არქივი

ქართული ხალხური სიმებიანი საკრავები

c075e6f13fc8

ვისაც ხალხური საკრავები აინტერესებს.. განსაკუთრებით იმისთვის ვინც უკრავს, ვურჩევ აუცილებლად შეიჭყიტოს სრულიადში :)

ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.

ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4); დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9).

8f32096b50c0

ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა.

cf1dba69fc7a

ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში “კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა”, :) ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ.

895483ed80aa

ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა – ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით “იავნანა” სრულდებოდა “ბატონებიან” ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში.

835e3f36a4e5

მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება “ბატონების” კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით “ლხინი გატეხილი იყო”. გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.

როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი “გატეხდა ფანდურს”: ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე “გატყდებოდა ფანდური” სოფლელთათვის, ახლობლები კი “გვლოვას” განაგრძნობდნენ.

c075e6f13fc8
1) ჩონგური__ 2) ბანის ფანდური (ბასფანდური)__ 3)ფანდური (12 ლადიანი თანამედროვე)

ჭუნირი და ფანდური | ფანდური (არქივი) | სალამური და ფანდური

1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ “იმით ერთობოდნენ”. ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: “დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია”. : )) “გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო”. კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გული შაბურე ნისლითა,
მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა,
ჩემს საყვარელზე ფიქრითა,
შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.
იმით მიყვარხარ, ტიალო,
იმით ყურს გიგდებ გულითა

ვაჟა-ფშაველა

ესეც ჩემი პირველი პოსტი  :)

წყარო : Hangebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button