არქივი

როგორ მოკლა ებრაელმა შვარცბარდმა უკრაინელი პეტლიურა

ced52a6f1cc9

1923 წლის დასაწყისისთვის უკრაინაში პარტიზანული ბრძოლები ჩაცხრა. საბჭოთა ხელისუფლებამ გაიმარჯვა, მაგრამ გპუ–ს შეფ ფელიქს ძერჟინსკის ეს არ აკმაყოფილებდა. გპუ–ს კოლეგიის სხდომაზე მან აღნიშნა:

– ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა, მაგრამ არ მოგვიგია ომი! ომს მხოლოდ მას შემდეგ მოვიგებთ, რაც ლიკვიდირებულ იქნება უკრაინული კონტრრევოლუციის ლიდერი სიმონ პეტლიურა! თუმცა, ეს საკმარისი არაა! უნდა მოხდეს პეტლიუროვშჩინის, როგორც მიმდინარეობის, საბოლოო დისკრედიტაცია!

როგორ გადაიქცა ანცი სემინარისტი ეროვნულ ლიდერად

სიმონ ვასილის ძე პეტლიურა დაიბადა 1877 წელს სოფელ კობილიაკიში (პოლტავის მახლობლად), უბრალო მეეტლის ოჯახში. სწავლობდა პოლტავის სასულიერო სემინარიაში, სადაც ჩამოაყალიბა ჯერ ფეხბურთის გუნდი, შემდეგ სოციალისტების იატაკქვეშა წრე. მისი თანაკურსელები შემდგომში იგონებდნენ, რომ ნორჩი პეტლიურა ყველა ოინის ავან–ჩავანი იყო. განსაკუთრებით კი, ლექციებზე მასწავლებლებისათვის უსიამოვნო შეკითხვების დასმა უყვარდა:

– იცის თუ არა რომის პაპმა ველოსიპედით სიარული?

– უყვარდა თუ არა წმინდა პავლეს ლუდი?

სემინარიაში უკრაინულად ლაპარაკი სასტიკად იყო აკრძალული. პეტლიურა და მისი მეგობრები ამას არად დაგიდევდნენ და დემონსტრაციულად, ყველას გასაგონად, უკრაინულად ლაპარაკობდნენ:

– ვლადიმერ დიდის ეპოქაში ყველა ამ ენაზე საუბრობდა! ნამდვილი რუსული სწორედ ესაა!

თავდაპირველად ასეთი საქციელი მხოლოდ ბავშვური ანცობის ხასიათს ატარებდა. პრობლემები შეიქმნა მას შემდეგ, რაც რექტორმა “იატაკქვეშელებს” წაასწრო მაშინ, როდესაც უკრაინელ კომპოზიტორ მიკოლა ლისენკოსთან შეხვედრას ატარებდნენ:

– სირცხვილი და თავისმოჭრა! – დაიგუგუნა რექტორმა, – სემინარიის კედლებში მალოროს მუსიკოსს ხვდებიან, ლაპარაკობენ მალოროსულ ანუ ძაღლების ენაზე!

აღშფოთებული პეტლიურა წამოხტა:

– ძაღლები მოსკოვში მოიკითხე! – დაიყვირა მან და რექტორს ხელი ჰკრა.

პეტლიურა სემინარიიდან გარიცხეს. მისი სასულიერი განათლებაც ამით დასრულდა. სამაგიეროდ, დაიწყო პეტლიურა–პოლიტიკოსის კარიერა.

– თავდაპირველად ის ლიბერალ–უკრაინოფილურ პოზიციებზე იდგა, – წერს პროფესორი ივანისი, – რედაქტორობდა გაზეთებს, ჟურნალებს, გახდა უკრაინის სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი, რედაქტორობდა მოსკოვში გამომავალ რუსულენოვან ჟურნალ “უკრაინსკაია ჟიზნს”. როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, უკრაინელებს მოუწოდა, მოძმე რუსეთთან ერთად, გერმანულ აგრესიას წინ აღდგომოდნენ.

1917 წელს დაემხო ცარიზმი, კიევში შეიქმნა ცენტრალური რადა, რომელსაც სათავეში დიდი უკრაინელი ისტორიკოსი, პროფესორი გრუშევსკი ჩაუდგა, ხოლო გენერალური მდივანი ცნობილი მწერალი ვლადიმერ ვინიჩენკო გახდა, სამხედრო საქმეების გაძღოლა კი სიმონ პეტლიურას დაეკისრა.

– ამრიგად, გამოიკვეთა სამი ლიდერი: გრუშევსკი, ვინიჩენკო და პეტლიურა, – წერს საბჭოთა ისტორიკოსი, პროფესორი სუპრუნენკო.

პეტლიურას, როგორც მხედართმთავრის, ტალანტი უკვე მაშინ გამოიკვეთა. ყველა განცვიფრებული იყო: ჟურნალისტი, რომელსაც სამხედრო განათლება არ მიუღია და პირველი მსოფლიო ომის დროს ზემჰუსარად მსახურობდა, საოცარი სიმამაცითა და ორგანიზატორული ნიჭით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, რუსულ აგრესიას უკრაინა მოუმზადებელი შეხვდა.

– ცენტრალურ რადაში სოციალისტური და პაციფისტური განწყობილებები დომინირებდნენ, – წერს პროფესორი ივანისი, – რადის თავმჯდომარე გრუშევსკი თვლიდა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინული არმია ვერ შეიქმნებოდა, რადგანაც სათანადო სახსრები არ არსებობდა. გრუშევსკიმაც დაშალა პეტლიურას მიერ შექმნილი პოლკები. როდესაც პეტერბურგში გადატრიალება მოხდა და ლენინი აშკარა აგრესიაზე გადმოვიდა, ჩვენ ამას უჯაროდ შევხვდით.

მუხედავად ამისა, პეტლიურამ მაინც შექმნა მოხალისეებისგან რაზმი და რუს წითელგვარდიელებს წინააღმდეგობა გაუწია. მან გარკვეულწილად შეაფერხა წითლების წინსვლა, შესაძლებლობა მისცა ცენტრალურ რადას გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა და დაეწყო მოლაპარაკებები გერმანიასთან. 1918 წლის იანვარში რადამ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. მეორე დღეს კიევში რუსები შემოვიდნენ, თუმცა, რადას დელეგაცია უკვე ბრესტ–ლიტოვსკში იმყოფებოდა. გერმანიამ აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა და სათანადო დახმარება გაუწია. მალე გაერთიანებულმა გერმანულ–უკრაინულმა შენაერთებმა გარეკეს კიევიდან რუსი ბოლშევიკები. ცენტრალური რადას ძალაუფლებაც აღდგა.

– გერმანიას უკრაინული პურისა და ქვანახშირის ხელში ჩაგდება სურდა. ოთხწლიანი მსოფლიო ომით გადაქანცული ქვეყანა შიმშილის პირას იმყოფებოდა. ამიტომაც გერმანელებმა დაშალეს ცენტრალური რადა, უკრაინის ჰეტმანად კი მეფის არმიის ყოფილი გენერალი პავლო სკოროპადსკი გამოაცხადეს. პარალელურად დაიწყო პურისა და ქვანახშირის გაზიდვა, – წერს ივანისი.

ყველაფერმა ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1918 წლის შემოდგომაზე ეს აჯანყებაში გადაიზარდა. პატარა ქალაქ ბელაია–ცერკოვში შეიქმნა უკრაინის დირექტორია. მისი თავმჯდომარე ვლადიმერ ვინიჩენკო გახდა, სამხედრი საქმეების გაძღოლა კი კვლავ პეტლიურას დაეკისრა. დირექტორიამ ხალხს გერმანელებისა და ჰეტმანის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა. ასე დაიწყო პირველი უკრაინული რევოლუცია.

– კიევის მისადგომებთან აჯანყებულებმა სასტიკად დაამარცხეს გერმანელთა და რუს თეთრგვარდიელთა გაერთიანებული ჯარი. პეტლიურას მეთაურობით უკრაინული ლაშქარი ტრიუმფით შევიდა კიევში, სადაც მათ მოზეიმე ხალხი შეეგება, – წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

1919 წლის 22 იანვარს კიევში გაფორმდა დასავლეთ–აღმოსავლეთ უკრაინის გაერთიანება ერთიან დამოუკიდებელ უკრაინულ რესპუბლიკად. მალე უკრაინა ყოველმხრივ ცეცხლის რკალში მოექცა. ჩრდილოეთიდან რუსული წითელი არმია შემოიჭრა, გალიჩინა დაიკავეს პოლონელებმა, იმიერკარპატისპირეთი ჩეხებმა, ბუკოვინა – რუმინელებმა, სამხრეთი (ოდესა, ხერსონი, ნიკოლაევი) – ანტანტამ, რომელმაც იქ რუსი თეთრგვარდიელები გააბატონა. შექმნილ ვითარებაში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბევრმა უიმედოდ მიიჩნია. თანამდებობიდან გადადგა და ემიგრაციაში გაემგზავრა ვინიჩენკო, ემიგრირება ამჯობინა გრუშევსკიმაც. ერთადერთი ლიდერი, რომელიც თავის პოსტზე დარჩა, სიმონ პეტლიურა გახლდათ.

– 1919 წლიდან ის სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას და გამოიკვეთა, როგორც ეროვნული ლიდერი, – წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

მოძრაობასაც ამიერიდან პეტლიუროვშჩინა ეწოდა.

ბრძოლა ბოლომდე

პეტლიურამ შეძლო დაშლილ ჯარში დისციპლინის აღდგენა და თავს მოახვია რუსებს პარტიზანული ომი. წითელი არმია, რომელიც დასავლეთისკენ მიიწევდა (უნგრეთში უკვე არსებობდა საბჭოთა რესპუბლიკა, ასეთივე რესპუბლიკა იყო ბავარიაშიც), უკრაინაში უდიდეს პრობლემებს წააწყდა. პეტლიურამ არა მხოლოდ წითლების შეტევა შეაკავა, არამედ კონტრიერიშზეც გადავიდა და კვლავ დაიკავა კიევი, თუმცა უკრაინის დედაქალაქის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო, დენიკინელთა შეტევის შედეგად, იძულებული გახდა, უკან დაეხია.

პეტლიურა განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლას როგორც თეთრი, ისე წითელი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. 1920 წლის მაისში პოლონელებთან ერთად მან კვლავ დაიკავა კიევი. წითელი არმიის შეტევის შედეგად, პოლონელებმა უკან დაიხიეს. 1920 წლის შემოდგომაზე რიგაში ხელი მოეწერა რუსეთ – პოლონეთის ზავს. ლენინი დათანხმდა, დაეთმო პოლონეთისთვის დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია, ოღონდ პოლონელებს პეტლიურასთვის ყოველგვარი მხარდაჭერა უნდა შეეწყვიტათ.

– შეთანხმება პოლონეთსა და რუსეთს შორის დაიდო. გარიგება უკრაინელთა ხარჯზე მოხდა, – წერს სანშ დე გრამონი, – ევროპა, რომელიც ამდენი ომით არაქათგამოცლილი იყო, ზავის დადებას მიესალმა. დასავლეთს მშვიდობა სურდა, მშვიდობა ნებისმიერ ფასად.

მიუხედავად ამისა, პეტლიურა მაინც განაგრძობდა ომს. პარტიზანული ბრძოლები უკრაინაში 1923 წლამდე გაგრძელდა.

– ლენინს უდიდეს კომპრომისებზე მოუხდა წასვლა, – წერს უილიამ შირერი, – ის დათანხმდა ფართომასშტაბიან უკრაინიზაციას, დათანხმდა იმასაც, რომ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს ყუბანი. შედეგად გაიხსნა უკრაინული სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, გამომცემლობები, თეატრები, კინოსტუდიები. ნეპის შედეგად დაშვებულ იქნა თავისუფალი ვაჭრობა, გლეხმა კი მიწა მიიღო.

ამან შედეგი გამოიღო. პარტიზანული ბრძოლები შეწყდა. პავლე სუდოპლატოვი შემდგომში აღნიშნავდა, რომ უკრაინელმა გლეხმა, მიწის მიღების შემდეგ, იარაღი მიწაში ჩაფლო და მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდა. ამით პეტლიუროვშჩინას მთავარი სოციალური საყრდენი გამოეცალა.

მიუხედავად ამისა, პეტლიურა მაინც არ ყრიდა ფარ–ხმალს. 1924 წლიდან ის დამკვიდრდა პარიზში, სადაც სათავეში ჩაუდგა უკრაინის ემიგრაციულ მთავრობას. მალე დაიწყო ჟურნალ “ტრიზუბის” გამოცემა და საბჭოთა უკრაინაში ემისრების გადასროლა. მათი ამოცანა პატრიოტული იატაკქვეშეთის რეორგანიზაცია და ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპის დაწყება იყო.

– ვიბრძოლებთ ბოლომდე მანამ, სანამ პირში სული გვიდგას, – განაცხადებს “ფიგაროსთან” ინტერვიუში პეტლიურა, – ადრე თუ გვიან უკრაინა მაინც მოიპოვებს თავისუფლებას, გასაგებია?!

ძერჟინსკის გეგმა

1922 წელს დაიწყო ცნობილი ოპერაცია “ტრესტი”. მისი მთავარი მიზანი ძერჟინსკის ხელისუფლებაში მოყვანა იყო. ოფიციალურად მისი მიზანი საბჭოთა კავშირის მთავარ მოწინააღმდეგეთა – მონარქისტთა, სავინკოველთა და ნაციონალისტთა ნეიტრალიზება იყო. სსრ კავშირის ყველაზე საშიშ მტრებად კი ბორის სავინკოვი და სიმონ პეტლიურა მიიჩნიეს.

– ჩვენ, რუსი ბოლშევიკები, შურისძიების გრძნობით არასდროს ვხელმძღვანელობთ, – განაცხადებს ძერჟინსკი გპუ–ს კოლეგიის სხდომაზე, – როდესაც საუბარია პეტლიურაზე, უნდა გვახსოვდეს არა პიროვნება სახელად სიმონ პეტლიურა, არამედ პოლიტიკური მიმდინარეობა, სახელწოდებით პეტლიუროვშჩინა. ჩვენ ვებრძვით არა პიროვნებას, თუმცა, მან ჩვენი ამხანაგების სისხლი დალია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ვებრძვით პეტლიუროვშჩინას, რომელიც, როგორც პოლიტიკური მიმდინარეობა, საბჭოთა კავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნის.

ამრიგად, სპეცოპერაცია იგეგმებოდა არა მხოლოდ პეტლიურას, არამედ პეტლიუროვშჩინის წინააღმდეგ. ძერჟინსკის დავალებით მას ამზადებდნენ დაზვერვის შეფი ტრილისერი და კონტრდაზვერვის უფროსი არტუზოვი. გადამწყვეტ თათბირზე გპუ–ს შეფის კაბინეტში შეიკრიბნენ თავად ძერჟინსკი, მისი პირველი მოადგილე მენჟინსკი, აგრეთვე არტუზოვი, ტრილისერი და ძერჟინსკის პირადი კონსულტანტი, ჟანდარმთა კორპუსის ყოფილი შეფი, გენერალი ჯუნკოვსკი.

– პეტლიურას სისტემატურად ადანაშაულებენ ებრაელთა პოგრომებში, – დაიწყო ძერჟინსკიმ, – და ამას, ჯერჯერობით, მხოლოდ რუსული მონარქისტული ემიგრაცია აკეთებს. რამდენად შეეფერება ბრალდება სინამდვილეს? არავინ უარყოფს, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომის დროს ფართომასშტაბიანი ებრაელთა პოგრომები განხორციელდა, მაგრამ რამდენად მართებულია ამაში პეტლიურას დადანაშაულება?

– ფელიქს ედმუნდოვიჩ, ბრალდება უსაფუძვლოა, – შენიშნა ტრილისერმა, – სიმართლეს ვერ გაექცევი, პეტლიურა ანტისემიტი არასდროს ყოფილა. ატამანებს, რომლებიც პოგრომებს აწყობდნენ, ის სიკვდილით სჯიდა. რად ღირს თუნდაც ის, რომ პეტლიურას მთავრობაში სიონისტური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი ჟაბოტინსკიც შედიოდა.

– მონარქისტული ემიგრაცია ცდილობდა და ცდილობს, ამით პეტლიურას სახელი გაუტეხოს, – ჩაერია ჯუნკოვსკი, – ევროპელი ლიბერალისთვის ხომ ანტისემიტიზმი კანიბალიზმის სინონიმია.

– გასაგებია, – ჩაიცინა ძერჟინსკიმ, – დასავლეთ უკრაინაში პეტლიურა რატომ არ უყვართ?

– იმიტომ, რომ პილსუდსკისთან შეთანხმებას ხელი მოაწერა, – თქვა არტუზოვმა, – ლაპარაკია ვარშავის შეთანხმებაზე, რომლის ძალითაც, პილსუდსკიმ სცნო უკრაინის დამოუკიდებლობა, ხოლო პეტლიურამ გალიჩინა პოლონეთის ნაწილად აღიარა.

– ჩემი აზრით, აქცენტი ამ ორ მომენტზე უნდა გაკეთდეს, – ძერჟინსკიმ პაუზა გააკეთა, – ანტისემიტიზმი და გალიციელთა ანტიპატია პეტლიურას მიმართ. რაც შეეხება ძალისმიერ აქციას, ის უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც ვითარება მომწიფდება.

– მაპატიეთ, ფელიქს ედმუნდოვიჩ, მაგრამ ვერ გაგიგეთ, – ტრილისერმა სახეზე მოისვა ხელი.

– უნდა მოხდეს პეტლიუროვშჩინის, როგორც მიმდინარეობის, დისკრედიტაცია, – ყრუდ წარმოთქვა ძერჟინსკიმ, – ანუ დასავლეთის საზოგადოებრივი აზრის თვალში ის უნდა წარმოჩინდეს როგორც ანტისემიტური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, ხოლო დასავლეთ უკრაინის მკვიდრებმა სწორედ პეტლიურა უნდა გამოაცხადონ დამნაშავედ იმაში, რომ ეს მხარე პოლონეთმა დაიპყრო. როდესაც პეტლიუროვშჩინა საბოლოოდ იქნება დისკრედიტებული, მისი ბელადი პეტლიურა მოუსავლეთში გაემგზავრება.

– გასაგებია, – გაიღიმა ტრილისერმა.

ოპერაცია დაიწყო. იდგა 1922 წელი.

თამაშში საფრანგეთის კომპარტია ერთვება

მალე დასავლეთ უკრაინის გაზეთებში (როგორც პროსაბჭოურში, ისე პატრიოტულში) ანტიპეტლიურული პასკვილები გამოჩნდა. შემდეგ ასეთი პასკვილები ჩნდება პრაღაში, ვენაში, პარიზსა თუ ტორონტოში გამომავალ უკრაინულ გაზეთებში. მალე გპუ–ს მხარდაჭერით, ემიგრანტთა წრეში ჩნდება ე.წ. სმენოვეხოვური მოძრაობა. სმენოვეხოველები სასტიკად აკრიტიკებდნენ ანტისაბჭოთა პოზიციაზე მდგომ ემიგრანტთა ლიდერებს და საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მოითხოვდნენ. უკრაინელ ემიგრანტთა შორის სმენოვეხოვური მოძრაობა ფართოდ გაიშალა. მათ შორის იყო თავად გრუშევსკიც, რომელიც მალე საბჭოთა უკრაინაში დაბრუნდა. უკრაინელმა სმენოვეხოველებმა პეტლიურა მთავარ დამნაშავედ გამოაცხადეს და მას ყველაფერში ბრალი დასდეს, დაწყებული 1918–22 წწ–ების ომის წაგებიდან, დამთავრებული ებრაელთა პოგრომებით. მალე პარიზში გპუ–ს მხარდაჭერით იქმნება უკრაინის მოქალაქეთა კავშირი. სინამდვილეში ეს გახლდათ აგენტურული სტრუქტურა, რომლის ფუნქციაც პეტლიურასა და მის მომხრეებთან დაპირისპირება გახლდათ. პარალელურად გპუ თავად პეტლიუროველთა შორის ქმნის აგენტურულ ქსელს. ჩეკისტები ოსტატურად იყენებენ ემიგრანტთა დუხჭირ მდგომარეობას, თამაშობენ ცალკეული პიროვნებების ამბიციებზე. მიუხედავად ამისა, უშუალოდ პეტლიუროველთა რიგებში განხეთქილების ორგანიზება და პეტლიურას პოლიტიკური სარბიელიდან განდევნა ჩეკისტებმა ვერ შეძლეს.

– პეტლიურას საკუთარი კონტრდაზვერვა ჰყავდა, – წერს უილიამ შირერი, – და მასთან გამკლავება არცთუ იოლი გამოდგა. პეტლიურას გვერდით ხომ უკრაინული ემიგრაციის ყველაზე შეურიგებელი ნაწილი დაირაზმა. ისინი ნამდვილი მებრძოლები იყვნენ, რომლებმაც ჩეკისტებს ნამდვილი ომი გაუმართეს.

საფრანგეთის კონტრდაზვერვა თავის ტერიტორიაზე საბჭოთა აგენტურის ასეთ გააქტიურებას გულგრილად შეხვდა. როგორც ჩანს, ფრანგები თვლიდნენ, რომ ის, რაც სსრ კავშირში ხდება, მათი საქმე არაა, შესაბამისად, ანტისაბჭოთა ემიგრაციაც თვითდინებაზე იქნა მიშვებული. ემიგრანტების ბრძოლით საბჭოთა ხელისუფლებასთან ინტერესდებოდნენ ცალკეული პიროვნებები, მაგრამ არა – სახელმწიფო სტრუქტურები.

– ჩეკისტებიც ფრანგული ინტელიგენციის მისთვის სასურველი მიმართულებით დამუშავებას შეუდგნენ, – წერს შირერი.

ძერჟინსკიმ თამაშში საფრანგეთის კომპარტიაც ჩააბა. მაშინ ის არ იყო მრავალრიცხოვანი, მაგრამ გააჩნდა ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა, სტრუქტურები და მოსკოვის მხარდაჭერა. ბევრი ფრანგი ინტელიგენტი თანაუგრძნობდა კომუნისტებს, ზოგიერთი კი კომპარტიის წევრიც ხდებოდა. ამ უკანასკნელთა რიცხვს ცნობილი მწერალი ანრი ბარბიუსიც განეკუთვნებოდა. ბარბიუსის ავტორიტეტი უდიდესი იყო, ამიტომაც ჩეკისტები თავის პროპაგანდისტულ ოპერაციებში მას ინტენსიურად იყენებდნენ.

– ბარბიუსს გულწრფელად სწამდა, რომ წყობილება, რომელიც საბჭოთა რუსეთში დაიბადა, კაცობრიობას ბედნიერებას მოუტანს, – წერს თრევორ–როუპერი, – ეს იყო ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო კაცი. ბარბიუსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მას უბრალოდ იყენებდნენ. მწერალს სულითა და გულით სწამდა, რომ კაცობრიობის მომავლისთვის იბრძოდა.

სიტუაცია მომწიფებულია

ძერჟინსკის ანაზდეული სიკვდილის შემდეგ გპუ–ს შეფი მისი მოადგილე მენჟინსკი გახდა. ოპერაციის დასკვნით ფაზასაც ის ხელმძღვანელობდა.

– სიტუაცია მომწიფებულია, – მოახსენა მენჟინსკის დაზვერვის შეფმა ტრილისერმა, – უკრაინული ემიგრაცია დაქსაქსულია. გალიჩინაში პეტლიურას ყველა იუდას უწოდებს. დასავლეთშიც საბოლოოდ გაუტყდა სახელი. საზოგადოების თვალში ის ანტისემიტი და კაციჭამიაა.

– ჰმ, – ჩაიცინა მენჟინსკიმ, – საბჭოთა უკრაინაშიც ასე ფიქრობენ?

– სამწუხაროდ, არა, – ყრუდ წარმოთქვა არტუზოვმა, – იქ პეტლიურას ეროვნულ გმირად მიიჩნევენ. ასე ფიქრობს არა მხოლოდ ინტელიგენცია. ნეპმა კულაკის მომძლავრება განაპირობა, ეს კი პეტლიუროვშჩინის მთავარი სოციალური ბაზაა.

– გასაგებია. მაშ, პეტლიურა კვლავ სახელმწიფოებრივ საფრთხეს წარმოადგენს?

– რა თქმა უნდა! მას ჰყავს მომხრეები საბჭოთა უკრაინაში, მის განკარგულებაშია ორგანიზაცია, სადაც პეტლიურამ ყველაზე აქტიურ ემიგრანტებს მოუყარა თავი. პოლონეთის ხელისუფლებაში პილსუდსკის დაბრუნების შემდეგ, მის მიმართ პოლონელთა მხარდაჭერა გაიზრდება. გადადება აღარ შეიძლება! უნდა განხორციელდეს ის, რასაც ფელიქს ედმუნდოვიჩი ამბობდა! სიტუაცია უკვე მომწიფებულია.

მენჟინსკიმ უშუალოდ დაამტკიცა მკვლელის კანდიდატურა. ეს გახლდათ ვინმე შამუილ შვარცბარდი, ეროვნებით ებრაელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 1918–22 წლების ომში უკრაინის ტერიტორიაზე.

შვარცბარდი 1886 წელს დაიბადა, მონაწილეობდა ანარქისტულ მოძრაობაში, რევოლუციამდე ქურდობისა და ყაჩაღობისთვის არაერთხელ იყო ნასამართლევი. შვარცბარდი მიესალმა ოქტომბრის გადატრიალებას, 1919 წელს კი მას უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ვხვდებით, როდესაც შვარცბარდი კოტოვსკის ბრიგადაში იბრძოდა. 1920 წელს ის უკვე ჩეკას სადამსჯელო ნაწილების ერთ–ერთი აქტიური წევრი და პარტიზანებთან მებრძოლია. შემდეგ შვარცბარდი ჩნდება პარიზში. ოფიციალურად ის საათების ხელოსანია, სინამდვილეში კი – გპუ–ს საგარეო განყოფილების საიდუმლო თანამშრომელი.

– შვარცბარდი შედიოდა სპეციალური ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც პეტლიურაზე თვალთვალს ახორციელებდა, – წერს ივანისი.

ფრანგმა მკვლევარმა გასკემ საფრანგეთის კონტრდაზვერვის არქივებში უნიკალურ საბუთს მიაგნო: შვარცბარდი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა პარიზში მოქმედ უკრაინელ მოქალაქეთა კავშირთან. როგორც აღინიშნა, ეს კავშირი გპუ–ს მიერ იყო შექმნილი. 1925 წელს კი პარიზში ჩამოდის ვინმე მიხეილ ვოლოდინი, რომელიც შვარცბარდთან სისტემატიურ კონტაქტში იმყოფება.

– ვოლოდინი უაღრესად საიდუმლოებით მოცული ფიგურაა და მასზე დღესაც ძალზე ცოტა რამაა ცნობილი, – წერენ თანამედროვე რუსი მკვლევარები კოლპაკიდი და პროხოროვი.

დღეისთვის დადგენილია მხოლოდ ის, რომ ვოლოდინი, როგორც ესერ–მაქსიმალისტთა კავშირის წევრი, აქტიურად მონაწილეობდა შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა ხელისუფლებისთვის გამართულ ბრძოლებში. ამის შემდეგ ის ჩნდება კლადნოში, სადაც მაღაროელთა გაფიცვის ერთ–ერთი ორგანიზატორია. ამის გამო მას აპატიმრებენ და ჩეხოსლოვაკიიდან ასახლებენ. ვოლოდინი მიემგზავრება ბერლინში, სადაც მჭიდრო კავშირშია საბჭოთა დაზვერის რეზიდენტთან. პარიზში ვოლოდინი კონტაქტში შედის უკრაინული ემიგრაციის წარმომადგენლებთან და ინტენსიურად აგროვებს ცნობებს პეტლიურას შესახებ.

– ვოლოდინის ერთ–ერთი მასპინძელი ცნობილი უკრაინელი მოღვაწე მიკოლა შაპოვალიც იყო, – წერს ივანისი, – შემდგომში გამოძიებას შაპოვალმა განუცხადა, რომ ვოლოდინი დაწვრილებით ეკითხებოდა პეტლიურას შესახებ. შაპოვალის შეკითხვაზე, რა გინდაო, მიუგო, მინდა პეტლიურას შევხვდე, თუმცა აღნიშნულ შეხვედრა არ შემდგარა.

ვოლოდინ–შვარცბარდის ტანდემს ოპერაციის დასკვნით ეტაპზე გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა.

აქცია

პარიზი, 1926 წლის 25 მაისი, 13 საათი და 55 წუთი. სიმონ პეტლიურა ჩვეულებისამებრ სასადილოდ მიემართება. ის ნელი, დინჯი ნაბიჯით მიუყვება ქუჩას. მეორე მხარეს უბრალოდ ჩაცმული ორი მამაკაცი მოდის, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ესენი პეტლიურას მცველებია. ზუსტად 14 საათსა და 00 წუთზე პეტლიურამ გაიარა რასინის ქუჩა და სენ მიშელის ბულვარის დასაწყისში შეჩერდა. მისი ყურადღება მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილმა წიგნებმა მიიპყრო. ამ დროს ვიღაცის ხმა გაისმა:

– პან პეტლიურა! სიმონ ვასილევიჩ!

პეტლიურა ინსტინქტურად შემობრუნდა. მის წინ რევოლვერით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი იდგა.

– დიახ, ეს მე ვარ, – მშვიდად მიუგო პეტლიურამ, – რა გნებავთ?

პასუხად მამაკაცმა ჩახმახს თითი გამოჰკრა. გაისმა სროლა: პირველი, მეორე, მესამე. მკვლელი ისროდა მაშინაც, როდესაც პეტლიურა ტროტუარზე წაიქცა. თავის მსხვერპლს მან შვიდი ტყვია დაახალა.

მცველები, როგორც ჩანს, ამას არ მოელოდნენ, თავდასხმა დღისით–მზისით პარიზის ცენტრში… ეს ხომ გაუგონარია. თუმცა, ელდამ მალე გაიარა, მცველები თავდავიწყებით ეძგერნენ მკვლელს, წააქციეს და ცემა დაუწყეს. მცველებს ქუჩაში გამვლელნიც მიეშველნენ. მკვლელი მხოლოდ პოლიციის მოსვლამ იხსნა. პოლიციელებმა ის დააპატიმრეს. დაკითხვაზე მან განაცხადა:

– ჩემი გვარია შვარცბარდი, შამუილ შვარცბარდი! პეტლიურას ვესროლე იმიტომ, რომ შური ვიძიე უკრაინაში ებრაელთა პოგრომების გამო!

უხილავი მექანიზმი უმალ მოქმედებაში მოვიდა. შვარცბარდის ადვოკატად ფრანგი კომუნისტი – ტორესი მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ სწორედ ტორესი იქნება ნოე რამიშვილის მკვლელის, ჭანუკვაძის ადვოკატიც. პარალელურად კომპარტია იწყებს პროპაგანდისტულ კამპანიას პეტლიურას წინააღმდეგ. პარიზში ჩამოჰყავთ ებრაელი ეროვნების მოქალაქენი, რომლებიც 1918–20 წლების პოგრომების შედეგად დაზარალდნენ. ტორესი და მის უკან მდგარი ჩეკისტები ცდილობენ, ამაში პეტლიურა დაადანაშაულონ. იმავდრიულად, იქმნება შვარცბარდის დამცველი კომიტეტები.

– იმხანად სიონისტთა შორის კომუნისტების გავლენა დიდი იყო, – წერს ივანისი, – ამიტომაც შვარცბარდის დაცვის კომიტეტები მთელი მსოფლიოს მასშტაბებით იქმნებოდა.

პარალელურად, ხარკოვში, ვინმე ოსტროვსკის რედაქციით, გამოდის სპეციალური ალბომი, სადაც მოყვანილია ე.წ. ფოტომასალა, რომელიც ებრაელთა პოგრომების ორგანიზატორად პეტლიურას აცხადებს. ჩეკისტები აიძულებენ საბჭოთა უკრაინაში დარჩენილ პეტლიურას არმიის ყოფილ ოფიცრებს თავიანთი ყოფილი სარდალის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება. ჩეკისტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებსაც აკითხავენ. ასე მაგალითად, პარიზში გპუ–ს აგენტები პეტლიურას მოწინააღმდეგე ნესტორ მახნოსაც მიაკითხეს და პეტლიურას ანტისემიტად გამოცხადების სანაცვლოდ დიდძალ ფულს დაჰპირდნენ. მახნომ მათ უმალ კარზე მიუთითა.

– პეტლიურა არავითარი ანტისემიტი არ ყოფილა! დიახ, მე მისი მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცილი დავწამო! – ასეთი პასუხით გაისტუმრა მახნომ საბჭოთა აგენტები.

შვარცბარდის სასამართლო პროცესი 1927 წელს პარიზში შედგა. ტორესმა მოახერხა, რომ აქცენტი არა შვარცბარდის ბიოგრაფიაზე, არამედ ებრაელთა პოგრომებზე გაეკეთებინათ. ბარბიუსის თუ სხვების წყალობით, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი უკვე საკმაოდ იყო დამუშავებული. პარიზის სასამართლომაც შვარცბარდი გაამართლა.

– ეს საბჭოთა სპეცსამსახურების უდიდესი გამარჯვება იყო, – წერს ამერიკის დაზვერვის ვეტერანი ჰარი როზიცკე.

გენერალი შარლ დე გოლი შვარცბარდის გამართლებას ასე აფასებს:

– ნებისმიერი ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში სამარცხვინო ფურცლები არსებობს! შვარცბარდის გამართლება ფრანგული მართლმსაჯულების სამარცხვინო ფურცელია!

ციხიდან გათავისუფლებული შვარცბარდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. ის 1938 წელს კეიპტაუნში გარდაიცვალა. რაც შეეხება ვოლოდინს, იგი უკვალოდ გაქრა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

ეპილოგი

უკრაინელ მეცნიერებს უდიდესი ძალისხმევის დახარჯვა მოუხდათ, რათა პეტლიურასთვის ანტისემიტის დამღა ჩამოერეცხათ. საბოლოოდ ეს მხოლოდ 1947 წელს მოხერხდა, როდესაც დასავლეთმა ის დემოკრატად და წამებულ გმირად აღიარა.

1991 წელს უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. უკრაინაში გაჩნდა პეტლიურას სახელობის ქუჩები და ძეგლები. კიევში კომინტერნის ქუჩას სიმონ პეტლიურას სახელი ეწოდა.

ნაციონალიზმთან ჭიდილში კომუნიზმი დამარცხდა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ბოროტება პოსტსაბჭოურ სივრცეში ჯერ კიდევ არაა აღმოფხვრილი. მექანიზმი, რომელმაც შორეულ 20–იან წლებში სიმონ პეტლიურას დისკრედიტაცია, შემდეგ კი მკვლელობა განაპირობა, დღეს აქტიურად იღწვის “ერთიანისა და განუყოფელის” აღსადგენად. მისი ერთ–ერთი მიზანი ქართული ეროვნული იდეის განქიქება და საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობაცაა. ბრძოლა გრძელდება.

წყარო: www.sana.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button