საკითხავისაქართველოსურათები

გაუსაძლის პირობებში


პოსტში აღწერილია 7 შვილიანი სიფრაშვილების ოჯახი რომელთაც ფონდმა ,,იავნანამ” 2 წლის წინ აჩუქა ავარიული სახლი :no: :(

სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში სიფრაშვილების 7 შვილიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ბავშვებს არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი, რის გამოც სკოლაში იშვიათად დადიან, ხშირად კი რამდენიმე დღის განმავლობაში მშივრები არიან. სახლი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს ფონდმა „იავნანამ“ გადასცა, ავარიულია. შენობის კედლები დაბზარულია, სახურავიდან წყალი ჩადის, ოთახებში იატაკი აყრილია. სიფრაშვილების მთელი ქონება 4 დანგრეული საწოლი, 1 მაგიდა, 2 მორყეული სკამი და შავ – თეთრი ტელევიზორია, რომელიც ოჯახს ერთ-ერთმა არასამთავრობომ აჩუქა.

„2 წლის წინ, სახლი რომ გადმოგვცეს, მაშინვე დაზიანებული იყო. ჩვენ ფონდ „იავნანას“ წარმომადგენლებს ვუთხარით, რომ ამ სახლში ცხოვრება საშიში იყო და იცით რა გვითხრეს? „თუ არ მოგწონთ, სადაც აქამდე იყავით, ისევ იქ გადადით და სახლი დაცალეთო. თეონას ვესაუბრებოდი ხოლმე ტელეფონით, გვარი არ მახსოვს. ხშირად ვურეკავდი, სახლი თავზე გვენგრევა და ყურადღება მოგვაქციეთ მეთქი, მაგრამ არავინ დაინტერესდა“, – გვითხრა მრავალშვილიანმა დედამ მაია სიფრაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ვერ დაუკავშირდა.

შვიდშვილიანი ოჯახი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ 220 ლარი თვიდან თვემდე მარტო პური რომ იყიდონ, იმაშიც კი არ ჰყოფნით.

„პური არც ახლა გვაქვს. კარტოფილი მეზობელმა მომცა და იმას ვხარშავ. მეზობელმა მომცა ცოტა ყურძნის წვენიც და თათარა გავაკეთე. დღეს მოხარშული კარტოფილი და თათარა უნდა ვჭამოთ. სარეცხის ფხვნილი 3 თვეა არ მიყიდია და მეზობლებმა რა ტანსაცმელიც გვაჩუქეს, დასარეცხი ყრია. ანაგაში ყველა მაღაზიაში ვალი მაქვს. ფეხსაცმელი არცერთ ბავშვს არ აქვს. არც საწოლი გვაქვს და არც ლოგინი. სიცივისგან ლამის გავიყინოთ“, – ამბობს მაია სიფრაშვილი.

ავთანდილ სიფრაშვილი, ბავშვების მამა: „შეშას ვერ ვყიდულობთ და ტოტებს ტყიდან ყოველდღე ზურგით ვეზიდები. ბევრის მოტანა არ შემიძლია და რაც მომაქვს, რამდენიმე საათი გვყოფნის. ნაგავზე მუყაოს ყუთებს, მანქანის საბურავებს ვაგროვებთ და იმას ვწვავთ. ბავშვები სულ გამურულები არიან, რეზინი რომ იწვის შავი კვამლი აქვს და ოთახში სუნთქვაც კი გვიჭირს“.

მძიმე პირობების მიუხედავად, მშობლები ბავშვების გაშვილობილების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის წინააღმდეგები არიან. „სცივათ, ფეხშველები დადიან. ღარიბი ვარ, მაგრამ ბავშვებს არავის მივცემ, არც ინტერნატში ჩავაბარებ. როცა რა მექნება, იმას ვაჭმევ. სამუშაო თუ იქნება, ვიმუშავებ და ბავშვებს პურს მაინც ვუყიდი“, – აღნიშნავს მაია სიფრაშვილი.

მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მრავალშვილიან ოჯახს არაფრით ეხმარება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რაიონში მცხოვრები 500-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის შეშით უზრუნველსაყოფად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 000 ლარი მიიღო. ამავე დროს, საახალწლოდ, მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ბიუჯეტიდან თანხა დახარჯა. გამგებლის განცხადებით, მათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნობათი გადასცეს.

„სიფრაშვილების ოჯახს რაც შეეხება, შეშა და ნობათი მათაც უნდა მიეღოთ. 40 ათასი ლარი რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით უზრუნველსაყოფად ჩაგვერიცხა, უკვე გაიხარჯა, მაგრამ თუ სიცივეში არიან, რამეს მოვუხერხებთ. მშივრები თუ არიან, კვების პროდუქტებსაც გადავცემთ. აქამდე რატომ ვერ მიიღეს გამგეობიდან დახმარება ვერ გეტყვით, მაგრამ თუ მართლა უჭირთ, მაქსიმალურად მივეხმარებით“, – განაცხადა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა.

ბავშვების ფოტოები ქვეყნდება მშობლების თხოვნით

წყარო : www.ick.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close