არქივი

ეგზოტიკური გართობა #2


მათთვის, ვისაც არ აშინებს დაბრკოლებები, უყვარს ადრენალინი და გართობა, უამრავი საშუალება არსებობს იმის გასაგებად, თუ რამდენის ატანა შეუძლია მკერდის მარცხენა მხარეში მფეთქავ ორგანოს და სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. წარმოგიდგენთ ექსტრემალური თავგადასავლების მორიგ რამდენიმე ვარიანტს.

წინა ნაწილი იხილეთ აქ

l32ihq8tijumgo5t9
ევერესტის მთაზე “აბობღების” შესახებ წინა ნაწილში ვისაუბრე. ეს რომ შეძლოთ, საჭიროა შესანიშნავი ჯანმრთელობა (უბრალოდ კარგი ჯანმრთელობა არ გამოდგება), გამბედაობა, გარკვეულწილად იღბალიც და რა თქმა უნდა ფული, სადღაც $60 000-ის ოდენობით. თუმცა თუკი არ გაქვთ ამხელა თანხა, საფრთხეში თავის ჩაგდების პერსპექტივაც დიდად არ გხიბლავთ, მაგრამ მაინც გსურთ ამ საოცარ მთას ეწვიოთ, არსებობს ალტერნატივა: ექსპედიციაში წახვიდეთ სპეციალურ ჯგუფთან ერთად და 5000-5500 მეტრის სიმაღლეზე დაბანაკდეთ. ამას დაახლოებით $3000 და 2-3 კვირა სჭირდება. მსგავსი ტურები არის სხვა მთების მიმართულებითაც, თუმცა ადვილი ნამდვილად არაა: დაბანაკების ადგილამდე ფეხით მოგიწევთ ასვლა, რაც ასევე მოითხოვს ვაჟკაცობას.


ახალი ზელანდიის ქალაქი ქვინსტოუნი შესანიშნავი ადგილია სპორტის ისეთი სახეობების მოყვარულთათვის, როგორიცაა BASE jumping და bungee jumping. bungee jumping-ისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი გადმოსახტომად არის 43 მეტრი სიმაღლის კავარაუს ხიდი. ერთი გადმოხტომა $137 დაგიჯდებათ. BASE jumping-ისთვის კი უამრავი მაღალი კლდე არსებობს და ვისაც შიში გადალახული აქვს, სიამოვნება და მღელვარება გარანტირებულია. ჰაერნაოსნობის მოყვარულებს შეგიძლიათ გაფრინდეთ საჰაერო ბურთით, 90 წთ-იანი რეისი $300 ღირს.


ჰავაის მაცხოვრებლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ოკეანის ტალღებზე სეირნობა მოითხოვს გამბედაობის, სიმშვიდისა და სტიქიის მიმართ პატივისცემის ნაზავს. სწორედ ასე ახერხებენ სერფერები, დაიმორჩილონ უზარმაზარი ტალღები ვაიმეას სანაპიროზე (იხ. სურ.), რომლებიც ზოგჯერ 12 მეტრს აღწევენ. სწორედ ჰავაის ტერიტორიაზე დაიბადა სერფინგი და რამდენიმე მსხვილი შეჯიბრიც, მაგალითად “სამმაგი გვირგვინი”. დამწყებებს შეუძლიათ გაკვეთილები გაიარონ პროფესიონალებთან, 2 სთ-იანი სწავლება $100 ღირს.

hn212nqtaq7lfbsojm0j
აპალაჩის გზა, გარდა იმისა რომ გადის ტყეებზე, მდელოებზე, ჭაობებსა და 14 შტატის უმაღლეს მწვერვალზე, გაგიხსნით კარებს ამერიკის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისკენ. გრძელი სალაშქრო გზებიდან აპალაჩის გზა ყველაზე ძველია. მოგზაურობისას იხილავთ რამდენიმე საუკუნოვან ქალაქებს, ფერმერ გლეხებს, უძველეს ბრძოლის ველებს და ა.შ. თუ წასვლას გადაწყვეტთ, მოგიწევთ ყოველდღე 13-დან 40 კმ-მდე სიგრძის გზის ფეხით გავლა, 5-6 თვის განმავლობაში გადადგამთ დაახლოებით 5 მილიონ ნაბიჯს. ვირჯინიის შტატის გავლისას მოგზაურები ხშირად ჩერდებიან შენანდოუს ეროვნულ პარკში და ულამაზესი ხედებით ტკბებიან, თან ისვენებენ.


იმის გამო, რომ მთა მაკ-კინლი ჩრდილო ამერიკაში ყველაზე მაღალი მწვერვალია, ალპინისტების რჩეული სამიზნეა. თუმცა არამარტო მათი: მკვეთრი დაქანება ბევრ მოთხილამურესაც იზიდავს, თუმცა მხოლოდ მცირეოდენი ახერხებს ოცნების ასრულებას. თხილამურებით სრიალი გაცილებით რთულია, ვიდრე აცოცება, ამიტომ აქ მხოლოდ პროფესიონალებს მიესვლებათ. 21 დღეა საჭირო მწვერვალამდე მისაღწევად, თუმცა უმეტესობა ჩერდება 14 000 ფუტზე (4267 მ). ამის შემდეგ კი თვალწინ ეშლებათ ასპარეზი – 55°-იანი დაქანება, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ისრიალონ თხილამურებით და საკმაოდ დიდი სიჩქარეც განავითარონ.

1e3so13w3tjmn4yphe
უხეში და ოღროჩოღრო კბილებივით ამოზრდილი ტეტონის მთები თითქოს მიუდგომელი ჩანს, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, რომელსაც ეს არ ადარდებს. ტეტონის მთათა სისტემას ბევრი ალპინისტი და კლდეზე მცოცავი სტუმრობს. ყველაზე მიმზიდველია 4200 მეტრამდე სიმაღლის მთა დიდი ტეტონი (სურათზე), რომელიც ზვიგენის ფარფლს მოგაგონებთ. ვინც მასთან “ჯიკავს” გადაწყვეტს, საჭიროა ჰქონდეს გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური უნარ-ჩვევები. სპეციალური ორდღიანი ტურები ტარდება მათთვის, ვისაც ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს. სიძნელიდან გამომდინარე ფასი შეადგენს $670-ს ან $1,500-ს.

09fgfsr3l91r9s0ol4rr
მაროკო ყველაზე მეტად ცნობილია უძველესი ქალაქებით – მარაკეში, ტანგიერი და ა.შ. მაგრამ მის ღირსშესანიშნაობებში ასევე შედის ვრცელი უდაბნოები, რომლის ხედებითაც, როგორც წესი, აქლემზე ამხედრებული ტკბებიან. უკვე 30 წელია მოქმედებს სერვისი – 13 დღიანი ტური მაროკოში, რომელშიც შედის მოგზაურობა საქარავნო გზით, ატლასის მთების, უძველესი ციხე-სიმაგრეების, უდაბნოებისა და ქალაქური ბაზრების დათვალიერება. მარჯნის დიუნების, ვულკანური მთებისა და ხრიოკი ადგილების გავლისას აქა-იქ ადგილობრივი მოსახლეობაც შეგხვდებათ. ამ ყველაფრის ფასი იწყება $3,995-დან.

40j2fph4kqpjzprj0fgb
მე-19 საუკუნეში, როცა დევიდ ლივინგსტონმა მიაღწია ზამბეზის მდინარეს, იფიქრა, რომ მალე მასზე ბრიტანელები ისეირნებდნენ. მაგრამ გავიდა 100 წელზე მეტი და ზამბეზის ტალღები ისევ დაუმორჩილებელია. მას 23 ჭორომი აქვს, რომელთა სიახლოვეს ტალღები ზოგჯერ რამდენიმე მეტრის სიმაღლეა. ექსტრემალები მას კაიაკით ლაშქრავენ, ისინი უმეტესად დღეში 24 კმ-მდე ფარავენ. არის 8 დღიანი ტურები, რომელიც 113 კმ-ის გავლას ითვალისწინებს. მისი ფასია $2,800.

fvmci0c9pl5amw8mm5j6
დედამიწის ზედაპირზე მოქმედი ვულკანების ნახევარზე მეტი მდებარეობს “ცეცხლის რგოლში”, ცხელი წერტილი კი ინდონეზიის კუნძულ ჯავაზეა, სადაც 42 მოქმედი ვულკანია. ვულკანის ძალის გაგების ყველაზე კარგი გზა არის მისი მოქმედების ახლოდან დაკვირვება. გერმანული ორგანიზაცია “Volcano Discovery” გთავაზობთ 18 დღიან ტურს, რომელიც ჯავას გულში გაგიძღვებათ და 10-მდე მოქმედ ვულკანს იხილავთ. ისინი კრატერიდან მდუღარე ლავას ისვრიან. ამ ყველაფრისთვის სულ რაღაც $2,723-ია საჭირო.

w10v792ghlh18y736k
ისლანდიაში, პინგვალავატნის ტბის სიღრმეებში მდებარეობს სილფრას ბზარი, რომელიც ამოვსებულია მყინვარების წყლით და ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალია დედამიწაზე. ზოგიერთ ადგილას 91 მეტრის სიღრმეზე ჩანს ყველაფერი. იმის მიუხედავად, რომ საშინელი სიცივეა და ყინვამდე დიდი არაფერი უკლია, მყვინთავებისთვის საოცნებო ადგილია. უცხოელთათვის რა თქმა უნდა, მოქმედებს სერვისი, რომელიც მოიცავს რეიკიავიკიდან მგზავრობას და სპეციალურ აღჭურვილობას, რაც $248 ღირს.

b4izbefglc5urac91c2r
914 მეტრი სიმაღლის დაღმართი, რომელიც დეივ მიურეის სახელს ატარებს და კანადაში მდებარეობს, მსოფლიოში რიგით მეორეა. 1970 წლიდან მოყოლებული აქ ტარდება სხვადასხვა სახის მსოფლიო ჩემპიონატები. დაშვებისას მოთხილამურეები ახერხებენ 120 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას, რაც ცხადია, საოცარი შეგრძნებაა. სეზონის დადგომისთანავე ახლომახლო ქუჩები და ბარები სავსეა ხოლმე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებით: ლათინო ამერიკელები, კორეელები, ახალი ზელანდიელები, შვეიცარიელები და ა.შ. ბილეთი დაღმართიდან დასაშვებად $86 ღირს.


მაჩუ-პიქჩუ ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარე ნანგრევებია, რომელიც ერთ დროს ინკებს ეკუთვნოდათ. ის 1911 წელს აღმოაჩინა ჰირაიმ ბინგემმა. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს მას, მაგრამ მცირეოდენი ირჩევს სალკანტაის გზას. ეს გზა მოიცავს 6000 მეტრიან მწვერვალებს, მდინარეთა ველურ სანაპიროებს, ყავის პლანტაციებს, ხეხილის ბაღებს, მიტოვებულ სოფლებს. მთლიანობაში კი 15 განსხვავებულ ეკოსისტემას. საბოლოო დანიშნულება, ცხადია მაჩუ-პიქჩუა. ცხენის მეშვეობით ამ გზის გავლას 7 დღე სჭირდება გიდთან ერთად. კარვებისა და საკვების ჩათვლით ეს სიამოვნება $2,850 დაგიჯდებათ.


ალპინიზმის სამყაროში აკონკაგუას მთა სირინოზივითაა: 6962 მ სიმაღლის მწვერვალი სამხრეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ადგილია და თავისი სილამაზით ნებისმიერ ადამიანს მიიზიდავს. ერთი შეხედვით, მისი დალაშქვრა ადვილია, მაგრამ ქარბუქებისა და საშინელი სიცივის გამო კარგი ფიზიკური ამტანობაა საჭირო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 7 მწვერვალიდან ეს შედარებით იოლი დასაპყრობია, ამიტომაა რომ ხანმოკლე სეზონის (დეკემბერი-მარტი) განმავლობაში დანარჩენებთან შედარებით ნაკლები სტუმარი ჰყავს. არგენტინის ქალაქ მენდოზადან აკონკაგუამდე მიღწევას 20 დღე უნდა. ამინდი ცვალებადია, ზოგჯერ ყინვაა, ზოგჯერ სითბოსაც კი გრძნობენ. 24 დღიან ტურში მონაწილეობა შეგიძლიათ $4,200-ის საფასურად მიიღოთ.


იუკატანის ნახევარკუნძულზე თეთრი პლაჟებისა და ნოტიო ტყეების მიღმა სუფთა წყლით სავსე კირქვის გამოქვაბულებია, რომელსაც მყვინთავები აღტაცებაში მოჰყავს. ზოგიერთ ღრმულში, მაგალითად დოს ოჯოსში საოცარი ხედები წარმოგიდგებათ თვალწინ: ათასწლეულების წინ ჩამოყალიბებული სტალაქტიტები, კუთხეში მიმალული ნამარხები, ხვრელები ჭერსა და კედლებზე, საიდანაც სინათლე იღვრება და წყალს მოლურჯო-მომწვანო იერს აძლევს. აქ ჩაყვინთვა $100 ღირს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სახიფათოა, გამოუცდელებს არავინ შეუშვებს.

utrqazt2khw8qu6yvcag
რამდენიმე ათას მილზე გადაჭიმული კალიფორნიის ნახევარკუნძული იდეალური ადგილია მოტოციკლით სამოგზაუროდ. სასიამოვნო ამინდი, თითქმის ცარიელი გზატკეცილები და ჯერ კიდევ აუთვისებელი მიწები, საიდანაც უზარმაზარი კაქტუსებია “ამოჩრილი”, საოცარ განწყობაზე დაგაყენებთ. თუმცა სიძნელეები აქაც დაგხვდებათ: სატვირთოს მძღოლები მთელი სისწრაფით მოძრაობენ და თუ ერთ მხარეს მოძრაობთ, შანსია რომ არც შეანელონ სვლა, ზამთარში კი მტვრის ქარიშხლები გადაგეღობებათ. თუმცა იმ გრძნობასთან შედარებით, რომელსაც იწვევს უკიდურესი თავისუფლების შეგრძნება და ველური ბუნებით ტკბობა, ეს ყველაფერი უმნიშვნელო ჩანს.

ktgjl2z1mt8lyp84n77
უამრავი მეზღვაურის ოცნებაა, ჰქონდეს საკუთარი გემი ან იალქნიანი ნავი. ზოგი ოცნებობს ოკეანეში იმოგზაუროს, ზოგი მხოლოდ ნაპირის სიახლოვეს სეირნობით დაკმაყოფილდება, ზოგს კი ურჩევნია რომელიმე არქიპელაგს შემოუაროს გარშემო. მეგან კლერი, აშშ-ს სანაოსნო ასოციაციის ყოფილი წევრი, ლოს ანჯელესიდან ნიუ-იორკისკენ მიემართება პანამას არხის გავლით. ის გაცურავს მთიანი სანაპიროების სიახლოვეს, ჩაუვლის თეთრ ქვიშიან პლაჟებს, და ისეთ სოფლებს, რომლებიც ადამიანთაგან მცირეოდენს უხილავს. აშშ-ს სანაოსნო ასოციაცია გამოცდილი მეზღვაურებისთვის აქირავებს იალქნიან ნავებსა და კატამარანებს კვირაში $1050-ად, ასევე იახტებს კვირაში $4970-ად.

o6dpmoj2k1j0tv5lq38
გალაპაგოსის კუნძულები თავისთან ეპატიჯება ყველას, ვისაც სურს იხილოს იშვიათი და საოცარი ენდემური სახეობები. მაგრამ ყველაზე მდიდარი მაინც წყალქვეშა სამეფოა. ეკვადორის სანაპიროდან დაახლოებით 1000 კმ-ის მოშორებით, ცივი და თბილი ტალღების მიმოქცევაში მდიდარი ფაუნა წარმოგიდგებათ თვალწინ. მყვინთავები ერთმანეთის გვერდიგვერდ ხედავენ პინგვინებს, ტროპიკული წყლის თევზებს, ზღვის ლომების ოჯახებს, წითელტუჩა ღამურა-თევზებს. მაგრამ მყვინთავთა უმეტესობის სამიზნე უფრო მსხვილი არსებებია. მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს ასობით ურო-თევზთან და ათობით ვეშაპისებრ ზვიგენთან ერთად ცურვა. ორივე ჯიში უვნებელია ადამიანისთვის. თუ შეგნებულად არ გააღიზიანეთ, არაფერს დაგიშავებენ. The Galápagos Aggressor გთავაზობთ 1 კვირიან მოგზაურობას, რომელშიც კუნძულების ძირითად ღირსშესანიშნაობებს იხილავთ. ერთ სულზე ეს მომსახურება $4,495 დაგიჯდებათ.

Image.geotorrents.com
დიდ კანიონში კოლორადოს მდინარის ჭორომების ხმა გაცილებით ადრე ისმის, ვიდრე მიუახლოვდები მას. ჯერ იწყება ჩუმი ზუზუნი, შემდეგ თანდათან იქცევა გრუხუნად და საბოლოოდ გადაიზრდება ღრიალში, რომელსაც კანიონის კედლები აძლევენ ექოს. ტალღები მის სიახლოვეს 6 მეტრამდეა, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დიდი კანიონი არაოფიციალურად ქვეყნის (აშშ) ყველაზე მსხვილი ადგილია წყლის მოყვარულ ექსტრემალთა შესაკრებად. ამას ემატება რამდენიმე ასეული მეტრი სიმაღლის ულამაზესი ციცაბო კლდეები. გამოცდილ კაიაკერებსაც კი უჭირთ ტალღებთან გამკლავება – მათი 3/4 მსუბუქად მაინც შავდება.

თუ ამ სიიდან რომელიმე პუნქტის გამოცდას გადაწყვეტთ რეალურ ცხოვრებაში, წარმატებულ და უხიფათო (მაგრამ არა მშვიდ და უღიმღამო) თავგადასავლებს გისურვებთ.

ზი ენდ :mamao:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button