არქივი

ვარშავის ცენტრში ნიკორწმინდის ზუსტი ასლი აშენდება…

bbb4b3098c40
ეს ინფორმაცია ამოვიკითხე ერთი წლის წინანდელი გაზეთის ნომრიდან და მომინდა იგი თქვენთვისაც მომეწოდებინა..

დღეისათვის ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციას არ ვფლობ მაგრამ შევეცდები კიდევ მოვიძიო მასალები…

პოლონელები წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას დიდ პატივს მიაგებენ 2008 წლის ზაფხულში ვარშავის ცენტრში საფუძველი ჩაეყრება წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობას (ეს ინფორმაცია “კვირის პალიტრას” ექსკლუზიურად მოაწოდეს). ამ მოვლენას უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს ისიც, რომ ვარშავის მთავარი არქიტექტორის გადაწყვეტილებით, პოლონეთის დედაქალაქში ნიკორწმინდის ზუსტი ასლი აშენდება. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარემ ილია ფერაძემ. იგი 2007 წლის დამლევს ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო ვარშავის უნივერსიტეტში გამართულ ტრადიციულ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც გრიგოლ ფერაძის ხსოვნას ეძღვნებოდა.

ილია ფერაძე: – უკვე გამოყოფილია ადგილი ვარშავის ცენტრში, სადაც ეკლესია უნდა აშენდეს. სავარაუდოდ, გაზაფხულზე საბოლოოდ გადაწყდება ეს საკითხი, მერე მიწის ნაკვეთს აკურთხებენ და მშენებლობა დაიწყება. ტაძარი პოლონელების სახსრებით აშენდება. ჩვენ ერთადერთი რამ გვთხოვეს, – იქნებ ზუსტად ისეთივე კარი დაამზადოთ, როგორიც ნიკორწმინდის ტაძარს აქვსო. ნიკორწმინდის კარი კაკლის ხისაა, უზადოდ მოჩუქურთმებული. ვიმედოვნებთ, ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას შევძლებთ.

ახალაგებული ეკლესიის კურთხევის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო ვარშავაში მოძღვარს გაგზავნის და წირვები ქართულ და პოლონურ ენებზე აღესრულება.

– ვის ეკუთვნის ვარშავაში ქართული ტაძრის აშენების იდეა?

– პოლონელ ხალხს, რომელიც უდიდეს პატივს სცემს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნას. როგორც იცით, ის გახლდათ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, შესანიშნავი მეცნიერი, იცოდა არაერთი უცხო ენა, სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ წყაროებს დედნით ეცნობოდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ მთელი სიცოცხლე სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვას მიუძღვნა. სამწუხაროდ, დაბრუნება არ ეღირსა.

1939 წელს, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ პოლონეთი დაიპყრო, ნაცისტებმა ყველა უცხოელს შესთავაზეს, თუ სიცოცხლის შენარჩუნება სურდათ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ვარშავა. უმრავლესობა ასეც მოიქცა, გრიგოლ ფერაძე კი დარჩა, დაჭრილებს უვლიდა, თავშესაფარში გადაჰყავდა, მიცვალებულებს წესს უგებდა. პოლონელებმა მას სიცოცხლეშივე წმინდა პროფესორი შეარქვეს.

გრიგოლ ფერაძის დაღუპვის შემდეგ პოლონეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით, რათა იგი წმინდანად შეერაცხათ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გრიგოლ ფერაძე წმინდანად შეირაცხა 1995 წელს. მანამდე კი პოლონეთში შეიქმნა გრიგოლ ფერაძის სახელობის მომლოცველთა საძმო, რომელიც ყოველ წელს მოგზაურობს საქართველოსა და იმ ადგილებში, სადაც წმინდა გრიგოლი მოღვაწეობდა. 2001 წლიდან კი ტარდება კონფერენციები, რომელიც გრიგოლ ფერაძის ხსოვნას ეძღვნება.

– კონფერენციაც პოლონელებმა დააარსეს?

– მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ვარშავის უნივერსიტეტში მოღვაწე შესანიშნავ ქართველს, აფხაზეთიდან დევნილ ორიენტალისტს დავით ყოლბაიასა და თეოლოგიის დოქტორს, პოლიგლოტსა და პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრს ჰენრიხ პაპროცკის. კონფერენცია ტარდება ყოველ 6 დეკემბერს, წმინდანის გარდაცვალების დღეს.

2007 წელს 65 წელი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან. გრიგოლ ფერაძე, საკონცენტრაციო ბანაკის დოკუმენტების საფუძველზე მოპოვებული ცნობით, 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე მოგუდეს გაზის კამერაში. ზუსტად ამ დროს მისი საძმოს წევრები, სასულიერო პირები და ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის კათედრის თანამშრომლები მემორიალურ დაფასთან იკრიბებიან, სადაც გრიგოლ ფერაძის გარდა, ჩამოთვლილია ყველა ის პროფესორი, ვინც მეორე მსოფლიო ომს შეეწირა. ანთებენ სანთლებს, გალობს მართლმადიდებლური ეკლესიის გუნდი.

გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხვაში უდიდესი წვლილი მიუძღვის პროფესორ ჰენრი პაპროცკის. პაპროცკიმ 80-იან წლებში, პარიზში დისერტაციაზე მუშაობისას, გაიცნო მამა ილია მელია, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი. ეს ეკლესია 1930 წელს გრიგოლ ფერაძემ დააარსა. მამა ილიამ პაპროცკის სთხოვა, დაინტერესებულიყო გრიგოლ ფერაძის ნაშრომებით და საზოგადოებისთვის გაეცნო ეს უდიდესი პიროვნება, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში უამრავი რამ მოასწრო და ბოლოს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაწირა თავი. პაპროცკიმ შეუსრულა თხოვნა ქართველ მოძღვარს და ბევრი რამ გააკეთა პოლონელთა საყვარელი პიროვნების სახელის პოპულარიზაციისათვის.

გრიგოლ ფერაძის სახელობის სამეცნიერო კონფერენციებს 2001 წლიდან დავით ყოლბაია თაოსნობს. ყოველწლიურად გამოდის ჟურნალი “პრო გეორგია”, რომელიც აქამდე მხოლოდ ქართველოლოგებისთვის იყო განკუთვნილი. ამჯერად მას კავკასიოლოგებიც ეცნობიან.

სხვათა შორის, ამ ჟურნალის მე-16 ნომერი იმ ქართველი ოფიცრების ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც იძულებული იყვნენ 1921 წელს ემიგრაციაში წასულიყვნენ. მაშინ ორასმა ქართველმა ოფიცერმა პოლონეთში ქართველთა კოლონია ჩამოაყალიბა. მოგვიანებით, ქართველი ოფიცრები თავგამოდებით იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი პოლონეთის გმირიც გახდა. გრიგოლ ფერაძე ამ ოფიცრების სულიერი მამა იყო. მაშინ წმინდა მარიამ მაგდალელის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირავდა, აღდგომასა და შობას ქართულად აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას. წელს, 6 დეკემბერს წმინდა იანის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა მისი სულის მოსახსენიებელი დიდი პარაკლისი. სწორედ იქ გავიცანით ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის, უგრეხელიძის ქალიშვილი, რომელმაც ლონდონიდან ჩამოიტანა ოჯახის რელიკვია, – სახარება, რომელიც გრიგოლ ფერაძეს მამამისისთვის უჩუქებია. ქალბატონმა წმინდა წიგნი ვარშავის უნივერსიტეტს გადასცა. ამან, ცოტა არ იყოს, უხერხული სიტუაცია შექმნა, – ღონისძიებას რომანოზ ფერაძე, გრიგოლ ფერაძის ძმისშვილი ესწრებოდა, ამიტომაც გადაწყდა, წიგნი დროებით რომანოზ ფერაძის ოჯახს გადასცემოდა.

– ალბათ, საქართველოშიც მიაგებენ პატივს გრიგოლ ფერაძის ხსოვნას…

– დავით ყოლბაიასა და ჰენრიხ პაპროცკისთან შეხვედრის დროს ითქვა, რომ წმინდანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ვარშავაში ჩატარდება მისი გარდაცვალების დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოში კი – დაბადების დღეს, 13 სექტემბერს. 2007 წლის სექტემბერშიც გვსურდა პოლონელების მოწვევა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შევძელით.

2009 წელს წმინდა გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 110-ე წელი სრულდება. ვიმედოვნებთ, ამჯერად ღირსეულად მივაგებთ მის ხსოვნას პატივს.

წყარო: კვირის პალიტრა, 02/02/08 …ეკა ლომიძე

მსგავსი ამბები

Back to top button