არქივი

შეთქმულების თეორიები #2

Image.geotorrents.com

ბევრ ცნობილ მოვლენას საზოგადოების მხრიდან მოჰყოლია ჭორები, რომლებიც მას სულ სხვა კუთხით წარმოაჩენდნენ. როგორც წესი, ადამიანებს უყვართ შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება. რამდენად რეალობაა, სხვა საკითხია, ამის გამოვლენას ალბათ დრო სჭირდება. დღეისთვის კი მხოლოდ მათი გაცნობით დავკმაყოფილდეთ.

პერლ ჰარბორის შეტევა წინასწარ იყო ცნობილი
Image.geotorrents.com
შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრით, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა პროვოცირება მოახდინა და ეს ამბავი სულაც არ ყოფილა მოულოდნელი, არამედ ხელიც არ შეუშლია. იაპონიის კავშირების გაშიფვრა პრობლემას არ წარმოადგენდა და აშშ-ს მთავრობამ თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო იაპონიას პერლ ჰარბორის გადადგურებაში, ამან კი აშშ-ს საშუალება მისცა, გამოეცხადებინა ბრძოლა და მეორე მსოფლიო ომში ჩართულიყო. თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს მხარე გაფრთხილებული იყო მინიმუმ დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, პერუს, კორეისა და საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ.

პოლ მაკარტნი მკვდარია
Image.geotorrents.com
შეთქმულების თეორიის მიხედვით, პოლი დაიღუპა 1966 წელს და ის შეცვალეს ადამიანით, რომელიც ხმითაც ჰგავდა და გარეგნობითაც. მომხრეების თქმით, ეს ინფორმაცია რამდენჯერმე გაჟღერდა ბიტლზის სიმღერებში, უკუღმა დატრიალებისას. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა Life-მა ეს ინფორმაცია უარყო 1969 წელს პოლ მაკარტნისთან ინტერვიუთი, ხმები მაინც არ წყდება. ჯონ ლენონის სიმღერის “Strawberry Fields Forever”-ის ბოლო მონაკვეთი აღიქვეს, როგორც “I buried Paul” (მე დავმარხე პოლი). თუმცა თავად ჯონმა განაცხადა, რომ ეგ ფრაზა რეალურად არის Cranberry sauce (მოცვის სოუსი). ალბომ Abbey Road-ის ქავერი ფანების ნაწილმა აღიქვა, როგორც პოლის დასაფლავების სიმბოლური რიტუალი: ლენონს თეთრები აცვია, როგორც სასულიერო პირს. რინგო სტარი შავებშია, როგორც დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი. ჯორჯ ჰარისონი ლურჯ ჯინსებში მესაფლავესავით. მაკარტნი კი ფეხშიშველაა, როცა დანარჩენ სამს ფეხსაცმელი აცვია. ამასთან, მისი ნაბიჯი არეულია (პოლი მარჯვენა ფეხს წინ დგამს, დანარჩენები მარცხენას).

ადამიანის მთვარეზე დაჯდომა ფარსი იყო
Image.geotorrents.com
არსებობს ხალხის კატეგორია, რომელიც ამტკიცებს რომ პროექტი “აპოლო” და ადამიანის მთვარეზე დაჯდომა სიცრუე იყო. სურათზე ხედავთ, როგორ ვარჯიშობენ ბაზ ოლდრინი და ნილ ამსტრონგი ნასას შექმნილ ბაზაზე, რომელიც მთვარის ზედაპირის მოდელს წარმოადგენს. თეორიის მომხრეთა მტკიცებით, სწორედ ასეთი ბაზის დახმარებით გადაიღეს ფილმი ნასაში და შემდეგ გაასაღეს წარმატებულ რეალურ გაფრენად. რეჟისორმა ბარტ სიბრელმა 2001 წელს გადაიღო დოკ. ფილმი “A Funny Thing Happened on the Way to the Moon”, სადაც ის ამბობს რომ მთვარეზე გადაღებული სურათები რეალურად დედამიწაზე გადაიღეს, ხოლო ნასას ხომალდებს მთვარისკენ მიმავალი გზის მაქსიმუმ ნახევრის გავლა შეეძლოთ. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ გაცილებით უკან იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირი და პირველობა რომ არ დაეთმოთ, ეს ხრიკი ამიტომ მოიგონეს. სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 6-დან 28%-მდე რაოდენობას არ სჯერა პროექტის რეალურობის.

შიდსის ვირუსი ადამიანის ქმნილებაა
Image.geotorrents.com
დიდი ხანია, დადის ხმები, რომ შიდსის ვირუსი ხელოვნურად შექმნეს მეცნიერებმა ლაბორატორიაში. მომხრეთა აზრით, ეს მოხდა CIA-ის დაკვეთით, რათა ჰქონოდათ გენოციდისა და მასების კონტროლის იარაღი. სხვა თეორიით, აივ ბიოლოგიური იარაღი უნდა ყოფილიყო ომში გამოსაყენებლად, რომელიც შემთხვევით “გაიპარა” ლაბორატორიიდან და ხალხში გავრცელდა. ვისაც სჯერა, რომ ამაში აშშ-ს მთავრობის ხელი ურევია, ამტკიცებენ რომ 70-იან წლებში მიზანმიმართულად მოხდა აფრიკაში მცხოვრები ამერიკელებისა და ჰომოსექსუალების მასიური დაავადება ვირუსით. ორგანიზაციები, როგორიცაა New Black Panther Party და Louis Farrakhan’s Nation of Islam აცხადებენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ნაბიჯი, მიმართული შავკანიანთა რასის განადგურებისკენ.

ფატიმას სამი საიდუმლო
Image.geotorrents.com
ასე აღნიშნავენ იმ სამ საიდუმლოს, რომელიც გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელმა სამ ახალგაზრდა პორტუგალიელ მწყემსს – ლუცია სანტოსს, ფრანცისკო მარტოს და იაკინტა მარტოს – გაუმხილა ქალაქ ფატიმაში. 1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ბავშვები ირწმუნებოდნენ, რომ წმინდა მარიამს ესაუბრებოდნენ. 13 ივლისს კი მათ მიიღეს სამი საიდუმლო. ორი მათგანი 1941 წელს გახდა ცნობილი, მესამე კი ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩა.

პირველი საიდუმლო აღწერს ჯოჯოხეთს, როგორც დედამიწის შუაგულში მყოფ ადგილს, დემონებით და ცოდვილი სულებით სავსეს. ადამიანები იქ საშინელ ტანჯვაში არიან, რასაც ბოლო არ უჩანს. მეორე საიდუმლო პირველი მსოფლიო ომის დასასრულს წინასწარმეტყველებდა და შეიცავდა გაფრთხილებას, რომ თუკი ადამიანები ღმერთისგან განდგომას არ შეწყვეტდნენ, უფრო სისხლისმღვრელი და მასშტაბური ომი დაიწყებოდა რომის პაპ პიუს IX-ის დროს (1857 – 1939) . ასევე იყო თხოვნა რუსეთისადმი, მოქცეულიყვნენ ღმერთისკენ და ცოდვილი ცხოვრება შეეწყვიტათ. თუ ეს შესრულდებოდა, დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებდა.

მესამე საიდუმლო გამოქვეყნდა 2000 წლის 26 ივნისს. ის აღწერდა ხილვას, რომლის მიხედვითაც რელიგიური ადამიანები, სასულიერო პირები ციცაბო მთაზე ადიოდნენ. მთის წვერში ჯვარი იყო. მათ წინ მიუძღოდათ ჭაღარა წვერებიანი მოხუცი, მწყემსების აზრით, ეს ღმერთი იყო. ხოლო როცა მთის წვერს მიაღწიეს, იქ გამოჩნდნენ ჯარისკაცები, რომლებმაც სროლა ატეხეს. და უეცრად, ყველანი მიწაზე დაეცნენ სხვადასხვა პოზაში.

ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ მესამე საიდუმლო რეალური სახით გაცხადდა. იმ დროს, როცა წინა ორი სავსებით ცხადად აღწერს რაიმე მოვლენას, აქ რაღაც ბუნდოვან ხილვასთან გვაქვს საქმე. კათოლიკე მღვდელი, რომელმაც ვატიკანში გაგზავნამდე იხილა წერილი, ასევე ამტკიცებს რომ წერილი დამახინჯებულია, მასში ბევრი ცნობა ამოღებულია, რომელთაგან ნაწილი თავად ვატიკანს ეხებოდა.

_______________________________________

პირველი ნაწილი იხილეთ აქ

გაგრძელება იქნება ..

მსგავსი ამბები

Back to top button