გამოგონებაგასართობი

“ზილის” ლიმუზინი და უცნაური სახელწოდების მანქანა

რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როცა რუსებმა ევროპული ავტობაზრის ათვისების გეგმა შეიმუშავეს და “ვაზ 31”-ის ახალი მოდელი გამოუშვეს, პრეზენტაციაზე
“მერსედესის” მენეჯერს უხმეს, აქაოდა, ნახეთ, ეს რა მოვიგონეთო. მაშინ გერმანული კონცერნის წარმომადგენელმა ახალი “ვაზ-31” გულდასმით დაათვალიერა და ძალიან მოკლე კომენტარი გააკეთა: “ეს არ არის მანქანა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ტრაქტორია”… რა თქმა უნდა, ამ ავტომობილმა ევროპული ბაზარი ვერ დაიპყრო.

ამის მიუხედავად, რუსები ჯიუტად ცდილობენ მსოფლიო ავტობაზარზე დამკვიდრებას და დეკემბერ-იანვარში ორ ახალ ავტომობილსაც გამოუშვებენ. ადგილობრივმა მილიარდერმა მიხეილ პროხოროვმა ჯერ მხოლოდ ავტომობილის ახალი მაკეტი წარადგინა და პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ეს ავტო სუფთა რუსული იქნება, ელექტროძრავაზე იმუშავებს და რაც მთავარია, სუფთა რუსული სახელი ერქმევა.

– ბევრი ვიფიქრეთ, რა დაგვერქმია ავტომობილისთვის. სახელი არ უნდა ყოფილიყო საბჭოთა და არც ისეთი, ყველას რომ დააფრთხობდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ავტოს “იო” დავარქვით. ეს ასო მხოლოდ რუსულ ანბანშია და მგონი, ძალიან ორიგინალურია, – განაცხადა პროხოროვმა.
ახალი “იოს” შეძენა მსურველებს უკვე დეკემბრიდან შეეძლებათ და მისი ფასი 17 ათასი დოლარი იქნება.

რაც შეეხება მეორე ავტომობილს. “ზილის” ქარხანამ ლიმუზინის მარკის მანქანის გამოშვება გადაწყვიტა და ქვეყნის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პირობა დადო, რომ ამ მანქანით ივლის. საზოგადოებამ ჯერჯერობით მხოლოდ მაკეტი იხილა, მაგრამ დეტალებზე არაფერი თქმულა. როგორც ამბობენ, გარდა სუპერთანამედროვე ჯავშნისა, “ზილის” ლიმუზინს რამდენიმე რადარი და, ასე განსაჯეთ, რამდენიმე რაკეტაც ექნება დამონტაჟებული(?!).

ცნობისათვის, ბრიტანული “ბენტლი” ახალ მოდელს პირველად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ჩუქნის და ექვსი თვის განმავლობაში გასაყიდად არ უშვებს. მერე კი, როცა პრემიერი ახალ მოდელს ერთგვარ რეკლამას გაუკეთებს, “ბენტლის” შეძენა ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეუძლიათ. ასევე მოიქცევიან თუ არა რუსები, იანვარში გავიგებთ.

წყარო: გაზეთი კვირის პალიტრა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close