საკითხავი

Top 5-თაღლითობა ბანკებში



რეიტინგში მეხუთე ადგილი თაღლითმა ნიკ ლისონმა დაიკავა. ბრიტანულ ბანკ ბრინგს-ში იგი ფიუჩერსულ ოპერაციებს აწარმოებდა. ის ზარალს სამი წელი მალავდა. როდესაც ყველაფერი გაირკვა, “ტრეიდერი” სინგაპურიდან გაიქცა, თუმცა მალევე იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოთხ წელიწადში გამოუშვეს, რადგან კიბოთი აღმოჩნდა დაავადებული.

თაღლითობა, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს დომენიკის რესპუბლიკაში მოხდა. Banco International-მა 2,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამ ბანკის გაკოტრებამ ქალაქის ქუჩებში არეულობა და ეკონომიკური პრობლემები მოიტანა. გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, ბანკის გაკოტრება ბოეც ფიგეროასა და ამ ბანკის რამდენიმე ტოპ-მენეჯერს ბრალდება. ბოეც ფიგეროას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს თაღლითობა, რომელიც ავსტრიაში სიდიდით მეოთხე ბანკში, Bank Fuer Arbeit Und Wirtschaft AG-ში მოხდა. ბანკმა სავალუტო ოპერაციებზე 1 მილიარდი დოლარი დაკარგა. საქმეში ამ ბანკის ორი ყოფილი დირექტორი, ინვესტირების დირექტორი ვოლფგანგ ფლეტლი და აუდიტორი რობერტ რეიტერი არიან გარეულნი. 71 წლის ჰელმუტ ელსნერი სასამართლოსგან საფრანგეთში გაქცევას ცდილობდა, მაგრამ სამშობლოში იგი სამედიცინო თვითმფრინავით დააბრუნეს, რადგან ელსნერი, ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის მიზეზით, ცდილობდა სასამართლო პროცესი მოეგო.

თაღლითობა, რომელიც ბანკ Societe Generale-ში მოხდა, რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და მისი გმირი ჯერომ კერველია. იგი “საუკუნის თაღლითის” წოდებას სამართლიანად იმსახურებს, რადგან ეს აფიორა ამ საუკუნეში მოხდა.

პირველ ადგილს 1991 წელს Bank Of Credit And Commerce International-ის კრახი იკავებს. ბრალდებების სია ასე გამოიყურება: ფინანსური თაღლითობა განსაკუთრებულად დიდ ზომებში, საგადასახადო გადასახადებიდან თავის არიდება, ფულის გათეთრება, მექრთამეობა, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა, იარაღისა და ბირთვული ტექნოლოგიების ვაჭრობაში გარევა. ბანკის აქტივები გაკოტრების მომენტში 25 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ამ თანხის მხოლოდ ნახევრის აღმოჩენა მოხერხდა.

აქვე რამდენიმე სახალისო ისტორიაც:

80 ათასი ევრო ძაღლის მპოვნელს

ვენაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მილიონერმა თავისი დაკარგული ძაღლის მპოვნელისთვის ჯილდოდ 80 ათასი ევრო დააწესა. გულდაწყვეტილი პატრონი, გერბერტ ჰანდლერი ძაღლს თავის უახლოეს მეგობრად თვლიდა. ჯილდოს ასეთი მოცულობა იმითაც აიხსნება, რომ პატარა ძაღლუკას, მეტსახელად გრიმალდის, მარცხენა ყურზე სამკარატიანი ბრილიანტის საყურე ჰქონდა მიმაგრებული, რომლის ფასიც დაახლოებით 60 ათასი ევროა. “ძაღლის მპოვნელს პირობას ვაძლევ, რომ ის ბრილიანტი მასვე დარჩება და ამას გარდა, 20 ათას ევროს ნაღდი ანგარიშსწორებით დავუმატებ”,-“განაცხადა “მაყუთა” ჰანდლერმა. მდიდარმა ავსტრიელმა ამის შესახებ ყველა გაზეთში განაცხადა, თუმცა მის კვალს ჯერაც ვერ მიაგნეს. ამის მიუხედავად ჰანდლერი იმედს არ კარგავს და ამბობს “ჩემი პატარა სადღაც აქ არის”.

ვიქტორ ლუსტინგი (1890-1947) – თაღლითი, რომელმაც ეიფელის კოშკი ორჯერ გაყიდა.ვიქტორ ლუსტინგი დედამიწის ზურგზე ოდესმე არსებულ თაღლითებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თაღლითად ითვლება. იგი უზომოდ ბევრ აფიორას აწყობდა, ჰქონდა 45-მდე ფსევდონიმი და ხუთ ენას თავისუფლად ფლობდა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში იგი 50-ჯერ იქნა დაკავებული, თუმცა ბრალის ვერ დამტკიცების გამო, ორმოცდაათივეჯერ გაანთავისუფლეს.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ლუსტინგი ტრანსატლანტიკური კრუიზების თაღლითური ლატარიების ორგანიზებაში სპეციალიზირდებოდა. 1920 წელს იგი შეერთებულ შტატებში გადავიდა და სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ბანკებსა და ფიზიკურ პირებს ათი ათასობით დოლარი თაღლითურად გამოსძალა.
ლუსტინგის ყველაზე გრანდიოზული აფიორა ეიფელის კოშკის გაყიდვა იყო. 1925 წლის მაისში ლუსტინგი თავგადასავლების საძიებლად პარიზში გაემგზავრა. მან ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში წაიკითხა, რომ ცნობილ კოშკს სასწრაფო რემონტი ესაჭიროებოდა. ლუსტინგმა ბოროტულად ჩაიცინა და გადაწყვიტა ეს შანსი ხელიდან არ გაეშვა. თაღლითმა ყალბი სანდო სიგელი შექმნა, სადაც საკუთარი თავი ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს მთავარ თავმჯდომარედ წარმოადგინა, რის შემდეგაც ჯართის მიმღებ ექვს დილერს ოფიციალური წერილები გაუგზავნა. ლუსტინგმა მყისვე დაიქირავა ლუქსი ძვირადღირებულ სასტუმროში და დილერებს შეხვდა. ლუსტინგმა მათ უთხრა, რომ რადგან კოშკის ხარჯები ძალიან დიდია, მთავრობამ მისი დანგრევა და დახურული აუქციონით ჯართად გაყიდვა გადაწყვიტა. მან დილერებს საიდუმლოდ ისიც უთხრა, რომ ამ ფაქტმა საზოგადოებაში აღშფოთება რომ არ გამოიწვიოს, ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს. მეორე შეხვედრის შემდეგ, თაღლითმა ერთ-ერთი დილერი, პროვინციელი ანდრე პუაზონი ამოარჩია და ჩუმად ანიშნა: “ქრთამს ვიღებო”. წამოეგო რა ამ ანკესზე, პუაზონმა ლუსტინგს ჩეკი გამოუწერა. ლუსტინგმაც პუაზონს კოშკი თაღლითურად მიჰყიდა. თვითონ კი ჩემოდნით სავსე ფულით ვენაში გაიქცა.
პუაზონს არ უნდოდა საზოგადოების წინაშე შერცხვენა და ეს ფაქტი დამალა. რამდენიმე წლის შემდეგ ლუსტინგი პარიზში ისევ დაბრუნდა და ზუსტად იგივე სქემით ეიფელის კოშკი მეორედ გაყიდა. თუმცა ამ შემთხვევაში მას აღარ გაუმართლა. მოტყუებულმა ბიზნესმენმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ლუსტინგი იძულებული გახდა შეერთებულ შტატებში სასწრაფოდ გაქცეულიყო.

1935 წლის დეკემბერში ვიქტორ ლუსტინგი დააკავეს და სასამართლოს გადასცეს. მას 15 წელი დოლარების გაყალბებისთვის და პლიუს კიდევ 5 წელი სასჯელის გამოტანამდე ერთი თვით ადრე ციხიდან გაქცევისთვის მიუსაჯეს. ცნობილი თაღლითი 1947 წელს სან-ფრანცისკოსთან ახლოს არსებულ ცნობილ ალკატრაზის ციხეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ფრენკ აბეგნეილი – უდიდესი თაღლითი

ფრენკ უილიამ აბეგნეილი-უმცროსი 1948 წლის 27 აპრილს დაიბადა. უკვე 17 წლის ასაკში მან შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი გაძარცვა. ეს ისტორია 1960-იან წლებში მოხდა. გაყალბებული საბანკო ჩეკებით აბეგნეილმა ბანკიდან დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მოიპარა. ასევე გაყალბებული დოკუმენტებით მან უამრავი ავიაგადაფრენა განახორციელა. მოგვიანებით ფრენკმა ჯორჯიის საავადმყოფოში 11 თვის განმავლობაში პედიატრის როლი წარმატებულად ითამაშა. ამის შემდეგ აბეგნეილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ყალბი დიპლომი დაამზადა და ლუიზიანას შტატის გენერალური პროკურორის ოფისში დაიწყო მუშაობა.

5 წლის განმავლობაში მან დაახლოებით 8 პროფესია გამოცვალა. ის ასევე წარმატებით აგრძელებდა ჩეკების გაყალბებას და ფულის თაღლითურად გამოძალვას. ფრენკის მოქმედებებით 26 სხვადასხვა ქვეყნის ბანკები დაზარალდნენ. ახალგაზრდა ყმაწვილი ფულს მდიდრულ რესტორნებში ვახშმობაში, ცნობილი დიზაინერების ტანსაცმელში და ქალებთან პაემნებში ხარჯავდა. Fრენკ აბეგნეილის ისტორიის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი `დამიჭირე თუ შეძლებ~, სადაც მახვილგონიერი თაღლითის როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს.

ფალსიფიცირებული ბანკომატები

თაღლითების განათლების დონე იზრდება და ხშირად გვხვდებიან ისეთი თაღლითები, რომლებიც ნამდვილი კრიმინალისტები არიან. სულ ახლახანს ორმა ინგლისელმა კომპიუტერის სპეციალისტმა ფალსიფიცირებული ბანკომატით მსოფლიოში პირველი თაღლითობა ჩაიდინა. თაღლითებმა ლონდონის აღმოსავლეთით, ყალბი საბროკერო კანტორის ფასადზე, ფალსიფიცირებული ბანკომატი დააყენეს. ბანკომატი ფულის გაცემაზე ყველა კლიენტს უარს ეუბნებოდა, მაგრამ საკრედიტო ნომრებს იმახსოვრებდა. ამის შემდეგ თაღლითები ყალბი საკრედიტო ბარათებით ნამდვილი ბანკომატებიდან დიდ თანხებს იღებდნენ. მათ დაახლოებით 120 000 ფუნტ სტერლინგამდე მოპარვა მოახერხეს, თუმცა შემდეგ კრახი იწვნიეს.

ეს ბანკომატი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ მის სინამდვილეში ინგლისში ყველაზე უმსხვილეს საკრედიტო კომპანიასაც კი არ ეპარებოდა ეჭვი. მათ კიდევ ორი ქალი ეხმარებოდა, რომლებიც ყალბ საბროკერო კანტორაში მუშაობდნენ. რა უნდა მოიმოქმედონ ნამდვილმა კრიმინალისტებმა, რომ მომავალში ასეთი დანაშაულები აღკვეთონ? პირველ რიგში, საკრედიტო ბარათების დაცვითი სისტემა უნდა გაძლიერდეს, ხოლო შემდგომ მოსახლეობას თაღლითების უახლესი აფიორის შესაძლებლობები უნდა გააცნონ.

თაღლითობის ისტორია

თაღლითები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათი მასიურად გამოჩენა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მაშინდელი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტალეირანი, ორივე თავის მმართველს ატყუებდა – ნაპოლეონსაც და ლუდოვიკო XVIII-საც. რუსეთის მეფე ეკატერინე II ყველა მის გარშემო მყოფს ატყუებდა. XIX საუკუნეში კარლ შულმეისტერი ცნობილ თაღლითად ითვლებოდა, რომელიც ნაპოლეონთან მსახურობდა. ის არამარტო თაღლითი და თავხედიც იყო, არამედ შეეძლო ადამიანის სისუსტეების აღმოჩენა და მათი თავისი მიზნებისთვის გამოყენება.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close