არქივი

პირანია

329598decbca

ყველაზე საშიში, “ეშმაკისკბილებიანი” თევზი მდინარე ამაზონში ბინადრობს. ევროპელებმა პირანიების შესახებ კონკისტადორებისგან შეიტყვეს. ოქროსა და თავგადასავლების მაძიებელმა გონსალო პისარომ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ შეჭამეს თევზებმა კანოედან წყალში გადავარდნილი ორი ინდიელი. ბუნებაში 30 სახეობის პირანია არსებობს, მაგრამ ყველაზე საშიში – წითელი და შავი შეფერილობისაა.

მათ რამდენიმე წუთში შეუძლიათ ხარისა და ადამიანის შეჭმა. თევზები განსაკუთრებულ საფრთხეს გვალვის დროს წარმოადგენენ და ამ დროს ერთმანეთის შეჭმაზეც არ ამბობენ უარს. მათ ალიგატორებიც კი უფრთხიან.

პირანიის მსხვერპლი ძირითადად, მეთევზეა, რომელიც მათზე ნადირობს – ამ თევზის ხორცი ბრაზილიაში დელიკატესად მიიჩნევა. პირანიებს სქელ მავთულზე წამოცმული ხორცით იჭერენ და თუ მეთევზეს მოკლე მავთული აქვს, შეიძლება, თითის გარეშეც დარჩეს. სხვათა შორის, მკვდარი თევზიც კი საშიშია – თითის შეხებისას, ის რეფლექსურად აღებს პირს. მას კბილები ისე აქვს განლაგებული, რომ ელვის მსგავსად იკეტება.

საშიშროების მიუხედავად, პირანიასაც ჰყავს მტერი – მდინარის დელფინი, კაიმანი და მსხვილი თევზები, მაგრამ მის შეჭმამდე, მოძალადე უნდა დარწმუნდეს, რომ თევზი ნამდვილად მკვდარია, რადგან მუცელში მოხვედრის შემდეგ, ცოცხალი პირანია ცირკულარული ხერხივით მოქმედებს და შეუძლია, თავდამსხმელი შიგნიდან გამოჭამოს.

პირანია “მდინარის სანიტრის” როლსაც ასრულებს, როგორც მგლები არიან “ტყის სანიტრები”. წვიმების სეზონის დროს მრავალი ცხოველი აღმოჩნდება ხოლმე წყლის ქვეშ და ეპიდემია რომ არ განვითარდეს, პირანიები მდინარეში მოხვედრილი მსხვერპლისგან მხოლოდ ძვლებს ტოვებენ. სხვათა შორის, გუარანის ტომის ინდიელები მიცვალებულებს აღარ მარხავენ – გვამს მდინარეში ტოვებენ, ხოლო როცა პირანიები მათ ხორცს შეჭამენ, დარჩენილი ძვლები სპეციალურ ქოხში მიაქვთ და ბუმბულებით რთავენ. ინდიელები პირანიის კბილებს მაკრატლის მაგივრად იყენებენ.

პირანიებზე უამრავი საშინელებათა ფილმია გადაღებული. ინდიელებს შორის კი მათზე ანეკდოტიც არსებობს, რომლის მოსმენისას, გულუბრყვილო ევროპელებს შიში ეუფლებოდათ: “მამაჩემს მტრები მოსდევდნენ, სველ მიწაზე ფეხი გაუცურდა და მდინარეში ჩავარდა. მართალია, მალევე ამოვიდა, მაგრამ სიცივემ შეაწუხა და როცა საკუთარ სხეულს დააკვირდა, გაოგნდა – მხოლოდ ძვლებიღა შერჩენოდა. მას შემდეგ, ცხოვრებაში ამაზე საშინელი არაფერი მოსვლია”.

წყარო: ჟურნალი გზა

მსგავსი ამბები

Back to top button