არქივი

warcraft – ბრძოლის ხელოვნება (თავი 5 )

6fb72e019d15

ცოტაც და მორჩება :D.

ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ნაწილი IV

ორკთა თვლემა
———
გავიდა თვეები. ტყვეთა ბანაკები გადაივსო და კავშირის მეთაურებმა ალტერაკის მთების სამხრეთით ახალი ბანაკების აშენება გადაწყვიტეს. ამან დამატებითი ხარჯები მოითხოვა და მეფე ტერენასმა ახალი გადასახადებით დაბეგრა ხალხი. შედგეად კი მოქალაქეთა უკმაყოფილება მიიღო.ნათელი იყო, რომ ახლოვდებოდა კავშირის დაშლის დღე.

ამ უთანხმოებათა და არეულობათა შორის ყურადღება ორკთა უჩვეულო ქცევამ მიიპყრო. ბანაკთა გუშაგები იტყობინებოდნენ, რომ ორკები უცნაურმა ნაღველმა შეიპყრო. ისინი თითქმის აღარ ცდილობდნენ გაქცევას და მთელი დღე უაზროდ დაბორიალობდნენ. დაუჯერებელი რამ ხდებოდა. ორკებმა, ყველა ერზე უფრო მებრძოლმა და მოუსვენარმა ერმა, რომელიც კი უხილავს აზეროტს, მთლიანად დაკარგეს მოქმედების სურვილი და უცნაურმა თვლემამ შიპყრო ურდოს ოდესღაც მრისხანე მეომრები. გაოცებული ადამიანები კი აგრძელებდნენ მათთვის თვალყურის დევნებას და მრავალი აზრი გამოითქვა იმის შესახებ, თუ რა დაემართათ ორკებს. ზოგიერთნი ამტკიცებდნენ, რომ საქმე რაღაც დაავადებაში იყო, რომელიც მხოლოდ ორკებზე მოქმედებდა. სხვა აზრი გამოთქვა ანტონიდასმა, დალარანის პირველმა ჯადოსანმა. მან შეისწავლა ორკების მატიანე და დაადგინა, რომ აზეროტში შემოჭრამდე, თავიანთ სამშობლოში, ურდოს მებრძოლები დემონთა მონობაში მოექცნენ და სწორედ ამით იყო განპირობებული მათი დაუოკებელი სისხლისმოყვარეობა და ბრძოლისაკენ ლტოლვა.

ანტონიდასის აზრით ორკების ნაღველი გამოწვეული იყო იმით, რომ მათზე აღარ მოქმედებდა გრძნეულთა ჯადოსნობა, რაც სასტიკ არსებებად აქცევდა მათ. მიზეზის დადგენის შემდეგ მრავალი სწავლული ეცადა ამ მდგომარეობის წამლის მოძებნას, მაგრამ უშედეგოდ. თავად ანტონიდასი იმ აზრისა იყო, რომ ორკების მკურნალობა სულიერების მიმართულებით უნდა მიმართულიყო.

ახალი ურდო
——–
ბანაკების გუშაგთა უფროსი, აედელას ბლექმური, თავის ტუსაღებს დურნჰოლდის ციხესიმაგრიდან ადევნებდა თვალს. მისი ყურადღება ერთი ორკისადმი იყო მიპყრობილი. მან იგი ცხრამეტი წლის წინათ, ჯერ კიდევ ბავშვი იპოვნა, მიტოვებული და უმწეო. ბლექმურმა იგი მსახურად აღზარდა და მზრუნველობას არ აკლებდა. სახელად ტრალი დაარქვა. ახალგაზრდა ორკი მისმა ბატონმა საბრძოლო ხელოვნებებში გაწვრთნა და განათლებაც მისცა. ცბიერი გუშაგს ტრალის სახით მძლავრი იარაღის მოპოვება ეწადა.

მკაცრი აღზრდის მიუხედავად, ტრალი ძლიერი და ენაწყლიანი პიროვნება დადგა. მას თავისუფლება სწყუროდა. სიმწიფის ასაკში შესულმა, თავისი ერის მატიანეც შეისწავლა. მას არცერთი ორკი არ ენახა, ვინაიდან მათი უმეტესობა ბანაკებში იყო დამწყვდეული. დადიოდა ხმები, რომ ორგრიმ დუმჰამერი, თავისუფალ ორკთა ბელადი, კვლავ ცოცხალი და თავისუფალი იყო. მხოლოდ ერთი ყაჩაღური კლანი მოქმედებდა საიდუმლოდ, რათა თავი აერიდებინა მოკავშირეთა ფხიზელი თვალისთვის.

ჯერაც გამოუცდელმა ტრალმა გადაწყვიტა გაქცეულიყო ბლექმურის ციხესიმაგრიდან და თავისი მსგავსნი ეპოვნა. ეს გადაწყვეტილება მან სისრულეში მოიყვანა და მოგზაურობის დროს ტყვეთა ბანაკებიც მოინახულა, სადაც თანამოძმენი უცნაურ გარინდებაში ჰპოვა. ტრალი ელოდა რომ მძლე მეომრებს ნახავდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. მან გადაწყვიტა მოეძებნა გრომ ჰელსქრიმი, უკანასკნელი ბელადი, რომელიც განაგრძობდა ბრძოლას.

მუდმივად დევნილი გრომი კვლავ ურდოს საბრძოლო შემართებით იყო აღვსილი. საბრძოლო სიმღერის კლანიც ერთგულად ედგა მას მხარში. ეს ორკები კვლავაც განაგრძობდნენ ყოველი მხრიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. სამწუხაროდ, გრომმა ვერ მიაგნო ვერანაირ საშუალებას თავისი თანამოძმეების გამოსაფხიზლებლად, რომლებიც ტყვეთა ბანაკებში იყვნენ მოქცეულნი. მეოცნებე ტრალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰელსქრიმის დიდბუნებოვნებამ და იგი ურდოს ადათწესების დამცველი გახდა.

თავისი წარმომავლობის საიდუმლოს ამოსახსნელად ტრალი ლეგენდების ბურუსით მოცული ყინულის მგლების კლანის მისაძებნად გაემართა. მან გაიგო რომ გულ’დანმა განდევნა ისინი პირველი ომის დასაწყისში. მან ისიც გაიგო, რომ მამამისი სწორედ ამ კლანის სახელოვანი ბელადი, დუროტანი გახლდათ, თითქმის ოცი წლის წინათ ვერაგულად მოკლული გმირი.

პატივცემული შამანის, დრეკ’ტარის ხელმძღვანელობით, ტრალმა თავისი ხალხის ძველი შამანური ხელოვნება და ყოფა შეისწავლა, რომელიც სხვა ორკებს დავიწყებული ჰქონდათ გულ’დანის ბოროტი მმართველობის გამო. მალე ტრალი ძლიერი შამანი გახდა და თავისი კანონიერი ადგილი დაიკავა ყინულის მგლების ბელადთა შორის. თავისი ბედისწერის ძებნაში, ტრალმა გადაწყვიტა დაეხსნა თანამოძმეები ტყვეობიდან და ბოლო მოეღო დემონთა ბატონობისთვის ორკების ერზე.

ტრალმა თავისი მოგზაურობის დროს მხცოვანი ბელადი, ორგრიმ დუმჰამერიც იპოვნა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში განდეგილობაში ცხოვრობდა. იგი სიხარულით გაჰყვა ძველი მეგობრის მეოცნებე შვილს რათა დახმარებოდა მას. ძველ და გამოცდილ ბელადთა მხარდაჭერით ტრალმა საბოლოოდ დაასრულა ურდოს აღდგენა და თავის ხალხს ახალი სულიერი სახე მისცა.

თავისი ერის ხელახალი აღორძინების ნიშნად, ტრალმა ალყა შემოარტყა დრუნჰოლდს და ბოლო მოუღო თავისი ყოფილი ბატონის გეგმებს ორკების პატიმრობის შესახებ. მაგრამ ამ გამარჯვებამ სიმწრის გარეშე მაინც არ ჩაიარა. ერთერთი ბანაკის განთავისუფლების დროს, ორგრიმ დუმჰამერი ბრძოლაში დაეცა.

ტრალმა დაღუპული გმირის საბრძოლო ურო და ჯავშანი აიღო და ურდოს ახალი მეთაური გახდა. შემდგომი თვეების მანძილზე ტრალის მცირე, მაგრამ მოუხელთებელი ლაშქარი დიდ თავსატეხად იქცა კავშირისათვის. თავისი თანამებრძოლის, გრომ ჰელსქრიმის თანადგომით, ტრალი თავდადებით იბრძოდა, რათა ორკები აღარასოდეს აღმოჩენილიყვნენ მონობაში.

ობობების ომი
————–
სანამ ტრალი თავის თანამოძმეებს ათავისუფლებდა, ჩრდილოეთში ნერ’ზული თავისი სამეფოს გაფართოებით იყო დაკავებული. მისი სამყოფელი უზარმაზარ ციხესიმაგრედ გადაიქცა, რომელიც სიკვდილის ლეგიონებით იყო სავსე. ამ დროის განმავლობაში, როდესაც მიწის ზემოთ ნერ’ზულის ძალაუფლება განუხრელად მატულობდა, ერთმა მიწისქვეშა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაბედა. ეს იყო აჟოლ-ნერუბი, ადამიანისმაგვარ ობობათა სამეფო. მათ თავიანთი საუკეთესო მეომრები გაგზავნეს ყინულის გვირგვინის წინააღმდეგ, რათა ბოლო მოღებოდა ნერ’ზულის გეგმებს ბატონობის შესახებ. ეს უკანასკნელი გაკვირვებული დარჩა, როდესაც ნახა, რომ ნერუბელები უწყლვადნი იყვნენ როგორც მისი ჟამისადმი, ისე მისი გონების ძალის მიმართაც.

აჟოლ-ნერუბის მმართველნი მრავალრიცხოვან არმიებს მეთაურობდნენ, მათი სამფლობელო კი ნორთრენდის მიწისქვეშეთის თითქმის ნახევარზე იყო გადაჭიმული. ნერუბელებმა ბევრი უსიამოვნება მიაყენეს ნერ’ზულს და ბევრჯერ შეარყიეს მისი გეგმები ძირისძირობამდე. თუმცა, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ, რადგან დაუსრულებელმა ომმა მათი ძალები ამოშრიტა და ბოლოს აღარავინ დარჩა ვინც წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა. მაშინ კი დრედლორდები შეიჭრნენ აჟოლ-ნერუბში, მისი ტაძრების თაღები ჩამოაქციეს და ობობათა ბატონები ნანგრევებში ჩამარხეს.

გამარჯვების შემდეგ, ნერ’ზულმა აღმოაჩინა, რომ მკვდარი ნერუბელები, ცოცხლებისაგან განსხვავებით მის ძალას ემორჩილებოდნენ. მან თავისი ჟამის სული ჩაჰბერა დაღუპულ ადამიან-ობობებს და ურჩხებად აქცია ისინი, ხოლო მათი ბრძოლის წესები კი თავისი ლაშქრისათვის გამოიყენა. ამრიგად, ჩრდილოეთში აღარავინ დარჩა მისი წინააღმდეგი და ნერ’ზულმაც სამხრეთის ადამიანთა მიწებზე დაიწყო ფიქრი. მკვდრების მბრძანებელმა მოუხმო ყველა ბნელ სულს, რომელიც ყურადღებას მიაპყრობდა მის ძახილს

კელ’ტუზადი და სასჯელის დასაწყისი
———————-
მრავალთა შორის, რომლებსაც უცნაური ძახილი ესმოდათ, იყო დალარანელი ჯადოქარი კელ’ტუზადიც, კირინ ტორის პატივცემული წევრი. იგი დიდი ხნის მანძილზე მარტო დაეხეტებოდა ბნელი ჯადოსნობის შესწავლის მიზნით. ნანახმა და გამოცდილმა იგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ კირინ ტორი მეტისმეტად სუსტი იყო, რათა ჩაწვდომოდა და გამოეყენებინა დიდი ძლიერება, რაც ბნელ ჯადოსნობას მოჰქონდა. და ახლა კელ’ტუზადი მთელ თავის ძალას ახმარდა ჩრდილოეთიდან მოსულ მძლავრ ძახილთან ურთიერთობას. მან უარი თქვა თავის მაღალ მდგომარეობაზე და სამუდამოდ დატოვა დალარანი. მკვდრების მბრძანებლის ხმის მიყოლით, დიდი ხნის მოგზაურობისა და მრავალი სირთულის გადატანის შემდგომ, მან აჟოლ-ნერუბის ნანგრევებამდე მიაღწია, აქედან კი მყინვარის ტახტისაკენ წავიდა. აჟოლ-ნერუბის გადაბუგული სანახების ხილვამ იგი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მკვდრების მბრძანებლისადმი მორჩილება ბრძნული გადაწყვეტილება იყო.

მრავალი თვის მოგზაურობის შემდეგ, მან მყინვარის ტახტამდე მიაღწია და გაოცებული დარჩა, როდესაც ურჩხმა მცველებმა იგი დაუბრკოლებლად გაატარეს ნერ’ზულის სამყოფელისაკენ. კელ’ტუზადი ყინულის უფსკრულში დაეშვა და იქ, აჩრდილთა მარადიულ სამეფოში, პირქვე დაემხო ნერ’ზულის წინაშე და თავისი სამსახური და სული შესთავაზა სიკვდილის შავბნელ ბატონს.

ნერ’ზული გახარებული დარჩა ახალი მსახურის მატებით. იგი ერთგულების სანაცვლოდ კელ’ტუზადს უკვდავებასა და უსაზღვრო ძლიერებას დაჰპირდა. კელ’ტუზადმა თავისი პირველი დავალება მიიღო, ადამიანთა ქვეყნებში დაბრუნება და ახალი რწმენის ქადაგება, რომელიც უმაღლეს ღვთაებად ნერ’ზულს გამოაცხადებდა.

რათა არ გაერთულებინა მიზნისაკენ მიმავალი გზა, ნერ’ზულმა თავის ახალ მსახურს ადამიანის იერსახე შეუნარჩუნა. მან მისცა ძალა ასაკოვან ჯადოქარს, რათა დაერწმუნებინა და აეყოლიებინა ლორდაერონის დაჩაგრული და უუფლებო ხალხი. ერთხელ ყურადღების მიპყრობის შემდგომ კი მას უნდა ეჩვენებინა მათთვის ხილვები და ზმანებანი ახალი ცხოვრებისა.

კელ’ტუზადი ლორდაერონში დაბრუნდა. მან ახალი და საიდუმლო საძმოს ჩამოყალიბება დაიწყო, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ მის მიმდევრები. ეს საზოგადოება, რომელსაც წყეულთა კულტი ეწოდა, მიმდევრებს ნერ’ზულისადმი თაყვანისცემის შემთხვევაში თანასწორუფლებიანობასა და საუკუნო სიცოცხლეს ჰპირდებოდა. კელ’ტუზადმა მოკლე ხანში მრავალი ადამიანის მიმხრობა მოახერხა. მოქალაქეთა გადაბირება სინათლისაგან სიბნელისკენ საოცრად ადვილი აღმოჩნდა. წყეულთა კულტის ზრდასთან ერთად კელ’ტუზადმა დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ მისი მონაწილეობა ამ ამბებში საიდუმლოდ დარჩენილიყო ლორდაერონის მესვეურთათვის.

თავის მსახურთა წარმატებებთან ერთად ნერ’ზულმა საბოლოოდ გაასრულა მომზადება ლორდაერონში შეჭრისათვის. მან შექმნა საგანგებო, ჟამის ქვაბებად წოდებული სათავსები, რომლებშიც ჩადო საკუთარი ძალის ნაწილი და ჟამის კერებად აქცია ისინი. ეს ქვაბები მისი ბრძანებით კელ’ტუზადმა ლორდაერონში გადაიტანა და იმ სოფლებში დამალა, რომლებიც მთლიანად იყო მოცული წყეულთა კულტის მიერ. აქედან ჟამმა გავრცელება დაიწყო და მალე მთელს ჩრდილოეთ ლორდაერონს მოედო.

მკვდრების მბრძანებლის გეგმა უნაკლოდ მუშაობდა. ჩრდილოეთის მრავალი სოფელი ძალიან მალე დასნებოვნდა. ისევე როგორც ნორთრენდში, ადამიანები, რომელთაც ჟამი შეეხებოდა, კვდებოდნენ და შემდგედ მოარულ გვამებად, მკვდრების ბატონის მსახურ ურჩხებად იქცეოდნენ. კულტის მიმდევრები ზეიმობდნენ, რადგან ურჩხად ქცეულნი უკვდავებას ელოდნენ. ჟამის გავრცელებასთან ერთად, მთელი ჩრდილოეთი ურჩხების ურდოებით აივსო. კელ’ტუზადი უცქერდა მკვდრების მბრძანებლის ლაშქარს და მას სასჯელი უწოდა, რადგან სწორედ ამ ლაშქარს უნდა დაელეწა ლორდაერონი და აღეგავა კაცობრიობა პირისაგან მიწისა.

კავშირის დაშლა
———-
ლორდაერონის ხალხებს შორის კი ამ დროს მრავალი უთანხმოება იყო ჩამოწოლილი. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ სიკვდილის არმიის შესახებ და წვრილმან კინკლაობას იყვნენ გადაყოლილი მიწებისა და სხვა მიზეზების გამო. ტერენას მეფე მიხვდა, რომ უბედურების ჟამს შეკრულ კავშირს დიდი დღე აღარ ეწერა. მან დაარწმუნა ლორდაერონის მმართველები რათა გაეღოთ სახსრები სამხრეთის სამეფოს, სტორმვინდის აღდგენისათვის, რომელიც ორკების შემოსევამ დაანგრია. შედეგად დაწესებულმა მაღალმა გადასახადებმა და ორკთა ბანაკებისთვის საჭირო დიდმა ხარჯებმა საბოლოოდ დაარწმუნა მრავალი მმართველი და განსაკუთრებით გილნეასის მეფე გენ გრეიმეინი, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ ისინი თავად განკარგავდნენ საკუთარ ბედს.

ყველაფერ ამას დაერთო ისიც, რომ მაღალმა ელფებმა უხეშად დაარღვიეს დიდი ხნის წინათ დადებული შეთანხმება ადამიანებთან. მიზეზად ის მოიყვანეს, რომ ადამიანთა უნიჭო წინამძღოლობის გამო, მათმა ტყეებმა გამოუსწორებელი ზიანი მიიღეს მეორე ომში. ტერენასმა დაიოკა ბრაზი და მშვიდად მოაგონა მათ, რომ ასი სტორმვინდელი მაგიკოსის თავგანწირული დახმარების გარეშე ქველ’ტალასი დიდი ხნის წინათ დაინგრეოდა ტროლების შეტევების ქვეშ. მაგრამ ელფებმა არაფრად ჩააგდეს მეფის შენათვალი და კავშირი დატოვეს. მათ თავისი გზით სვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ქველ’ტალასს მალე გილნეასი და სტორმგარდი მიჰყვნენ.

კავშირის დაშლის მიუხედავად, მეფე ტერენასს მაინც შემორჩა მოკავშირეები, რომელთა იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა ძნელბედობის დროს. კულ ტირასის ადმირალი პრაუდმური და აზეროტის მეფე ვარიან ურაინი კავშირის ერთგულნი დარჩნენ. ტერენასის დასაყრდენი იყვნენ კირინ ტორის ჯადოქრებიც ანტონიდასის წინამძღოლობით. იმედის მომცემი იყო აგრეთვე მძლე დვორფთა მეფის, მაგნი ბროუნზბიარდის სიტყვა, რომ აირონფორჯის მცხოვრებნი არასოდეს დაივიწყებდნენ კავშირის დახმარებას ორკებისგან ხაზ მოდანის განთავისუფლების საქმეში.

თავი 5: ცეცხლოვანი ლეგიონის დაბრუნება
******************************

ლორდაერონის სასჯელი
(WarCraft 3: Reign Of Chaos)
—————————-
მრავალი თვის სამზადისის შემდეგ კელ’ტუზადი და მისი წყეულთა კულტი საბოლოოდ შეუდგნენ თავიანთი გეგმის სისრულეში მოყვანას, რომელსაც ლორდაერონში სიკვდილის ჟამის გაბატონება უნდა მოჰყოლოდა და პირველი დარტყმა განახორციელეს. უთერი და სხვა მისი თანამებრძოლი პალადინები ცდილობდნენ ეპოვნათ საშუალება ამ უბედურების წინააღმდეგ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჟამი აგრძელებდა თავის შეუჩერებელ წინსვლას და კავშირის მსხვრევას.

როდესაც ურჩხები მთელს ლორდაერონს მოედვნენ, მათთან ბრძოლას სათავეში ტერენასის ერთადერთი ვაჟი, არტასი ჩაუდგა. მან მოახერხა კელ’ტუზადის მოკვლა, მაგრამ ურჩხების რიცხვი განუხრელად იზრდებოდა ყოველი მორიგი ლორდაერონელის სიკვდილთან ერთად. ბოლოს და ბოლოს, მოწინააღმდეგის გაუტეხავობით მოთმინებიდან გამოსულმა არტასმა ისეთი საშინელი სისასტიკით დაიწყო მოქმედება, რომ თვით მისი თანამებრძოლებიც კი შეძრწუნდნენ და ურჩევდნენ არ დაეკარგა ადამიანის სახე ამ ბრძოლაში. თავად მას კი შიში არ ტოვებდა და ცდილობდა გაემართლებინა თავისი სიმკაცრე. მან გზა გაიკვალა ჩრდილოეთში, ჟამის სათავეებისაკენ, რათა ერთხელ და საბოლოოდ დაესვა წერტილი ომისათვის, მაგრამ იქ იგი მკვდრების მბრძანებლის საზარელი სულის ნადავლად იქცა. დარწმუნებულმა, რომ ეს მის ხალხს გადაარჩენდა, არტასმა დიდი მსხვერპლის ფასად მოიპოვა დაწყევლილი ხმალი, ფროსტმორნი. ამ იარაღმა მას დიდი ძლიერება მიანიჭა და ამავე დროს მისი სულიც შეცვალა. ამიერიდან იგი აღარ იყო ადამიანი, იგი სიკვდილის რაინდად და ნერ’ზულის მსახურად გადაიქცა. არტასისი სულის სიწმინდე დაიმსხვრა და იგი თავად გაუძღვა სასჯელს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. საბოლოოდ არტასმა საკუთარი ხელით განგმირა ტერენასი, თავისი მშობელი და ლორდაერონი მკვდრების მბრძანებლის რკინის უღელქვეშ მოაქცია.

მზის ჭა – ქველ’ტალასის დაცემა
—————-
მიუხედავად თავისი ყველა მტრის განადგურებისა, არტასს მოქმედება არ შეუწყვეტია. ამჯერად იგი მოკლული კელ’ტუზადის სულის მითითებებით ამოქმედდა, რომელმაც ამცნო, რომ საჭირო იყო მისი აღდგენა, რათა შედგომოდნენ ნერ’ზულის გეგმის მეორე ნაწილის განხორციელებას. ამისათვის კი კელ’ტუზადის ნეშტი მზის ჭასთან, მაღალ ელფთა მარადიულ სამეფო ქველ’ტალასში უნდა მიეტანათ.

არტასმა და მისმა ლაშქარმა დაუყოვნებლივ შეუტიეს ელფებს და მათი დედაქალაქი ალყაში მოაქციეს. ელფებისა და მათი წინამძღოლის, სილვანას ვინდრანერის გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ურჩხებმა მათი რაზმები გაანადგურეს და მზის ჭამდე მიაღწიეს. აქ თავისი წარმატებით მთვრალმა არტასმა სილვანასის მკვდარი სხეული გააცოცხლა და სამუდამო უსიკვდილობისათვის განწირულ ქაჯად აქცია იგი. ამიერიდან დამპყრობლის მონობა იყო მისი ხვედრი.

საბოლოოდ არტასმა კელ’ტუზადის ნეშტი მზის ჭის წმინდა წ***ბში ჩაუშვა. თავად წმინდა ადგილი წაიბილწა, ხოლო კელ’ტუზადი კი მრავლისშემძლე ჯადოსანი გვამის სახით მოევლინა ქვეყანას. მან არტასს ნერ’ზულის გეგმის შემდგემო ნაწილი გაუმხილა.

არტასისა და სიკვდილის ლაშქრის წასვლის შემდგომ, ამ მხარეში ერთი ელფიც კი არ გადარჩენილა ცოცხალი. მაღალ ელფთა სახელოვანი ქვეყანა, ცხრაათასწლოვანი ქველ’ტალასი, აღარ არსებობდა.

არქიმონდის დაბრუნება და ბრძოლა კალიმდორისათვის
———————————–
კელ’ტუზადის აღდგომის შემდგომ, არტასმა სამხრეთს მიაშურა და დალარანს შეუტია. აქ კელ’ტუზადს სურდა ხელში ჩაეგდო მედივჰის ცნობილი შელოცვების წიგნი, რათა მისი მეშვეობით გამოეძახებინა არქიმონდი და დაებრუნებინა იგი აზეროტში. ხოლო ამის შემდეგ არქიმონდს უნდა დაეწყო ლეგიონის მეორე შემოსევა.

თვით კირინ ტორის ჯადოქრებმაც კი ვერ შეძლეს არტასის შეჩერება ამ ლაშქრობისას. მედივჰის წიგნი კელ’ტუზადის ხელში აღმოჩნდა. და აი, ათი ათასი წლის შემდეგ, დიადი დემონი არქიმონდი კვლავ აზეროტის მიწაზე იდგა. მაგრამ დალარანი მთავარი სამიზნე არ გახლდათ, ამიტომ, კილ’ჯაედენის ბრძანების შესაბამისად, არქიმონდი და მისი დემონები ურჩხების ურდოებს კალიმდორისაკენ გაუძღვნენ, რათა მოესპოთ ნორდრასილი, სიცოცხლის ხე.

მოვლენათა ამ ორომტრიალში, მოკვდავი ერების მიწებზე, მათ წინამძღოლად იდუმალი წინასწარმეტყველი გამოჩნდა. იგი სხვა არავინ იყო, თუ არა თავად მედივჰი, უკანასკნელი მცველი ტირისფალისა, რომელიც სასწაულებრივად დაბრუნდა აზეროტში თავისი წარსული ცოდვების გამოსასყიდად. მან ამცნო ურდოსაც და მოკავშირეებსაც საშინელი საფრთხის შესახებ, რომელიც მთელს აზეროტს ემუქრებოდა და გაერთიანებისაკენ მოუწოდა მათ. თაობების მანძილზე ჩამოწოლილი მტრობის დაძლევა ძნელი აღმოჩნდა, ამიტომ მედივჰმა მათ ცალცალკე მიმართა და წინასწარმეტყველებებისა და ჯადოსნობის გამოყენებით ზღვის გაღმა, კალიმდორში გაიყოლა ისინი. ასე აღმოაჩინეს ორკებმა და ადამიანებმა კალდორეის იდუმალი ხალხი და მათი ქვეყანა.

ორკებმა, რომლებიც ტრალის წინამძღოლობით მიდიოდნენ, მართალია გზაზე რამდენიმე წარუმატებლობა განიცადეს, სამაგიეროდ მძლე ტაურენებსა და მათ ბელადს, კეირნ ბლადჰუფს დაუმეგობრდნენ. თუმცა აქ ორკებში კვლავ იჩინა თავი დემონთა სისხლის წყევლამ. ტრალის უახლოესი თანაშემწე, გრომ ჰელსქრიმი საერთოდ ურდოს განუდგა, რადგან ძლიერი იყო მასში საწამლავი. იგი და მისი საბრძოლო სიმღერის კლანი ეშენვეილის ტყეებში ღამის ელფთა გუშაგებს შეეჯახნენ. მათ წინააღმდეგ თავად სენარიუსი გამოვიდა, რადგან იგი ეჭვობდა, რომ ორკები კვლავ თავიანთი ბრძოლის ჟინის მორჩილნი ხდებოდნენ. სასტიკ ბრძოლაში დემონური მრისხანებით შეპყრობილმა ორკებმა სენარიუსიც მოკლეს და ძველი ტყეებიც შებილწეს. საბოლოოდ ჰელსქრიმმა მაინც გამოისყიდა თავისი დანაშაული და აღიდგინა ღირსება. სწორედ მისი დახმარებით მოახერხა ტრალმა მანოროტის მოკვლა, დემონისა, რომლის სისხლითაც იყვნენ მოწამლული ორკების თაობები. მანოროტის სიკვდილმა წერტილი დაუსვა ორკების სისხლიერ წყევლას და საბოლოოდ გაანთავისუფლა ისინი დემონთა მონობისაგან.

სანამ მედივჰი ცდილობდა ორკებისა და ადამიანების დაკავშირებას, ღამის ელფები თავიანთი ძალებით ებრძოდნენ ლეგიონს. ტაირანდა ვისპერვინდი, ელფების უმაღლესი ქურუმი, თავგანწირვით იბრძოდა დემონთა შესაჩერებლად და ეშენვეილის გადასარჩენად. იგი ხვდებოდა, რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა მტერს, ამიტომ დიდი ხნის წინათ მიძინებული დრუიდები გააღვიძა. თავის ძველ სატრფოსთან, მალფურიონ სტორმრეიჯთან ერთად ტაირანდამ მოაწესრიგა დაცვის ზღუდეები და უკუაქცია ლეგიონი. მალფურიონის წყალობით ბინება თავად აღსდგა ლეგიონისა და მისი ურჩხი მოკავშირეების წინააღმდეგ.

სხვა მთვლემარე დრუიდთა ძებნისას, სტორმრეიჯმა იპოვნა საპყრობილე, სადაც ილიდანი იყო დამწყვდეული. ტაირანდას აზრით, ილიდანს დახმარების გაწევა შეეძლო მათთვის და გაანთავისუფლა იგი. უმცროსი სტორმრეიჯი მათი მოკავშირე გახდა, მაგრამ მისი საბოლოო მიზნები განსხვავებული იყო.

ღამის ელფები ურყევი სიმტკიცით ებრძოდნენ ცეცხლოვან ლეგიონს. მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი რომ არ დაეშვათ დემონთა მიერ სიცოცხლის ხის ხელში ჩაგდება, რომელიც ელფების ქვეყნის გული და სიცოცხლის მიმცემი იყო მსოფლიოსათვის. იმ შემთხვევაში, თუ ლეგიონი მიაღწევდა თავისას, აზეროტი განწირული იყო.

ბრძოლა ჰიალის მთაზე
——–
მედივჰის ჩაგონებით ტრალმა და ადამიანთა წინამძღოლმა კალიმდორში, ჯაინა პრაუდმურმა, ძველი მტრობის გვერდზე გადადება გადაწყვიტეს და თავიანთი ძალები გააერთიანეს. ღამის ელფებმაც ასევე განაცხადეს თანხმობა მოკავშირეობაზე, რათა დაეცვათ სიცოცხლის ხე. ერთი მიზნით შეკრული აზეროტის ერები ერთად შეუდგნენ მტრის დასახვედრად მზადებას. მსოფლიო სიცოცხლის ძალით აღჭურვილმა მალფურიონმა ნორდრასილის პირველყოფილი რისხვა გააღვიძა, რამაც მოსპო არქიმონდი და უკუაგდო ცეცხლოვანი ლეგიონი მარადისობის ჭისაგან. ბოლო ბრძოლამ საძირკვლამდე შეარყია კალიმდორი. ლეგიონმა ვერ შეძლო ჭის ძლიერების მოპოვება და მოკვდავი ერების გაერთიანებული ლაშქრის დარტყმების ქვეშ საბოლოოდ განადგურდა.

მოღალატის აღზევება
(WarCraft 3x: The Frozen Throne)
——————————–
ლეგიონის მეორე შემოჭრის დროს, ათიათასწლოვანი ტყვეობიდან განთავისუფლდა ილიდან სტორმრეიჯი. თავიდან მან დახმარება გაუწია თავის ახალ ამხანაგებს, მაგრამ შემდეგ თავისი მიზნების განხორციელება დაიწყო და ამისთვის მძლავრი თილისმა, გულ’დანის ქალა გამოიყენა. შედეგად მან დემონური შესაძლებლობები და დიდი მაგიური ძლიერება მოიპოვა. მან აგრეთვე გულ’დანის მეხსიერების ნაწყვეტებიც მიიღო, განსაკუთრებით სარგერასის აკლდამის შესახებ, სადაც გადმოცემით ბნელი ტიტანის ნეშტი იყო ჩაკეტილი.

ახალი ძალით აღჭურვილი და თავისუფალი, ილიდანი მსოფლიოს წესრიგში საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად გაემართა. მას თვით კილ’ჯაედენი გამოეცხადა და მაცდუნებელი წინადადება მისცა. კილ’ჯაედენი განრისხებული იყო არქიმონდის დაცემით, მაგრამ ამჯერად მას შურისძიებაზე მნიშვნელოვანი მიზნები ჰქონდა. იგი გრძნობდა, რომ ნერ’ზული, მისივე ქმნილება, მეტად გაძლიერდა და მისი მართვა შეუძლებელი ხდებოდა. ამრიგად, დემონთა მეფემ ილიდანს მკვდრების მბრძანებლის მოსპობის სანაცვლოდ გაუგონარი ძლიერება და ლეგიონის ბატონთა შორის ღირსეული ადგილი შესთავაზა.

ილიდანი დათანხმდა შეთავაზებას და დაუყოვნებლივ გაემართა მყინვარის ტახტის დასამხობად, სადაც ყინულში ჩაჭედილი სუფევდა ნერ’ზულის სული. სტორმრეიჯმა იცოდა, რომ ამ საქმეში მას მძლავრი თილისმა სჭირდებოდა. გულ’დანის მახსოვრობის გამოყენებით, ილიდანი სარგერასის აკლდამის მოსაძებნად და ტიტანის ნეშტის მოსაპოვებლად გაემართა. მან მოუხმო ძველ კეთილშობილთ და ნაგას ხალხი ზღვის ფსკერიდან ამოიყვანა. ნაგებმა, ცბიერი მჩხიბავის, ქალბატონ ვაშის მეთაურობით, მას დალეწილი კუნძულები აპოვნინეს. სწორედ აქ იყო სარგერასის აკლდამა.

მაგრამ ამ დროს, ილიდანზე უკვე ნადირობა იყო გამოცხადებული. მის ყოფილ დარაჯს, მაიევ შედოუსონგს, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ილიდანის შეპყრობა და იმ საკანში ჩამწყვდევა, სადაც მან უკვე გაატარა ათი ათასი წელი. თუმცა ილიდანმა შეძლო მაიევის და მის მხლებელთა გაცურება. მან მოიპოვა სარგერასის თვალი და დაუსხლტა მდევრებს, რის შემდეგაც დალარანის ნანგრევებისაკენ გაემართა. იქ, ქალაქის მიდამოებში არსებული ძალური ხაზების და სარგერასის თვალის გამოყენებით, ილიდანმა მძლავრი შელოცვის შექმნა დაიწყო, რომელიც შორეულ ჩრდილოეთში მდებარე მყინვარის ტახტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ შეტევამ დაფლითა მკვდრების მბრძანებლის სიმაგრე და შეარყია მსოფლიოს თაღი. მაგრამ, უკანასკნელ წამს, როდესაც ილიდანის გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა, მას თავს მალფურიონი და ტაირანდა დაესხნენ, რომლებიც მაიევის დასახმარებლად იყვნენ მოსულნი. ილიდანი იძულებული გახდა შელოცვა შეეწყვიტა და თავისათვის გაქცევით ეშველა. მან იცოდა, რომ კილ’ჯაედენს არ გაუხარდებოდა ეს წარუმატებლობა, ამიტომ გადაწყვიტა გადასულიყო უდაბურ განზომილებაში, რომელიც გარე მიწების სახელით იყო ცნობილი. სწორედ ეს მხარე იყო ყველაფერი, რაც დრაენორისაგან გადარჩა. ილიდანი ფიქრობდა რომ აქ დაემალებოდა კილ’ჯაედენის რისხვას და მოემზადებოდა მყინვარის ტახტზე შემდგომი შეტევისათვის.

მალფურიონი და ტაირანდა, დარწმუნებულნი, რომ ილიდანმა წარუმატებლობა განიცადა, კალიმდორში დაბრუნდნენ. მაიევი კი ასე იოლად არ დამშვიდებულა. მან ილიდანის კვალდაკვალ მიაშურა გარე მიწებს, რათა განეხორციელებინა მართლმსაჯულება მასზე.

სისხლის ელფთა გამოსვლა
—————–
ამ დროისათვის ურჩხებმა საბოლოოდ გარდაქმნეს ლორდაერონი და ქველ’ტალასი შხამიან ჟამისმხარედ. აქ მოკავშირეთა მხოლოდ რამდენიმე რაზმი დარჩა, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს, რომელიც ძირითადად მაღალი ელფებისაგან შედგებოდა, სანსტრაიდერების გვარის უკანასკნელი ჩამომავალი, უფლისწული ქეილ’ტასი მეთაურობდა. ელფები დამწუხრებულნი იყვნენ სამშობლოს დაკარგვით და დაცემულ თანამემამულეთა პატივსაცემად თავიანთ თავს სისხლის ელფები უწოდეს. ისინი თავდადებით იბრძოდნენ ჟამის წინააღმდეგ. მათთვის დიდი დანაკლისი იყო ის, რომ აღარ შეეძლოთ ძალების შევსება მზის ჭისაგან. როდესაც დარწმუნდა, რომ ამ დანაკლისის მკურნალს ვერ იპოვნიდა, ქეილმა ერთი შეხედვით დაუჯერებელი ნაბიჯი გადადგა. მან ყური უგდო წინაპართა სისხლის ძახილს და კავშირი შეკრა ილიდანთან და ნაგას ერთან, იმ იმედით, რომ მაგიური ძალის ახალ წყაროს მოუპოვებდა თავის ხალხს. კავშირის დანარჩენმა მეთაურებმა ელფების ეს ნაბიჯი ღალატად შერაცხეს და მოიკვეთეს ისინი თავიანთი რიგებიდან.

ქეილისა და მისი ხალხისათვის აღარ დარჩა მიწა, სადაც მათ დაფუძნება შეეძლებოდათ. ამიტომ ისინი ნაგათა წინამძღოლს, ვაშს გაჰყვნენ გარე მიწებისაკენ, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის ილიდანის განთავისუფლებაში, რომელიც ამ დროისათვის შეპყრობილი ჰყავდა მაიევს. მათ მიაღწიეს მიზანს, გაანთავისუფლეს ილიდანი და მისი მეთაურობით მყინვარის ტახტზე მეორე დარტყმის მომზადებაში ჩაებნენ.

შინაომი ჟამისმხარეში
————–
ნერ’ზულმა იცოდა რომ მისი დღეები დათვლილი იყო. მყინვარის ტახტში დამწყვდეული მკვდრების მბრძანებელი ეჭვობდა, რომ კილ’ჯაედენი თავის მსახურებს გამოგზავნიდა მის წინააღმდეგ. ილიდანის შეტევამ დიდი ზიანი მიაყენა ყინულის გვირგვინს და მისი ძლიერება დღითიდღე კლებულობდა. ნერ’ზული დარწმუნდა, რომ მარტო ვერ შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას, ამიტომ მან თავის უდიდეს მოკვდავ მსახურს, სიკვდილის რაინდ არტასს მიმართა. ეს უკანასკნელი ამ დროს ლორდაერონში გაჩაღებულ შინაომში იყო ჩაბმული. ურჩხების ნაწილი, სილვანს ვინდრანერის მეთაურობით, აჯანყდა, რათა პირველობა და ლორდაერონზე ბატონობა მოეპოვებინა. არტასი ნერ’ზულის ძახილს მიჰყვა და თავისი ლაშქრის მეთაურობა თანაშემწეს, კელ’ტუზადს ჩააბარა.

საბოლოოდ, სილვანასის ურჩხები, რომელთაც მიტოვებულნი ეწოდათ, ლორდაერონის დედაქალაქის ნანგრევებში გამაგრდნენ. მათ საკუთარი ციხესიმაგრე ააგეს დაქცეული ქლაქის ქვეშ და დაიფიცეს, რომ გაანადგურებდნენ ჟამს და გააძევებდნენ კელ’ტუზადსა და მის რაზმებს ამ მიწიდან.

დასუსტებულ, მაგრამ ბატონის გადასარჩენად შემართულ არტასს კი ნორთრენდში ილიდანის ნაგები და სისხლის ელფები დახვდნენ, როლებიც მხოლოდ მის გამოჩენას ელოდნენ. არტასმა და მისმა ნერუბელმა მოკავშირეებმა მყინვარის ტახტს მიაშურეს, რათა დაეცვათ იგი ილიდანისაგან.

მკვდრების ძლევამოსილი მბრძანებლი
———————–
არტასმა, თავისი სისუსტის მიუხედავად, მაინც მოახერხა ამ გიჟურ სრბოლაში გამარჯვება და პირველმა მიაღწია მყინვარის ტახტს. მან თავისი რუნული მახვილით, ფროსტმორნით დალეწა მკვდრების მბრძანებლის ყინულის საპყრობილე და გაანთავისუფლა ნერ’ზულის მოჯადოებული მუზარადი და ჯავშანი. არტასმა ჩაიცვა ეს ჯავშანი, დაიხურა მუზარადი და მკვდრების ახალ მბრძანებლად იქცა. ნერ’ზულისა და არტასის სულები ერთ არსებად შეერთდნენ, როგორც ეს თავიდანვე სურდა ნერ’ზულს. ილიდანი და მისი ჯარი უკუგდებულ იქნენ გარე მიწებისაკენ, ხოლო არტასი კი ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდი ძლიერების არსად იქცა, რომელიც კი ოდესმე არსებულა სამყაროში.

ამჟამად, არტასი, მკვდრების ახალი და უკვდავი მბრძანებელი, ნორთრენდს იმყოფება. დადის ხმები, რომ ყინულს გვირგვინის ციხესიმაგრე აღდგენილია. მისი ერთგული თანაშემწე, კელ’ტუზადი, სასჯელის მეთაურია ჟამისმხარეში. სილვანასი და მისი მიტოვებულნი კი ტირისფალის მინდვრებს ფლობენ, რაც მხოლოდ მცირე ნაწილია ომით დაფლეთილი სამეფოსი.

ძველი მტრობა – კალიმდორის ათვისება
—————
მიუხედავად გამარჯვებისა, მოკვდავი ერები კვლავ ომით დახლეჩილ მსოფლიოში აღმოჩდნენ. ჟამისა და ლაეგიონის შემოსევამ სრულიად დააქცია ლორდაერონის ქვეყნები და თითქმის მთლიანად – კალიმდორი. ტყეები სამკურნალონი იყვნენ, უთანხმოებანი – მოსაგვარებელნი, ხოლო ქვეყნები კი შესაქმნელნი. ომმა ყველა ერს მძიმე ჭრილობები დაუტოვა, მაგრამ ისინი შეუპოვრად იდგნენ ერთად, რათა დაეწყოთ ახალი ყოფა, ურდოსა და მოკავშირეებს შორის დამყარებული მერყევი ზავის პირობებში.

ორკები ტრალის მეთაურობით კალიმდორში მივიდნენ, სადაც ტაურენთა დახმარებით თავიანთი ახალი სამშობლო შექმნეს. ტრალის მოკლული მამის სახელის მიხედვით, ამ მიწას დუროტარი დაერქვა. ორკები დაფუძდნენ აქ და თავიანთი, ოდესღაც სახელოვანი საზოგადოების აღდგენას შეუდგნენ. ახლა, როდესაც დემონთა წყევლა დავიწყებას მიეცა, ურდო საბრძოლო მანქანიდან თავისუფალ კავშირად გადაიქცა, რომელსაც მიზნად დაპყრობების მაგივრად დღეგრძელობა და კეთილდღეობა ჰქონდა დასახული. კეთილშობილ ტაურენებთან და შავი შუბის ტომის ცბიერ ტროლებთან კავშირში, ტრალი და მისი ხალხი იმედით შეჰყურებდნენ მომავალს. მათ მიწაზე მშვიდობამ დაისადგურა.

ლორდაერონის კავშირის გადარჩენილი ძალები, ჯაინა პრაუდმურის მეთაურობით სამხრეთ კალიმდორში დაფუძდნენ. დასტ-ვოლოუს ჭაობების აღმოსავლეთ ნაპირიდან მოშორებით მათ ნავსადგური ტერამორი ააგეს. აქ ადამიანები და დვორფები შრომას შეუდგნენ, რათა გადაერჩინათ თავი ამ ახალ და მათთვის მუდმივად მტრულ მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ დუროტარისა და ტერამორის დამცველები ერთმანეთთან დროებით იყვნენ დაზავებულნი, სიმშვიდეს ამ მხარეში მაინც არამყარი იყო.

ორკებსა და ადამიანებს შორის ზავის დარღვევა მოკავშირეთა დიდი ფლოტის გამოჩენამ გამოიწვია. ეს ფლოტი, ადმირალ დაელინ პრაუდმურის მეთაურობით ლორდაერონიდან არტასის მიერ ქვეყნის დანგრევამდე გამოვიდა და გადარჩენილ მოკავშირეებს ეძებდა.

პრაუდმურის არმადამ დიდი არეულობა შეიტანა მხარეში. მეორე ომის სახელოვანი გმირი და ჯაინას მამა, დაელინი ურდოს სასტიკი მტერი გახლდათ და გადაწყვეტილი ჰქონდა დუროტარის დანგრევა, სანამ ორკები მყარად მოიკიდებდნენ ფეხს ამ მიწებზე. მან ჯაინა მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა: ან მიშველებოდა მას ორკების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეღალატა ახალშეძენილი მოკავშირეებისათვის, ან გამოსულიყო საკუთარი მამის წინააღმდეგ მშვიდობის დასაცავად, რომელიც როგორც იქნა დამყარდა ურდოსა და კავშირს შორის. დიდი სულიერი ვნებათაღელვის შემდეგ ჯაინამ მეორე გზა არჩია და ტრალთან ერთად გამოვიდა თავისი შეშლილი მშობელის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დაელინ პრაუდმური ბრძოლაში დაეცა და ჯაინამ ვერ მოასწრო მასთან დალაპარაკება ან დარწმუნება მისი იმაში, რომ ორკები აღარ იყვნენ სისხლისმოყვარე მკვლელები. მისი ერთგულების გამო, ორკებმა ჯაინას და მის ხალხს ტერამორში მშვიდობით დაბრუნების ნება დართეს.

და კინო გამოდის თუ არ ვცდები 2013 – ში. ესაა მარტო ცნობილი -> ლინკი

ფიიიიიიიიინიიშ . მორჩა ვარკრაფტის ისტორია.

მსგავსი ამბები

Back to top button