გასართობისაკითხავისასარგებლო

სადამდე მიხვალ, სინდისის ხმას რომ გაჰყვე

გიფიქრიათ, სადამდე მიხვიდოდით, ერთი დღით მაინც, სინდისის კარნახით რომ გემოქმედათ? მე პირადად ხშირად მიფიქრია ამაზე და ერთ დასკვნამდე მივედი: სინდისის ხმას არ უნდა მოუსმინო.

წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ხართ (განსაკუთრებით მანდილოსნებს გთხოვთ, უხვად აიკაზმოთ ფანტაზიის უნარით), გყავთ ცოლი და ერთი ვაჟი. სხვებისგან არაფრით გამოირჩევით, გაქვთ დაბალანაზღაურებადი სამსახური, გყავთ მეგობრები და ისევე, როგორც ყველას, გიყვართ ფული და გართობა.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ შემოდგომის გრილი დილაა და თქვენ ლოგინში წევხართ. მთელი ღამე რაღაც უცნაურმა გრძნობამ არ მოგასვენათ, თუმცა გეძინათ, მაგრამ შფოთავდით, თითქოს რაღაც მტანჯველი განცდა არ გასვენებდათ. ახლა, როცა უკვე თითქმის გათენდა, გაიღვიძეთ და ისევ ასე ხართ. ჩვეულებრივ, შაბათ დღეს გვიანობამდე გძინავთ, მაგრამ ამ დილით რაღაც უხილავმა ძალამ, რომელმაც მთელი ღამე გთანგათ, თითქოს ერთბაშად წამოგაგდოთ თბილი ლოგინიდან. აკანკალდით, გინდათ, ისევ საბანში გაეხვიოთ, მაგრამ საკუთარი სხეული არ გემორჩილებათ. გიკვირთ, ავად ხომ არ ვარო და შარვალს იცვამთ. ისაა, მარცხენა ფეხზე წინდა უნდა წამოიცვათ, რომ უცებ ხელიდან გივარდებათ და შეშდებით, თითქოს “ის” უხილავი ძალა ქარიშხალივით იჭრება თქვენს სხეულში. თქვენ უკვე იცით რა არის ეს, ეს ისაა, რასაც ილიამ პატარა ღმერთი უწოდა, ეს ისაა, რის განსაწმენდადაც საფარ-ბეგის გამზრდელმა, ჰაჯი-უსუბმა თავისი ხელით სისხლი დაღვარა, ეს ისაა, რასაც ვაჟამ პოემა მიუძღვნა, თუმცა, მოდით, ჩვენ მას პირობითად, ჯიმინი დავარქვათ. და აი თქვენ ხვდებით, რომ თქვენ და ჯიმინი ერთი მთლიანი ხართ, უფრო მეტიც, ჯიმინის გარეშე თქვენ ერთ ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამთ.

აგრძელებთ ჩაცმას. ამთავრებთ და ისაა, უნდა გაემართოთ საპირფარეშოში შესასვლელად, რომ ფეხი ჰაერში გიშეშდებათ და ფოსტლი გძვრებათ. მაგრამ თქვენ ფოსტლი არ გაღელვებთ, რადგან ჯიმინის ქოლგა თავში გხვდებათ და თქვენ უკვე იცით, რომ უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ: ლოგინი აალაგოთ. ჯიმინი რომ არა, ამას იარაღის მუქარითაც ვერ გაგაკეთებინებდნენ. ჟრუანტელი გივლით, ცოტა კონსერვატორი ხართ და მიგაჩნიათ, რომ ეს ქალის საქმეა. თუმცა ეს აზრები დასრულებულიც არა გაქვთ, რომ ლოგინი უკვე ალაგებულია და თან იმაზე უკეთ, ვიდრე ამას თქვენი ცოლი აკეთებს ხოლმე. შუბლზე ოფლი გასკდებათ, იმედი გაქვთ, რომ ახლა მაინც მშვიდად შეხვალთ საპირფარეშოში. თუმცა, თვალში მაგიდა გხვდებათ, რომლის ალაგებაც თქვენს ცოლს დავიწყნია წინა საღამოს. იწყებთ მაგიდის ალაგებას და გიკვირთ, ჭკუიდან რატომ არ იშლებით. სუფრას ალაგებთ და ჯიმინის აღარ სჭირდება შეხსენება, ჭურჭელი რომ დარეცხოთ. ჭურჭელს თავდახრილი რეცხავთ. შემდეგ საპირფარეშოსკენ მიემართებით და გზაში რწმუნდებით, რომ რაც გააკეთეთ სწორი იყო, რადგან იგივეს გაკეთება თქვენს მეუღლეს მოუწევდა. ახლა უკვე თამამად აბიჯებთ საპირფარეშოში და ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს იქიდან გამოდიოდეთ 72 საათიანი გადაბმული ქეიფის შემდეგ.

საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე ტელეფონი რეკავს. ალბათ ვინმემ, რომ გკითხოთ, ტელეფონამდე როგორ მიხვედით, ვერც გაიხსენებთ, რადგან ამას ენით აუწერელი სისწრაფით აკეთებთ, რათა ცოლ-შვილს არ გაეღვიძოთ. მხოლოდ ისღა გახსოვთ, რომ როცა საუბარს რჩებით და საბანს იხდით, მაშინღა გრძნობთ, რომ ფეხი საშინლად გტკივათ. ახლაღა აღიდგინეთ, რომ გზაში ფეხი გადაგიბრუნდათ და იღრძეთ.

ტელეფონზე თქვენმა მეგობარმა დაგირეკათ და გთხოვათ, მასთან მიხვიდეთ. მარჯვენა ფეხი ისე გტკივათ, რომ სხეულის შესაბამისი ნახევარსფერო გიბრუჟდებათ, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევთ, მეგობარი “დააღალატოთ”. იქნებ თქვენი მეგობარი თვითმკვლელობის ზღვარზეა და თქვენი ერთი სიტყვა მას სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს, ან იქნებ, უბრალოდ მოწყენილია და თქვენი მხარში დრომა სჭირდება და თქვენ, შეიძლება, იმხელა ტრავმა მიაყენოთ თქვენი უგულობით, რომ მის მოშუშებას წლები დასჭირდეს. რადაც უნდა დაგიჯდეთ, მეგობართან მიდიხართ. კარისკენ მილასლასებთ, თუმცა გაჭირვებით და ქურთუკს იცვამთ. წასვლის წინ თქვენი 7 წლის ვაჟის ოთახში იხედებით და მძინარეს თბილი ღიმილით ემშვიდობებით. ჩვეულებრივ, ცოლთანაც იხედებით ხოლმე, მაგრამ ახლა გირჩევნიათ უდაბნოში 40 წელი გაატაროთ, ვიდრე ეს იკადროთ. ოთახში შეხედვაზე ფიქრიც არ გინდათ, რათა რაიმე გაუცნობიერებელი, არაჯანსაღი აზრი არ აგიჭიატდეთ გონების, რომელიმე მიყრუებულ განყოფილებაში.

სახლიდან გამოდიხართ და უახლოესი ავტობუსის გაჩერებისკენ მიემართებით, თუმცა მერე ფიქრობთ, რატომ უახლოესი, არ ჯობია ცოტა გავიარო? და მიდიხართ გაჩერებისკენ, რომელიც რამდენიმე კვარტალის დაშორებითაა თქვენი სახლიდან. როგორ მიდიხართ, ეს თავადაც არ იცით. ჩვეულებრივ მანქანით მიდიხართ, ხოლმე, მაგრამ ახლა რამდნემე ათეული მიზეზი მაინც გაქვთ, რომ ეს არ გააკეთოთ. თქვენ ამას არ იზამთ, თქვენი მანქანის გამონაბოლქვს არ ჩააყლაპებთ, ახალგაზრდებს, რომლებიც სიცოცხლეს შეჰხარიან, ან მოხუცებს, რომლებიც მას გამოჰხარიან. და თან, როცა ამდენი გაჭირვებული ადამიანია, რომლებსაც არამცთუ მანქანის, არამედ, საჭმლის ფულიც არა აქვთ, თქვენ არამცთუ მანქანა არ გამოგყავთ, პირიქით, იმისიც კი გრცხვენიათ, წინა საღამოს ჩაიში ერთის ნაცვლად ორი კოვზი შაქარი რომ ჩაიყარეთ. აქვე გახსენდებათ ინგლისის დედოფლის მაგალითი, რომელიც საკუთარ სასახლეში ბუხარს არ ანთებდა, ჩემს ქვეყანაში ამდენი ღარიბია და მარტო ჩემი საკვამურიდან კვამლი როგორ უნდა ამოდიოდესო. ამის ემდეგ, გახსენდებათ რომ სახლს ძვირადღირებული გამათბობლით ათბობდით და სირცხვილისგან, ტანში ჟრუანტელი გივლით.

ბოლოს, როგორც იქნა, გაჩერებამდე მიდიხართ. ალბათ ბოლომდე ფეხით ივლიდით, მაგრამ ჯიმინი თქვენგან პუნქტუალურობას მოითხოვს, მეგობართან, ხომ არ დააგვიანებთ, ყოველი წამი, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გაჩერებას ავტობუსი უახლოვდება. ამ დროს, ფეხის ტკივილმა გაგახსენათ თავი. ტკივილისგან ამოიღმუვლებდით, ჯიმინი რომ პირზე ქოლგას არ გაფარებდეთ. ავტობუსში ბევრი თავისუფალი ადგილია, თუმცა გაჩერებაზე ბევრი ხალხი დგას. ავტობუსი ჩერდება. რა თქმა უნდა, ყველაზე ბოლოს ადიხართ ავტობუსში. ხედავთ რომ, ზუსტად ერთი თავისუფალი ადგილია. ჯიმინიც კი იწვის თქვენი საცოდაობით და გრთავთ ნებას, რომ დაჯდეთ. ავტობუსი ადგილიდან იძვრის. შემდეგ გაჩერებას უახლოვდება. თქვენ ოფლში ცურავთ. გაჩერებაზე არც არავინ ჩადის, არც ამოდის. ავტობუსი დაიძრა. იგი შემდეგ გაჩერებას უახლოვდება. თქვენ ოფლში იძირებით. ავტობუსი ჩერდება და ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ჭაბუკი ამოდის თან ამას ძალზე სხარტად აკეთებს. ეტყობა, სავარჯოშოდ მიდის, მართალია, დგას, მაგრამ ადგილზე ცმუკავს. თქვენ სხვა გზა არ დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ოფლიდან ამოყვინთოთ და ახალგაზრდას ადგილი დაუთმოთ. ასეც იქცევით. ახალგაზდა უარზეა. თქვენ ცდილობთ, არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენი ფეხი ამქვეყნად აღარ არის, რათა ახალგაზრდამ უფრო მტკიცე უარი არ გითხრათ. ბოლოს, 10 წუთიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ იგი გთანხმდებათ. ერთი გაჩერების შემდეგ იგი ჩადის. თქვენ აპირებთ, ისევ დაჯდეთ, რადგან ავტობუსში რამდენიმე ადგილია თავისუფალი. თუმცა ჯიმინი არ გიშვებთ. ჯერ ვერ იგებთ, რატომ, მაგრამ უცებ თვალწინ გიდგებათ, სურათი, როცა სახლიდან გამოსვლის წინ, თქვენი ვაჟის ოთახში შეიხედეთ, მას ცალ მხარზე საბანი გადახდილი ჰქონდა. მართალია, ფანჯარა მიხურული იყო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, დაკეტილი არ ყოფილიყო. ძლიერი ქარის ამოვარდნის შემთხვევაში, ფანჯარა გაიღება და შესაძლოა, თქვენი ვაჟი გაცივდეს. ამის გაფიქრებაც კი გზარავთ. მძღოლს უყვირით, კარი გააღოს, თუმცა ნანობთ თქვენს საქციელს, მაგრამ მოტივაცია ამართლებს თქვენს უხეშობას. ავტობუსიდან ჩადიხართ და მორბიხართ. ნაზ სიოს თქვენამდე მძღოლის კიდევ უფრო ნაზი გინება მოაქვს.

ქუჩაში მირბიხართ. ავტობუსს გაჰყვებოდით, მაგრამ იგი, შესაძლოა, დიდი ხანი არ მოვიდეს და თქვენ ჯიმინი ამ უმოქმედობას არ გაპატიებთ. მირბიხართ, დაბლა არ იყურებით, რადგანც არ იცით, ფეხი ადგილზე დაგხვდებათ, თუ არა და გეშინიათ, თავს ვერ მოერიოთ, და მცირე ამოციამაც კი შეიძლება, შვილის გადასარჩენად მიმავალი მამის სულისკვეთების სტიმული მცირე პროცენტით მაინც შეამციროს.

მართალია, კიბეებზე არბიხართ, მაგრამ მაინც კისრისტეხით. სახლის კარს ხელის კანკალით აღებთ და შვილის ოთახისკენ მიემართებით. შვილი ოთახში აღარ  გხვდებათ. ცოლი გეუბნებათ, რომ იგი მეგობრებთანაა. ამ დროს ფეხი საშინლად გტკივდებათ. მაგრამ მაინც არ ნანობთ საქციელს და სახლიდან გადიხართ.

ჯიმინი თქვენზე მაინც გაბრაზებულია, რადგან თქვენ არაპუნქტუალურობა გამოიჩინეთ. ჯიბიდან იღებთ ძალიან ძვირადღირებულ ტელეფონს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ჩაიდეთ, როცა თქვენ და სამყარო ერთმანეთს არ იცნობდით. შენობის კუთხეს ამოფარებული, მეგობარს ურეკავთ. ამ დროს ჯიბგირი ტელეფონს გტაცებთ და თავქუდმოგლეჯილი გარბის. წამიერად, აპირებთ გამოეკიდოთ, მაგრამ უმალ გახსენდებათ, რომ “ძალადობა ძალადობასვე შობს”. თქვენ რომ მას გაეკიდოთ და ტელეფონი წაართვათ, რაც თავისთავად ცოდვაა, ხომ შესაძლებელია, გაცოფებულმა სხვაზე იყაროს ჯავრი, ვინმეზე ვინც შინ მიდის, მშიერ ცოლ-შვილს რომ ორი კაპიკი შეუტანოს, ან კიდევ მომაკვდავ დედას მანუგეშებელი სიტყვა უთხრას.

ფეხის ტკივილი ახლაღა გახსნებეთ თავს, თუმცა, დაბლა დახედვის მაინც გეშინიათ. ისევ ფეხით აგრძელებთ გზას, რადგან იცით, რომ ავტობუსში ასვლით თქვენს ფეხს მაინც ვერ დაეხმარებით. ამ დროს, კვლავ, ჯიმინის ქოლგა გხვდებათ თავში. ჯიმინიმ მეტისმეტი ეგოიზმისთვის დაგსაჯათ. მაშინ, როდესაც ავტობუსში ამდენი გაჭირვებული და გასავათებული ადამიანი ამოდის, თქვენ, ამ დროს საკუთარ ფეხზე ფიქრობთ.

ქუჩაში მიდიხართ და თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებთ, ხომ არ შეიძლება, ვინმეს თქვენი დახმარება სჭირდებოდეს. ამ დროს, მათხოვრები გხვდებიან. ჯიბეში ხელს იყოფთ, 59 ლარი გაქვთ. მათხოვარი კი სულ 5-ია. აგონიაში ვარდებით, როგორ გაუნაწილოთ მათ ეს თანხა ისე, რომ ჯიმინის რისხვა არ დაიმსახუროთ. ყველას აძლევთ 10-10 ლარს. 9 ლარი გრჩებათ და ეს გზარავთ. 5 მათხოვარს 9 ლარი როგორ უნდა გაუნაწილოთ? უცებ შეამჩნევთ, რომ ერთ-ერთს ფეხზე ფოსტლები აცვია. ალბათ ძალიან სცივა. თქვენს ფეხსაცმელებს იხდით და აძლევთ. თუმცა 4 მათხოვარს 9 ლარს მაინც ვერ უნაწილებთ. ქურთუკს იხდით და აძლევთ მეორე მათხოვარს. დანარჩენ სამს 3-3 ლარს აძლევთ და კმაყოფილი მოდიხართ. ორიოდე ნაბიჯში მოხუცი მაწანწალა გხვდებათ, რომელსაც შორტები აცვია. სხვა გზა არ გაქვთ, იხდით შარვალს და აძლევთ. ამ დროს ის მაისურსაც გთხოვთ, ბრაზისგან სუნთქვა გეკვრით, მაგრამ ჯიმინის დაყვავება კვლავ ჭრის და მორჩილად იხდით მაისურს.

უკვე დაბნელდა. მიყრუებულ ქუჩაზე მოაბიჯებთ. ამ დროს, ხედავთ, რომ მაღაზიიდან ქალი გამოდის, რომელსაც ორივე ხელით პროდუქტი მოაქვს. “ალბათ ძალიან უჭირს”. _ ფიქრობთ თქვენ და დასახმარებლად მიდიხართ. მას, რა თქმა უნდა,  გარყვნილი მაწანწალა ჰგონიხართ, პროდუქტს ძირს ყრის და  კივილით გარბის. თქვენ გინდათ დაეწიოთ და დაუბრუნოთ თავისი კუთვნილი პროდუქტი, მაგრამ სირბილი აღარ შეგიძლიათ (გასაგები მიზეზის გამო) და ძირს ეცემით. 5 წუთში მოდის პოლიცია და ისე აყავხართ, რომ ვერც კი ასწრებთ სურსათ-სანოვაგის ბედის უქონელთა სასარგებლოდ გადაწყვეტას.

და აი, სინდისმა მოგიყვანათ სადაც საჭიროა: თქვენ ციხეში ზიხართ ტრუსებისამარა და ცალი ფეხი აღარ გაქვთ.

იმედია, კარგად იხალისეთ. აქვე გახსოვდეთ: არასოდეს, არასოდეს მოუსმინოთ საკუთარი სინდისის ხმას :papa:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close