გასართობისაკითხავი

საბჭოთა პარადოქსები

საბჭოთა ხელისუფლების მმართველობა სავსე გახლდათ პარადოქსებით, ამიტომაც გთავაზობთ პოსტს ,,საბჭოთა პარადოქსები”

1. მსჯავრდებული ლუკა ბოლქვაძე დახვრეტას ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაურჩა. გადაურჩა მხოლოდ დროებით… ბოლქვაძეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, უმკურნალეს და ჭრილობების მოშუშების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში, დახვრიტეს.

2. საარქივო სამმართველოში დაცულია საქმე, რომლის მიხედვითაც მეფუტკრეებს – ვლადიმერ რუდს, ანდრეი პედანსა და ალექსი ნაუმოვს ფუტკრების განზრახ გაწყვეტის ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ ეს ბრალდება ხელოვნურად შეთითხნილი გახლდათ: ვლადიმერ რუდი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მან ფუტკრებს გამოსაზამთრებლად 4,5 კგ. თაფლი დაუტოვა, რაც მართლაც ცოტაა, მაგრამ ამ ბრალდებით ადამიანის დახვრეტა ყოველგვარ საზღვარს სცდილდება. ანდრეი პედანს კი ორმოციდან ოცდარვა დედა ფუტკრის დაღუპვის გამო მიესაჯა დახვრეტა. არადა, ცნობილია, რომ დედა ფუტკრების შეცვლა და განაყოფიერების პროცესი საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადია. ეს ყოველივე გარემო ბებსა და ამინდზეა დამოკიდებული. ამიტომაც ორმოცი ფუტკრიდან ოცდარვა ფუტკრის დაღუპვაც კანონზომიერი მოვლენაა. ხოლო, რაც შეეხება, ალექსი ნაუმოვს, მანაც დანარჩენი მეფუტკრეების ბედი იმიტომ გაიზიარა, რომ ფუტკრებს დაავადება ნოზემატოზი შეეყარათ და გაწყდნენ. `ნოზემა~ ფუტკრის ნაწლავებში ცხოვრობს და ამ დაავადების საბოლოოდ აღმოფხვრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია დღესაც კი და, თქვენ წარმოიდგინეთ, 1937 წელს იმ საშუალებებით, რითაც ფუტკრებს მკურნალობდნენ, როგორ შესძლებდა მეფუტკრე ნაუმოვი დაავადების თავიდან აცილებასა და ფუტკრების გდარჩენას? თუმცა განაჩენი გამოიტანეს და მეფუტკრეებიც დახვრიტეს…

3. ამჯერად ჩვენი რუბრიკისთვის გთავაზობთ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1923 წლის 16 აპრილის სხდომის ოქმიდან ამონაწერს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უბრალო ადამიანების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების დეტალები, წეს- ჩვეულებები, მაღალი ეშელონების განხილვის და მსჯელობის საგანი ყოფილა. სამხრეთ ოსეთის საბჭოების საოლქო ყრილობის დადგენილების საფუძველზე ცეკამ დაამტკიცა პროექტი _ ,,ურვადის და ხსოვნის დღის” შესახებ. დადგენილების თანახმად, გაუქმდა გამოსასყიდი საპატარძლოსთვის ყველა ფორმით და სახით. პატარძლის კაბის საყიდლად საჭირო ხარჯები სანახევროდ ეკისრებოდა სიძეს. ქორწილის ხარჯებს საპატარძლოს ოჯახში პატარძლის ოჯახი გასწევდა, ხოლო სიძის ოჯახში – სიძის ოჯახი. სასიძოს ოჯახის მიერ საპატარძლოს ოჯახისადმი გაღებული ურვადი მთლიანად დაექვემდებარებოდა კონფისკაციას, საზოგადეობრივი საჭიროებისათვის. ასეთივე საზომით დაჯარიმდებოდნენ ურვადის მიმღებნი. ამავე დადგენილების თანახმად, ქელეხი, როგორც მავნე გადმონაშთი, უქმდებოდა ყველა სახით და ფორმით. დაკრძალვის დღეს მიცვალებულის ოჯახის წევრებს უფლება ეძლეოდათ, გაეწიათ შემდეგი ხარჯები: დაეკლათ არა უმეტეს ორი სული წვრილფეხა საქონლისა, დაელიათ სპირტიანი სასმელი არა უმეტეს 5 თუნგისა. სრულიად ეკრძალებოდათ ამ შემთხვევისთვის ლუდის მოხარშვა და ყურძნის ღვინის ყიდვა. ამ დღის გარდა, მიცვალებულის მოსახსენებელი სხვა დღეების აღნიშვნა იკრძალებოდა. აქვე აღნიშნულია, რომ წინამდებარე დადგენილების დამრღვევნი მიცემულნი იქნებოდნენ პასუხისგებაში, როგორც საბჭოების ყრილობის დებულებების დამრღვევნი.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close