საკითხავიუცნაური

სამხრეთ ამერიკაში ინდიელთა უცნობი ტომი აღმოაჩინეს

კეჩუა, აიმარა, აცტეკები, მაია, გუარანი, არაუკანები – აქამდე ცნობილ ამ და სხვა ინდიელთა ტომების სახელებს, შესაძლოა, მალე ახალიც დაემატოს. ამერიკულ პრესაში დღეს უნიკალური ფოტოები და სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა: პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე ინდიელთა დღემდე უცნობი ტომია აღმოჩენილი, რომლის არსებობის შესახებ აქამდე მხოლოდ ვარაუდი არსებობდა.

პრესაში გავრცელებულ უნიკალურ ფოტოებს თან ერთვის ინფორმაცია, რომ ტომის წევრთა შემადგენლობა 150 ადამიანს არ აღემატება, ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილნი იყვნენ და რომ ტომის დაახლოებით 40 პროცენტს ქალები შეადგენენ.

ინდიელებზე ჩვენი წარმოდგენა ხშირად გამუქებული და რომანტიულია და არ ემთხვევა რეალობას. კინოფილმებიდან და ინდიელების შესახებ წაკითხული წიგნებიდან ვიცით, რომ ისინი ხის ტოტების ან ლერწმისგან აგებულ, გუმბათისებურ ქოხში ცხოვრობენ, რომელსაც ვიგვამს უწოდებენ და ბუმბულებით მორთული ტყავის ტანისამოსი აცვიათ. თუმცა, თანამედროვე ინდიელები ჯინსებსა და მაისურებში იმოსებიან და ეროვნულ სამოსს მხოლოდ იშვიათად, დღესასწაულების დროს თუ გაიხსენებენ.

სხვათა შორის, ინდიელთა ახალი ტომის აღმოჩენა იმ კუთხითაც საინტერესოა, რომ თანამედროვე ინდიელების ცხოვრების წესის მიხედვით ძნელია იმ ტრადიციების დადგენა, რომლებიც ძვალ–რბილში ჰქონდათ გამჯდარი კოლონიზაციამდელ ინდიელებს. ახალი ტომის ფოტოები ვერტმფრენიდანაა გადაღებული. ფოტოებზე ჩანს, რომ წითლად შეღებილი მამაკაცები გაოცებული სახეებით ათვალიერებენ საფრენ აპარატს. რამდენიმე მათგანს ხელში მშვილდ–ისარიც უჭირავს. ამ ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ინდიელთა დღემდე უცნობი ტომი ძველი ტრადიციების მიხედვით ცხოვრობს, ანუ, პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარე ჯუნგლებში მკვლევართათვის ბევრი საინტერესო მასალა იმალება.

ახალი ტომის ცხოვრება ძველი ტრადიციების მიხედვით მით უფრო საინტერესოა, რომ სხვადასხვა რეზერვაციაში მცხოვრებმა ინდიელების უმრავლესობამ მამაპაპური ტრადიციები უკვე დაივიწყა და ეს არ გამოხატულა მხოლოდ ჯინსებისა და მაისურების მორგებაში. ტრადიციების ასე თუ ისე მიმდევართა შორის არიან აპაჩების, ხოპის, ნავახოსა და ზუნის ტომის ინდიელები. მათ პომიდორი, სიმინდი, გოგრა და სხვა საკვები თავად მოჰყავთ. თამბაქოს მხოლოდ ლოცვის დროს აბოლებენ. მათი აზრით, სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით, თეთრკანიანებს ყოველი მოწევის დროს რომ ელოცათ.

დანარჩენი ტომები თანამედროვეობაში აითქვიფნენ. ზოგიერთებს მანქანაც ჰყავთ, ოღონდ, უფრო ხშირად მწყობრიდან გამოსული და დაჟანგული. ბევრმა ინდიელმა სმას მიჰყო ხელი. რეზერვაციებში მცხოვრები ინდიელი მამაკაცების უმრავლესობა იმდენად „სვეცკურად“ ცდილობს ცხოვრებას, რომ ზოგიერთმა არათუ ნადირობა, ცხოველის გატყავებაც არ იცის.

ცნობილია, რომ ინდიელთა რეზერვაციებში ამერიკული და კანადური კანონები არ მოქმედებს, რადგან ყველა ტომს თავისი კანონი აქვს. ნებართვის გარეშე, მათ სურათსაც ვერ გადაუღებთ. ყბედობა არ უყვართ, ლაკონურად ლაპარაკობენ. ყველაზე გავრცელებული ფრაზაა: “მზეს უყურე და ჩრდილებს ვერ დაინახავ”. რჩევას უწინდებურად, უხუცესს ეკითხებიან. ნავახოს ტომში უხუცესი 82 წლის ჯონსია, რომელსაც ნებისმიერ კითხვაზე ორი პასუხი აქვს: კი ან არა. მასთან მისვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ.

ქალები ობობა-ქალის სულს ეთაყვანებიან, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, მათ ქსოვა და კერვა ასწავლა. ობობა და ობობას ქსელი ინდიელებისთვის საფიცარია, მათ ქსელის ამულეტებიც კი აქვთ. მაგალითად, “სიზმრების ხაფანგი”, რომელსაც ფანჯრის რაფაზე კიდებენ, სახლში ბოროტი ძალები რომ არ შეიჭრან და მძინარეს სიმშვიდე არ დაურღვიონ.

ინდიელებს სწამთ, რომ “მიწა არავის ეკუთვნის, ადამიანები ეკუთვნიან მას”. თავის დროზე წითელკანიანებმა სწორედ ეს პრინციპი გაითვალისწინეს, როცა ამერიკელები მიიღეს, შეიკედლეს და დააპურეს, თუმცა, რა შედეგი მოიმკეს, დღეს უკვე ნათელია. მართალია, ამერიკელებს ინდიელებისადმი პატივისცემის ნიშნად „მადლიერების დღეც“ კი აქვთ შემოღებული, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამერიკელებს უკავშირდება ინდიელებისთვის მიწის შემოღობვა და ლამისაა, მათი ამოწყვეტა.

სხვათა შორის, იმ რელიგიებს შორის, რომელსაც ინდიელები მისდევენ, ქრისტიანობაცაა. ძირითადად, გვხვდებიან კათოლიკები, პროტესტანტები, სინკრეტული კულტებისა და ტრადიციული რწმენების მიმდევრები, თუმცა, მაგალითად, ნავახოს ტომი ქრისტიანი ინდიელებისგან შედგება და ამ ტომის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესიაც არსებობს. ნავახოელებმა მართლმადიდებლობაში მხოლოდ ერთი „კორექტივი“ შეიტანეს – მათი აზრით, იესო ინდიელი იყო. ცნობილია ნავახოს ტომის ლოცვა იესოსადმი: „იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, უფროსო ძმაო, დაგვიფარე და შეგვიწყალე ჩვენ“,– როგორც ვხედავთ, ეს ლოცვა თითქმის არ განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი იესოს ლოცვისაგან.

სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ერთმანეთს ყოველწლიურ დღესასწაულზე – “პაუ ვაუზე” ხვდებიან და მძივებით, ბუმბულებით გალამაზებულ ტანისამოსში გამოწყობილები ტრადიციულ ცეკვა-თამაშობებს მართავენ.
ინდიელები ბავშვებს უცნაურ სახელებს არქმევენ და ჩვილის დაბადების დღედ მიიჩნევა დღე, როცა ის პირველად გაიცინებს – ამ დღეს მამა ქუჩაში გადის, ბუნებას აკვირდება და ჩვილს სახელს ურჩევს: მოცეკვავე კოიოტი, ორი დათვი, ცელქი სიო და ა.შ.

ინდიელებს მეტად საინტერესო ფილოსოფია აქვთ. მათი ფრაზები სხარტი, ხალასი და აზრობრივად დატვირთულია:

„როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ ჩიტს მოკლავ და უკანასკნელ მდინარეს მოწამლავ, მიხვდები, რომ ფულის ჭამით ვერ გაძღები“.

“სიმართლის სათქმელად ბევრი სიტყვა საჭირო არაა“;

„ქორწინების პირველ წელს წყვილი ხვდება, ერთად ცხოვრებას შეძლებს თუ სხვა მეუღლე უნდა მოძებნოს. წყვილს ერთად ცხოვრება რომ ვაიძულოთ, ისეთივე ბრიყვები ვიქნებით, როგორიც თეთრი ადამიანია“;

“სიბრძნე თითოეულ ნივთშია თავმოყრილი. ოდესღაც სამყარო დიდი ბიბლიოთეკა იყო“;

“ყველაზე მეტს ის ლაპარაკობს, ვისაც სიტყვის თქმის უფლებაც კი არა აქვს“;

“უმჯობესია, მტერი ჩემზე ძლიერი და საშიში იყოს. მისი დამარცხების შემდეგ სირცხვილის გრძნობა არ შემაწუხებს“;

»დაბადებისას ტიროდი, სამყარო კი იცინოდა, ისე იცხოვრე, რომ სიკვდილის წინ შენ იცინოდე, სამყარო კი ტიროდეს“.

ექნება თუ არა მსგავსი ან უკეთესი ფილოსოფიური აზრები პერუსა და ბრაზილიის საზღვარზე ახლადაღმოჩენილ ტომს, რომელიც სულ რაღაც 150 ადამიანისგან შედგება, ჯუნგლებში მკვლევარების შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე განაცხადეს, რომ ტომის შესწავლის მიზნით ჯუნგლებში მკვლევარების შესვლა დაუშვებელია.

მათი აზრით, ამდენი ხნის განმავლობაში ცივილიზაციის მიღმა მცხოვრები ტომის წევრებს იმუნური სისტემა ტყის პირობებთან ექნებათ შეხამებული და „გარედან“ მისული ადამიანების მათთან მოხვედრა ტომის დაღუპვას გამოიწვევს.

[ლაშა ბერულავა]

წყარო : http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2962

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close