არქივი

მიყვარხარ

219de7833b9e

ნიუ-იორკის ქუჩებში საკუთარ თავთან და მეგობართან ტელეფონზე (მთლად თუ გათიშავ ხომ უკეთესი) საუბარს მალე თუ მორჩები და ყურებს აიფოდის ყურსასმენებისგან გაითავისუფლებ, ქალაქის ღმუილის მიღმა სხვა ხმებს – ადამიანთა სიყვარულის, სიძულვილისა და გულგრილობის მკვეთრ თუ მკრთალ ამონათქმებს რადიოტალღებივით აუცილებლად დაიჭერ. ეს ქალაქი სიყვარულისა და მარტოობის დიდი ქალაქია.

მარტოობის პატარა და საშუალო ქალაქებიც არსებობენ, მაგრამ ეს – დიდია. მსოფლიოს არც ერთ ქალაქში სიყვარული და მარტოობა ასე არ ეძებენ, არ უსმენენ, არ გრძნობენ ერთმანეთს, როგორც – აქ. უერთმანეთოდ არ შეუძლიათ. თითქოს სუნთქავენ ერთმანეთით. როცა უჭირთ, იშვიათად ესაუბრებიან კიდეც ერთმანეთს. ერთმანეთი ჰყავთ, სიყვარულს უხსნიან. მაგრამ როგორც წესი, დუმან. აქ ყველაზე ადვილია გული გეტკინოს. ნიუ-იორკმა ასე იცის. ცრემლების არ სჯერა და არც სიტყვების. მაგრამ მაინც ხმების, მარცვლების, ბგერების ქალაქია. სიყვარულის სჯერა.

3e7bbd97d84f

ნოემბრის ერთ თბილ შაბათ დღეს მეგობრები მანჰეტენზე მე -14 ქუჩაზე, “იუნიონ სქუერში” ვისხედით. 3 საათში ვერტმფრენით ნიუ-იორკს ზემოდან უნდა გადავუფრინოთ, ამიტომ ვტკბებოდით მიწაზე ყოფნით, თითქოს სულ აქ არ ვიყოთ. მიყვარს ეს ადგილი. “თაიმს სქუერივით” ხმაურიანი და ქარიანი არაა. აქვეა მშვიდი, ტკბილსუნა და გემრიელი ღია ბაზრობა. გემოვნების მიხედვით სხვადასხვა ფერის მაისურებსაც შეარჩევ, ორდინალური და არაორდინალური წარწერებით: დაწყებული I Love You და I Hate Sex- ით (I Hate Love ჯერ არ შემხვედრია) დამთავრებული. მხატვრებს თავიანთი ნახატები გამოაქვთ. 20 -25 დოლარად დაგხატავენ კიდეც. თუ გინდა შავ-თეთრად, გინდ – შემოდგომისფრად. დედ – მამები, ბებია-ბაბუები, ძიძები პატარებს ასეირნებენ, მოხუცი წყვილები ხელიხელჩაკიდებულნი სხედან, ახალგაზრდა გოგონები ბიჭების კალთაში მოკალათებულან, ისე ეხუტებიან და კოცნიან ერთმანთს, თითქოს გარეთ გლობალური გამყინვარებაა, ეს დღე კი – სამყაროს უკანასკნელი დღე. ვინც მარტო ზის, წიგნს ან ჟურნალს ფურცლავს. გაზეთს – არა. ხანდახან მოძლიერებული სიო გაიქროლებს ხოლმე და იმიტომ. მთელ სკვერში ხან ერთი, ხანაც ორი მუსიკოსი უკრავს. უმთავრესად საქსაფონისტები ან გიტარისტები. რამდენჯერმე ოპერის არიებიც კი მოვისმინე. სხვათაშორს, არც ისე ურიგოდ შესრულებული. სკვერის მუსიკოსები მეტროში ვაგონიდან ვაგონში მოხეტიალე გიტარიან, სომბრეროიან მექსიკელებისგან განსახვავედებიან. მექსიკელები სევდას მგვრიან. მზესავით თავსაბურავებს რომ მოიხდიან და ფულის ჩასარაჩხარუნებლად ვაგონის სალონში რომ ჩამოატარებენ. ხალხი თვალს არიდებს ან აიფოდს “აფარებს თავს”. კარგი რამაა ესეც. შეგიძლია პატარა მართკუთხედიდან სიყვარულზე მომღერალი ადამიანის ხმაში შენაჭუჭდე. ასევე სიყვარულზე მოღრიალე მექსიკელს კი ყურადღება არ მიქციო. გაჭედილ ვაგონში სამი – ოთხი თუ ჩაუყრის რაიმეს სომბრეროში. ესენი კი ჩუმად მადლობას გადაგიხდიან, თავს დაგიკრავენ, ყველას გაუღუმებენ და შემდეგ გაჩერებაზე ჩადიან, რათა უფრო სტუმართმოყვარე, იღბლიანი ვაგონი იპოვონ. უფრო სწორედ, შეხვდეთ. სკვერების მუსიკოსებს კი თავიანთი სამუშაო ადგილი სხვაგვარად აქვთ ორგანიზებული. “სცენის” წინ დასაკეც სკამზე თავიანთი CD უწყვიათ ფასის მითითებით, ჰყიდიან. უფრო სწორედ, ძლივს ჰყიდიან. ხურდას, ერთ ან ორდოლარიანს თუ ჩაუგდებ, თვალებით იქვე ყუთთან, ვერცხლისფერ პორტსიგარის მსგავსი პატარა კოლოფისკენ მიგითითებენ. სავიზიტო ბარათები იქ უწყვიათ. ბევრი მაქვს ასეთი ბარათი. რისთვის ვაგროვებ, არ ვიცი. უბრალოდ, იმისთვის, რომ გავიხსენო რამდენ სავიზიტობარათიანს მოვუსმინე. ვისაც ბარათი არ ჰქონდა, ვერ ვიხსენებ. არადა ვიცი, რომ არასოდეს შევხვდებით. წელიწადში ერთხელ გადავათვლიერებ ხოლმე. გადასაგდებად მენანება.

ამერიკაში ცხოვრებისას დიდი ხანია შევნიშნე ის, რაც საქართველოში არასოდეს შემინიშნავს. მისალმებისას, დამშვიდობებისას, ტელეფონზე თუ სხვა საშუალებით საუბრის დამთავრებისას, სახლიდან გასვლისას, დაბრუნებისას აუცილებლად რამდენჯერმე უნდა უთხრან ერთმენთს, რომ უყვართ. მაგალითად, ასე: “გამარჯობა, ძვირფასო. როგორ ხარ? საზამთრო ვიყიდო? ოხრახუში? მიყვარხარ. ნახვამდის” ან “რას შვები? მანქანა სად დააპარკინგე? მიყვარხარ. საად?! რატომ ასე შორს. მთლად გიგიჟდი? ძალიან მიყვარხარ” ან “დედა ვნახოთ ხვალ. კიდევ კარგი, რომ კუჭში უკვე ნორმალურად გადის. მომენატრე. მეც მიყვარხარ”. როგორც წესი, ხშირი “მიყვარხარ” მხოლოდ თაფლობის თვის ლექსიკაში არ ფიგურირებს. დედა ეუბნება 40 წლის შვილს, 80 წლის ქალი 82 წლის ქმარს, და – ძმას, 2 წლის ბავშვი მეგობარს, შვილიშვილი ბებია-ბაბუას. გამარჯობასვით. ყოველ დღე. დღეში რამდენჯერმე. ან “გამარჯობის” ან “ნახვამდის” მაგივრადაც.

835639d3e54b

იმ დღეს სკვერში სწორედ ეს გამახსენდა და ვიფიქრე, ყველაზე კარგი დროა მინი გამოკითხვა ჩავატარო _ თქო. მითუმეტეს, რომ გარინდულები ვისხედით, ზევით, ცაში ვიცქირებოდით, სადაც მალე უნდა ავფრენილიყავით და ქალაქის ხმებს ვისრუტავდით. ჩვენს წინ მერხზე ასე 55 წლის ქალბატონი იჯდა, რომელმაც ტელეფონით ახლხანს დაასრულა საუბარი – სიტყვით “მიყვარხარ”. თან ორჯერ გაიმეორა. დახურა სიყვარულის გადამტანი მობილური და ჩანთაში ჩაიდო. მეგობრები მოკლე ტექსტით გავაფრთხილე თუ რას ვაპირებ, ჩანთაში პრესბარათი მოვიძიე, ავდექი და მასთან მივედი. გავეცანი, გამიღიმა ჩვეული ამერიკული სოციალური ღიმილით, ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, რომ ნიუ-იორკზე ჩანახატს ვწერ. პრეს-ბარათიც გავუწოდე. ინტერესით დახედა და კიდევ ერთხელ გაიღიმა ჩემი მოკლე სახელის წარმოთქმისას. “აია” ხართო? არა – მეთქი. აბა, მაშ, როგორ “ასფელინგებთო”? იყოს, როგორც გაგიხარდებათ – თქო . . . ვეუბნები, რომ ვარ საქართველოდან (არ ვამატებ ტრადიციულ “ნოთ იუესეი” – ს).

– მაინტერესებს, რატომ ამბობენ ადამიანები ასე ხშირად “მიყვარხარ” ? – პირდაპირ საქმეზე გადავდივარ.
– რატომაც არა? განა, ცუდია? – გაუკვირდა.
– არა. უბრალოდ, მაინტერესებს. ჩემს ქვეყანაში ყოველ დღე არაა მიღებული წამდაუწუმ, უმიზეზოდ სიტყვის “მიყვარხარ” ხსენება.
– ძალიანაც ცუდი მერე. მიყვარს ამ სიტყვის ხშირად ხსენებაც და მოსმენაც. კარგია, ლამაზია, თბილია. დიდი ხანია ვეღარ ვამჩნევ, თუ ვამბობ. რა არის ცუდი იმაში, რომ ერთმანეთს შევახსენოთ, რომ ერთმანეთი გვენატრება, გვიყვარს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ განწყობაზე გაყენებს.
– თუ საიდუმლო არ არის, ვის უთხარით ბოლოს, რომ გიყვართ?
– ჩემს ბიჭს. ახლახანს ვესაუბრე. 17 წლისაა. დღეს დილას ვნახე, მაგრამ როცა სახლში მივალ, მაშინაც ვეტყვი, რომ მიყვარს. ისიც მეტყვის. მანამდე კი თუ დავურეკავ, ავტომატურად ისევ იგივეს ვეტყვი. ისიც მეტყვის. კარგი რამაა. მეც მიხარია, როცა ჩემი 79 წლის მამა ამას მეუბნება. დედა სამი წლის წინ გარდამეცვალა. მამა სულ ეუბნებოდა, რომ უყვარდა. ჩემი და ჩემი დის თანდასწრებით. მამა დედაჩემის სურათს დღესაც რომ უყურებს კვლავიდნებურად ეუბნება: “სენდი, მიყვარხარ”. სურათი კი დუმს.
– უბრალოდ, ჩვენთან, რატომღაც ითვლება, რომ ეს სიტყვა მექანიკურად არ უნდა თქვა და რომ სიყვარულს მალვა უნდა . . .
– თუ გიყვარს, როგორ შეიძლება მექნიკური იყო ამის თქმა. რა უნდა დამალო, ვერ გავიგე.
– არა გამოთქმაა ჩვენთან ასეთი.
– ჰო, თუ გამოთქმაა. . . მაგრამ ცხოვრება ხომ გამოთქმებზე არაა აგებული. მაგალითად, ჩემი უფროსი ქალიშვილი, რომელიც სხვა შტატში ცხოვრობს, თუ მირეკავს, მე კი ყურმილს ვერ ვიღებ, ავტომოპასუხეზე ორ სიტყვას მიტოვებს და მეორე სიტყვა, როგორც წესი, არის “მიყვარხარ”. ბედნიერი ვარ. თქვენც იღბალს გისურვებთ.

222425738608

***
26 წლის მარკი მერხზე მარტო იჯდა და აიფოდით რაღაცას ეძებდა. მივესალმე. ჩემმა კითხვამ გვარინად გააცინა:
– მეგობარი გოგონა მყავს და როგორც კი თავისუფალი წუთი გვაქვს, მაშინვე ვუტექსტმესიჯებთ ერთმანეთს და ვეუბნებით რომ გვიყვარს ერთმანეთი. უკვე სამი წელია ერთად ვცხოვრობთ. ახლაც მას ველოდები, მაგრამ უკვე ოთხჯერ გავუგვზანე შეტყობინება, რომ მიყვარს. გინდათ გაჩვენოთ მისი ფოტო? (მაჩვენებს აიფოდის ეკრანს, რომელზეც მოკლეთმებიანი გოგონა ხალიასიანად იღიმება). რატომ მეკითხებით მაინც და მაინც ამ სიტყვაზე? . .
– ისე. უბრალოდ მაიმტერესებს სიყვარულის “სტატისტიკა”. დღეში რამდენჯერ ამბობთ “მიყვარხარ”-ს? როგორ ფიქრობთ, თქვენი ასაკის და უფროსი ასაკის ადამიანი ერთნაირი რაოდენობით ამბობს “მიყვარხარ”?
– არც კი ვიცი, რა გითხრათ. ღამის სტატისტიკაც, ალბათ, საინტერესოა.
– ჰო, მაგრამ ამას არ გკითხავთ.
– მკითხეთ.
– კეთილი. გეკითხებით.
– ახლა დავითვლი. დღესვე. არადა რატომ არ ვითვლიდი? გასაკვირია! დღისით კი ალბათ, ათჯერ ან მეტჯერ. მარტო რომ ვარ მაშინ უფრო ხშირად, ალბათ. შეიძლება ასაკოვანი ხალხი ამ სიტყვას უფრო ხშირად ისმენს, ვიდრე ამბობს. მე ერთი ბებია მყავს მხოლოდ და მას სულ ვეუბნები “ჰაი, ბებო. ხომ იცი, რომ მიყვარხარ” და ისიც იგივეს მეუბნება: “კი, ვიცი. მეც მიყვარხარ. ძალიან”. შეიძლება მოხუცები უფრო მეტად გულში ამბობენ ამ სიტყვას. ჩუმად. თუმცა ჩემპიონები, ალბათ, ახალი შეყვარებულები და ის ქალები არიან, ვინც ახლახანს იმშობიარა.

d9c82477f993

***
36 წლის ჯონათანმა საქსაფონზე პოპური შეასრულა და ერთი ორი ტაშიც დაიმსახურა. მაშინვე მივუახლოვდი და კითხვები დავუსვი.
– მე ჩემს საქსაფონსაც კი სიყვარულს ვუხსნი. ნახეთ, რა ლამაზია. ბებერია, მაგრამ განა ეტყობა? (ჯონათანი საქასაფონს ეუბნება “მიყვარხარ”, გულიანად იცინის, თან კოცნის, იხუტებს). როცა ვუკრავ, სიყვარულს ყველას ვუხსნი. მთელს ქალაქს. თქვენც. გითხრათ, რომ მიყვარხართ?
– ეს ძალიან ზოგადი იქნება.
– მერე რა?
– მითხარით, რახან ასე გინდათ.
– მიყვარხართ. თქვენ არ მეტყვით?.
– ვერა.
– რატომ?
– როგორ გგონიათ?
– უბრალოდ თქვით.
– უბრალოდ როგორ?
– ძალიან უბრალოდ.
– კეთილი. გეტყვით, მაგრამ ეს ხომ ზოგადი იქნება.
– მითხარით. გიძნელდებათ თქმა?
– მგონი კი. უცნობისთვის მიჭირს. მიყვარხართ. აჰა, ვთქვი, როგორც იქნა. მაგრამ არაფერს რომ ნიშნავს?
– კარგია, კარგი. მერე, რა რომ არ ნიშნავს. ამავე დროს ნიშნავს. სასიამოვნოა ამის გაგონება. გიხარია ადამიანს. თუნდაც ზოგადად, თუნდაც არაფერს ნიშნავდეს. განსაკუთრებით უცნობისგან. ამაზე უკეთესს მაინც ვერაფერს იტყვით და ვერავინ გეტყვით. ყოველთვის უნდა ვთქვათ. მთავარია გვიანი არ იყოს.

7feae10e3b9b

***
29 წლის ელეონორი პატარასთან ერთად სეირნობს. ვეკითხები, ყოველთვის გრძნობას აქსოვს, როცა “მიყვარხარ” – ს ამბობს?
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვა მესმოდეს. ჩემს პატარა დაიანასაც სულ ამ სიტყვას ვეჩურჩურჩულები. ის თითქოს გრძნობს, რომ მის გვერდით ვარ, რომ მისი მეგობარი ვარ. თუმცა, როცა ტირის, რამდენჯერმე ვცადე მეთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ ამაზე უფრო ამოუჯდა გული. თვითონაც მეუბნება, რომ ვუყვარვარ და ლამის მეც ამომიჯდეს გული . . . როცა ჩემი დედამთილი მარტო ცხოვრობდა, ძაღლი ჰყავდა. ძალიან უყვარდა. მოკვდა ის ძაღლი და, ღმერთო ჩემო, როგორ განიცადა. ან ავადმყოფობის დროს როგორ უვლიდა! მივხვდით, რომ მისი სიტყვები სიყვარულზე არ იყო უბრალო ფორმალობა. არადა ჩუმად დავცინოდით კიდეც.
– დედამ რომ არ გითხრათ, რომ უყვარხართ, ეს ხომ ისედაც იცით? . . .
– რასაკვირველია, მაგრამ ცოდნა ერთია, თქმა – მაინც სხვა. საჭირო შეხსენებაა. ყურს, გონებასაც და გულსაც ძალიან სიამოვნებს. უზომოდ მიხარია, როცა მეუბნებიან ამას. ე.ი. ჩემთან არიან. ვახსოვარ ანუ სულ ვახსოვარ. კარგად ვარ. მშვიდად, საკუთარ თავში დარწმუნებული და მეც მიყვარს ის ადამიანი. თან ერთხელ რომ მოვისმენ, კიდევ მინდა მოვისმინო.
***
ჩემი მეგობრებს გავხედე. ხელს ენერგიულად მიქნევდნენ. ვერტმფრენზე არ გვაგვიანდებოდა, მაგრამ ჩემი ამბავი კარგად იცოდნენ – საუბარში შეყოლა რომ მიყვარდა. რა კარგია, გავიფიქრე, როცა შენმა საყვარელმა ადამიანებმა იციან რა გიყვარს.

წყარო: ”ცხელი შოკოლადი”

88459c7de30b

პ.ს. ხშირად არ(თუ ვერ) ვეუბნები რომ ძალიან მიყვარს, ხშირად მეშინია ამ სიტყვების თქმის, ვფიქრობ მხოლოდ
მას უნდა უთხრა ვინც მართლა გიყვარს. სიყვარული უნდა ვაღიაროთ, კი არ უნდა გვრცხვენოდეს მისი, უნდა
ვიამაყოთ.
მე შენ მიყვარხარ!!!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button