უცნაური

სოფელ ჭალადიდში უცნაური ამბები ხდება…

f2abbc6c22ce

ფოთთან ახლოს, სოფელ ჭალადიდში, უცნაური ამბები ხდება.

როგორც მოსახლეობა ამბობს, ზოგჯერ უხილავი, ზოგჯერ კი, ხილული არსებები მათი მიმართულებით ქვებს ისვრიან. თითქმის დაუჯერებელი ამბის მთავარი გმირი ნორა სახოკია კვირაზე მეტია, ღამეებს მეზობლებთან ათევს.

“უკვე ერთი კვირაა, ეს ამბები მუდმივად მეორდება. სახლს ვიღაც, თუ რაღაც ქვებს უშენს, ფანჯრები ჩამილეწა. არ ვიცი, რა ვიფიქრო და რას მივაწერო ეს ყველაფერი. ამქვეყნიური რომ არ არის ის რაღაც, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგმა მისი ლანდი დაინახა, ღამე ფანარივით ანათებს. რამდენჯერმე, პარალელურად, წინა და უკანა კარი შემომიგლიჯა, – განაცხადა სახოკიამ.

სახოკიას მსგავსად, უცნაური ხმები და ნასროლი კენჭები სოფლის სხვა მცხოვრებლებსაც აშფოთებთ. ჩამსხვრეული მინები, გაგლეჯილი კარები და აუხსნელი მოვლენები სოფელში პანიკის საფუძველი გახდა.

“გუშინ წყალზე მივდიოდი მეზობელთან ერთად, თან ამ უცნაურ ამბებზე ვსაუბრობდით, არ მჯეროდა არაფერი, სანამ თვითონ არ დავრწმუნდი. ინტერესის გამო ქვა იმ მიმართულებით გავისროლე, საიდანაც ის რაღაც ჩნდება, რამდენიმე წამი არ გასულა, რომ ქვა უკან დამიბრუნა, მესროლა, მაგრამ ყოველთვის ისე ისვრის, რომ ვინმეს არ მოხვდეს, – აცხადებს ჭალადიდის მცხოვრები იზო ლაბაძე.
როგორც სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, საქმეში მოგვიანებით სამართალდამცავებიც ჩაერთნენ. ყოველ ღამე იქ, სადაც ეს უცნაური ამბები ხდება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ. მოსახლეობის განცხადებით, ქვების გაურკვეველი მიმართულებიდან სროლის მომსწრეები პოლიციელებიც გახდნენ.

ამ უცნაურ ამბავს, ახსნას ვერც სოფლის გამგეობის რწმუნებული უძებნის.

“ფაქტის არა, მაგრამ შედეგის მომსწრე მეც გავხდი. ამ სიტუაციაში ჩართულია პოლიცია, მაგრამ ვერავის დაკავება და დაფიქსირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ჭალადიდის გამგეობის რწმუნებულმა, ჯოტო გიგაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”  საუბარში.

სოფელი დახმარებას ითხოვს, თუმცა არ იციან, ამ დახმარებისთვის ვის მიმართონ.

წყარო

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button