არქივი

ინდიელთა 7 ფილოსოფია

Image.geotorrents.com

ქვემოთ მოყვანილი ფილოსოფიები 1996 წელს ჩაიწერეს ორგანიზაცია “White Bison Inc.”-ის წევრებმა კოლორადოს შტატში მცხოვრები აბორიგენი ამერიკელებისგან. ის წარმოადგენს ერთგვარ ფიცს, ცხოვრებისეულ კრედოს, რომელსაც 115 სხვადასხვა ტომის წევრი მამაკაცები იცავენ ცხოვრების მანძილზე, რათა იყვნენ კარგი მამები, შვილები, ნათესავები და შექმნან ძლიერი საზოგადოება.

ფილოსოფია #1 – ქალების მიმართ

ქალის ცხოვრების ციკლია ბავშვი, გოგონა, ქალი და ბებია.

ესაა ცხოვრების ოთხი მიმართულება.

ბუნების კანონებით მას მინიჭებული აქვს სიცოცხლის შექმნის უნარი, რაც ცხოვრებაში ყველაზე წმინდა რამაა.
აქედან გამომდინარე, ყველა კაცი უნდა მოეპყრას ქალს ღირსეულად და პატივისცემით.

არასდროს არ მიგვიყენებია მათთვის ფიზიკური ან გონებრივი (მორალური) ზიანი. ინდიელი კაცი ბოროტად არასდროს იყენებს ქალს, არამედ სცემს პატივს და ყოველთვის უგებს.

ასე რომ, მოვეპყრობი ქალს, როგორც წმინდა არსებას.

შემოქმედმა ქალს პასუხისმგებლობა დააკისრა სამყაროში ახალი სიცოცხლის შემოტანაზე. სიცოცხლე წმინდა რამაა, ამიტომ ქალიც ასეთივე მოპყრობას იმსახურებს.

ჩვენს ტრადიციებში ქალი ოჯახის საწყისია.

მე ვიზრუნებ, რომ სახლში იყოს პატივისცემის, უსაფრთხოებისა და ჰარმონიის გარემო.

თავს შევიკავებ ყოველგვარი ემოციური ან ფიზიკური ძალადობისგან.

თუ მაინც დამეუფლა ეს გრძნობები, ჯერ შემოქმედს მივმართავ დახმარებისთვის.

ყველა ქალს მოვეპყრობი ისე, თითქოს ჩემი ნათესავები იყვნენ.

ვფიცავ ამ ყველაფერს.

ფილოსოფია #2 – ბავშვების მიმართ

როგორც არწივი ამზადებს თავის მართვეებს ბუდის დატოვების წინ და უზიარებს მათ ყველანაირ ცოდნასა და გამოცდილებას, მეც ასევე აღვზრდი ჩემს შვილებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება შვილებს დავუთმო, არის ჩემი დრო.

დიდ დროს გავატარებ იმაში, რომ ვასწავლო და მოვუსმინო მათ.

ვასწავლი მათ ლოცვას, ასევე პატივისცემის მნიშვნელობას.

ჩვენ შემოქმედის შვილების დარაჯები ვართ. ისინი მათი შვილები არიან და არა ჩვენი.

ამაყი ვარ ჩვენი ენის გამო. შევისწავლი ამ ენას და ასევე ვასწავლი შვილებსაც.

დღევანდელობაში ბავშვების გზიდან აცდენა ადვილია, ამიტომ დავანახებ მათ სწორ გზებს.

ვასწავლი მათ ჩვენს კულტურას.

მივცემ მათ განათლებას. ვავარჯიშებ მათ. ვასწავლი, რომ რჩევისთვის უფროსებს უნდა მიმართონ. მაგრამ ყველაზე მეტად ვეცდები, რომ მათთვის მისაბაძი მე ვიყო.

ამ ყველაფრის შემდგომ ბავშვები იქნებიან გამბედავნი და არჩევანის წინაშე დადგომისას ყოველთვის იხელმძღვანელებენ ტრადიციული გზებით.

ფილოსოფია #3 – ოჯახის მიმართ

შემოქმედმა მოგვცა ოჯახი, რომელიც არის ადგილი ცოდნის გადაცემისა ბაბუიდან მამაზე და შვილზე. შვილის საქციელი მშობლის ქცევის სარკეა. ამის გამო ვაცნობიერებ, რომ ყოველ ინდიელ მამაკაცს აქვს პასუხისმგებლობა ოჯახზე, რათა გახადოს ის ძლიერი და გაწონასწორებული. მე გავანადგურებ ტკივილს, სამაგიეროდ უზრუნველვყოფ ბავშვებს დადებითი ემოციებით, რათა იყვნენ გონებრივად ჯანმრთელნი. ამას ვიზამ მანამდეც, სანამ დაიბადებიან.

ასე რომ, ჩემი პრიორიტეტები იქნება ოჯახის შენება.

არასდროს არ დავნებდები და ოჯახს მხოლოდ დედის ამარა არ დავტოვებ.

პასუხისმგებელი ვარ ოჯახის სიმტკიცეზე. ამისთვის გავაძლიერებ ჩემი ოჯახის სულიერ, კულტურულ და სოციალურ ჯანმრთელობას. საკუთარი მაგალითით ვასწავლი ნდობას, პატივისცემას, ღირსებას და დისციპლინას.

ჩემი მშობლები და ტომის უხუცესები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ჩემი შვილების აღზრდაში.

ვაცნობიერებ, რომ ქალისა და მამაკაცის ერთიანობა ოჯახის საძირკველია. მოვუსმენ ჩემი მეუღლის რჩევებს როგორც ოჯახის, ასევე ინდიელი ერის კეთილდღეობასთან დაკავშირებით.

ფილოსოფია #4 – ტომის მიმართ

ინდიელთა ტომი ოჯახს ბევრ საჭირო რამეს აწვდის. მათგან უმთავრესია კუთვნილების გრძნობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ეკუთვნი ხალხს და ყოველთვის გაქვს წასასვლელი ადგილი, სადაც გელიან. მთავარი ინდიელთა საზოგადოებაში არის ჯანმრთელობა, რათა მომავალი თაობები უზრუნველვყოთ გარემოთი, სადაც შეისწავლიან კულტურას, ენას და ეზიარებიან ინდიელ ერს. ამ საზოგადოებაში ერთის წარმატება არის ყველას წარმატება და ერთის ტკივილი ყველას ტკივილია. ვიზრუნებ, რათა გავაძლიერო ჩემი ერის ყველა ღირსება და აღვადგინო სუსტი მხარეები.

როგორც ინდიელი მამაკაცი, ჩემს ტომს მოვემსახურები იმით, რომ მოვახმარ დროსა და ნიჭს, როგორც შევძლებ.

დავიმეგობრებ ბევრ ინდიელ მამაკაცს, რათა იყოს ჩვენს შორის ორმხრივი საყრდენი.

გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინებ მის ეფექტს მომავალ შვიდ თაობაზე. ამგვარად, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს დახვდებათ ჯანმრთელი საზოგადოება.

ვიზრუნებ ჩემს ტომზე, რათა არ გავრცელდეს ცუდი აზრები, ალკოჰოლი და ნარკოტიკი, არამედ გაქრეს. ამგვარად, ჩვენი ტომი თავისუფალი იქნება ძალადობისგან.

თუკი ყველა ასე მოიქცევა, სხვებიც გამოგვყვებიან. ამ გზით შევქმნით ამაყ ტომს.

ფილოსოფია #5 – ბუნების მიმართ

დედაბუნება ყველანაირი სიცოცხლის დედაა, იქნება ეს მცენარეები, ორფეხები, ოთხფეხები, ფრთიანები თუ ადამიანები. ბუნება არის უდიდესი მასწავლებელი, თუკი მოვუსმენთ, დავაკვირდებით და პატივს ვცემთ მას. როგორც ინდიელმა მამაკაცმა, მე უნდა ვასწავლო შვილებს როგორ მოუარონ ბუნებას ისე, რომ შეუნახონ მომავალ თაობებსაც.

ასე რომ, ვაცნობიერებ იმას, რომ ბუნება ჩვენი დედაა. მოვექცევი მას პატივცემითა და ღირსებით.

პატივს ვცემ სიცოცხლის ყველანაირ ფორმას.

ვიაზრებ, რომ ბუნება კი არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ ბუნებას ვეკუთვნით ჩვენ.

მივიღებ ცოდნასა და სიბრძნეს ბუნების კანონებისგან. ასევე გადავცემ ამ ცოდნას ჩემს შვილებს.

როცა ვნახავ, რომ ვიღაც ცუდად ეპყრობა მას, დაველაპარაკები, რომ ასე აღარ ქნას. დავიცავ ბუნებას ისე, როგორც საკუთარ დედას. პირობას ვდებ, რომ მიწა, წყალი და ჰაერი ხელუხლებლად გადაეცემათ ჩემს შვილებს, მათ შვილებს და იმათ შვილებს.

ფილოსოფია #6 – შემოქმედის მიმართ

როგორც ინდიელი მამაკაცი, ვაცნობიერებ რომ დიდი სულის გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს შევძლებთ. ვერც მე ვიზამ რამეს და არც ჩემი ქმედება იქნება წარმატებული, თუკი დიდი სული არ დამეხმარება. ინდიელობა და სულიერება ერთი და იგივე რამაა. სულიერება არის შემოქმედის საჩუქარი, ამიტომაც ვფიცავ, რომ ყოველთვის ვივლი წითელი გზით.

როგორც ინდიელი მამაკაცი, მივუბრუნდები იმ ტრადიციულ და სულიერ ღირებულებებს, რომლებიც ჩემმა წინაპრებმა დაუტოვეს მათ შემდეგ თაობებს.

ყურადღებას დავუთმობ ცერემონიებსა და წეს-ჩვეულებებს, რადგან ჩვენი ხალხის გადასარჩენად მნიშვნელოვანი რამაა.

ჩვენ გადავრჩით, ვიზრდებით და სულიერად ვყვავდებით. ვიცხოვრებთ ტრადიციული სწავლებების მიხედვით და გავყვებით იმ მიზანს, რომელიც შემოქმედმა მოგვცა.

ყოველდღე ვილოცებ და ვითხოვ დახმარებას. მუდმივად ვივლი წითელ გზაზე, ანუ იმ სულიერ გზაზე, რომელიც ჩემმა კულტურამ შექმნა.

თუკი ვარ ქრისტიანი, ვიქნები კარგი ქრისტიანი. თუკი ტრადიციებს მივდევ, მთელ ცხოვრებას მას მივუძღვნი.

თუკი ყველა ასე მოიქცევა, სხვებიც გამოგვყვებიან. მოვნახავ დროსა და ენერგიას სულიერებისთვის, რათა ჩავწვდე შემოქმედის ნებას.

ფილოსოფია #7 – საკუთარი თავის მიმართ

ვიფიქრებ, როგორი ადამიანი მინდა ვიყო მოხუცებულობის ასაკში. ახლავე დავიწყებ ზრუნვას, რათა განვვითარდე და ვიქცე ასეთად.

ვივლი იმ გზით, რომელსაც მთავაზობენ დიდი სული და ჩემი ბაბუები. განვავითარებ ჩემს თავს, რათა ვიყო მუდმივად დადებითი, მქონდეს ყოველთვის კარგი განწყობა.

ყოველდღე შევამოწმებ ჩემს თავს, რათა ვნახო, რა გავაკეთე კარგი და რისი გაუმჯობესებაა საჭირო. გამოვცდი ჩემს ძალასა და სისუტეებს. შემდეგ ვთხოვ შემოქმედს, რომ მიხელმძღვანელოს.

ყოველდღე მოვუსმენ შემოქმედის ხმას ქარში. დავაკვირდები ბუნებას და ვთხოვ, ჩამიტაროს გაკვეთილები, რომლებიც ცხოვრების გზაზე სიარულისას დამეხმარება.

მოვძებნი და ვივლი იმ პრინციპებით, რომლითაც ჩემი წინაპრები დადიოდნენ. ჩემი სავალი გზა იქნება კეთილშობილება, ღირსება და მორჩილება, რაც ჩამომაყალიბებს მებრძოლად.

ვიხელმძღვანელებ უფროსების რჩევებით, რითაც გავზრდი ჩემში ცოდნას ინდიელთა კულტურის, ცერემონიების, სიმღერების შესახებ, რასაც შემდგომ მომავალ თაობებს გადავცემ.

ამ ყველაფერს ვიზამ ჩემით, რადგან სხვას არავის შეუძლია ჩემს მაგივრად გაკეთება.

ვიცი, რომ იმას ვერ გავცემ, რაც არ მაქვს, ამიტომ ყოველთვის ვიტყვი მხოლოდ იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button