საკითხავიუცნაური

უცნობი ცივილიზაციები

უკვე ას წელზე მეტია, რაც სავაჭრო და სამხედრო გემების მეზღვაურები უცნაური მოვლენების – წყალქვეშ მანათობელი ცეცხლისა და ამოუცნობი ობიექტების შესახებ იტყობინებიან, რომლებსაც ძირითადად სპარსეთისა და სიამის ყურეებს, სამხრეთ–ჩინეთის ზღვასა და მალაკიის სრუტეში აწყდებიან

1963 წელს ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო მანევრებს აწარმოებდა პუერტო რიკოს ნაპირებთან. მოულოდნელად ჰიდროაკუსტიკოსებმა საშტაბო გემბანს აცნობეს, რომ წყალქვეშა ნავების შემადგენლობიდან ერთ–ერთმა პოზიციას გადაუხვია და სიღრმისაკენ 150 მილის სიჩქარით მიქროდა. მცდელობის მიუხედავად, ობიექტს ვერ დაეწივნენ, რომელიც 20 ათასი ფუტის სიღრმეში საოცარ მანევრებს ასრულებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიღრმე 3–ჯერ აღემატება წყალქვეშა ნავებისათვის განსაზღვრულ ზღვარს. ამ შემთხვევის შესახებ მაშინვე აცნობეს ნორფოლკში განთავსებულ ფლოტს.

ამერიკელი სწავლული ა. სანდერსონი, რომელმაც მრავალი წელი მიუძღვნა ოკეანის სიღრმისეული საიდუმლოებების შესწავლას, უცნაურ მოვლენებს აღწერდა, როდესაც ატლანტის ოკეანეს ყინულმჭრელის გემბანიდან აკვირდებოდა. იგი წერს: “უცაბედად წყლიდან რაღაც გამოჩნდა, გაარღვია რა სამმეტრიანი ყინულის სისქე, საოცარი სისწრაფით ვერცხლისფერი ობიექტი ცაში აიჭრა და გაქრა. ამ დროს ყინულმჭრელი ატლანტის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა. ამ მოვლენის ბოლო ნაწილი მხოლოდ მესაჭემ შენიშნა – უზარმაზარი ყინულის ლოდები, რომლებიც ჰაერში მაღლა აიჭრა და ხმაურით დაეცა წყალზე. ოკეანის წყალი აბობოქრდა. საკვირველი ის იყო, რომ წყალმა დუღილი დაიწყო და ირგვლივ ყველაფერი ორთქლის საბურველში გაეხვია”.

ჩანაწერი არგენტინელი გემის, “ნავეროს” სავახტო ჟურნალიდან: “20 ივლისი, 1967 წელი, სანაპიროდან 120 მილის დაშორებით, ნაშუადღევი, 6 საათი და 15 წუთი. ოფიცერმა ხორხე მონტოიამ კაპიტანს მოახსენა, რომ გემის მახლობლად გამოჩნდა უცნაური ობიექტი. 50 ფუტის სიშორეზე კაპიტანმა განათებული საგანი დაინახა. მას სიგარისებური ფორმა ჰქონდა, მისი სიგრძე დაახლოებით 36 მეტრს აღემატებოდა. მისგან მოცისფრო–მოთეთრო ნათება გამოდიოდა, ამასთან, არანაირ ხმას არ გამოსცემდა და წყალზე კვალს არ ტოვებდა. ობიექტის ნაწილები გამოკვეთილად არ ჩანდა. საიდუმლო ობიექტი 15 წუთის განმავლობაში “ნავეროს” პარალელურად მოძრაობდა. შემდეგ სრულიად მოულოდნელად ჩაყვინთა, გემის ქვემოთ გაიარა და სიღრმეში გაუჩინარდა. წყლის ქვეშ ის ძლიერად ანათებდა”.

მეცნიერებისა და მკვლევრების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ე.წ. მანათობელი წისქვილები – უდიდესი ნათელი გამოსახულებანი ზღვებსა და ოკეანეებში. სამწუხაროდ, მკვლევრებს მათი წარმოსახვის დინამიკა და მასშტაბები არ აძლევთ საშუალებას, ეს ფენომენი ამოხსნან. მეცნიერებამ არ იცის მსგავსი ბუნებრივი მოვლენა. მანათობელი წისქვილები მოიხსენიება ნ. ტარასოვისა და ი. გიტელსონის გამოკვლევებში. ნ. ტარასოვი წერს: “1926 წლის 30 სექტემბერს გემ “ჩინდვარაზე” აკვირდებოდნენ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ძალიან სწრაფი, ძლიერი, ნათელი სხივების მოძრაობას. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ წყლის ქვემოდან უმძლავრესი პროჟექტორი ანათებდა. სინათლე ისეთი ძლიერი იყო, რომ გემის წინა ნაწილში ანთებული ცეცხლიც კი არ ჩანდა”.

მრავალი გამოკვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ სხივებით წარმოდგენილი მანათობელი რგოლი არა – ზედაპირზე, არამედ გარკვეულ სიღრმეში მდებარეობდა. გემის ქვეშ, წყალში შეინიშნებოდა გრძელი, მუქი ტანი, რომელიც ფორმას იცვლიდა და ნელ–ნელა სიღრმეში ეშვებოდა.

გაეცნო რა ზემოხსენებული ა. სანდერსონი უამრავ გამოკვლევას სიღრმისეული ამოუცნობი ობიექტების შესახებ, რომლებიც აშშ–ის არქივებში ინახებოდა, წინ წამოსწია ჩვენს პლანეტაზე მაღალგანვითარებადი წყალქვეშა ცივილიზაციების არსებობის ჰიპოთეზა. “ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შემიძლია, არის შემდეგი: ჰიპოთეზურ, მრგვალ კოსმოსურ ხომალდებს შეეძლოთ გამოეყენებინათ განუწყვეტლივ მოქმედი რადარული ტიპის სკანერები, ხოლო მათი სხივები ჩვენთვის ხილულნი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებიან, როდესც ისინი წარმოქმნიან ლუმინირებად, პატარა ერთუჯრედიან არსებებს”.

1928 წელს კარელიაში, სოფელ შუკნოვოლოკის მახლობლად, რომელიც ვედლოზერის ნაპირებთან მდებარეობს, გლეხები ისეთი უჩვეულო მოვლენის მომსწრენი გახდნენ, რომელიც დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს. ერთ–ერთი გლეხი ყვებოდა: “რაღაც ცილინდრის მსგავსი, რომლის კუდის ნაწილიც მოწითალო სინათლეს ასხივებდა, დახრილი ტრაექტორით ტბაში ჩავარდა. ამბობენ, თითქოს იგი ახლაც ფსკერზე დევს და თევზების ჭერას ხელს უშლის. ამ ობიექტის ჩამოვარდნის შემდეგ ადგილობრივები ტბის სანაპიროზე ხშირად ხედავდნენ 12 მეტრი სიმაღლის უცნაურ არსებებს, რომელთაც ცხელი ტანი ჰქონდათ, გამხდრები იყვნენ და მათი წვრილი ხელები თითქმის მიწას სწვდებოდნენ. ამ უცნაურ არსებებს ხელებზე 4 თითი ჰქონდათ. ისინი ხალხის დანახვაზე ფრთხებოდნენ და წყალში უჩინარდებოდნენ”.

იაპონიაში არსებობს ლეგენდები უცნაურ ადამიანზე, რომელიც წყალშიც ცხოვრობდა და ჰაერშიც და წარმოუდგენელი სისწრაფით დაფრინავდა. მე–7 საუკუნიდან იაპონიაში შემორჩენილია გამოსახულება, რომელიც საკამოდ სრულ წარმოდგენას იძლევა, როგორ გამოიყურება ეს არსება.

ამგვარი უცნაური ამბები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი არსებობს.

ცნობილი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების სიღრმისეული აპარატის სენსაციური მონაცემების შესახებ, რომელიც თითქმის 11.000 მეტრზე ოკეანის სიღრმეში, მარიანის ღრმულის რაიონში გამოკვლევებს აწარმოებდა. უპილოტო პლატფორმა აღჭურვილი იყო გამანათებელი მოწყობილობებითა და მგრძნობიარე სატელევიზიო სისტემებით. წყალში ჩაშვებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სატელევიზიო ტექნიკა თითქოს მწყობრიდან იყო გამოსული და არაფერზე რეაგირებდა. უცებ რაღაც მოხდა და მონიტორზე უცნაურად დიდი ტანის სილუეტის მოძრაობა აისახა, მიკროფონები კი დაჟანგული რკინებისა და ყრუ დარტყმების ხმას აფიქსირებდნენ. როდესაც პლატფორმა ოკეანის ზედაპირზე ამოსწიეს, გაირკვა, რომ კონსტრუქციის დიდი ნაწილი მოგლეჯილი და წყალში ჩაძირული იყო. დღემდე გაურკვეველია, რა ძალამ მოახერხა ამის გაკეთება. ნუთუ მართლა არსებობენ წყალქვეშა, ამოუცნობი ცივილიზაციები, რომელთა ფენომენიც თანამედროვე მეცნიერებისათვის გადაუჭრელ გამოცანად რჩება?!

წყარო : www.sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close