არქივი

პოლიტიკური კურიოზები და ცნობილ ადამიანთა ახირებები

c2cee681f311

პოლიტიკური ლაფსუსი მაშინ მოხდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი – ბილ კლინტონი იაპონიაში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერმა ინგლისური არ იცოდა, მაგრამ შეხვედრის პირველი წუთების დროს, თარჯიმნების გარეშე სათქმელი რამდენიმე მორიგე ფრაზა საგანგებოდ ასწავლეს. როგორც წესი, ასეთი ზრდილობიანი დიალოგი, დიპლომატიური ეტიკეტის მიხედვით ძალიან მოკლეა და ასეთი სახე აქვს:

მასპინძელი: – გამარჯობა, როგორ ბრძანდებით?

სტუმარი: – მშვენივრად, თქვენ?

მასპინძელი – მეც ასევე…

სწორედ ამ დიალოგისთვის საჭირო ინგლისურით დახვდა იაპონიის პრემიერი აშშ-ს პრეზიდენტს და როცა გაჩახჩახებულ დარბაზში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მასპინძელმა მაინც აურია და ბილ კლინტონს გაბადრულმა მიმართა, ოღონდ ასე:

– Hello! who are you? (გამარჯობა, ვინ ხართ თქვენ?)

კლინტონს წამიერად კი შეეცვალა სახე, მაგრამ სახიდან ღიმილი არ წაუშლია და ამერიკული იუმორი მოიშველია:

– I am Hillary Clinton`s husband!(მე ვარ ჰილარი კლინტონის ქმარი)

იაპონიის პრემიერმა კი ღიმილი უკანვე დაუბრუნა და თავის კანტურით მიუგო:

– Me to, me to!.. (მეც ასევე…)

ამერიკის პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონს სჯეროდა, რომ დედამიწა მრგვალი კი არა, ბრტყელია.

ამერიკის პრეზიდენტი ჯიმ კარტერი ძალიან სწრაფად კითხულობდა და წუთში 2 ათას სიტყვას ამბობდა.

ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი მარიხუანას თავის ბაღში ზრდიდა. ამ სისუსტეს ბილ კლინტონსაც სწამებდნენ.

ტანად პატარა ნაპოლეონ ბონაპარტი დაბადებიდანვე პაწაწინა იყო. ის სულ 1.200 გრამი დაიბადა.

ჯოაკინო როსინი ნაკიან წელს, 29 თებერვალს იყო დაბადებული. როცა ჰკითხავდნენ, რამდენი წლის ხარო, თავის წლოვანებას 4–ზე გაყოფდა და ისე პასუხობდა.

ლუდოვიკო მე–14, 1639 წელს დაიბადა და დაბადებისთანავე მას ორი კბილი ჰქონდა. ცნობილია, რომ მის სასახლეში მეფის საწოლთა რიცხვი 413 აღწევდა.

ანტონიო ვივალდი შვიდთვიანი და ძალიან მცირეწონიანი დაიბადა. რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა ჩვილის სიკვდილი დააფიქსირა. იგი კუბოში ჩააწვინეს და მცირერიცხოვანი პროცესიის თანხლებით სასაფლაოზე გადაასვენეს. ის იყო, საფლავში ჩაშვებული კუბოსთვის მიწა უნდა მიეყარათ, რომ იქედან ბავშვის ტირილი მოისმა.

გი დე მოპასანი მთელი ცხოვრება დედაზე იყო განაწყენებული, რადგან ერთხელ დედამ ნაყინის ჭამის უფლება არ მისცა. ნაყინი მაშინ სიახლეს წარმოადგენდა და ქალბატონმა მოპასანმა მიიჩნია, რომ თუ ბავშვი მას შეჭამდა, აუცილებლად მოკვდებოდა.

ისააკ ნიუტონი იმდენად პატარა დაიბადა, რომ ჩვილს ლუდის კათხაში აბანავებდნენ. ყველას ეგონა, რომ ჩვილი მალევე მოკვდებოდა, მაგრამ ნიუტონმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა, ყველა კბილი საღი ჰქონდა და უსათვალოდაც კითხულობდა.

სადამ ჰუსეინის უფროს ვაჟს, უდაის,რომელსაც საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული, ბაღდადის უნივერსიტეტმა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიანიჭა. „2016 წლისთვის ამერიკული ძლიერების დაცემა“ – ასე ერქვა მის სადისერტაციო ნაშრომს.

პირველი ადამიანი, ვინც მატარებელს ბორბლებში შეუვარდა, ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, უილიამ ჰასკინსონი იყო, მაგრამ ბრიტანეთის ისტორიაში უარესი მაგალითებიც არსებობს. ასე მაგალითად, პრემიერ–მინისტრი, ლორდ პალმერსონი ბილიარდის მაგიდაზე გარდაიცვალა… მოახლესთან სექსის დროს.

50–იანი წლების რუსეთის კულტურის მინისტრი, ალექსეი პოპოვი ყოველ სიტყვას გინებით ასრულებდა.

როდესაც 30–წლიანი წარმატებული მეფობის შემდეგ შვედეთის მეფე კარლ–იოჰან მე–14 გარდაიცვალა, მისმა პირადმა ექიმმა გვამზე ტატუ აღმოაჩინა წარწერით: „სიკვდილი მეფეებს!“. ეს ამბავი გახმაურდა და გაირკვა, რომ კარლი ოდესღაც ნაპოლეონის არმიის მარშალი ყოფილა, გვარად ბერნადოტი, რომელსაც მონარქია საშინლად სძულდა.

პრინცები უსაქმურობით არიან ცნობილი. ისინი ოფიციალურად არსად მუშაობენ. ერთერთმა ბრიტანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა განცხადება: „ვეძებ სამუშაოს, დამთავრებული მაქვს კემბრიჯის უნივერსიტეტი, ვიმოგზაურე უამრავ ქვეყანაში, მაქვს შესანიშნავი კავშირები, ვარ კარგი ორატორი და ლიდერის გამოკვეთილი თვისებებითაც გამოვირჩევი. ფლოტსა და ავიაციაში ვმსახურობდი, ვარ ქვრივი. მყავს ორი შვილი. ხელფასის ოდენობას მნიშვნელობა არა აქვს.“ – განცხადება უელსის პრინც ჩარლზს ეკუთვნოდა.

როდესაც ფრიდრიხ დიდმა ციხეების ინსპექტირება პირადად ჩაატარა, ყველა მსჯავრდებული იფიცებოდა, რომ უდანაშაულო იყო. მხოლოს ერთი გამოტყდა, რომ იქურდა. მეფემ მისი სასწრაფოდ გათავისუფლება ბრძანა, რათა „ციხეში შეკრებილ პატიოსან საზოგადოებაზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა“.

მადაგასკარის დედოფალი რანავალონი მკაცრად სჯიდა საკუთარ მოახლეებს, თუ ისინი მისი ნებართვის გარეშე დაესიზმრებოდა.

ცხენით სეირნობის დროს ესპანეთის დედოფალ ანას ცხენი მოულოდნელად დაფრთხა და ადგილს მოსწყდა. ორი ოფიცერი დაედევნა, წამოეწია, დედოფალი ერთერთის ცხენზე გადმოსვეს და სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შემდეგ, დედოფლისვე ნებით, ისინი სასწრაფოდ გააპარეს უცხო ქვეყანაში, რადგან ესპანეთში მათ დედოფლის შეხებისთვის სიკვდილით დასჯა ელოდათ.

სწორედ ასეთი კანონის არსებობის გამო დაიღუპა სიამის მეფე. ერთხელ მეფე მდინარეში ჩავიდა და იხრჩობოდა. წყალი ღრმა არ იყო, ირგვლივ უამრავი მსახური იდგა, მაგრამ არცერთმა არ ისურვა, მეფისთვის ხელი გაეწოდებინა – მისი შეხებისთვის სიკვდილით დასჯა არავის სურდა.

ალბათ, საინტერესო იქნება, თუკი ცნობილი ადამიანების ალკოჰოლთან დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ:

ვლადიმირ ლენინს მარტო ბავშვები კი არა, ლუდიც ძალიან ჰყვარებია, რომლის სმასაც უცხოეთში ყოფნისას დაეჩვია. მიუნხენურ ლუდს „ჰოფბროიჰაუსს“ ადიდებდა და ამბობდა, ყოველგვარ კლასობრივ განსხვავებას სპობსო. პროლეტარიატის ბელადი ლუდს დამარილებულ კალმახსა და ტბის ცქიმურას პატარა ნაჭერს აყოლებდა.

ხალხთა ბელადი სტალინი კი ქართულ ღვინოებს ამჯობინებდა. განსაკუთრებით უყვარდა „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“, უფრო ხშირად კი შინ დაწურულ ღვინოს სვამდა, რომელსაც ყვარლიდან უგზავნიდნენ. სახელგანთქმულ ნადიმებს სტალინი შამპანურით იწყებდა და ჩვეულებრივი ღვინით ამთავრებდა.

მაო ძე დუნი – ჭეშმარიტი ჩინელი, მხოლოდ ჩინური ბრინჯის არაყს, 58–გრადუსიან „მაოტაის“ სვამდა. სწორედ მან შეიტანა „მაოტაი“ დიპლომატიურ პროტოკოლში. მას შემდეგ ამ არაყს ჩინელები ნებისმიერი ოფიციალური მიღების დროს სვამენ.

ჩერჩილი შამპანურისა და კონიაკის მოყვარული იყო. ძალიან მოსწონდა სტალინის გამოგზავნილი სომხური კონიაკი, 50–გრადუსიანი „დვინი“ და ფრანგული შამპანური. სომხური კონიაკი მას თეირანის კონფერენციაზე სწორედ სტალინმა გაასინჯა პირველად და მას შემდეგ თვითონვე ამარაგებდა ამ სასმელით. ცნობილია ჩერჩილის ფრაზა, რომელსაც ის კონიაკზე ამბობდა: „კონიაკი ქალივით არის. მას კი არ უნდა მივარდე, არამედ დიდხანს უნდა ეფერო, გაათბო და ტუჩი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეახო“.

1798 წელს ნაპოლეონი სიკვდილისგან ბოტფორტის გახსნილმა ზონარმა იხსნა. ის შესაკვრელად დაიხარა, როცა მოწინააღმდეგეს ფრანგთა მხედართმთავარი მიზანში ჰყავდა ამოღებული და გაისროლა. ტყვიამ ნაპოლეონის ზურგსუკან მდგომი ერთ–ერთი ოფიცერი მოკლა.

ალექსანდრე მაკედონელი თავის დაბადებას სამფეხა სკამს უნდა უმადლოდეს. მაკედონიის დედოფალი ოლიმპიადა ალექსანდრეს ჩასახვამდე სხვა ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მაგრამ სამი თვის ორსულს შემთხვევით ფეხებში გაებლანდა სამფეხა სკამი, დაეცა და მუცელი მოეშალა. ეს შემთხვევა რომ არა, ალექსანდრე მაკედონელი ქვეყნიერებას არ მოევლინებოდა.

და ბოლოს: სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთი ვიდეოს შემდეგ, სადაც ელცინთან შეხვედრის დროს კლინტონი დიდხანს და უადგილოდ იცინის, აშშ-ს პრეზიდენტი ლამის ოფიციალურად დაადანაშაულეს მარიხუანას მოხმარებაში. ბევრი მიიჩნევდა – ამ შეხვედრაზე იმდენად სასცილო არაფერი მომხდარა, პრეზიდენტი რომ ჩაბჟირებულიყოო. ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა ამ ვიდეოს ერთი ანეკდოტიც მოაყოლა:

ამერიკის პრეზიდენტი ახალგაზრდების ჯგუფს შეხვდა და საუბარი შედგა. მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ მათი მოთხოვნის განხილვის დროს პრეზიდენტი დიდხანს და უადგილოდ იცინოდა, ბევრ წყალს სვამდა და მადიანად ჭამდა…

მართალია, კლინტონის უადგილოდ და დიდხანს სიცილის ვიდეო ქსელიდან თვითონ იმანვე წაშალა, ვინც ატვირთა, მაგრამ „პრესა.ჯი“ გთავაზობთ სხვა, თავის დროზე არანაკლებ სკანდალურ ვიდეოს, რომლის გავრცელების შემდეგ კლინტონზე წერდნენ, ამ მიღებაზე იმიტომ თვლემდა, რომ მარიხუანა ჰქონდა მოწეულიო…

წყარო:www.presa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button