თბილისური მოდა
კომპიუტერთან დავჯექი (როცა საქმე არ მაქვს, ეს საუკეთესო გამოსავალია). ინტერნეტში ვნახე chic muse-ს ჩემი საყვარელი ბლოგი, სადაც პარიზის ქუჩის მოდაზე დაწერილი ძველი სტატია ამოვატივტივე, მიუხედავად იმისა, რომ fashion ჟურნალისტი არ ვარ და სამართლის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაინც გადავწყვიტე რამე დამეწერა “თბილისურ მოდაზე”…
მოდა – ეს ხელოვნების ის დარგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. გამოგიტყდებით და ეს სფერო მეც ძალიან მაინტერესებს.
საერთოდ, არსებობს თბილისში ქუჩის მოდა?! – საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია… და თან საკითხავია…
დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ადრე ერთ ბლოგზე ნანახი მქონდა თბილისის ქუჩის მოდის ფოტოები და ისიც გამახსენდა, რომ დიდად აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ.
საზღვარგარეთ არსებობენ ფოტოგრაფები, რომლებიც მუშაობენ სპეციალურად იმისთვის, რომ აღბეჭდონ ქუჩის მოდა, არსებობს ბლოგები სადაც ქვეყნდება გარეთ მოსიარულე ხალხის ჩაცმულობა. ბლოგების მიზანია აჩვენოს, რომ რიგით მოსახლეობაშიც არის შესაძლებელი იპოვო პიროვნება, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტილი, არ ბაძავს სხვას, ტანსაცმელში თავს გრძნობს მართლაც კომფორტულად და არა ისე, როგორც ჯოხი ტომარაში ან საკიდი იატაკზე …
თბილისის მოსახლეობამ იცის რაღაც ერთის ამოჩემება, ან ალბათ უფრო ერთმანეთის მიბაძვა, რადგან როგორ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყველამ ერთად ზოლიანი მაისურები ამოიჩემოს ან ყველას ერთ დღეს მოეწონოს რეიბანის სათვალე?! ყველამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძინოს შანელის ჩანთა (რა თქმა უნდა ჩინური) და ყველამ ერთად გამოიწეროს პარიზული ბენსიმონი?!
საერთოდ, ყოველ დღე მაოცებს თბილისის მოდა… ერთი მხრივ კარგია ის, რომ ვცდილობთ ფეხდაფეხ ავყვეთ დანარჩენი მსოფლიოს რიტმს და არ ჩამოვრჩეთ ევროპელებს (მხოლოდ ჩაცმის სტილს ვგულისხმობ და იმასაც ნაწილობრივ)… რასაკვირველია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ვთვლი, რომ “წინგადადგმული ნაბიჯია” ის, რომ პარიზში და ჩვენთან – შორეულ კავკასიაში, თითქმის ერთდროულად დაიკიდეს “შანელის” ჩანთები, ერთად ჩაიცვეს ბენსიმონები, ტყავის ქურთუკები და სხვა… მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც ვფიქრობ, გასათვალისწინებელია: საქმე ის არის, რომ ჩვენი მშობლიური თბილისი გაცილებით უფრო პატარა ქალაქია ვიდრე ვთქვათ – პარიზი და აქ ბევრად უფრო თვალშისაცემია “ერთნაირი ხალხი” უფრო სწორად, ერთნაირი სტილის ხალხი და “შანელის” ჩანთებს რას ვჩივი, ამ ზოლების გადამკიდე ხანდახან თავი პატიმრების გარემოცვაში მგონია.
ზემოთ ვწერდი თბილისის მოდა მაოცებს მეთქი და თუ რატომ – არ მითქვამს… არ ვიცი მარტო მე ვაკვირდები ამას თუ თქვენც შეგხვედრიათ ქუჩაში ბევრი “ნინი ბადურაშვილი”… ან პოსტერებზე გაკრული “შორენა ბეგაშვილი”… რომელიც ვგონებ მარიო ჩიმაროს შეყვარებულს უფრო გავს ვიდრე შორენას… მოკლედ, ცოტა ხნის წინ თბილისში ნინი ბადურაშვილობა იყო მოდაში (ნახევარ ქალაქს თმა მისნარად ქონდა დავარცხნილი) და ახლა შორენობამ იმატა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თბილისელი გოგოები იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ის რაც ბადურაშვილს უხდება მრგვალსახიან, დაბალ და ცოტა პუტკუნა გოგოსაც არ მოუხდება… ვერც ის ყველასათვის ცნობილი ქალბატონი (უზარმაზარი პოსტერებიდან რომ გადმოგვყურებს) ვერ ხვდება, რომ “შორენას სტილი” მისი არ არის…
მოდა ის კი არ არის, რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი.
ჩემი რჩევაა: ატარეთ აქსესუარები და მერწმუნეთ ჩაცმულობას სხვანაირ ელფერს შესძენთ. ერთი შეხედვით, მთლიანობაში სტილს უფრო აღიქვამ, ვიდრე მის დეტალებს, მაგრამ სწორედ აქსესუარებია სტილის შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი. ყურადღება გაამახვილეთ სახეზე, იარეთ მომღიმარი, ბედნიერი სახეებით და ნუ დაემსგავსებით ერთნაირ, გაყინულ, ქერა მოდელებს სხვადასხვა მაკიაჟით მოდური ჟურნალების ყდებიდან, ნურც შორენას გამომეტყველებას მიიღებთ, ხომ ხედავთ პოსტერზე გაკრული ქალბატონი სერიალის გმირს დაემსგავსა… თქვენც იგივე ბედი გელით…
ყველა ჩვენგანი ინდივიდია, ბევრს გვაქვს საკუთარი ხედვა, რა თქმა უნდა ყოველთვის არის მიბაძვა და იშვიათია რადიკალურად სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანები, მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა ვეცადოთ, ჩვენში ინდივიდუალიზმი ვიპოვოთ და ხელი შევუწყოთ მის გაღვივებას.
გახსოვდეთ, რომ მოდა თამაშივითაა სადაც წესები სეზონურად იცვლება და თუ გიყვარს მოდა, ვალდებული ხარ მას აუწყო ფეხი.
by: ბიჭი, რომელსაც უყვარს “Vogue”.
თენგო მორჩილაძე http://24saati.ge/
ფოტოების წყარო: http://styletbilisi.net და http://tiflisistyle.blogspot.com