ ჯუღაშვილი მართლაც დაუკავშირდა „მესამე დასს“, მაგრამ ამ ორგანიზაციის უხუცეს წევრთან, სილიბისტრო ჯიბლაძესთან შელაპარაკება მოუვიდა და სილიბისტრომ სტალინი კარგა გვარიანად გამოლანძღა, ლაწირაკიც კი უწოდა. ამის შემდეგ სტალინი „მესამე დასს“ აღარ გაჰკარებია.

იოსებ სტალინის ბიოგრაფიის შელამაზების მეორე ეტაპი დაიწყო ისტორიკოსმა ივანე ტოვსტუხამ. იგი შავით თეთრზე წერდა, რომ სტალინი სემინარიაში სწავლის პერიოდში ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში და სათავეში ჩაუდგა სემინარიაში არსებულ მარქსისტულ (სოციალ-დემოკრატიულ) წრეს. ტოვსტუხა სტყუოდა. ამ პერიოდისათვის არავითარი სოციალ-დემოკრატიული წრე თბილისის სასულიერო სემინარიაში არ ყოფილა, უფრო მეტიც, არანაირი რევოლუციური ჯგუფი და წრე თბილისის სასულიერო სემინარიაში არასდროს არსებულა. ტოვსტუხამ კიდევ უფრო დიდი ტყუილი თქვა: 1899 წელს სტალინი სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის გარიცხესო. ნამდვილი ისტორია კი ასეთია: სტალინი გორის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1894 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. იყო სანიმუშო მოწაფე. არანაირ საეჭვო საქციელში შემჩნეული არ ყოფილა. გალობდა სასულიერო სემინარიის ჯგუფის გუნდში (მეორე ხმა). 1894-1895 სასწავლო წელს, ანუ სემინარიის პირველ კლასში არასაპატიო მიზეზით მას არც ერთი საათი არ გაუცდენია. მთელი წლის განმავლობაში კი, საპატიო მიზეზით მხოლოდ 14 საათი ჰქონდა გაცდენილი. ამიტომ იყო, რომ სტალინს, როგორც პირველი კლასის, ისე მომდევნო კლასების დასრულების შემდგომაც ყოფაქცევაში მუდამ „ფრიადი“ (5) ეწერა. იოსებ ჯუღაშვილის მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო. პიველი კლასი მან წარმატებით დაასრულა. წლის ბოლოს ჩატარებულ გამოცდებზე სტალინმა ასეთი შეფასებები დაიმსახურა: წმიდა წერილი – 5, ბერძნული ენა – 4, ქართული საეკლესიო გალობა – 5, სიტყვიერება – 5, სამოქალაქო ისტორია – 5, მათემატიკა – 5, ქართული ენა – 5, თხზულება – 4.

9730005c033a

იოსებ ჯუღაშვილი სასულიერო სემინარიიდან არც რევოლუციური მოღვაწეობისა და არც სხვა რაიმე მიზეზით არ გაურიცხავთ საქმე ის იყო, რომ სასულიერო სემინარიაში სწავლის საფასურს არ იხდიდნენ სასულიერო წოდების წარმომადგენელთა შვილები. სტალინი სასულიერო წოდებას არ ეკუთვნოდა, ამიტომ სწავლის საფასური პირადად უნდა გადაეხადა. დედამ ეკატერინე (კეკე გელაძემ) როგორღაც მოახერხა და სწავლის საფასური გაუნახევრა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი (40 მანეთი) ჯუღაშვილს პირადად უნდა გადაეხადა, დარჩენილ 50 პროცენტს კი საეკლესიო ხაზინა დაფარავდა. პირველი კლასის წარმატებით დასრულების მიუხედავად, ჯუღაშვილს მეორე კლასში სწავლის გაგრძელების უფლებას არ აძლევდნენ. მას გადახდილი არ ჰქონდა პირველი წლის სწავლის საფასურის 50 პროცენტი. იოსებ ჯუღაშვილმა თხოვნით მიმართა სემინარიის რექტორს, რათა მისი სწავლის საფასური მთლიანად საეკლესიო ხაზინას დაეფარა. სემინარიის რექტორმა ნიჭიერი ყმაწვილის თხოვნა შეიწყნარა. შემდგომში სტალინს შეღავათი გაუუქმეს და სწავლის საფასურის გადახდა მოსთხოვეს. თუმცა, იგი დადგენილ თანხას ვერ იხდიდა. ასე დაამთავრა სტალინმა სემინარიის 4 კლასი. სემინარიის მმართველობამ ჯუღაშვილს მოსთხოვა სწავლის საფასურის დავალიანების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სემინარია უნდა დაეტოვებინა. სტალინმა სწავლის საფასური ვერ გადაიხადა, რის გამოც მეხუთე (დამამთავრებელ) კლასში სწავლა ვეღარ განაგრძო და 1899 წელს სემინარია, ყოველგვარი კონფლიქტისა და გართულებების გარეშე, დატოვა. თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტად იოსებ სტალინი 1899 წლის 29 მაისამდე ითვლებოდა. ამავე წლის 2 ოქტომბერს ჯუღაშვილს მისცეს მოწმობა, რომელსაც ხელს აწერდა: სემინარიის რექტორი – არქიმანდრიტი გერმოგენი, სემინარიის ინსპექტორი, ბერ-დიაკონი დიმიტრი. მოწმობაში აღნიშნულია, რომ სტალინმა შეისწავლა სემინარიის 4 კლასის პროგრამით გათვალისწინებული ყველა საგანი, ყოფაქცევაში ფრიადი შეფასებით. სტალინი რომ სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის გაერიცხათ, მაშინ, მას ყოფაქცევაში მაღალ შეფასებას არ დაუწერდნენ. ყოფაქცევაში მაღალი შეფასება ნიშნავდა იმას, რომ სტალინი 1899 წლის მაისამდე, არანაირ ანტისახელმწიფოებრივ, რევოლუციურ მოღვაწეობაში შემჩნეული არ ყოფილა. გარდა ამისა, როდესაც სემინარიიდან მოსწავლეს რევოლუციური საქმიანობისთვის რიცხავდნენ, სემინარიის მმართველობა საქმის კურსში აყენებდა ჟანდარმერიას. რის საფუძველზეც აღიძრებოდა საქმე და დაიწყებოდა ძიება. სტალინის შემთხვევაში კი, სემინარიის მმართველობას ჟანდარმერიისთვის არაფერი უცნობებია და ჯუღაშვილის წინააღმდეგ საქმეც არ აღძრულა. ასე რომ, იოსებ ჯუღაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის არ გაურიცხავთ. იგი სემინარიიდან წავიდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ისევე როგორც იმხანად ბევრი სხვა სემინარიელი. სტალინი რევოლუციურ მოღვაწეობაში, სწორედ სემინარიიდან წასვლის შემდეგ ჩაება. ასე რომ, ივანე ტოვსტუხა მხოლოდ და მხოლოდ 2-3 წელში „შეცდა“.

სტალინის ბიოგრაფიის მომენტების გაყალბებას უარყოფითად შეხვდნენ ძველი ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე და სხვები. ფილიპემ პროტესტიც კი გამოთქვა ფაქტების დამახინჯების გამო, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სტალინს ცხადია, ხელს არ აძლევდა ამ ამბის გახმაურება და საკითხის მოგვარება ლავრენტი ბერიას მიანდო. ბერიამ შესაშური მონდომებითა და ოპერატიულობით, სტალინის ნება აღასრულა. მალე ფილიპე მახარაძემ ტონი შეცვალა და ყველა ის სიყალბე, რაც ლავრენტი ბერიას მოხსენებასა და ივანე ტოვსტუხას მიერ დაწერილ სტალინის ბიოგრაფიაში იყო ჩადებული, თავის ნაშრომში გადმოიტანა. ასე დაკანონდა სიცრუე, რომელიც დიდხანს ურყევ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული.

პ.ს კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამ სტატიით არავის არ ვამართლებ.

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

30dc84e3b24d

მსგავსი ამბები

Back to top button