საკითხავისასარგებლო

სიბერე

დიდხანს ვიფიქრე, რაზე შეიძლებოდა პოსტი დამეწერა. გუშინ ავტობუსში მოხუცი ცოლ-ქმარი ამოვიდა, რომლებიც ისე ესიყვარულებოდნენ და ეფერებოდნენ ერთმანეთს, როგორც ალბათ 30 წლის წინ. ორივეს დამჭკნარი ხელები და დაღარული სახე ჰქონდა, თუმცა თვალებში ისევ ენთო ახალგაზრდული ნაპერწკალი. და მეც გადავწყვიტე, სიბერეზე დამეწერა.

ლევ ტოლსტოი ამბობდა, რომ სიბერე სულ ორი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს… ეს ეტაპია, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. დაბადება – ბავშვობა – სიჭაბუკე – სიმწიფე – სიბერე – ეს ყოველი ადამიანის გასავლელი გზაა, რადგან სიბერე კანონზომიერი პროცესია, იგი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია, განუწყვეტელი ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი.

ყველა ჩვენგანს ეშინია სიბერის. ეშინია, მომატებული წლების, დაკარგული ხალისის, ჩამქარალი ახალგაზრდობის, გაფრენილი დროის… კიდევ ეშინია იმის, რომ ვეღარ გაუგებენ, არ ესმით მისი. არა, როგორ არ ესმით, მაგრამ ვერ გებულობენ. ეშინიათ სიმარტოვის, თუნდაც დიდ ოჯახში იცხოვრონ. სულიერ სიმარტოვეს ნებისმიერი მოხუცი განიცდის. როცა მასა და შვილებსა თუ შვილიშვილებს შორის უზარმაზარი და გადაულახავი კედელია აღმართული. როცა ისინი ერთ, მაგრამ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ. როცა ნებისმიერი საქციელი ახალგაზრდებში გაღიზიანებას და შემდეგ სიბრალულს იწვევს.

ეს ცხოვრებისეული სიბერეა…ანუ სიბერე განცდების დონეზე… თუმცა რა არის სიბერე სამედიცინო ენაზე?

25 წლისთვის ადამიანის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.

სიბერე ორგანიზმში უჯრედულ დონეზე იწყება, ფიზიოლოგიურად კი მოგვიანებით ვლინდება ორგანოთა სისტემების დონეზე.
ადამიანს ხანში შესულს 60-74 წლის ასაკში უწოდებენ, თუმცა ერთნაირი კალენდარული ასაკის ადამიანებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესის ინტენსივობის კვალობაზე შესაძლოა საკმაოდ განსხვავებული ბიოლოგიური ასაკი ჰქონდეთ.

თეორიულად ორგანიზმის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ ბიოლოგიური ასაკი ჩამორჩება კალენდარულს, ამბობენ, რომ ადამიანი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. როცა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს ემთხვევა, ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო როცა კალენდარული ასაკი ჩამორჩება ბიოლოგიურს, ეს ნაადრევი სიბერის ნიშანია.

ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია, რომლებიც დროთა განმავლობაში კარგავენ ფუნქციებს, იცვლიან ფორმას, ბერდებიან და კვდებიან. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელზეცაა დამოკიდებული უჯრედის დაბერება. ესენია გენეტიკა, ზრდის ჰორმონების დეფიციტი, ენერგეტიკული ცვლილებები ორგანიზმში და სხვა მრავალი. საბოლოო შედეგი კი ყველას ერთი აქვს – სიბერე და სიკვდილი.

სიბერისთვის დამახასიათებელი პროცესები ამა თუ იმ ხარისხით ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაში იჩენს თავს. სიბერე ყველაზე თვალნათლივ სხეულის გარეგან საფარველზე აისახება: მცირდება კანის ელასტიურობა, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, პაპილომები და მეჭეჭები. საოფლე ჯირკვლები ნაკლებ სეკრეტს გამოყოფენ, რის გამოც კანი შრება და იქერცლება. თმის ბოლქვებში მცირდება სისხლმომარაგება და იცვლება თმის პიგმენტაცია – თმას ჭაღარა ერევა.

გარდა ამისა, ირღვევა ადამიანის არსებობისთვის აუცილებელი სისტემების ფუნქციონირება. ასაკთან ერთად ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, ადვილად იღლება კუნთები, ირღვევა საჭმლის მონელების სისტემა, მცირდება სისხლ-ძარღვების ელასტიურობა, რაც იწვევს ინფარქტს და ინსლუტს. ასაკთან ერთად ქვეითდება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა – 75 წლისთვის ის მთელი ფილტვის 56%-ს უტოლდება. ასაკთან ერთად იღუპება ნეირონთა 75 პროცენტი. მცირდება როგორც თავის ტვინის, ისე მთელი ორგანიზმის ნერვული იმპულსებით მომარაგება.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიბერის შინაგანი, ანუ ორგანიზმის დონეზე არსებული მიზეზებია. თუმცა არსებობს სიბერის გარეგანი მიზეზებიც.

1. თამბაქოს წევა (დღეში 11-20 ღერი სიგარეტი);
2. ალკოჰოლური სასმელები (დღეში 100-200 მლ-ზე მეტი);
3. არარეგულარული კვება (1-2-ჯერ დღეში);
4. მშრალი საკვები (4-7-ჯერ კვირაში);
5. რაციონში ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი (დღეში 100 გ-ზე ნაკლები);
6. გაცხიმოვნება (I, II, III და IV ხარისხის);
7. ჭარბი შაქრის მიღება (დღეში 25 გრამზე მეტი);
8. შემწვარი, შებოლილი პროდუქტებისა და ყავის ხშირი მიღება (2-3 ჯერზე მეტად დღეში);
9. მედიკამენტების მუდმივი მიღება (2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);
10. ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებთან კონტაქტი (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);
11. ძლიერ ცივ ან ცხელ გარემოში მუშაობა (2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);
12. მძიმე ფიზიკური შრომა (3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);
13. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე სამსახური;
14. სტრესული სიტუაციები (2-5 წლის განმავლობაში);
15. წელიწადში 1-2-ჯერ ინფექციური და ქრონიკული პათოლოგიებით ავადობა.

დარწმუნებული ვარ, ყოველი ზემოთ თქმული ახალგაზრდა ადამიანისათვის ძნელად გადასატანი და გასათავისებელია. ყოველ ჩვენგანს უჭირს იმაზე ფიქრი, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაბერდება, სახე დაეღარება და თმა გაუთეთრდება. ხანდახან თავსაც კი ვარიდებთ ხოლმე ფიქრს და ვცდილობთ საერთოდ არ ვიფიქროთ ამაზე. თუმცა მოსახდენი აუცილებლად მოხდება, ადრე თუ გვიან…

ჰერმან ჰესემ სიბერეს ძალიან ლამაზი სიტყვები მიუძღვნა და მინდა პოსტში რამდენიმე ნაწყვეტი შემოგთავაზოთ. მაშ ასე, ჰერმან ჰესე წერდა:

“სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.
იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო სიკვდილი და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი, რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა, როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა, ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.
ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას.

ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და მითხრა: `სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა შევეგუოთ ჯოჯოხეთს~. ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით (ხუმრობის კილოთი). საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც ასი წლისაა.
როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი.”

ჰესეს სიტყვების შემდეგ ჩემი ყოველი ფრაზა აზრს კარგავს. ამიტომ, მინდა უბრალოდ ტკბილი და აზრიანი სიბერე გისურვოთ ყველას…

იმედია მოგეწონათ…

წყარო: www.mkurnali.ge
ჰერმან ჰესე – “სიბერე”
ჩემი მწირი გამოცდილება. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close