საკითხავისასარგებლოსაქართველო

“ყანწი ქართული სასმისი არ არის”

ცნობილი “ცისფერი ტრიოს” მეორე ხმას, თამაზ სეფერთელაძეს მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს და შესაბამისად ბევრი ერის მასპინძლობაც უნახავს და პურმარილიც უგემია. რაც შეეხება ქართული სუფრის საამაყო ტრადიციულ ატრიბუტებს, ბატონი თამაზი ირწმუნება, რომ ყანწი ქართული სასმისი არ არის და არც ბაჟე, საცივი ან კუპატია ჩვენი ნაციონალური კერძი. არ გჯერათ? მოვუსმინოთ არგუმენტებს.

თამაზ სეფერთელაძე:

– ქართული სუფრა განსხვავდება აბსოლუტურად ყველას ქეიფისგან. ეს ვიცი იქიდან, რომ მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო. უცხოელებსაც ძალიან მოსწონთ, უცხოა მათთვის და იმიტომ. ადრე მას აკადემიასაც უწოდებდნენ, რადგან ყველაფერი სუფრასთან წყდებოდა. მგონი, ახლაც იგივე ხდება. ქართული პურმარილი ცნობილია მისი შესაძლებლობებით და მრავალფეროვანი მენიუთი, ღვინით. თამადა კი ამ ყველა ჭანჭიკის შემკვრელია, დიდ როლს თამაშობს. შეიძლება ღვინო ცოტა არ ვარგოდეს, მაგრამ თუ კარგი თამადაა, ის მაინც გამოიყვანს სიტუაციას თავისი კარგი თამადობით. თამადის როლი რა არის? ხალხი აქეიფოს და საღამო სასიამოვნო გახადოს. სხვათა შორის, თამადა შოუმენიც არის. თუ შოუმენიც არ ხარ, ცეკვა არ იცი და სიმღერა, არ გამოვა. ახლა სხვა საუკუნეა და თანამედროვე თამადობა უხდება სუფრას.

-ანუ ტრადიციაში დრომ უნდა შეიტანოს კორექტივები?

– იმპროვიზაცია იმას არ ნიშნავს, რომ ტრადიციას კარგავ. აქ იმპროვიზაციაა მთავარი. მაგალითად, მერაბ ადეიშვილი, ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი, ჩემი უახლოესი მეგობარი და საინტერესო თამადაა. ყოველდღე რომ ათამადო, ერთნაირად არაფრით ითამადებს, რაღაც სიახლეს მაინც შეიტანს. როცა ერთად ვართ, უნდა, რომ ჩემთან გადმოვიდეს ალავერდი თამადობაზე, მაგრამ იქ, სადაც ის არის, გამორიცხულია, ვითამადო!

– რატომ?

– მიმაჩნია, რომ ის ჩემზე ძლიერია, თუმცა მეც კარგი თამადა ვარ. ალბათ მე ცოტა ზარმაციც ვარ. თუ გინდა, ითამადო, ყველაფერი უნდა ჩადო და ამაში დიდი შრომა მიდის. ჩვენ ერთმანეთს ასეთი საჩუქარი გავუკეთეთ – ერთმანეთის შვილების ქორწილში ვიყავით თამადები.

– იმხელა ყანწი შევამჩნიე კუთხეში, ალბათ კარგი მსმელი ხართ.

– კი, კარგად ვსვამ, თუმცა არ ვთვრებოდი და არც ახლა ვთვრები, მაქვს ჩემი ზომა და ვიცი, სად გავჩერდე.

– ისე, ქართულ სუფრაზე დაახლოებით რამდენი სადღეგრძელო ითქმება?

– არ ვიცი, არასოდეს დამითვლია. სმაშიც ევროპულობა შემოგვეპარა, აღარ არის ის დრო, შეჯიბრი რომ ეწყობოდა. ადრე თამადებად კარგ მსმელებს კი ნიშნავდნენ, მაგრამ ბევრის დალევის ტრადიცია ჩემთვის ახლაც მიუღებელია. ასეთი რაღაცეები მარტო ჩვენთან როდი იყო, იგივე ვიკინგები აიღეთ. ისე, რომ დაგვიჩემებია, ყანწი ქართულიაო, არ არის ყანწი ქართული. თავის დროზე ამას ყველა ხმარობდა, მაგრამ ჩვენ დღემდე შევინარჩუნეთ.

– კიდევ რა გინახავთ ისეთი, რაც გვგონია, რომ მხოლოდ ქართულია?

– თუნდაც მენიუ აიღეთ. საცივი ხომ ქართულია, მაგრამ ინდოელებმაც იციან. ბაჟეს პორტუგალიაშიც აკეთებენ და ესპანეთშიც. ავიღოთ მეგრული კუპატი. პორტუგალიაშიც მიჭამია და კვიპროსზეც, ზუსტად იგივე რეცეპტით და ცხარე საწებლით. ღომს რუმინეთში მამალიგა ჰქვია და ტრადიციულ კერძად მიიჩნევენ. ჩვენ ხომ მჭადი ვიცით, მაგრამ მექსიკაში სიმინდის ფქვილისგან აცხობენ ქერქისმაგვარ ხრუჭუნა მჭადებს. ბევრჯერ გამიჩნდა სურვილი და სულ მავიწყდება, რომ ჩემს დიასახლისებსაც გავაკეთებინო.

კორეაში ჯამით მოგიტანენ საქონლის დაჭრილ ხორცს. შენ წინ, მაგიდაზე, არის გაზის ქურა და შენ ჩხირებით ხორცს დებ ამ გაზის ქურაზე, რომელსაც თავისი ბადე აქვს და თვითონ წვავ შენი გემოვნებით. ამას რომ შეწვავ, იქვე გაქვს ბროწეულის წვენი ჯამში, შენივე ხელით ჩააწობ ამ წვენში და მიირთმევ. კახეთშიც მწვადს ზემოდან ბროწეულის წვენს ასხამენ, ანუ რაღაც მსგავსება არის მენიუებში, არის სხვების გავლენაც, მაგრამ ჩვენ ცოტა ნიჭიერი ხალხი ვართ და მერე სხვებისგან ნასწავლს ლამაზად განვავრცობთ. ამაში ჩანს ჩვენი ნიჭიერება. იგივე შეიძლება ითქვას ადეიშვილის თამადობაზეც, მან ტრადიციული თამადობიდან შექმნა თამადის ახალი ფენომენი, რაც ჩემთვის მისაღებია.

– როგორც ვიცი, მსახიობი ამირან ბუაძე, რომელიც ასევე კარგ თამადად ითვლება, თქვენი მეგობარია.

– კი, ასეა, სულ ერთმანეთს ვაშაყირებთ, არა, მე უფრო კარგი თამადა ვარ და არა – მეო. რა თქმა უნდა, მე ვასწავლე მას თამადობა, მაგრამ მას რომ ჰკითხოთ, მან მასწავლა. მერე მას ხელი თამადობაში თეატრალურმა ინსტიტუტმა და მარჯანიშვილის თეატრში მსახიობობამ შეუწყო. დიდი როლი აქვს გოგი გელოვანსაც. ამირანი ბავშვობიდან კარგად მღეროდა, კვარტეტიც კი გვქონდა სკოლაში. მერე, “გეპეი”–ში რომ პირველი ხმა დამჭირდა, მიწვეული მყავდა. გოგი გელოვანმა მას ძველი ქართული, ნაღდი ხალხური სიმღერები ასწავლა. ქართული სიმღერა მეც ინსტიტუტში ვისწავლე, იყო ასეთი – იუზა კუბლაშვილი, მან გვასწავლა ახალგაზრდებს ქართული ხალხური სიმღერა. როცა ეს იცი, კეთილშობილება გემატება.

– სუფრასთან რომელი უფრო კარგად იმღერება – ხალხური თუ ქალაქური?

– ორივე კარგია, კახური სიმღერები უხდება სუფრას. იმერული სიმღერები ბაფთიან გიტარასთან უფრო მიდის. ერთხელ პირდაპირ ეთერში ვიყავი რადიოში და ვიღაცამ გურიიდან დარეკა, ყანაში ვარ და მობილურით გირეკავთო. წარმოდგინეთ გურული კაცი ყანაში მობილურითა და რადიოთი! მოგვესიყვარულა და გვითხრა, გურულიც იმღერეთო. რეპერტუარში – არა, მაგრამ მე და ამირანი ვმღერივართ ხოლმე გურულ სიმღერებს, გოგი გელოვანმა გვასწავლა “მივალთ გურიაში მარა”, “სამი ძმანი გურულები”. აბა, “კრიმანჭულს” რა იმღერებს, ურთულესი სიმღერაა!

– სიმთვრალეში როგორი ხართ?

– სიფხიზლეზე უფრო კარგი. არ ვარ ჭინჭყლი და არ ვჩხუბობ, ახალგაზრდობაში კი მიჩხუბია.

– ნაბახუსევი თუ გაქვთ და რითი ებრძვით?

– არ გამახსენოთ! ვიცი ხალხი, რომელთაც “პახმელია” არა აქვთ. მე კი ძალიან მძიმე მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს კარგად ვიტან, ბევრს ვსვამ თუ ცოტას, ნაბახუსევი ყოველთვის მაქვს. რაც შეეხება ბრძოლას, ორგანიზმი რასაც მოგთხოვს, ის უნდა გააკეთო. შეიძლება ლუდითაც გამოხვიდე, მაგრამ მე უფრო მამძიმებს. მე ცივი შამპანური მირჩევნია, ყინულებს ჩაყრი და ერთი ბოთლი საკმარისია.

– ნასვამი თუ გასულხართ სცენაზე?

– ერთი–ორჯერ. არ დაიჯეროთ, რომ ამბობენ, მთვრალი უფრო კარგად ვმღერივარო. ქუთაისში გვქონდა ასეთი შემთხვევა: მაშინ პატარა ბიჭები ვიყავით და კონცერტი გვქონდა ოფიცერთა სახლში. ჩვენი ბიჭები ჩემმა აწ გარდაცვლილმა მეგობარმა, სულიკო აბულაძემ წაიყვანა საქეიფოდ. მე არ წავყევი, უფრო კულტურულად მინდოდა, დრო გამეტარებინა. ერთ ახლობელს ვთხოვე მანქანა და გოგონები გავასეირნე. მანქანა ვინც მათხოვა, ძალიან პოპულარული ადამიანი იყო ქუთაისში, როინია ვაშაყმაძე, ისიც გარდაცვლილია. მოვიარეთ გელათი, სათაფლია და ზესტაფონიდან მივდივარ ქუთაისში. “ჭიშურასთან”, ასეთი რესტორანია, სამი მანქანა გამომეკიდა და გამაჩერეს. თავიდან შევშინდი, ამ როინიას ვინმე მტრები ხომ არ ჰყავს–მეთქი. მერე რომ მითხრეს, ბატონო თამაზ, გადმობრძანდით მანქანიდანო, ვიფიქრე, გოგონების გამო ხომ არ გავები რაიმე ხათაბალაში–მეთქი. ბოლოს რესტორანში შემიყვანეს და მაქეიფეს. ვუთხარი, მაგვიანდება, 7 საათზე კონცერტი მაქვს–მეთქი. არა უშავს, კონცერტი მოითმენსო. ზუსტად 7–ის ნახევარზე მივედით ოფიცერთა სახლში, მაგრამ ბიჭები არ არიან. გავიქეცი სახლში, წამოსულები დამხვდნენ. ახლა იმათ უნერვიულიათ. როგორც იქნა, გავედით სცენაზე, მაგრამ ჰამაკივით ვქანაობთ. ის კონცერტი ძლივს ჩავამთავრეთ. მეორე 9 საათზე იყო და მაშინ უკვე გამოფხიზლებულები ვიყავით.

– დარბაზმა იგრძნო თქვენი “გასაჭირი”?

– რა თქმა უნდა. დარბაზი ასეთ რამეებს ყოველთვის გრძნობს. ჩვენი დამქაშები, ვინც დაგვათრო, პირველ რიგში ისხდნენ, დარბაზიდან შეურაცხყოფა რომ არ მოეყენებინათ და არ ეთქვათ, ნასვამები ხართო.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close