საკითხავისასარგებლო

ლეონარდო და ვინჩი-მადონა მღვიმეში


ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ დიდი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის ნახატი-მადონა მღვიმეში…

ლეონარდო და ვინჩის სურათი ,,მადონა მღვიმეში” გამოსახულია ქალწული მარიამი ყრმა იესოსა და ყრმა იოანე ნათლისმცემელთან ერთად.ეს ნახატი მან დახატა 1482-1486 წლებში.პირველ ყოვლისა,უნდა ითქვას,რომ მართლადიდებლური ხატისგან განსხვავებით,ამ ნახატს ეკლესიაში ლიტურგიული დანიშნულება არ აქვს და აქ ლეონარდო და ვინჩი თავისი რწმენით ხატავს რელიგიურ სიუჟეტს.

სურათის მარჯვენა ნაწილში გამოსახული ფიგურა ანგელოზს განასახიერებს,რაზეც მისი ფრთების გამოსახულება მიგვანიშნებს.სურათის ცენტრში ღვთისმშობელი მარიამი გამოსახულია,როგორც მშვენიერი გარეგნობის ქალწული.მას მარჯვენა ხელი ყრმა იოანე ნათლისმცემლისთვის მოუხვევია,მარცხენა გაშლილი ხელის მტევანი კი ყრმა იესოს თავზე მფრველი მოძრაობით შეუჩერებია.მის გვერდით ანგელოზია დაჩოქილი.იგი განსაკუთრებულად წაგრძელებული საჩვენებელი თითის მოძრაობით მაყურებელს იოანე ნათლისმცემელზე მიუთითებს.აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ყრმების ურთიერთმიმართებაა.იესო და იოანე ნათლისმცემელი,ორივე,პატარა ბავშვის სახით არიან გამოსახულნი.იოანე ნათლისმცემელი დაჩოქილია ცალ მუხლზე და ოროვე ხელის შეერთებული მტევნების მოძრაობით თითქოს კურთხევას ითხოვს ყრმა იესოსაგან.მიწაზე მჯდომი ჩვილი იესო მარცხენა ხელით მიწას ეყრდნობა,მარჯვენა ხელით იოანე ნათლისმცემელს აკურთხებს და თითქოს წინასწარმეტყველების ნიჭს აძლევს მას.ამ მოქმედებას ძალიან სიმბოლური ხასიათი აქვს.ამ სცენით მხატვარი იმაზე გვიამბობს,რაც სინამდვილეში იოანესა და იესოს შორის მოხდა,როდესაც ისინი მდინარე იორდანესთან შეხვდნენ ერთმანეთს,რაზეც ნახატში მათ წინ მდინარის ან ტბის ნაწილი მიუთითებს,რომელიც ისე არის გამოსახული,გეგონებათ სურათში წინიდან შემოჭრილა და მაყურებელსა და სურათს შორის საზღვარს ავლებსო.მხატვარმა მათი ჩვილობის ასაკში გამოსახვა იმიტომ არჩია,რომ ბავშვების დანახვისას ზრდასრულ ადამიანს სისუფთავისა და სიწმინდის განცდა გაუჩნდება და ამგვარად სწორედ სიწმინდის აღქმა ძლიერდება.ფიგურების მოძრაობა ერთგვარ წრიულ კომპოზიციას ქმნის.ანგელოზი თითით მიგვმართავს იოანე ნათლისმცემლისაკენ,ის ჩვილი იესოსკენ მიისწრაფის,რომელზეც,მოხვეული ხელის გამო,მოძრაობა ისევ ანგელოზისაკენ მიიმართება.ამ წრეს ერთ მთლიანობად კრავს და ერთ სივრცეში აერთიანებს მარიამის მფარველი ხელები.აქ ერთქვარი სამკუთხედისებური კომპოზიციაც შეინიშნება,რომლის მწვერვალი სწორედ მარიამის გამოსახულებაა.

სურათში ყურადღებას იქცევს ფერების დაბურული ყავისფერი ტონალობა,რომელიც ხშირად ნახევრადსიბნელისა და სიბნელის შთაბეჭდილებას ქმნის.სურათის ფონის პირქუში და ბნელი გამოსახულება დამაჯერებელს ხდის მათ მღვიმეში ყოფნას და უფრო ხაზს უსვამს სურათის წინა პლანის მოქმედებას.აქ ყველა ფიგურა ჩარჩოს შიგნით არის მოთავსებული,გარდა ანგელოზისა,რომლის სამოსის ნაწილის ჩამოჭრით მხატვარმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნა,რომ ის,როგორც ანგელოზი,ეს ესაა შემოფრინდა სურათში,იმისთვის,რომ მაყურებელს მიუთითოს თუ იქ რა ხდება და ვის უნდა შეხედოს.

ამ ნახატით მაყურებელს სიმშვიდის განწყობა ექმნება და ადამიანის ღვთაებტივ სიწმინდესთან თანაზიარებაზე ფიქრს იწყებს.

P.S იმედია მოგეწონებათ და შრომას დამიფასებთ :)

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close