ქართული დამწერლობა


ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.
ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.

ასომთავრული
ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[9] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას “მრგლოვანიც ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.

ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს, რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯ ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:

რ. პატარაიძის აზრით კი, “ჯ” ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია.
ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

ნუსხური
ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. მე-12 საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული „სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.

ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა ნუსხურში ასოები ორ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:

მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულომოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული“ ასოები……..


ავტორი: აბუთიძე

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC