საკითხავისაქართველო

მითები გრაალზე

შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო “იდეა”, რომელმაც თითქმის მთელი ევროპული ლიტერატურა მოიცვა, არის ლეგენდარული გრაალი. თუმცა, გრაალის ლეგენდამ, მიუხედავად თავისი, ერთის მხრივ, მითოლოგიური, ხოლო მეორეს მხრივ, ქრისტიანულ-აპოკრიფული წარმომავლობისა, სრულყოფილი, მითოლოგიურ-თეოლოგიური სისტემის სახე თავად ლიტერატურულ თხზულებებში მიიღო.

გრაალი უპირველესად ”იდეაა”, რომელიც “ამსოფლიურის ზესთასოფლიურთან შერწყმას” გულისხმობს. გრაალის მცველი წმინდა რაინდები ერთსა და იმავე დროს საერო (რაინდები) და სასულიერო პირები იყვნენ.გრაალის ლეგენდას პირველად ვხვდებით ფრანგი მწერლის კრეტიენ დე ტრუას ”პერსევალში”. ავტორი უპირველესად სარგებლობდა კელტური მითოსური გადმოცემებით, რომლის სიუჟეტები ”კარდინალურად გარდაქმნა და სანახევროდ ზღაპრული ამბები საკარო მსოფლმხედველობას დაუმორჩილა” . კრეტიენთან გრაალი წმინდა თასია, ზეციდან მტრედის მიერ ჩამოტანილი სეფისკვერის შესანახი ჭურჭელი. ამ თასის ხილვა მხილველს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და სიჭაბუკეს ანიჭებს.კრეტიენ დე ტრუას ”პერსევალის” სიუჟეტს მისდევს გერმანელი მწერალი ვოლფრამ ფონ ეშენბახი თავის ”პარციფალში”. სიუჟეტური ნათესაობის მიუხედავად, ვოლფრამი ცვლის თხზულების მსოფლმხედველობრივ ასპექტებს. ”კრეტიენთან გრაალის თასის დასაუფლებლად უმთავრესი საფუძვლებია საერო რაინდობა და რიტუალურ-ეკლესიური გზით ცოდვებისაგან განთავისუფლება. ვოლფრამმა გრაალის ქვის მოსაპოვებლად წინამძღვრებში შეინარჩუნა საერო რაინდობისა და ცოდვათა დაძლევის პრინციპები, ოღონდ ვოლფრამთან ცოდვათა გადალახვა, რიტუალურ-ეკლესიური ფორმის ნაცვლად, ცოდნის დახმარებითაა შესაძლებელი” . მსოფლმხედველობრივ ცვლილებასთან ერთად, ვოლფრამი გრაალის თასსაც გარდაქმნის და მას გრაალის ქვად აქცევს. გრაალის ციკლის რომანებში გრაალი ქვად მხოლოდ ვოლფრამთან არის წარმოდგენილი.ქრონოლოგიურად კრეტიენ დე ტრუას ”პერსევალს” ფრანგი მწერლის რობერ დე ბორონის ”წმინდა გრაალის ისტორია” მოსდევს. ავტორი მთლიანად ქრისტიანულ-აპოკრიფულ ტექსტებს ეყრდნობა. ამდენად, თხზულებაში გრაალის იდეა ქრისტიანიზირებულია და გრაალის თასი იოსებ არიმათიელის წმინდა ბარძიმთან არის გაიგივებული. ეს ის ბარძიმია, რომელშიც აპოკრიფული გადმოცემის მიხედვით, იოსებ არიმათიელმა ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობებიდან გადმოღვრილი სისხლი მოაგროვა. უკლებლივ ყველა დანარჩენი გრაალის ციკლის რომანი ამოზრდილია ან კრეტიენის ”პერსევალზე” ან რობერის ”წმინდა გრაალის ისტორიაზე” და ”გრაალის ორ აღნიშნულ ტრადიციას აკავშირებს ერთმანეთთან”. ”კრეტიენთან გრაალის კომპლექსი ნაყოფიერების კულტისა და ქრისტიანობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. რობერმა ნაყოფიერების კულტის ნიშან-თვისებები გრაალის ციკლს ჩამოაცილა, გრაალის კომპლექსი დაუკავშირა იოსებ არიმათიელის ლეგენდას და გრაალის თასიც წმინდა ქრისტიანულ ტრადიციას შეუხამა” [.ჯესი ვესტონი გრაალის ლეგენდის წყაროდ თვლიდა ბუნების უძველეს მითებს. ვესტონი ვეგეტაციურ კულტებს გრაალის ლეგენდის წყაროდ მიიჩნევს, პარალელს ავლებს გრაალის პროცესიასთან და ადონისისა თუ ატისის კულტის რიტუალურ მსვლელობებს შორის. გრაალის მეფის ჭრილობაც ნაყოფიერების დაკარგვად მიაჩნია, ხოლო გრაალის მეფის გამოხსნა ნაყოფიერებისა და სიცოცხლის დაბრუნებას უთანაბრდება . მეცნიერთა ერთი ნაწილი გრაალის კომპლექსის კელტურ წარმოშობას უჭერს მხარს. გრაალის თასის წყაროდ კელტური ლეგენდების მაგიურ ჭურჭლებს თვლიან და მეფე-მეთევზის პროტოტიპის პოვნაც კელტურ მითოსში სურთ [.გრაალის ”იდეა” მატერიალურ-ფიზიკური ფორმით სხვადასხვა საგნით არის გამოხატული. გრაალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ღვთაებრივი თასი, აგრეთვე ძვირფასი ქვა, თუმცა გრაალის პარადიგმად შეიძლება გაგებული იყოს ყველა ის განსაკუთრებული წარმომავლობის საგანი, რომელიც მეტ-ნაკლებობით გამოხატავს გრაალის იდეას. XIV საუკუნის უცნობი ავტორის თხზულებაში ”პერლესვაუსი” გრაალი ხუთ სხვადასხვა სახეს იღებს, რომელთაგან უკანასკნელი თასია .ქართულ მითოსურ სამყაროში გრაალის არქეტიპებად ვხვდებით ღვთაებრივ თასებსა და ვარსკვლავთქვებს. გრაალის ხატი დაინახა გრიგოლ რობაქიძემ თამარ მეფის დატყვევებულ შუქურვარსკვლავისა და დვალთა მთაზე მსხდომ მეფეთა თქმულებებში: ”უძველეს დროში, – მოგვითხრობს ერთი თქმულება, – დვალთა მთაზე მეფენი ისხდნენ დროდადრო; ისინი ცდილობდნენ ერთი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაეჭირათ. რა მიზნით? თავიანთ ხალხთა ბედი მართებულად რომ წარემართათ. აზრი ამ თქმულებისა ნათელია: მეფემ თავისი მიწიერი ძალა ციური მადლით უნდა ანოყიეროს და ამტკიცოს. ეს მადლი აქ ვარსკვლავის სახით ვლინდება, თვითონ ვარსკვლავი ”ხატია” გრალისა, პირინეის გრალის ვარიანტით გრალი ქვაა, გვირგვინიდან ამოვარდნილი, ციდან მოსხლეტილი ლუციფერისა და ამ ვარსკვლავთქვას იჭერენ თქმულების მეფენი .შუასაუკუნეებში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ლუციფერის სამოსი ძვირფასი ქვებისაგან იყო შემკული. სწორედ ეს ქვები იქცა გრაალის ქვებად. აღნიშნული ლეგენდის სამ ვარიანტს ვხვდებით: ”პირველ ვერსიაში ლუციფერის სამოსელი ძვირფასი ქვებითაა შემკული. ლუციფერის დაცემის შემდეგ ძვირფასი ქვები ადამიანებს გადაეცემათ შესანახად. ლეგენდის მეორე ვარიანტის თანახმად, ადამიანების მიერ ზეციდან მიღებული ძვირფასი თვლებით ღვთისმშობელის ტანსაცმელი გახლდათ მოოჭვილი. ლეგენდის მესამე ვერსიით კი, ყველაზე საუკეთესო ქვა, რომელიც ლუციფერის სამოსელზე ბრწყინავდა, გამორჩეულ ადამიანებს უბოძეს დასაცავად” . ვოლფრამ ფონ ეშენბახი თავის თხზულებაში – ”პარციფალი” გვთავაზობს კიდევ ერთ ვერსიას გრაალის ქვის წარმომავლობის შესახებ: ”სამებისა და ლუციფერის ბრძოლის შემდეგ გრაალი ან ნეიტრალურ ანგელოზებს ჩამოაქვთ, ან ღმერთის განჩინებით ნეიტრალური ანგელოზები ეშვებიან მათგან დამოუკიდებელი გზებით მიწაზე მოხვედრილ გრაალთან” .ციდან ჩამოვარდნილი თუ ჩამოტანილი გრაალის ვარსკვლავთქვა ქართულ მითოსურ ანდრეზულ ეპოქაში ხელთ ეპყრა მეფეს. ქართული თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ტახტი მაღალ მთაზე ედგა. მის სამეფოში მარადიული ზაფხული იყო, რადგან თამარს დრო-ჟამისა და ზამთარ-ზაფხულის გამჩენი ვარსკვლავი ჰყავდა დატყვევებული. ეს ვარსკვლავი მეფე-ქალმა თავისი მსახურის ცნობისმოყვარეობისა და დაუდევრობის წყალობით დაკარგა. ვარსკვლავმა თავი როგორც კი გაითავისუფლა, ცაში გაფრინდა. ცა მოიღრუბლა, ატყდა ქარიშხალი და ქარბუქი, მთა და სასახლე თოვლმა დაფარა. ამის შემდეგ დაიწყო დრო-ჟამმა დინება .შემთხვევითი არ არის, რომ ღვთაებრივ ვარსკვლავთქვას ქალი-მეფე ფლობს. ქართულ მითოსში გრაალი ქალურ საწყისს გამოხატავს. ქალი, ქალწული – გრაალის ერთ-ერთი სულიერი იპოსტასია. ამიტომ არის, რომ ღვთაებრივ გმირებს გამუდმებით უხდებათ მზეთუნახავის გამოხსნა ბოროტ ძალთა ტყვეობისაგან.ზეციდან ჩამოშვებულ კოშკში გამომწყვდეული ყამარ-კამარის (რომელიც ცის კამარას განასახიერებს) გამოსახსნელად მითიური გმირები – ამირან და ძმანი მისნი ქაჯთა ბატონს ეომებიან. კამარი ასტრალური წარმოშობისაა და ცისიერობის ნიშნად ღვთაებრივ თას-ჯამებს ფლობს. კამარის თას-ჯამები თამარ მეფის შუქურვარსკვლავივით, სამყაროში წესრიგს, ჰარმონიას უზრუნველყოფს. კამარის მითითებით, ამირანი კოშკში ამ თასების კოსმოსურ კანონზომიერებაზე დაფუძნებულ განლაგებას ცდილობს, რაკი ისინი ”ასტრალურ კოსმოსურ ელემენტებად და ზეციურ მნათობთა სინონიმებად” არის მიჩნეული. ამირანი ერთ-ერთ ”გაურჩებულ” თასს დაამსხვრევს. დამსხვრეული თასი გამრთელდება და თამარის ვარსკვლავივით ზეცაში გარბის: ”გატყდა თუ არა ჯამი, მთელმა მთელს უთხრა, ნატეხმა ნატეხს, დადგა ერთი ჟრიამული და ხმაურობა, აიშალა ჭურჭელი და სულ ერთიან გასწია ცისაკენ…” . თასის ცაში გაქცევას ბუნების სტიქიის აბობოქრება, ქარიშხალი, წვიმა და სეტყვა მოჰყვება, ისევე, როგორც თამარის ვარსკვლავის ცაში გაუჩინარების შემდგომ სამეფოში მარადიულ ზაფხულს ქარიშხალი, ქარბუქი და თოვლი ცვლის.ყამარი და თამარ მეფე, როგორც ციური სხეულების მფლობელნი და მცველნი, თავადაც ამ საკრალურ საგნებს განასახოვნებენ. ისინი გრაალის სულიერი და ფიზიკური იპოსტასები არიან. ხალხური ტრადიციით, თამარ მეფე ქრისტიანული სამების მეოთხე იპოსტასად იყო შერაცხილი.წმინდა თასისა და ღვთაებრივი ქალების ტყვეობიდან გამოხსნის მითოსი ცნობილია ფშავ-ხევსურეთში. ამ მიზნით წმინდა გიორგის, ხახმატის ჯვრის მეთაურობით მოეწყო ღვთიშვილთა ლაშქრობა ქვესკნელის სამეფოში – ქაჯავეთში. აქედან წამოღებულ საკრალურ საგანთა შორის თავისი მნიშვნელობით უპირველესი თასია. ეს თასი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სალოცავებში დაიდება და მასზე რელიგია დაფუძნდება. ამასთან დაკავშირებით ზ. კიკნაძე წერს: ”თასი თავად არის საშო საკულტო ცხოვრებისა. თასიდან, როგორც კერიიდან იფნი, აღმოცენდება კულტი. ამ დროს თასი თითქოს კარგავს თავის უშუალო, თავდაპირველ ფუნქციას, იტვირთავს იმაზე მეტს, რაც მას ბუნებით აკისრია. ამ დროს ის არ ეკუთვნის ადამიანის მიერ დამზადებულ საგანთა რიგს; ის არის ზეციური წარმოშობის”… . თასი ზეციური წარმოშობისაა. ფშავ-ხევსურული ანდრეზის მიხედვით, თასი, ისევე, როგორც გრაალის ვარსკვლავთქვა, ციდან ვარდება და ლიქოკში, კარატისწვერზე ვარდება, სადაც ერთ-ერთი ღვთიშვილის კოპალას სალოცავი დაფუძნდება . ზეციდან ვარდება თასი სკვითურ მითოსში, სადაც ამგვარ საკრალურ ჭურჭელთან ზიარება მხოლოდ განსაკუთრებულ, ბრძოლაში გამარჯვებულ გმირს შეეძლო.თასი, როგორც ზეციური წარმოშობის საგანი, უკვდავების წყლის ჭურჭელია. ქართულ ფოლკლორში ფართოდ წარმოჩნდა ქვესკნელის უკვდავების ვეშა წყაროსა და თასის საკრალური კავშირი. ”სულეთის” ციკლის ლექსებში ღვთაებრივი თასი ვეშა წყაროსთან ძევს. ეს წყარო სამყაროს ღერძის – ზესკნელს მიბჯენილი სიცოცხლის ხის ფესვებში მოჩუხჩუხებს და ხთონურ ბუნებასთან ერთად ზესკნელურ საწყისსაც მოიაზრებს. ზესკნელურ უკვდავების წყლებთან დაკავშირებული თასის ერთ-ერთ ვარიაციას ჯადოსნურ ზღაპრებში გავრცელებული ”ოქროს ტაშტი” წარმოადგენს. ეს ის ღვთაებრივი ჭურჭელია, რომელშიც პირს იბანს მზე და მასში ”მზის პირნაბანი”, ანუ უკვდავების წყალი ასხია. ინდური უზენაესი შემოქმედი ღმერთის ვიშნუს ოქროს ჭურჭელი უკვდავების ღვთაებრივი სასმელით – ტკბილი რძით არის სავსე . ინდურ ეპოსში ”მახაბხარატა” მითიურ პერსონაჟ დანვანტარს ხელთ უპყრია თეთრი თასი, რომელშიც ასხია უკვდავების სასმელი ”ამრიტა”. ღმერთები და დემონური სულები ერთმანეთს ებრძვიან ამ თასის მოსაპოვებლად. ბრძოლაში ღმერთები იმარჯვებენ . ჰომეროსის ”ილიადაში” უკვდავების სითხით ავსებული თასი ხელთ უპყრია მჭედლობის ღვთაება ჰეფესტოს. იგი ოლიმპოზე ღმერთებს ნექტრითა და ამბროზიით უმასპინძლდება. ჰომეროსის ცნობით, ”ჰეფესტო დიდი ჭურჭლიდან – კრატერიდან თასით იღებდა ნექტარს და ღმერთებს ურიგებდა” . კელტური მითოლოგიის მიხედვით, რომელიც გრაალის უძველესი საწყისების სამშობლოდ არის მიჩნეული, გრაალი შეიძლება იყოს ბრანის – დიადი მითიური გმირის ”მაცოცხლებელი ქვაბი”, რომელშიც მოკლულ მეომრებს ყრიდნენ და აცოცხლებდნენ.ბრანის ”მაცოცხლებელი ქვაბის” მითოსურ ვარიაციას წარმოადგენს კოლხი მედეას ”ოქროს ქვაბი”. მითოლოგიური და ანტიკური ლიტერატურული წყაროები ერთხმად ადასტურებენ, რომ კოლხეთის ხელმწიფის გრძნეული ასული უკვდავებისა და ”გამაახალგაზრდავებელ” საიდუმლოს ფლობდა. სპეციალურად მომზადებულ წამალს თავის ”ოქროს ქვაბში” ათავსებდა და ამ ქვაბში გამოხარშვით ადამიანს ”ჭაბუკად აქცევდა”. ევრიპიდე მედეას შესახებ გვამცნობს: ”მყისვე აქცია ესონი (იაზონის მამა) სიჭაბუკეში შესულ ტურფა ყმაწვილად, როცა მოაშორა სიბერე, მახვილი გონების წყალობით მოხარშა რა წამალი ოქროს ქვაბებში” . ესქილე ”დიონისეს ძიძებში” მოგვითხრობს, თუ როგორ გამოხარშა თავის ქვაბში მედეამ და გააახალგაზრდავა დიონისეს ძიძები . ფერეკიდეს (ძვ. წ. V ს.) ”თეოგონიაში” ვკითხულობთ: ”ამბობენ, თითქოს მედეამ გამოხარშა იასონი და გააახალგაზრდავა”. ამასვე ადასტურებს ლიკოფრონ ქალკიდელიც (ძვ. წ. III ს.): ”ამბობენ, რომ მედეას მიერ ქვაბში მოხარშული იასონი კვლავ ჭაბუკი გახდაო” .ოქროს ქვაბს მედეას მსგავსად ფლობს ქართული მითოსის პერსონაჟი ”ქრისტის დედა”. ქრისტის დედას ”ოქროს ქოთანში” სითხე – უკვდავების მომანიჭებელი და გამაახალგაზრდავებელი წყალი ასხია, მასში ჩასვლას და განბანვას (”ჩარეცხვას”) ქრისტის დედას გამუდმებით თხოვენ ღვთიშვილები, რასაც ხალხური ლექსიც ადასტურებს:

”ქრისტის დედაო, მაგთხოვ მადლსაო,
ჩამიშვი ოქროს ქოთანშიაო.
ჩამარეცხიენ ღილ-ქამარნიო…” .უკვდავების წყლით – ”ვარდის წყლით” აღვსილი ღვთაებრივი თასი ხელთ უპყრია ქართული მითოსის კიდევ ერთ ქალღვთაებას ”დედა მარიამს”, რასაც ქართული ხალხური მაგიური ტექსტები გვაუწყებს: ”დედა მარიამს თმა აცვია ბროწეულისაო, ჭურჭელი უდგას ოქროსიო, შიგ წყალი უდგას ვარდისაო” .ოქროსთასიანი ღვთაებაა მზის, ნაყოფიერების ქალღმერთი ბარბალეც, რასაც ადასტურებს ბარბალეს სახელთან დაკავშირებული სვანური რიტუალი. თასს, როგორც სარიტუალო ”ნიშანს”, იყენებდნენ ბარბალეს სახელობის სვანურ დღეობა ”ლიქურაში”, ანუ ”ლიქურეში”. დღეობის წინა დღეს, ხუთშაბათს, მელქორაშს (”ლიქურაშის” მორიგე მედღეობე) ბარბალეს სახელობის ეკლესიიდან ”ბარბლა თასი”, ანუ ნიშანი მიჰქონდა და ლოცვა-ვედრებით თავის მარანში ათავსებდა. ”ბარბლა თასს” მელქორაში ბარბალეს სახელობის ეკლესიაში მომდევნო ხუთშაბათს აბრუნებდა და თან ბარბალეს სახელზე ზედაშესა და ლემზირებს სწირავდა .უკვდავების თასის მფლობელია კახური და აჭარული ფოლკლორიდან ცნობილი კლდის ქალღმერთი. იგი კლდიდან ამოჩუხჩუხებული უკვდავების წყაროს მცველია და უკვდავების წყლის, კლდისა და ამინდის (ქარიშხლის გამომწვევი) გამგებელი ღვთაების ნიშნებს ატარებს. ღვთაებრივი თასის ქალღმერთისაგან გატაცების მოტივს ეფუძნება უძველესი აჭარული მითი წერაქვეთას შესახებ .ქართული მითოსი უხვად გვთავაზობს ოქროს თასის, როგორც უკვდავების წყლის ჭურჭლის მოტივზე შექმნილ თქმულებებს. ეს თასი ყოველთვის ატარებს გრაალის იდეას და ქალწულის ან ქალღმერთის ცნებას უკავშირდება. როგორც ვნახეთ, ქართულ მითოსში გრაალის თასი ყოველთვის ქალ-ღვთაების საკრალური ატრიბუტია.ზეციდან გადმოვარდნილი ღვთაებრივი თასი ან ვარსკვლავთქვა, რომლის მოპოვებას მთელი ძალისხმევით ცდილობენ ერთის მხრივ, ხელდასხმული მეფენი, ხოლო მეორეს მხრივ, სამყაროს ბოროტი, ქვესკნელური ძალები, ზოგჯერ უგზო-უკვლოდ იკარგება, გარკვეული პერიოდით საფარველდადებულია და თავს არ აჩენს. ქართული გადმოცემების მიხედვით, ღვთაებრივი თასი ასეთ დროს რომელიმე არაჩვეულებრივი თევზის მუცელში არის დაცული. ზეციდან ჩამოვარდნილ წყალში მოტივტივე თასს თევზი ყლაპავს, რომელსაც დაჭერილი თევზის მუცელში მითიური მებადური პოულობს, სახლში მიაქვს და აღმოაჩენს ზებუნებრივ თვისებას: მასში ჩასხმული წყალი ოქროდ გარდაიქცევა. ეს მოტივი ცნობილია ამირანის ეპოსის ერთ-ერთი ვარიანტით, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ დაიჭირა ამირანმა თევზი, რომლის მუცელშიც ოქროს თასი აღმოაჩინა . ქართული თქმულებებისა და ზღაპრების მიხედვით, მითიური გმირები ოქროს თასს ყველაზე ხშირად თევზის მუცელში პოულობენ.გრაალის თასის მფლობელი მითიური მეთევზის სახეს გრაალის მოტივზე შექმნილ შუასაუკუნეების ფრანგულ და გერმანულ ლიტერატურაშიც ვხვდებით. ”პერსევალში” მოთხრობილია გრაალის რაინდის პერსევალის თავგადასავალი. პერსევალი ერთ-ერთ მდინარესთან ნავში მჯდომ მეთევზეს შეხვდება, ეს მეფე-მეთევზე გრაალის მეფე აღმოჩნდება და პერსევალს თავის სასახლეში, გრაალის ციხე-სიმაგრეში მიიპატიჟებს .გერმანელი მწერალი ვოლფრამ ფომ ეშენბახი თავის ”პარციფალში” იმეორებს გრაალის მეფე-მეთევზის სახეს. მეთევზისა და წმინდა თევზის მოტივს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გრაალის ციკლის ქრისტიანიზირებულ რომანშიც – რობერ დე ბორონის ”წმინდა გრაალის ისტორია”. ნაწარმოებში მოთხრობილია იოსებ არიმათიელის მოღვაწეობის შესახებ. ქრისტეს ზიარების მაგიდის ანალოგიით, იოსებ არიმათიელი დააფუძნებს გრაალის მაგიდას. აღნიშნული მაგიდის შუაში დაასვენებენ გრაალის თასს, რომელსაც თხელი ნაქსოვი ნაჭერი აქვს გადაფარებული. იოსების სიძის, ბრონის მიერ დაჭერილ პირველ თევზს გრაალის თასიდან ცოტა მოშორებით დადებენ სუფრაზე. გრაალის მაგიდის თავში იოსებ არიმათიელი ჯდება. იოსების მარჯვნივ ზის ბრონი. საბოლოოდ იოსებ არიმათიელი იუდეაში ბრუნდება, გრაალის თასს კი გადასცემს ბრონს, რომელსაც ამ დროიდან მდიდარი მეთევზე ეწოდება. იოსებ არიმათიელის სიძე ბრონი, რომელიც თევზს იჭერს და საბოლოოდ გრაალის თასის მფლობელი ხდება, მითიური მებადურია. იგი გრაალის მეფე-მეთევზეა. გრაალის მეფე-მეთევზის მოტივის მითოსურ ვარიაციას წარმოადგენს ქართული გადმოცემები, რომლებიც მებადურისაგან დაჭერილი არაჩვეულებრივი თევზის მუცელში ნაპოვნ ღვთაებრივ თასზე მოგვითხრობენ.გრაალის მეფე-მეთევზის ერთ-ერთ მითოსურ სახედ შეიძლება ჩაითვალოს ზეციური წარმოშობის კოლხეთის მეფე აიეტი. კოლხეთი ხომ ზღვისპირის სამეფო იყო და აქვე ინახებოდა გრაალის პარადიგმად მიჩნეული სიწმინდე – ოქროს საწმისი. ოქროს საწმისი ქალურ საწყისს გამოხატავდა, მის სულიერ იპოსტასს კოლხეთის მეფის ასული, ოქროს ქვაბის მფლობელი, ჯადოქარი მედეა წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ კოლხეთის სამეფომ ოქროს საწმისთან ერთად მედეაც დაკარგა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close